საერთაშორისო მიმოხილვა. 12 მაისი. 2023
გუშინ ღამით, უკრაინის არმიამ, ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე მოაწყო `ბრძოლით დაზვერვა`. თანაც იმდენად მძლავრი, რომ რუსული ტელეგრამ-არხები პანიკამ ააფეთქა.
ეს `დაზვერვა ბრძოლით` ანუ ლოკალური ტაქიკური შეტევები დიდი გენერალური შეტევის მოახლოების მომასწავებელია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა CNN-თან საპროგრამო ინტერვიუში რამდენიმე მძიმე განცხადება გააკეთა. უპირველეს ყოვლისა მან მოუწოდა რესპუბლიკელებს, არ წავიდნენ კომპრომისზე თეთრ სახლთან და არავითარ შემთვვევაში არ ასწიონ სახელმწიფო ვალის `ჭერი` ანუ.....გამოაცხადონ ამერიკის დეფოლტი!
`თუ დეფოლტია, იყოს დეფოლტი!` - აღნიშნა ტრამპმა.
ბევრჯერ გვითქვამს, რომ ამერიკის დეფოლტი იქნება კატასტროფა მთელი მსოფლიოსთვის და თვით ამერიკისთვისაც. გადაუჭარბებლად - ეს გახდება `ამერიკული ერას დასასრული`.
ტრამპი კი მაინც ჯიუტად ამბობს, რომ რესპუბლიკელები მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დაეთანხმონ ადმინისტრაციას, თუ პრეზიდენტი ბაიდენი შეამცირებს ხარჯებს. მათ შორის იგულისხმება უკრაინის დახმარებაც.
უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიაზე ტრამპმა თქვა, რომ `ომი უნდა დასრულდეს`. მაგრამ მას არ უხსენებია `აგრესია` და არ უთქვამს, რომ პუტინი სამხედრო დამნაშავეა.
დონალდ ტრამპის თქმით, თუ ის გახდება პრეზიდენტი, შეიწყალებს 2021 წლის 6 იანვარს კონგრესში შეჭრისთვის მსჯავრდებულებს.
როგორც ცნობილია, იმ მოვლენების ასეულობით მონაწილეს ამერიკულმა სასამართლომ სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თავად ტრამპის წინააღმდეგაც მიმდინარეობს გამოძიება ამ თემაზე.
ტრამპმა არ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აღიარებს თუ არა იგი არჩევნების შედეგს იმ შემთხვევაში, თუ წააგებს. ანუ, ფაქტობრივად, დონალდ ტრამპმა დაადასტურა: ემზადება რევოლუციისთვის თუ არჩევნებს `გაუყალბებენ`
ამ ინტერვიუს შემდეგ, რამდენიმე ამერიკელმა სენატორმა-რესპუბლიკელმა განაცხადა, რომ უარს ამბობს მის მხარდაჭერაზე.
რამდენად სკანდალურიც არ უნდა ყოფილიყო ინტერვიუ, ტრამპის მომხრეთა რაოდენობა ელექტორატში მხოლოდ გაიზრდება, რადგან მისი ამომრჩევლები უსამართლოდ თვლიან 6 იანვრის მოვლენათა მონაწილეების დაპატიმრებას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ის სამხედრო შენაერთები, რომლებიც დასავლეთში მოამზადეს, უკვე დაბრუნდნენ და მზად არიან დიდი შეტევისთვის, თუმცა უკრაინა ელოდება დასავლური შეიარაღების ახალი პარტიების ჩამოსვლას. პირველ რიგში სამხედრო ტექნიკისა: `ჩვენ უკვე შეგვიძლია კონტრშეტევაზე გადასვლა ამ ტექნიკის გარეშეც, თუმცა ეს გამოიწვევს დიდ მსხვერპლს, რაც მიუღებელია`- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის მეგობრები მთელს მსოფლიოში შიშობენ, რომ თუ უკრაინის შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, დასაველთში გაძლიერდებიან ის წრეები, რომლებიც უკრაინას რუსეთთან კომპრომისს ურჩევენ ტერიტორიულ საკითხში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამართულ Hearing-ზე განაცხადა, რომ უკრაინამ ბრიტანეთისგან მიიღო Storm Shadow ფრთოსანი რაკეტები, რომელთა სიშორე 250-300 კილომეტრია. ამ რაკეტებით უკრაინას უკვე შეუძლია `მისწვდეს` ყირიმს. მათ შორის ყირიმის ხიდს და სხვა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
აღსანიშნავია `თეთრი სახლის` რეაქცია; ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბრიტანული რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას `აუცილებელი` უწოდა.
