საერთაშორისო მიმოხილვა. 16 სექტემბერი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 სექტემბერი. 2022 წელი

უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში გაიმართა ე.წ. `შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის` სამმიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა.

`შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია` სი ძინპინის ინიციატივით შეიქმნა და ჩინეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზრდას ადასტურებს ევრაზიის რეგიონში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში.

პუტინის შეხვედრა სი ძინპინთან სენსაციად იქცა, რადგან ამ შეხვედრის კომენტირებისას კრემლის დიქტატორმა აღიარა: `უკრაინის თემაზე რუსეთსა და ჩინეთს შორის არსებობს გარკვეული უთანხმოება, თუმცა ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფებით კოლეგებთანო`.

ეს დიპლომატიური ფრაზა `მუდმივი კონტაქტის` შესახებ ვერ გადაფარავს მთავარს: პეკინი მხარს უჭერდა რუსეთს აეცილებინა ან შეერბილებინა ეკონომიკური სანქციები მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი სი ძინპინს მკაცრად აფრთხილებდა ამის გამო. მაგრამ, როგორც სჩანს, სამარყანდში ჩინელმა ავტორიტარმა პირდაპირ უთხრა რუს `კოლეგას`: `ჩვენ მანამ გიჭერდით მხარს, სანამ იმარჯვებდით და გვეგონა, უკრაინას მალე მოუღებდით ბოლოს, მაგრამ....ახლა მარცხდებით, ომი დროში `გაიწელა` და ჩვენი პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური რესურსები უსასრულო არ არისო`.

ეს მოსალოდნელიც იყო: პუტინს მანამდე ჰქონდა ჩინეთის და სხვა ამგვარი ქვეყნებსი მხარდაჭერა, სანამ უტევდა. ახლა კი, როცა მისი არმია სამარცხვინოდ გამორბის უკრაინიდან, ეს მხარდაჭერა შემცირდა და არ არის გამორიცხული, `მესამე სამყაროს` ასეთმა ქვეყნებმა (!) როგორიც ჩინეთია, დაიწყონ გადახრა `გამარჯვებულის მხარეს` ანუ დასავლეთის,  ნაცვლად იმის `წაგებულს ჩაჰყვნენ საფლავში`.

პუტინ-სი ძინპინის შეხვედრის კომენტირებისას აშშ პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის ოფისის ერთ-ერთმა კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა: `სხვა რა გზა აქვს პუტინს, ახლა ხელის გული უნდა აულოკოს სი ძინპინსო`. თან დააყოლა, რომ ჩინეთი არსებითად არ არღვევს დასავლურ სანქციებს, მათ შორის  ყველაზე მთავარი- საფინანსო/საბანკო მიმართულებით. თუმცა აქტიოურად ვაჭრობს რუსეთთან.

ამ ისტორიით დასტურდება, რომ `ბალანსი` პოლიტიკაში მუდამ დროებითი, არამყარი მოვლენაა და რეალობის შეცვლასთან ერთად ირღვევა.

ანუ, იმ უკრაინელმა გმირებმა, რომლებმაც ხარკოვის რაიონში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, ამით არა მხოლოდ რუსულ არმიას დაარტყეს, არამედ რუსულ-ჩინური სტრატეგიული ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ერთობაც მოარღვიეს. საძირკველი შეურყიეს ყოველ შემთხვევაში.

`საფლავში ვერ ჩაგყვები` - უთხრა სამარყანდში სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინს, რომელსაც ნამდვილად სულ უფრო ცუდად აქვს საქმე. ვერც ვეღარაფერს აკეთებს გარდა მშვიდობიანი მოსახლეობის და ჰიდრო ელექტროსადგურთა დაბომბვისა. კრივოი როგის ჰიდრო ელეტქროსადგურის კაშხალი დაბომბა. თუმცა ვერ დაანგრია. ეს იგივეა, ენგურჰესის კაშხალი რომ დაბომბოს ვინმემ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ირკვევა, რომ ამერიკის ახალ სამხედრო ტრანშში უკრაინისათვის გათვალისწინებულია 1 000 ცალი ექსკალიბურის (M982 Excalibur) საარტილერიო ჭურვების მიწოდება. ეს არის უზუსტესი იარაღი, რომელიც ჰაერში იმართება კოსმოსური მიზანდასახულობის სისტემებით. აშშ პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის ოფისის ერთ-ერთმა კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამერიკას გადაწყვეტილი აქვს უკრაინას მიაწოდოს ყველანაირი იარაღი, რაც `უზრუნველჰყოფს უკრაინული არმიის წარმატებული შეტევის გაგრძელებას`.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ და ევროკავშირი ამზადებს სანქციებს იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც დაუშვეს რუსული ფინანსურ-საგადამხდელო სისტემა МИР-ის და შესაბამისი პლასტიკური ბარათების ოპერირება თავის ტერიტორიაზე.

