საერთაშორისო მიმოხილვა. 14 დეკემბერი. 2024 წელი
მას შემდეგ, რაც საკუთარი შვილი შეიწყალა, ახლა ჯო ბაიდენი „ორპარტიული კრიტიკის“ ქარცეცხლში გაეხვა მას შემდეგ, რაც ახლახან შეუწყალა 1500 ყოფილი მოხელე, ვინც კორუფციისთვის იყო მსჯავრდებული.
მათ შორის კორუმპირებული მოსამართლეები.
ამაზე იმ ყოფილ სახ-მოხელეთა ოჯახის წევრებმა გამოთქვეს პროტესტი, ვინც შეწყალებულთა რიცხვში ვერ მოხვდა.
ათეულობით ათასია ამერიკაში ამ მუხლებით მსჯავრდადებული.
„აბა მაშინ ჩვენმა ქმრებმა, ცოლებმა, მამებმა, დედებმა, შვილებმა, ძმებმა, დებმა რა დააშავესო“ - ასეთია ნარატივი, რასაც ახლა ფართოდ ტრანსლირებს დონალდ ტრამპთან დაახლოებული მედია.
აქ საინტერესო ისაა, რომ ეს „Pardon..... Clemency“ თემები თანამედროვე ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვანი ხდება სწორედ ხელისუფლების ტრანზიციის პერიოდში.
მეინსტრიმული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის თეთრ სახლში შეხვედრისას დონალდი არწმუნებდა ჯოს, შეეწყვიტა მის წინააღმდეგ საქმეები, რადგან არ აწყობს საკუთარი თავის შეწყალება
20 იანვრის შემდეგ დონალდი სხვებს შეიწყალებს ვინც მსჯავრდადებულია კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის ან სხვა მის საქმეებზე, - ვთქვათ არჩევნებში ჩარევისთვის, - თუმცა საკუთარი თავის შეწყალება იმიჯურად და პოლიტიკურად არ აწყობს.
თუმცა ბაიდენმა მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხა „იუსტიციის სამინისტროს“ (MOJ) ინსტრუმენტით ამ მოთხოვნის შესრულება - პორნოვარსკვლავის მოსყიდვის საქმეზე.
ჯორჯიის შტატის მართლმსაჯულება ჯიუტობს: როგორ გაბედა ტრამპმა 2020 წელს ჩვენი დიადი შტატის შიდა საქმეებში ჩარევა საარჩევნო ადმინისტრაციის დაბულინგებითო.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის Орловская область-ს და Брянская область -ს უკრაინის არმიამ გუშინ მძლავრად შეუტია „თვითმფრინავის ტიპის“ დრონებით.
ორლოველმა გუბერნატორმა დაიწუწუნა, რომ უდიდეს ნავთობბაზას ცეცხლი გაუჩნდა.
რუსი ბლოგერები წერენ, რომ უკრაინის არმიამ ახალი ტექნოლოგია გამოიყენა დრონების დამზადებისას: „თვითმფრინავის ტიპის“ დრონებს ამზადებს იმ დათქმით, რომ რუსული„ საზენიტოს“ მიერ ჩამოგდების შემთხვევაშიც, მისი ნაწილები ცეცხლგამჩენი იყონ და იოლად აჩენენ ხანძარს;
ამიტომაც იფეთქა ახლა ნავთობბაზამ.
უკრაინა ერთგულია თავისი მიდგომისა, რომ სულ უკანასკნელი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევის გარდა, არ ბომბავს რუსულ ქალაქებს, არამედ ბომბავს სამხედრო და ენერგოობიექტებს ქალაქგარეთ.
თანაც, მივაქციოთ ყურადღება: არა მხოლოდ დასავლურ იარაღს არ იყენებს არამედ საკუთარი წარმოების იარაღსაც არ იუენებს ჯერ ქაალქების დასაბომბად.
მაგრამ....რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი გამოიყენებს კიდევ ერთხელ საშუალო სიშორის რაკეტა Орешник-ს, მაშინ უკრაინის არმიას უკვე აქვს და ცდის კიდეც ანალოგიური კლასის საშუალო სიშორის რაკეტას და ორივე ამ რაკეტის გამოყენებას აზრი აქვს სწორედ ქალაქებზე დარტყმისთვის.
პუტინმა ქალაქ დნეპრს „დაარტყა“ და კიევის ცენტრი იგულისხმა. ზელენსკიმ მოსკოვი და პეტერბურგი იგულისხმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გფრ შეიმუშავებს სპეციალურ პროგრამას სირიის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის, ასევე ქალაქების აღსადგენად, რათა სირიელმა ლტოლვილებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონო.