მაღალი ალბათობით, გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო ვაშინგტონთან. ჯერ ერთი, ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, NATO-ს დაუწერელი კანონებით, მოითხოვს ალიანსის შესაბამისი არხებით ვერიფიკაციას და მეორეც, ამერიკასა და ბრიტანეთს სამხედრო სფეროში განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ.
ამერიკის რეაქცია იმასაც მოასწავებს, რომ მალე პენტაგონიც მიაწვდის დიდი სიშორის რაკეტებს უკრაინას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რესპექტაბელური Financial times აღნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე `გაქრა` დაახლოებით მილიარდი ევროს საქონელი, რომელიც ევროკავშირიდან სომხეთში გაიგზავნა ტრანზიტით ანუ რუსეთის ტერიტორიის გავლით.
თანაც ეს არის ორმაგი დანიშნულების პროდუქცია. მათ შორის თვითმფრინავის კომპონენტები, მიკროელექტრონიკა და ასე შემდეგ.
სქემა შემდეგია: სომხეთი (ასევე ყირგიზეთი) ყიდულობს პროდუქციას ევროპაში; ეს პროდუქცია შემდეგ ვითომ სომხეთში იგზავნება ტრანზიტით, რუსეთის გავლით და რა თქმა უნდა რუსეთში რჩება.
ამ გზით რუსეთი გვერდს უვლის დასავლურ სანქციებს, ხოლო ევროკავშირს დღემდე არ აუკრძალავს ტრანზიტი რუსეთის ტარიტორიაზე.
შესაძლოა ტრანზიტის აკრძალვა საქნციათა ახალ პაკეტში შევიდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთის სახელმწიფო კომიტეტმა გადაწყვიტა გადაარქვას სახელი რუსეთში შემავალ კალინინგრადის ოლქს და უწოდოს მას ოფიციალურ დოკუმენტებში კრულევეცი - ანუ დაუბრუნოს სახელი, რომელიც ჰქონდა XV-XVI საუკუნეებში, როცა ნაწილობრივ პოლონური სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.
პოლონეთი გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ მიხაილ კალინინი, რომლის სახელიც ეწოდა ქალაქს, დამნაშავეა ტყვე პოლონელი ოფიცრების დახვრეტაში მეორე მსოფლიო ომის დროს. და `ჩვენს მეზობლად მდებარე ქალაქის ამგვარ სახელწოდებას ვერ მოვითმენთო`.
კალინინგრადის ისტორიული სახელი კიონიგსბერგია, თუმცა გერმანელები დიდი ხანია შეურიგდნენ ამ ტერიტორიის დაკარგვას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც ცნობილია, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ `გაზპრომ`-ში გადავიდა სამუშაოდ.
პოლონეთის პროკურატურა ეჭვობს, რომ გერჰარდ შრიოდერი უკანონოდ ლობირებდა რუსეთის ინტერესებს ევროპაში და წვლილი მიუძღვის უკრაინის ომშიც კი. ანუ შესაძლოა პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთის უკრაინაში შეჭრისთვის.
ოღონდ აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შრიოდერის `გაზპრომში` გადასვლა 2006 წელს ნამდვილად შეთანხმებული იყო ახალ კანცლერ ანგელა მერკელთან.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ ბრალად დასდო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომ იარაღს აწვდის რუსეთს!
