საერთაშორისო მიმოხილვა. 15 მარტი. 2025 წელი
უამრავი მოსაზრება და ჭორ-მართალი ვრცელდება ამჟამად მიმდინარე ამერიკა-რუსეთის კონსულტაციებზე. „რა თქვა ტრამპმა“....„რა უპასუხა პუტინმა“....„რა იგულისხმა პუტინმა“.....„რა იგულისხმა ტრამპმა“.....„რას იზამს მოსკოვი“....„რას მოიმოქმედებს ვაშინგტონი“......
არადა პოლიტიკა, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს საკმაოდ ზუსტი მეცნიერებაა და როგორც საჭადრაკო ეტიუდში საკმაოდ მაღალი სიზუსტით არის შესაძლებელი თუნდაც 10 სვლის მიღმა პროგნოზირება, ასევე შესაძლებელია პოლიტიკაშიც თუ....ვუპასუხებთ მთავარ კითხვას: „რა არის ინტერესი?“
რა არის უკრაინის მიმართ აგრესორი პუტინის ინტერესი დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც საბედნიეროდ მან ვერ მოახერხა ვერც კიევის აღება და ვერც მთელი აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობა?
ამჟამად პუტინის ინტერესია შეინარჩუნოს ის, რაც დაიპყრო ოღონდ......უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შექმნას „მართვადი ქაოსის“ სიტუაცია, როგორიც იქ არსებობდა თითქმის მუდმივად საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ.
ანუ..... შეწყდეს ცეცხლი, უკრაინა არ მიიღონ NATO-ში, უკრაინის ტერიტორიაზე არ შევიდნენ დასავლური სამხედრო ძალები, ესე იგი არ არსებობდეს სამომავლო უსაფრთხოების არანაირი გარანტია და.....რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკრაინაში დამყარდეს პოლიტიკური რუტინა, მუდმივი ბრძოლა პარტიებს შორის, ბიზნეს-ჯგუფებს შორის, მედია-ომები, მიტინგები, წლობით გაწელილი არეულობა....
გავიხსენოთ, რა ხდებოდა უკრაინაში აბსოლუტურად ყველა ხელისუფლების დროს 1992-2014 წლებში და ნაწილობრივ 2014 წლის შემდეგაც:
დაპირისპირებები ელიტაში, პოლიტ-ომები.....მედია-ომები......ოლიგარქთა შიდა ომები და გარე ომები......საბოლოოდ რუსეთმა განახორციელა ყირიმის უსისხლო (!) ანექსია, შემდეგ, 2022 წლიდან, სცადა მთელი უკრაინის ან მისი უდიდესი ნაწილის დაპყრობაც, მაგრამ საბედნიეროდ დასავლეთმა, როგორც იქნა, „გაიღვიძა“ და უკრაინას აქტიურად დაუდგა მხარში.
ახლა პუტინს სურს უკრაინის „გადარჩენილ“ ტერიტორიაზე დაახლოებით ისეთივე სიტუაცია შექმნას, როგორიც იყო უკრაინაში 1992 წლიდან, მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში:
ესე იგი არანაირი დასავლური სამხედრო გარანტიები ან..... მხოლოდ სიტყვიერი გარანტიები, როგორც „ბუდაპეშტის მემორანდუმი“...... არანაირი პერსპექტივა, ტარდებპოდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები (!-დავაკვირდეთ, რომ ეს არის პუტინის მთავარი მოთხოვნა ახლა) ოღონდ არა იმიტომ, რომ პუტინს მაინცდამაინც ზელენსკის შეცვლა უნდა ვინმე სხვა ფიგურით მაშინ, როცა ტიმოშენკოც, ზალუჟნიც, პოროშენკოც და ნებისმიერი სხვაც მისთვის ასევე მიუღებელია, ხოლო იანუკოვიჩს იქ არავინ შეუშვებს, არამედ იმ მიზნით, რათა, ისევ და ისევ....შექმნას „მართვადი ქაოსი“, დაასუსტოს უკრაინა, ბოლოს განაახლოს შეტევა იმ ისტორიულ მომენტუმში, როცა ეს მისთვის ხელსაყრელი იქნება. მათ შორის საერთაშორისო მდგომარეობის გამო.
მანამდე კი დაკმაყოფილდეს იმით, რაც მიიღო 2022 წლის აგრესიის შედეგად: სახმელეთო გასასვლელი ყირიმზე, რომელიც სულ მალე ამუშავდება, როგორც კი უკრაინის მხრიდან ამ „დერეფანზე“ შეტევის საფრთხე მოიხსნება „ცეცხლის შეწყვეტის“ ფარგლებში........ მაშასადამე ყირიმი რუსეთის „ძირისძირეული“ ტერიტორიის ინტეგრალურ ნაწილად იქცევა განსაკუთრებული დანახარჯების გარეშე.