ამჟამად ერთი მილიონი (!) სირიელი ცხოვრობს მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
მათ უმრავლესობას ლტოლვილის ოფიციალური სტატუსი აქვს. კიდევ 50 000 სირიელი ლტოლვილი მისი სტატუსის განხილვას ელოდა გერმანიის სასამართლოებში, თუმცა ეს პროცესი შეწყდა, როგორც კი სირიის დიქტატორი, ბაშარ ალ ასადი დაემხო.
ოლაფ შოლცი გერმანელი პოლიტიკოსი არ იქნებოდა, იქვე რომ არ დაემატებინა: იმ სირიელებს, რომლებმაც აქ, გერმანიაში სამუშაო იშოვეს, არ გავაგდებთ - დარჩნენო.
აქ ორი მომენტია საყურადღებო: თავის დროზე (2014 წლიდან)გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს სასტიკად აკრიტიკებდნენ: ამდენი სირიელი ლტოლვილი რატომ მიიღეო. არადა გერმანია ვერ იტყოდა უარს რადგან ჯერ ერთი მეორე მსოფლიო ომის „ქსენოფობიური კომპლექსები“ ამჟამადაც აწუხებთ: „არ წამოგვაძახონ - ნაცისტებივით იქცევითო“ და მეორეც, რაც მთავარია, მერკელი პრაგმატულად მოიქცა იმ აზრით, რომ მილიონამდე სირიელი ჩაება გერმანიის ეკონომიკაში, უპირველესად მომსახურების სფეროში, სადაც მაღალი კვალიფიკაცია არ არის საჭირო და ამით უკრაინის კრიზისის დროს გერმანიის GDP შენარჩუნებაში წვლილი შეიტანა.
ბ) მილიონამდე მარტო სირიელ ლტოლვილზეა ლაპარაკი და.....50 000 მხოლოდ სირიელ (!) ლტოლვილობის მაძიებელზე....
ამ დროს პატარა საქართველო და მისი რამდენიმე ათასი „ლტოლვილობის მაძიებელი“ რატომ უნდა იყოს ასეთი მწვავე „პრობლემა“ ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოსთვის?
მილიონი არაბი ლტოლვილი-ემიგრანტი მარტო სირიიდან და მარტო გერმანიაში!!! სხვა არაბულ ქვეყნებზე (ეგვიპტე, ლიბია) აღარაფერს ვამბობ.
საქართველო და მისი „უკანონო ემიგრაცია“, მათ შორის ლტოლვილთა მაძიებლები ამასთან საერთოდ რა მოსატანია?
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი ისტერიკაშია.
მისი თქმით, ამერიკის ადმინისტრაცია აპირებს წლის ბოლომდე დაუწესოს სანქციები სერბულ-რუსულ ნავთობკომპანიას NIS (ე.წ. „სერბეთის ნავთობის ინდუსტრია“), რომლითაც სერბეთი რუსულ ნავთობს იღებდა „ადრიატული ნავთობსადენით“.
საქმე ის არის, რომ NIS საკონტროლო პაკეტს რუსული Газпром ფლობს.
ხოლო თუ ვაშინგტონი დააწესებს სანქციებს, მაშინ ადრიატული ნავთობსადენის ოპერატორი კომპანია JANAF, ხორვატეთში, აღარ გაატარებს რუსულ ნავთობს სერბეთისკენ.
ისედაც როგორ „უყვართ“ ხორვატებს - სერბები ხომ ვიცით არა?
ვუჩიჩმა პრეს-კონფერენციაზე თქვა: „ამის გამო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით და ამერიკელებს უნდა დაველაპარაკოო“.
ვის უნდა დაელაპარაკოს?
ტრამპი ჯერ არ არის პრეზიდენტი. თუმცა მალე გახდება პრეზიდენტი - იანვრის ბოლოსთვის.
ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილებას იოლად გააუქმებს.
ამით პოლიტიკური პრობლემები შეექმნება კონგრესში.
აქ მთავარი სხვაა: სულ უფრო უჭირს სერბეთს „ორ სკამზე ჯდომა“ - დასავლეთსა და რუსეთს შორის.
უნგრეთი (ორბანი) ამას ახერხებს იმიტომ, რომ ევროკავშირისა და NATO-ს წევრია.
