საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ოქტომბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ოქტომბერი. 2023 წელი

ისრაელმა დაბომბა სირიაში დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტები. ორივე აეროპორტი ამჟამად გაჩერებულია, რადგან განადგურდა მათი ასაფრენ-დასაფრენი ზოლები.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ისრაელი დაიბომბა სირიის მხრიდან. მაგრამ მხოლოდ ეს არ იქნებოდა ისრაელის ავიაციის რეიდის მიზეზი: ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ირანი (ისრაელის ყველაზე დიდი და შეურიგებელი მტერი) აპირებს გადაისროლოს სირიაში დამატებითი ძალები, კერძოდ სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ისრაელის წინააღმდეგ აგრესიაში.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა როგორც იქნა გარიცხა რუსეთი! დღემდე ერიდებოდნენ ამ ნაბიჯის გადადგმას და ახლა მაინც გაბედეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში და საერთაშორისო ასპარეზობებში გამოირიცხა, რადგან სოკ-ის იურისდიქცია ვრცელდება ყველა საერთაშორისო ფედერაციაზე.

ნიშანდობლივია, რომ სოკ-მა გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა განყოფილებები გახსნა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის არმია `ცახალი` ჯერ არ იწყებს სახმელეთო ოპერაციას ღაზას სექტორში, რასაც სუფთად ჰუმანიტარული მიზეზები აქვს: კლასიკური სამხედრო კონცეპტი ქალაქის აღებისა მოითხოვს, რომ ჯერ ქალაქის კვარტლები `დამუშავდეს` არტილერიით და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდნენ იქ სახმელეთო ქვედანაყოფები. არადა შექმნილ ვითარებაში ეს ნიშნავს ასი ათასობით ადამიანის დახოცვას.

ენტონი ბლინკენმა, რომელიც გუშინ ჩავიდა ისრაელში, თქვა კიდეც ნეთანიაჰუსთან ერთობლივ ბრიფინგზე: `ჩვენ, დემოკრატიები იმით განვსხვავდებით `ჰამასისგან` და სხვა ტერორისტებისგან, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს ადამიანების მიმართ და სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე ტერორისტებმა`

  . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის `საგარეოს` სფოუქსპერსონმა მარია ზახაროვამ მორიგი პროვოკაციული განცხადებით გამოიჩინა თავი: ამერიკა ისრაელში თავის სამხედროებს რატომ არ აგზავნის - უნდა, რომ სხვები დაიხოცონ, თავის ჯარისკაცებით კი არ გარისკოსო.

სინამდვილეში ამერიკამ ისრაელის ნაპირებთან გააგზავნა ორი ავიამზიდი და ათეულობით გემი, რომელიც ავიამზიდებს მუდამ თან ახლავს. სახმელეთო ჯარების გადასხმის აუცილებლობა კი არ არსებობს - ისრაელს რამდენიმე დღეში შეუძლია 2 მილიონიანი არმიის გამოყვანა რეზერვიდან: ქალი, კაცი, ყველანი მზად არიან.

ისრაელის რეზერვის სისტემა ისეთნაირად არის მოწყობილი, ყველა მოქალაქემ იცის, საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში, სად უნდა მივიდნენ, რომელ წერტილში, რომელ შემკრებ პუნქტში.

თუმცა საყოველთაო მობილიზაციას აუცილებლობა ამჟამად არ არსებობს.  

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ირანის ხელისუფლებამ გააკეთა მორიგი აგრესიული განცხადება: ამ ქვეყნის `საგარეომ` არ გამორიცხა ახალი ფრონტების გახსნა.

თეირანში შესანიშნავად იციან, რომ ორი ამერიკული ავიამზიდი, რომელიც ისრაელის ნაპირებს მიუახლოვდა, სინამდვილეში` ჰამასთან` ან თუნდაც `ჰესბოლასთან` საბრძოლველად არ გაიგზავნა იქ. არამედ სწორედ ირანის გაფრთხილებაა, რომ თუ ირანი ჩაერევა კონფლიქტში, ამერიკა აუცილებლად გამოიყენებს ძალას.