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებისთანავე, დასავლურმა სისტემებმა Visa, Mastercard, American express რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურება შეაჩერეს. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა კი ყირიმის ანექსიის შემდეგვე  დაიწყო მზადება ამ სანქციისთვის (თავისტავად საინეტრესო ფაქტია, ანუ 8 წლის წინ უკვე იცოდნენ მომავალი აგრესიის შესახებ) და გამოუშვა პლასტიკური ბარათი МИР.

ეს ბარათი მიღებულია, მაგალითად, თურქეთში, სადაც ყოველწლიურად მილიონობით რუსი ჩადის.

რუსული სისტემით ოპერირებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს ასევე ჩინეთმა და ინდოეთმა.

ამერიკა და ევროკავშირი კი მათ აფრთხილებს, რომ დაისჯებიან!

თურქეთიც დაისჯება...... თუმცა, მაღალი ალბათობით, ერდოღანი აქამდე საქმეს არ მიიყვანს და რეალური საფრთხისთანავე, მთელი მისი `ბალანსირების` მიუხედავად, უმალ `მოისვრის` პუტინსაც და მის პლასტიკურ ბარათსაც. თურქებისთვის Visa, Mastercard, American express ბევრად მნიშვნელოვანია.

მოსკოვის მცდელობა, ინდოეთთან და ჩინეთთან ანგარიშსწორება აწარმოოს რუბლებში, სრული კრახით დასრულდა - რუსული ფული არავის უნდა.

კიდევ ერთი იდეა იყო `მესამე მსოფლიოსთან`, მათ შორის ინდოეთთან და ჩინეთთან ანგარიშსწორება ე.წ `ელექტრონული `პერევოდნოი რუბლის` მეშვეობით, როგორც სსრკ დროს ხდებოდა მოსკოვსა და ე.წ. `ვარშავის ხელშეკრულების` (დაპყრობილ აღმოსავლეთ ევროპას) შორის. თუმცა არც პუტინის ამ მცდელობიდან გამოვიდა რაიმე.

ზოგადად, ამ პერსონაჟის თავხედობაზე მეტყველებს, რომ კაცს, რომლის ქვეყანას არანაირი ეკონომიკა  არ გააჩნია (ნავთობი და გაზი ეკონომიკა არ არის) აქვს ამბიცია, დოლარი და ევრო ჩაანაცვლოს, რომელსაც ამ ცივილიზაციათა გენიალური წარმოება, გრანდიოზული მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია უმაგრებს ზურგს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ბრუკლინელი მოსამართლე, რაიმონდ დირი დაინიშნა `დამოუკიდებელ ექსპერტად`, რათა შეაფასოს, ხომ არ მიაყენა ზიანი ამერიკის სახელმწიფო ინტერესებს დონალდ ტრამპმა, როცა თეთრი სახლიდან საკუთარ ვილლაზე, ფლორიდაში, წაიღო ათასობით დოკუმენტი, რისი უფლებაც არ ჰქონდა. რაც მთავარია, მოსამართლე დირიმ უნდა დააზუსტოს, ამ ათასობით დოკუმენტს შორის ხომ არ იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალები, რისი თეთრი სახლიდან გატანაც კატეგორიულად აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ მოსამართლე რაიმონდ დირი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დანიშნა მოსამართლედ რონალდ რეიგანის ბრძანებულებით და წლების განმავლობაში კურირებდა ამერიკის საგარეო დაზვერვის (CIA) მოქმედებებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

