საერთაშორისო მიმოხილვა. 14 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 სექტემბერი. 2023 წელი

სამწუხაროდ, ძალიან ცუდად და  ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება მოვლენები ამერიკაში.

გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელმა კევინ მაკკარტიმ განაცხადა, რომ გასცა განკარგულება (ამის უფლება კანონით აქვს) ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ.

ძალაუფლების ბოროტად და ანგარებით გამოყენების, ასევე `გავლენით ვაჭრობის` ბრალდებით.

პოსტსაბჭოური ქვეყნების იურიდიული სისტემა ცუდად იცნობს ამ ინსტიტუციას: `გავლენით ვაჭრობა`. არადა დასავლეთში ეს ძალიან მნიშვნელოვანი კორუფციული დანაშაულია.

ჯო ბაიდენს ბრალად ედება, რომ მისი შვილი, ჰანტერ ბაიდენი უკრაინაში (!) მამამისის `გავლენით ვაჭრობდა` ხელსაყრელი კონტრაქტების ხელში ჩასაგდებად.

ხოლო ჯო ბაიდენმა, როგორც მინიმუმ,  ეს არ აღკვეთა - ასეთია ბრალდების შინაარსი.

ზოგადად, ჰანტერ ბაიდენი რომ ნამდვილად გაიხლართა მის ბიზნეს-ს საქმიანობაში, მათ შორის კორუმპირებული უკრაინის რეალიების გათვალისწინებით ჯერ კიდევ პოროშენკოს დროს, სრულიად აშკარაა, მაგრამ `რესპუბლიკელთა` მცდელობა, დაიწყონ პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რა თქმა უნდა უკავშირდება დონალდ ტრამპის იმპიჩმენტებს(!), მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და ზოგადად, საარჩევნო კამპანიას, რომელიც სულ უფრო სასტიკ ხასიათს იძენს.

ამერიკის რენომესთვის ეს ძალიან ცუდია. მთელს მსოფლიოში Freedom love people ამერიკას აღვიქვამთ, როგორც `კონსოლიდირებული დემოკრატიის` ნიმუშს ანუ ჩამოყალიბებული, კანონისმიერი და სტაბილური დემოკრატიისა.

არ ეკადრება ამერიკას `იმპიჩმენტის- იმპიჩმენტით` გადაფარვის          ტექნოლოგიები, რაც უფრო `მესამე მსოფლიოსთვის` არის დამახასიათებელი.

ამით ხდება არა მხოლოდ `იმპიჩმენტის` უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ინსტრუმენტისა და ინსტიტუციის შერყვნა, გაუფასურება, არამედ დემოკრატიული იმიჯის შელახვაც.

მხოლოდ ერთი მაგალითი: როგორ გვინდა `ჩვენი მენტალობის` ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ამ შემთხვევაში ამერიკელ `დემოკრატებსა` და ამერიკელ `რესპუბლიკელებს` შორის არ მიმდინარეობს სამარცხვინო ვაჭრობა: `თქვენ მოხსენით ბრალდებები ტრამპის წინააღმდეგ და ჩვენ აღარ განვახორციელებთ პრეზიდენტის იმპიჩმენტს?`

ეს კატასტროფაა, რაკი იმპიჩმენტიც და სასამართლო წარმოებაც გულისხმობს კ ა ნ ო ნ ი ს     დ ა რ ღ ვ ე ვ ა ზ ე      დემოკრატიული სახელმწიფოს მართლმსაჯულების რეაგირებას.

ანუ თუ პოლიტიკურად გამოივაჭრებენ, კანონის დარღვევაზე თვალს დახუჭავენ?!

`რესპუბლიკელებს` შესაძლოა კიდეც ეყოთ ხმები იმპიჩმენტისთვის ქვედა პალატაში, თუმცა სენატში - არა. ოღონდ ეს ის შემთხვევაა სწორედ, როცა მთავარია პროცესი და არა რეზულტატი.

ამ ყოველივეთი კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამერიკაში ისეთი მძვინვარე პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო, არც ამ ქვეყანას და არც მის იმედად მყოფ მსოფლიოს ამერიკული სამოქალაქო ომის შემდეგ რომ არ მოსწრებია.

მეორეს მხრივ ტრამპს და მის მომხრე `რესპუბლიკელებსაც` რაღაც აზრით უნდა გავუგოთ: კაცს 500 წლით (!) ციხეში ჩასმას უპირებენ და.....ხელთ აქვთ ბაიდენ-უმცროსის წერილები, რომელშიც ეს უკანასკნელი პირდაპირ ამბობს `კომპანია ბურისმაში მამაჩემს წარმოვადგენო`.

ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს.

`გავლენით ვაჭრობაა` აბა რა......არის?