სერბეთი კანდიდატიც არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მუდამ მივაქცევ თქვენს ყურადღებას ენერგეტიკულ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს, იმიტომ, რომ ერთი ექსპერტის სამართლიანი შეფასებით, სწორედაც „ბუნებრივი აირი და ნავთობი გეოპოლიტიკის სისხლია, ხოლო ნავთობ და გაზსადენები - სისხლძარღვები გეოპოლიტიკისა“.
„ბევრი რამ“ კი არა ლამის ყველაფერი ამ სივრცეში წყდება
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
არაბთა გაერთიანებული ემირატების მთავრობამ გადაწყვიტა, 2025 წლის დასაწყისში მკვეთრად შეამციროს ნავთობის ექსპორტი.
Bloomberg იტყობინება, რომ აბუ-დაბის სახელმწიფო (!) ნავთობკომპანია ADNOC აპირებს 230 000 ბარელით შეამციროს მოპოვება.
საუბარია ნავთობის კლასებზე Murban და Upper Zakum, რასაც ეს ქვეყანა აწარმოებს და საკმაოდ მაღალი ხარისხისაა.
ნავთობის ხარისხს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად რუსული Urals ნაკლებ ხარისხიანად ითვლება და ეს მოქმედებს ფასწარმოქმნაზე მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი შედის ნავთობმწარმოებელი ქვეყნების გაერთიანებაში OPEC+.
ამ აბრევიატურაში „+“ არის სწორედ რუსეთი და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის გაერთიანების გადაწყვეტილებები ნავთობმოპოვების გაზრდის ან შემცირების შესახებ სავალდებულო (!) არ არის, მაგრამ საყურადღებოა და OPEC+ წევრებიც ასე თუ ისე ითვალისწინებენ მის ინტერესებს.
მოსკოვი OPEC-ში იმიტომ შევიდა 2017 წელს „+“ სტატუსით, რომ არ მიეცა საშუალება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, გაემეორებინა 1984 წელს აშშ დიდი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის სვლა, როცა ვაშინგტონი მოელაპარაკა OPEC სახელმწიფოებს, პირველ რიგში საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს და გააზრდევინა ნავთობის მოპოვება, რის შედეგადაც რუსული Urals ფასი 1 ბარელისთვის 8 დოლარამდე (!!!) დაეცა. ამან დაანგრია საბჭოთა იმპერია.
შეგახსენებთ, რომ „ერთი ბარელი“ დაახლოებით 159 ლიტრია.
„ერთი დიდი ლითონის კასრი“ - როგორც XIX საუკუნიდან ითვლიდნენ.
არაბთა გაერთიანებული ემირატების ამჟამინდელი გადაწყვეტილება იმის მანიშნებელია, რომ კვლავინდებურად გრძელდება „საჭადრაკო პარტია“ ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, რასაც პუტინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
მით უმეტეს დასავლური სანქციების ფონზე, როდესაც არა ნავთობსადენებით (!) გადატანილი რუსული ნავთობის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 1 ბარელისთვის 60 დოლარს, თუმცა რუსეთი „ჩრდილოვანი“, „ნაცრისფერი“ ნავთობტანკერ-ფლოტის“ მეშვეობით 90-100 დოლარად მაინც ყიდის „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებში.
OPEC+ ფარგლებში „საჭადრაკო პარტიის“ წარსამართად და რისკების გამოსარიცხად მოსკოვს ძალიან ეხმარება ის გარემოება, რომ ვენესუელა, რომელიც ძლიერი აქტორია გლობალურ ნავთობ-ბაზრებზე, იმავდროულად მნიშვნელოვნად დამოკიდებული აღმოჩნდა კრემლზე პოლიტიკური თვალსაზრისით, რაკი უჭირს თავის შენარჩუნება დემოკრატიული ოპოზიციის მუდმივი წნეხის დროს.
ეს თემა მუდმივად სამონიტორინგოა იმიტომ ზუსტად, რომ გლობალურ ნავთობ-ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს თუ გადამწყვეტი არა, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს უკრაინის და მთელი პოსტსაბჭოური სივრცის მომავლისთვის:
პუტინი ზუსტად იმიტომ ახერხებს „ნაცრისფერი ნავთობტანკერთა ფლოტით“ მისი ნავთობის რეალიზებას, რომ მსოფლიო ბაზრებზე ენერგომატარებლები კვლავინდებურად ძვირია!
და მყიდველს „უღირს“ რუსსული ნავთობი დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭების და მეორადი სანქციების რისკად.