რაც არ უნდა დაადგინოს ექსპერტად წოდებულმა მოსამართლემ, მისი დასკვნა გამოქვეყნდება შემოდგომაზე დანიშნული კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ ანუ ამ არჩევნებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. სამაგიეროდ, აუცილებლად ექნება ზეგავლენა 2023-2024 წლების საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაზე თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დონალდ ტრამპი შესაძლოა დააპატიმროს ან, პირიქით, გაამართლონ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

დედოფალ ელისაბედ მეორეს დასაფლავების ცერემონიალი საერთაშორისო სკანდალის მიზეზი ხდება: სამგლოვიარო ცერემონიისას, ბრიტანეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა ადგილას გამოფინა სამეფო რეგალიები. მათ შორის არა მხოლოდ უნიკალური გვირგვინი, რომელიც რომელიმე პატარა  სახელმწიფოს ბიუჯეტი ღირს, არამედ სკიპტრა. ამ სკიპტრაზე (კვერთხი, რომელიც მონარქას ხელში უკავია კორონაციის დროს) სამხრეთ აფრიკელმა ჟურნალისტებმა შენიშნეს 500 კარატის ბრილიანტი `დიდი ვარსკვლავი`, რომელიც 1905 წელს, ბრიტანეთის სამეფო ტახტს  აჩუქა სამხრეთ აფრიკის კოლონიურმა ხელისუფლებამ.

სარწმუნო ცნობებით, არ არის გამორიცხული, სამხრეთ აფრიკის ამჟამინდელმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ ამ ბრილიანტის დაბრუნება მოითხოვოს.შეგროვებულია პეტიცია, რომელსაც ათასობით ადამიანი აწერს ხელს. მათ შორის სამხრეთ აფრიკელი დეპუტატები.

ეს ისტორია მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ჯერ კიდევ ღვივიან  კოლონიური ეპოქის რესენტიმენტები, რომლებიც თითქოს ახლა უკვე შეუმჩნეველ, თუმცაღა მაინც ჩრდილად აწევს ევროპულ ცივილიზაციას.

პირველ რიგში დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს.

იტალიას და გერმანიას (ანუ ორ სხვა დიდ ევროპელ ერს) შეუდარებლად ნაკლები კოლონიური ისტორია აქვთ, რასაც იტალიელი ფაშისტები და გერმანელი ნაცისტები აქტიურად იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს თავიანთ პროპაგანდაში.

თუმცა, მეორეს მხრივ, დღევანდელი სამხრეთ აფრიკული ეიფორია `ბრილიანტის დაბრუნებაზე` ისტორიულად არც თუ სამართლიანია, რადგან ახლა უკვე ეფუძნება სამხრეთ აფრიკის ძირეული მოსახლეობის ესე იგი  შავკანიანთა ისტორიულ ტრავმებს თეთრკანიანი კოლონიზატორების მიმართ;

არადა,  XIX – XX საუკუნეთა მიჯნაზე `ანგლო-ბურთა ომები`, ანუ ომები ბრიტანელ კოლონიზატორებსა და ჰოლანდიელ ფერმერთა შორის იმ საბაბით (!) მიმდინარეობდა, რომ ბრიტანეთის სახელმწიფომ გააუქმა მონობა, ხოლო ბურები (ჰოლანდიელები) შავკანიანთა მონურ შრომას აქტიურად იყენებდნენ.

ბრიტანული პოლიტიკის სლოგანი იყო: კოლონია სხვაა და მონობა - სულ სხვა.

ზუსტად ამიტომ, აწ გარდაცვლილი მისი უდიდებულესობა ელისაბედ II, რომელიც იშვიათად მონაწილეობდა მისი მეფობის მანძილზე პოლიტიკურ ღონისძიებებში, ყველაზე ხშირად 1960-იან, 1970-იან წოლებში აქტიურად, საჯარო აქტივობებით  აპროტესტებდა აპარტეიდის სისტემას, რაც ჰოლანდიელებმა (ბურებმა) დაამკვიდრეს სამხრეთ აფრიკაში, როცა შავკანიანებს სამოქალაქო უფლებები არ გააჩნდათ და თეთრკანიანები ჩაგრავდნენ.

ისტორია ხშირად პარადოქსალურია.