ეს იყო ნამდვილად პუტინის პროგრამა-მინიმუმი და, სამწუხაროდ, ამ პროგრამა მინიმუმს მან მიაღწია.
თანაც პუტინს იმედი აქვს, ახლა შეძლებს ეს „გეშეფტი“ „შეფუთოს“ და „გაყიდოს“ ქვეყნის შიგნით როგორც გამარჯვება, რაკი უკრაინული არმია უკან იხევს კურსკში.
ტყუილია თითქოს უკრაინელები ალყაში არიან და (ტრამპის მორიგი გამაოგნებელი განცხადებით) „დანდობას“ ელიან პუტინისგან. რუსებმა ჩრდილო კორეული „ბიორობოტების“ მეშვებით ნამდვილად შეძლეს კურსკის ოლქში პოზიციების დაბრუნება თითქმის უკრაინის სახელმწიფო საზღვრებამდე და არ არის გამორიცხული, ზელენსკიმ ახლა თვითონ უბრძანოს უკრაინულ არმიას კურსკის დარჩენილი ტერიტორიიდან გასვლა, რათა ტრამპს პრობლემა არ შეუქმნას პუტინთან მოლაპარაკებისას.
ზელენსკი იქცევა ძალიან ჭკვიანურად, რაფინირებულად, დიპლომატიურად, რათა აიძულოს პუტინი გადავიდეს ქმედებებზე ანუ პუტინი, მოსკოვი გახდეს „მოპასუხე“ ტრამპთან და არა კიევი.
მაღალი ალბათობით, პუტინის ზემოაღწერილ გეგმას კიევი და ვაშინგტონი მიიღებენ.
ეს არის მთავარი.
მერე უკვე ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რას მოიმოქმედებს დასავლეთი უკრაინის გადარჩენილი ტერიტორიის დასახმარებლად, რათა ეს „გეგმა“ - უკრაინის გადარჩენილ ტერიტორიაზე „მართვადი ქაოსის“ შექმნისა - პუტინს „ჩაუვარდეს“ ისევე, როგორც ჩაუვარდა გეგმა 2022 წელს უკრაინის სახელმწიფოს ჩამოშლის და უკრაინული სახელმწიფოს სრული განადგურების, მთელი უკრაინის დაპყრობისა.
რა არის ამისთვის აუცილებელი? აუცილებელია, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ დასავლეთმა, იმავე ამერიკამ და იმავე ევროკავშირმა არ დაუშვან უკრაინაში სტაგნაცია, ეკონომიკური კრიზისი, დაეხმარონ მას პუტინის მიერ დანგრეული რეგიონების, მათ შორის ენერგეტიკის და ინდუსტრიების აღდგენაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, შეუშვან ევროპულ ბაზარზე უკრაინული პროდუქცია თუნდაც ნაწილობრივი დემპინგით და ა.შ.
ე.წ. „პოლონელმა ფერმერებმა“ თუ კვლავინდებურად დაბლოკეს პოლონეთ-უკრაინის საზღვარი, რათა უკრაინული ხორბალი ევროკავშირში არ მოხვდეს.....ასე არაფერი გამოვა და 5 წლის შემდეგ იქნება თუ 10 წლის შემდეგ, რუსეთი თავის მიზნებს მიაღწევს.
გარდა ამისა, დასავლეთმა არ უნდა მოხსნას 100%-ით ანტიპუტინური სანქციები.
შესაძლოა ეს სანქციები ნაწილობრივ მოიხსნას, მაგრამ არა ტოტალურად.
და აქ გადამწყვეტი სიტყვა ევროკავშირს ეთქმის.
არც პუტინს აქვს კარგად საქმე და „კარგი ცხოვრებით“ ესე იგი წარმატებით როდია ნაკარნახევი მისი პოზიცია თუნდაც ამჟამინდელ ხაზზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ:
კი, დონბასზე ნაწილობრივი წარმატება.....კი კურსკში ნაწილობრივი წარმატება, მაგრამ.....მეტისმეტად დიდი აქვს დანახარჯი/დანაკარგი და რაც მთავარია, პუტინს, უდიდესი სახელისუფლებო რისკის მიუხედავად არ შეუძლია ის, რაც შეუძლია ზელენსკის: მ ო ბ ი ლ ი ზ ა ც ი ა!
უკრაინა კიდევ შეძლებს რამდენიმე მობილიზაციის გამოცხადებას, პუტინის მეორე მობილიზაცია კი მისი რეჟიმისთვის შეიძლება სამკვდრო-სასიცოცხლო რისკი აღმოჩნდეს, იმდენად არაპოპულარულია რუსეთში.