ორი ავიამზიდი და მათი თანმხლები სარაკეტო ხომალდები უდიდესი ძალაა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

Wall street journal, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ღაზასთან ისრაელის კიბუცებში მოკლულ `ჰამასის` ტერორისტებს აღმოაჩნდათ ისრაელის სამხედრო ბაზების დაწვრილებითი სქემები.

საიდან შეიძლებოდა ჰქონოდათ?

ერთის მხრივ, თითქოს, Google map და Google earth დიდ შესაძლებლობებს ქმნის, მაგრამ იქ სამხედრო და სტრატეგიული ობიექტები დაფარულია.

თუმცა ეს სქემები რომ `კოსმოსური დაზვერვის` შედეგია, არავის ეჭვი არ ეპარება.

ვის შეიძლებოდა გადაეცა მასალა `ჰამასის` ტერორისტებისთვის? ალბათ ირანს, რომელმაც სურათები რუსეთისგან მიიღო.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

G7 (დიდი შვიდეულის) ქვეყნებმა მიიღეს კონსოლიდირებული გადაწყვეტილება, რომ რუსეთის კუთვნილი 280 მილიარდი დოლარი იქნება გაყინული დასავლურ ბანკებში მანამ, სანამ რუსეთი ომით მიყენებული ზარალის კომპენსაციას არ გადაუხდის უკრაინას.

იგულისხმება, რომ რუსეთი ომში დამარცხდება, მოხდება რეჟიმის ცვლილება, ამის შემდეგ კი რუსეთი თვითონ იტყვის: ეგ თანხა უკრაინას გადაეცით კომპენსაციის სახითო.

ლოგიკურად ასე გამოდის.

ფაქტია, დასავლეთი ვერ ბედავს ამ უზარმაზარი თანხის არა მხოლოდ გაყინვას არამედ კონფისკაციას.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

Human Rights Watch ამტკიცებს, რომ ისრაელი იყენებს თეთრ ფოსფორს ღაზას დაბომბვისას.

ეს იარაღი აკრძალულია საერთაშორისო შეთანხმებებით მისი განსაკუთრებული სისასტიკის გამო.

HRW განცხადება იმას ნიშნავს, რომ ისრაელს არც ისე დიდი დრო დარჩა ოპერაციის განსახორციელებლად, რადგან მსოფლიოში ამოძრავდნენ და ალაპარაკდნენ კრიტიკოსები საკმაოდ მაღალ დონეებზე.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

შვედეთში მამაკაცს, რომელმაც მეჩეთის წინ შამფურზე წამოცმული ყურანი დაწვა, პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.

ამ აქტმა ისლამურ სამყაროში აღშფოთება გამოიწვია; შვედეთის ხელისუფლება ადრე ამგვარი `აქციის` კომენტირებისას ამბობდა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შვედეთში ხელშეუხებელია, თუმცა ამჯერად შვედეთის პროკურატურამ მაინც გადაწყვიტა საქმის აღძვრა იმ მუხლით, რომელიც კრძალავს ეთნიკური ჯგუფის მიმართ სიძულვილის გაღვივებას.

პროკურატურამ აღნიშნა, რომ ყურანის დაწვა არ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაკი მიმართულია არა საკუთრივ ისლამის არამედ მუსლიმანური თემის წინააღმდეგ, რომელიც შვედეთში ცხოვრობს.

ანუ აქ ლაპარაკი იყო არა `რელიგიურ გრძნობებზე`, არამედ კონკრეტული სოციალური ჯგუფის წინააღმდეგ წასვლაზე - მის მიმართ აგრესიის გაღვივებაზე და ხიფათის შექმნაზე.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიასა და საფრანგეთში აიკრძალა პროპალესტინური აქციები. მათ შორის დემონსტრაციები.