ამ ბრალდებით კეიპტაუნში ამერიკის ელჩი გამოვიდა ადგილობრივი ტელევიზიით.
მისი თქმით, გასული წლის დეკემბერში, კეიპტაუნთან ახლოს შენიშნეს რუსული სატვირთო გემი, რომელზეც ღამით რუსეთისთვის განკუთვნილი იარაღი დატვირთეს.
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ყველაფერს უარყოფს და ირწმუნება, რომ კეიპტაუნის მახლობლად პორტში გამოძიებას მაინც ჩაატარებს.
თუმცა ამერიკის ელჩი `ჰაერიდან` არ გააკეთებდა ამგვარ განცხადებას: იგი უეჭველად ეყრდნობა ამერიკული დაზვერვის მონაცემებს.
ის, რომ აფრიკის ყველაზე განვითარებული ქვეყანა თურმე იარაღს აწვდის პუტინის რეჟიმს, კატასტროფული ფაქტია! ასეთი შედეგი გამოიღო ამ რესპუბლიკის წევრობამ პუტინისა და სი ძინპინის ინიციატივით შექმნილ ორგანიზაციაში BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა) და მისმა მონაწილეობამ ჩინეთში გამართულ ერთობლივ სამხედრო წვრთნებში.
არადა იყო დრო (გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში) საბჭოთა კავშირი და სამხრეთ აფრიკა ერთმანეთს ეომებოდნენ ანგოლაში - აფრიკის კონტინენტზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის ვირჯინიის შტატის მოსამართლემ გააუქმა ფედერალური ნორმა, რომლითაც ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება შეიძინოს მხოლოდ 21 წელს მიღწეულმა მოქალაქემ.
მოსამართლემ განაცხადა, რომ ამერიკის კონსტიტუციით, სრულწლოვნად ითვლება 18 წელს მიღწეული მოქალაქე და ამიტომ მას უნდა ჰქონდეს უფლება შეიძინოს იარაღი.
თანაც ეს გადაწყვეტილება ქვეყნდება მაშინ, როცა ამერიკაში მასობრივი ხოცვა-ჟლეტის ეპიდემიაა.
აშშ იუსტიციის სამინისტრო აპირებს გაასაჩივროს ვირჯინიის სასამართლოს გადაწყვეტილება უმაღლეს სასამართლო ინსტანციებში. მაგრამ სანამ გაასაჩივრებს და პროცესი გაიმართება, ვირჯინიის შტატში ნებისმიერ 18 წლის ახალგაზრდას შეეძლება შევიდეს მაღაზიაში და შეიძინოს თუნდაც ავტომატური იარაღი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ილონ მასკმა დატოვა მისი კუთვნილი კომპანიის Twitter გენერალური დირექტორის პოსტი; მან ამ თანამდებობაზე გამოცდილი მედიამენეჯერი ლინდა იაკარინო მიიწვია NBC Universal-დან.
როგორც ჩანს მასკი ერთის მხრივ არ არის კმაყოფილი 45 მილიარდ დოლარად შეძენილი სოციალური ქსელის ფუნქციონირებით და მეორეს მხრივ აცნობიერებს, რომ ყველაფერში გენიოსი ვერ იქნება: სოციალური ქსელები, როგორც მარკეტინგული ფენომენი, ძალიან რთული და ფაქიზი მოვლენაა. მას ვიწრო დარგის სპეციალისტი-მარკეტოლოგი ესაჭიროება.
თუმცა კვლავინდებურად ჩანს, რომ ილონ მასკი აპირებს გამოიყენოს Twitter ინსტრუმენტად - უკვე დაწყებულ საარჩევნო კამპანიაში.
მაღალი ალბათობით მხარს დაუჭერს ტრამპს იმის სანაცლოდ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, მეორე ვადის დროს, ასევე მაღალი ალბათობით მხარს დაუჭერს ილონ მასკის `მარსის პროგრამას`.
ილონ მასკი მარსზე ადამიანთა კოლონიის შექმნას გეგმავს მომავალი 50 წლის განმავლობაში.