მხოლოდ „საკონტრაქტო არმიით“ ასეთი მასშტაბის ომის წარმოება, თვეში $5 000 გადახდა ყოველი ჯარისკაცისთვის, სულ უფრო რთული ხდებოდა.
ჩრდილო კორეული „ბიომასა“ კურსკში კი იყო სამყოფი, მაგრამ მთელს უკრაინაში ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი.
მით უმეტეს მთელს უკრაინაში.
და პუტინს მისმა სპეცსამსახურებმა, საელჩოებმა, ანალიტიკურმა Think tank-ებმა და საგარეო დაზვერვამ ისიც მოახსენა, რომ თუ ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი ფეხს შედგამდა საკუთრივ უკრაინის ტერიტორიაზე (და არა მხოლოდ კურსკში) აი მაშინ კი ულაპარაკოდ, უეჭველად იხილავდა უკრაინის ცაში ფრანგულ, ბრიტანულ, გერმანულ, ესპანურ, იტალიურ, შვედურ თვითმფრინავებს. თანაც არა F-16 ებს არამედ F-35-ებს, „ევროფაიტერებს“ და „მირაჟებს“
ასევე, შესაძლოა კონსოლიდირებულ ფრანგულ და ბრიტანულ სახმელეთო კონტინგენტსაც, როგორც 1853-1856 წლების „ყირიმის ომის“ დროს.
თუნდაც არა დონბასზე, მაგრამ კიევთან და დასავლეთ უკრაინაში - ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ!
„კიმის ჯარისკაცები ევროპის სიახლოვეს, ევროპულ სახელმწიფოში“ - მართლა „წითელი ხაზია“.
რუსულენოვანმა რესურსმა медиазона, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ნდობას, გამოაქვეყნა 97 994 რუსი სამხედროს მონაცემები, რომლებიც 2022 წლის შემდეგ დაიღუპნენ.
„გამოაქვეყნა“ ნიშნავს სახელი, გვარი, მამის სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, საცხოვრებელი/ჩაწერის ადგილი და ა.შ.
რესურსი იქვე აღნიშნავს, რომ კიდევ დაახლოებით 10 000 სამხედროს იდენტიფიკაცია ამჟამად მიმდინარეობს ანუ მათზე ღია წყაროებში ან სანახევროდ თუ მთლიანად დახურული წყაროებიდან ასეთი ზუსტი მონაცემების მოპოვება ვერ მოხერხდა.
ალბათ არის კიდევ მესამე კატეგორია, რომლის შესახებ ინფორმაცია იმდენად დახურულია, არც ოდესმე გამჟღავნდება.
თუმცა მთლიანობაში ეს ლეტალური დანაკარგი დაახლოებით 100-150 ათასი სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ და ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრთა დასკვნებს.
ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ „ლეტალური დანაკარგი“ ერთია და „სამხედრო დანაკარგი“ ან „საომარი დანაკარგი“ კიდევ სხვა.
სამხედრო მეცნიერული ტერმინოლოგიით, სამხედრო და საომარ დანაკარგში შედის ასევე დაჭრილ-დასახიჩრებულთა კატეგორია, რომელიც მუდამ ოთხჯერ-ხუთჯერ (მინიმუმ) მეტია, ვიდრე ლეტალური დანაკარგი ანუ დაღუპულები.
თუ ბოლომდე არაპოლიტკორექტულები, ბოლომდე გულწრფელნი, ბოლომდე მართალნი ვიქნებით აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ არსებობს ერთი ციფრი, ერთი მონაცემი, რომელიც ყველაზე ზუსტად მეტყველებს, რატომ აქვს პუტინს უპირატესობა და რა უნდა გაკეთებულიყო, რათა მას უპირატესობა არ ჰქონოდა: მშვიდობიან უკრაინელებს შორის, ანუ....ჩვეულებრივ მოქალაქეებს „ბიურგერებს“ შორის მსხვერპლი ასჯერ (!!!) მეტია ვიდრე მშვიდობიან რუსებს შორის.
იმიტომ, რომ დასავლეთი არ აძლევდა და ახლაც არ აძლევს უფლებას უკრაინის არმიას მოიქცეს ისე, როგორც რუსული არმია იქცევა, როცა პირდაპირ ქალაქებს ბომბავს რაკეტებით და ზალპური ცეცხლის დანადგარებით.
აი ამ თვალსაზრისით რომ რუსეთის დანაკარგები შესადარი მაინც ყოფილიყო უკრაინულ დანაკარგებთან, მაგალითად ამერიკელებს დაერთოთ ნება უკრაინელებისთვის თუნდაც ქალაქი კურსკი დაებომბათ შორსმსროლელი არტილერიით რაც სავსებით რეალური იყო, მით უმეტეს მოსკოვი და პეტერბურგი..... პუტინი სულ სხვა მდგომარეობაში იქნებოდა ახლა.