საფრანგეთის ხელისუფლებამ აკრძალა დემონსტრაციები და მიტინგები `ჰამასის` და `პალესტინის მხარდასაჭერად, რადგან დიდია საფრთხე, რომ ისინი გადაიზარდოს შეტაკებებში.

იყო კიდეც რამდენიმე ინციდენტი, რომელიც ფართოდ შუქდებოდა პრესაში.

საფრანგეთში 500 000  ებრაელი ცხოვრობს და ბევრად მეტი მაჰმადიანი. მათ შორის პირველ ყოვლისა არაბები.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

 

რუსმა ე.წ. `პრანკერებმა`, რომლებიც სინამდვილეში რუსეთის სპეცსამსახურთა თანამშრომლები არიან, დაურეკეს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვითომდაც ერთ-ერთი აფრიკელი პოლიტიკოსის სახით და ალაპარაკეს იგი უკრაინაზე, ნატოზე, რუსეთზე და ა.შ.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ ელინე ვალტონენს გულწრფელად ეგონა, აფრიკელ პოლიტიკოსს ელაპარაკებოდა. რატომ არ უნდა ჰგონებოდა, როდესაც Deep fake ტექნოლოგიის გამოყენებით ვიდეო-ზარზე იგი ხედავდა შავკანიან მამაკაცს. სინამდვილეში ეს ყალბი ინსტალაცია იყო, ოღონდ უმაღლესი ოსტატობით გაკეთებული.

ამ რუს პრანკერებს (ფსევდონიმებით ლექსუსი და ვოვანი) ბევრი ასეთი პროვოკაცია მოუწყვიათ და რაც მთავარია, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების სპეცსამსახურებმაც კი ვერ მოიფიქრეს ჯერ, როგორ დაიცვან თავი: უბრალოდ არ ელაპარაკონ ლიდერები არავის მობილური ტელეფონით? `გადაურეკონ შეამოწმონ ვინ ურეკავთ`? არ გამოვა - თანამედროვე მსოფლიოში კომუნიკაცია ისეა განვითარებული, ლიდერები ხშირად იყენებენ მობილურ კავშირებს. მით უმეტეს, არის შემთხვევები, როცა ამის აუცილებლობა უბრალოდ ობიექტურია - გარემოებიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, რითაც სარგებლობენ რუსული სპეცსამსახურები.

მაგალითად მათ იციან, რომ ესა თუ ის ლიდერი კაბინეტში არ იმყოფება, არა აქვს წვდომა ჩვეულებრივ ქალაქის ტელეფონთან და სწორედ მაშინ  არეკვინებენ ლექსუსს და ვოვანს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც ჩანს რუსეთმა გადაწყვიტა აამოქმედოს მთავარი იარაღი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ - სომხური ეკლესია და მისი კათოლიკოსი გარეგინი.

გარეგინმა გუშინ მწვავე განცხადებები გააკეთა ფაშინიანისა და სომხეთის მთავრობის წინააღმდეგ: გააკრიტიკა ისინი მთიანი ყარაბაღის დაკარგვსია და `ერის გახლეჩისთვის`, რაც აზერბაიჯანთან ომში დამარცხების მთავარი მიზეზი გახდა.

როგორც ჩანს გათვლა იმაზეა, რომ სომხები, კათოლიკოსის მოწოდებით, დაამხობენ ფაშინიანს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის ხელისუფლება ღიად აკრიტიკებს დასავლეთს იარაღის მიწოდებაში შეყოვნებისთვის.

გუშინ პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინული კონტრშეტევა არ არის ჯერ-ჯერობით ისეთი წარმატებული, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო` სწორედ დასავლური იარაღის შეყოვნების გამო: `რაც 2-3 კვირაში უნდა მიგვეღო, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მივიღეთო`.

ამასობაში რუსებმა მოასწრეს თავდაცვითი ზღუდეების აგება და გამაგრება დონბასის ფრონტზე.