ბუნებრივია, ტრამპი და მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა თავი დაიცვას `კონტრშეტევის` მეთოდით.

იდეალური გამოსავალი იქნებოდა `რესპუბლიკელებსაც` და `დემოკრატებსაც` მოეხსნათ ეს კანდიდატურები და ეპოვათ სხვა კანდიდატები, მაგრამ.....ამის რესურსი არც ერთს აქვს და არც მეორეს.

საოცრებაა ამგვარი უალტერნატივობა მაშინ, როდესაც  ორივე ძირძველ პარტიას ჰყავს ამდენი შესანიშნავი კონგრესმენი, სენატორი, გუბერნატორი.....ახალგაზრდები, ჭკვიანები, ნიჭიერები, განათლებულები, დამსახურებულები......გაუგებარია, რა გაუჭირდათ ამის ფასი?

ანუ ამერიკის პარტიული სისტემის კრიზისის მაჩვენებელიცაა ეს ყოველივე და ზოგადად, ელექტორალური კრიზისისა.

ეს შეიძლება (პუტინის ბოროტი ჩარევის შედეგად) დემოკრატიული სისტემის და თვით სახელმწიფოს კრიზისშიც კი გადაიზარდოს, რაც არც ერთ გონიერ ადამიანს არ ენდომება მსოფლიოში.

. . . . . . . . . . . . . . . . . .  

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა `უადგილო` უწოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, კულებას განცხადებას: `გაუგებარია რატომ აჯანჯლებს გერმანია უკრაინის არმიისთვის Taurus რაკეტების გადაცემას. ხომ იციან გერმანელებმა, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოგვაწოდებენო`

პისტორიუმა განცხადების ტონს `უადგილო` უწოდა. თუმცა დაადასტურა, რომ გერმანია განაგრძობს უკრაინის დახმარებას, რომელსაც 22 მილიარდი ევროთი დაეხმარა უკვე. ეს ყველაზე მეტია ამერიკის შემდეგ.

`აჯანჯლებენ`, რადგან ცეცხლივით ეშინიათ, უკრაინამ ამ რაკეტებით მოსკოვს და პეტერბურგს, ასევე სევასტოპოილს არ `დასცხოს`

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

რუმინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე, რუმინეთის საზღვართანმ აღმოჩენილია რუსული დრონის (უპილოტო თვითმფრინავის) ნამსხვრევები.

ეს უკვე სამხედრო ინციდენტია: NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გუშინ განაცხადა, რომ ბლოკს არა აქვს ინფორმაცია `რუსეთის განზრახ თავდასხმის` შესახებ ალიანსის წევრი რუმინეთის ტერიტორიაზეო.

ანუ `დასავლელები` თავისი სტილის ერთგულნი რჩებიან: ბოლომდე არ აღიარებენ რუსულ აგრესიას, სანამ რუსული არმია უშუალოდ ბუქარესტს არ დაბომბავს.

არადა  `დრონები`, რომლებიც ვითომ უკრაინის `საზენიტო სისტემამ` ჩამოაგდო და ამიტომ მოხვდა რუმინეთის ტერიტორიაზე, სინამდვილეში შესაძლოა კრემლის პროვოკაცია იყოს - რეაქციის შესამოწმებლად. ეს პუტინის სტილია ზოგადად: ამოწმებს და ცდის ხოლმე დასავლეთს.

ამის მიუხედავად, რუმინეთის `თავდაცვამ` უკვე დაიწყო საპასუხო ზომების მიღება: საზღვრისპირა მოსახლეობის გაფრთხილების სისტემა დამონტაჟდა და ბეტონის თავშესაფრების მშენებლობაც კი დაიწყო რუმინეთ-უკრაინის საზღვარზე.

დამკვირვებელთა უმრავლესობა მაინც იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს არის რუსეთის `ბაყაყისებრი` ანუ მცირე-მცირე ნახტომების `ცოტათი ცოტა-ცოტათი` ტაქტიკა, რასაც ერთი ქართული ხალხური სკაბრეზული გამოთქმა შეესაბამება და აქ ვერ მოვიტანთ.

ანუ, ისევ და ისევ `ზონდაჟი` შესაძლო რეაქციის შესამოწმებლად და თუ რეაქცია არ იქნება ადეკვატური, მერე უკვე...... `ბოლომდე`.

იმედია NATO ამ მზაკვარ და ცბიერ ტაქტიკას საკუთარ სტრატეგემას დაუპირისპირებს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

პუტინის მუდმივ შიშნეულობას ადასტურებს ისტერიკა, რომელიც მან და მისმა ადმინისტრაციამ მოაწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შესანიშნავი ამერიკული კომუნიკატორი  WhatsApp აპირებს დაამატოს რამდენიმე ოფცია.

მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია `არხიზაციის` შესაძლებლობა ანუ Chanel-ებისა  შექმნა, რის შედეგადაც მომხმარებლებს შეეძლებათ არა მხოლოდ კომუნიკაცია, ფოტოების `ჩაყრა` და ასე შემდეგ, არამედ საინფორმაციო კონტენტის ფართოდ გავრცელება საგანგებოდ შექმნილი არხების მეშვეობით.

ასეთი ფუნქცია დღეს აქვს რუსულ Телеграм-ს, რომელსაც კრემლის სპეცსამსახურები, რასაკვირველია ყურადღებით აკვირდებიან. ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ კრემლს არ აწყობს ალტერნატივის გაჩენა, რომელსაც ვერ გააკონტროლებს დუროვის Телеграм-ისგან განსხვავებით.

რუსი ჩინოსნები და ე.წ. `დეპუტატები` ახლა უკვე აცხადებენ, რომ WhatsApp, განსხვავებით Facebook-ისგან, არ დაბლოკეს რაკი...... ძალიან პოპულარულია რუსეთში.

მართლა ძალიან პოპულარულია. რუსები მას იყენებენ იმაზე ხშირად ვიდრე თვით Google-ს!

ოღონდ იგივე ჩინოსნები ამბობენ, რომ თუ WhatsApp არხებს შექმნის, მაშინ უკვე არა `კომუნიკატორი` არამედ `საინფორმაციო საშუალება` იქნებაო, რაც სრული დემაგოგიაა. აბა რა `საინფორმაციო საშუალებაა` თვით Facebook ან Instagram?

ერთი სიტყვით, პუტინი ემსგავსება დიასახლისს, რომელიც საცერში წყლის შეკავებას ცდილობს.

რანაირად შეაკავებ საცერში წყალს? ანუ ინფორმაციას - ტოტალურად კომუნიცირებულ პლანეტაზე?

Facebook (Meta) აკრძალეს რუსეთში. არადა WhatsApp სწორედ Meta-ს ეკუთვნის.

აი Google-ის აკრძალვა კი პუტინმა უბრალოდ ვერ გაბედა. ვერ გაბედა თუნდაც იმიტომ, რომ სწორედ Google-ს ეკუთვნის (მისი ოფციაა სინამდვილეში) Youtube, რომლის კონტენის გარეშე, კონცერტების გარეშე, სპორტის გარეშე, შოუების გარეშე ათეულობით მილიონ რუსს ცხოვრება ვერ წარმოუდგენია მართლა.

ამ ახალგაზრდებს სულ არ აინტერესებთ ომი, პუტინს შესაძლოა მხარსაც უჭერდნენ, მაგრამ საკმარისი იქნება პუტინმა მათ ეს  `სათამაშო` წაართვას, ათეულობით მილიონი ახალგაზრდა რუსი უმალვე იქცევა პუტინის მოსისხლე მტრად!

შეგახსენებთ იმასაც, რომ პუტინმა სცადა YouTube-ის ალტერნატიული რუსული პლატფორმის შექმნა, თუმცა, გამოვიდა, ბოდიში და,  ა  ა  ი!

სუფთა ტექნოლოგიურადაც კი უვარგისი - კონტენტს ვერც მოძებნი და ვერც გახსნი.

Youtube და Google ისტორიულად ჩამორჩენილი რუსეთი ვერ შექმნის. გამორიცხულია! ამისთვის ცივილიზაციური განვითარების სხვა დონეა საჭირო. ნავთობიდან მიღებული მილიარდები არ ეყოფა.

განა ვინ შექმნა Facebook და Google? გენიალურმა ახალგაზრდა ბიჭებმა, რომლებმაც ისარგებლეს კალიფორნიის `ველზე` სტარტაპებისთვის შექმნილი სპეციალიზებული სივრცით და.......დასავლური ცივილიზაციის კომერციული სულისკვეთებით: The soul of free enterprise.

. . . . . . . . . . . . . . . . . .  

ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოშეფ ვუ-მ მკაცრად გააკრიტიკა ილონ მასკი ახალი განცხადების გამო, რომ ეს კუნძული `ჩინეთის განუყოფელი ნაწილია`.

`რით ვერ გაიგო მასკმა, რომ ტაივანი არ იყიდებაო`- თქვა ბატონმა ვუ-მ.

მან ილონ მასკს ისიც შეახსენა (დავაკვირდეთ რა საინტერესოა), რომ მასკმა `გათიშა Starlink იმ მომენტში, როცა უკრაინამ ყირიმს შეუტია`.

ამ ისტორიაზე ჩვენ უკვე ვწერდით.