საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ივნისი. 2024 წელი

რუსული სპეცსამსახურები In action:

პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობამ (მისმა თავდაცვის სამინისტრომ) განაცხადა, რომ სლოვაკეთის წინა მთავრობამ კანონი დაარღვია და ლამის სამშობლოს ღალატი ჩაიდინა - სლოვაკეთის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად დაასუსტა(ო) იმით, რომ შარშან უკრაინას თითქმის 700 მილიონი ევროს იარაღი გადასცა რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად.

იგულისხმება საბჭოთა წარმოების სამხედრო თვითმფრინავები МИГ-29, ასევე საზენიტო სისტემები С-300.

არ არის გამორიცხული, რობერტ ფიცოს მთავრობამ სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრას წინა ხელისუფლების მიმართ, რომელმაც გაბედა და სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა NATO-სა და EU წევრ ქვეყანაში, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ უკრაინას დახმარება აღმოუჩინა.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა აკრძალა მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე დოლარით და ევროთი ვაჭრობა. რუბლის სრული გაუფასურების საფრთხის გამო.

თუმცა ბანკებში დოლარიც და ევროც კვლავინდებურად ივაჭრება ანუ ცენტრობანკის ეს გადაწყვეტილება „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდას“ ამბავია.

შესაძლოა დასავლეთმა როგორც იქნა აამოქმედა ის ბერკეტები, რაც დოლარისა და ევროს მაკონტროლებელ ცენტრებს გააჩნიათ და სწორედ ამ მოლოდინებითაა განპირობებული პანიკური შიშები რუსეთში რუბლის ტოტალური გაუფასურების თაობაზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

G7 ქვეყნებმა (USA, UK, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, იაპონია) მოილაპარაკეს, წლის ბოლომდე გამოუყონ უკრაინას 50 მილიარდი ევრო იმ რუსული აქტივებიდან, რაც დასავლეთში გაყინულია უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის გამო.

ამ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს და ალბათ სწორედ ამიტომაა მითითებული თანხა ევროში.

თუმცა ამერიკის ჩართულობა იმასაც გულისხმობს, რომ ვაშინგტონიც მიიღებს მონაწილეობას;

 ოღონდ გავითვალისწინოთ, რომ იმ $500მლრდ., რაც დასავლეთმა გაუყინა პუტინს, დაახლოებით 2/3 თუ 3/4 ევროშია და ევროპულ ბანკებში ინახება!

 50 მილიარდი ევრო ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა, თუმცა ამ გადაწყვეტილებაში გაურკვეველია ორი მნიშვნელოვანი გარემოება:

 

ა) იგულისხმება გაყინული რუსული „ძირი აქტივებიდან“ თანხის „მოჭრა“ თუ ამ ძირი თანხის პროცენტების გადაცემა უკრაინისთვის?

თუ მეორე ოფციას განვიხილავთ, მაშინ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ „ძირ თანხას“ ასეთი ოდენობის საპროცენტო სარგებელი (50 მილიარდი ევრო!) ნამდვილად ვერ დაუგროვდებოდა 2 წლის განმავლობაში.

მაშასადამე ძალაუნებურად მივდივართ იმ სასიხარულო დასკვნამდე, რომ დასავლეთმა როგორც იქნა გაბედა „შეეხოს“ პუტინის „ძირ“ თანხებს ევრო-ამერიკულ ბანკებში, თუმცა ცდილობს ეს გადაწყვეტილება არ გააფიაროს, რათა პრეცედენტი არ შექმნას და მთელს მსოფლიოში მეანაბრეები არ დააფრთხოს, რომლებიც თანხას დასავლურ ბანკებში ინახავენ.

ზუსტად ამ მიზეზით „ითრევდნენ ფეხს“ სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ პუტინის აქტივებთან დაკავშირებით.

 

ბ) გაურკვეველია, ეს 50 მილიარდი ევრო დასავლური იარაღის შესყიდვაზე დაიხარჯება, რაც უკრაინას უნდა გადაეცეს თუ უშუალოდ უკრაინის ბიუჯეტში ჩაირიცხება საბიუჯეტო ხარჯების, პენსიების, ხელფასების (მათ შორის სამხედრო მოსამსახურეთა სარგოების) გადასახდელად?

ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რაკი როგორც ამერიკაში უკრაინის დახმარების მორიგი 100 მილიარდიანი პაკეტის განხილვამ დაადასტურა, ვაშინგტონსაც და ევროპულ დედაქალაქებსაც უჭირთ შესაბამისი გადაწყვეტილებების „გატანა“ უფლებამოსილ ორგანოებში.

უბრალოდ ამერიკასა და ევროპაში ეს სხვადასხვა ორგანოებია: ამერიკაში ესაა კონგრესი, სადაც „რესპუბლიკელები“ მუდმივად „ჩხირკედელაობენ“ ტრამპის დავალებით და ცდილობენ ხელი შეუშალონ ბაიდენს ნებისმიერ საკითხში;

 თუმცა აქვე რესპუბლიკელთა ელიტების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ მაინც დაამტკიცეს ის დახმარების პაკეტი, რაკი „ორპარტიული პასუხისმგებლობით“ იმოქმედეს ქვეყნის (ამერიკის!) ინტერესებიდან გამომდინარე!

 ევროპაში კი ეს უფლებამოსილი ორგანოა „ევროპული საბჭო“, ასევე „ევროკომისია“, სადაც ორბანის უნგრეთი და რობერტ ფიცოს სლოვაკეთი მუდმივად ცდილობს პრო-უკრაინული გადაწყვეტილებების საბოტირებასა და დაბლოკვას.

მაგალითად, ბუდაპეშტი და ბრატისლავა დღემდე ბლოკავენ უკრაინისთვის იმავე თანხის (50 მილიარდი ევროს) გამოყოფას ევროკავშირის „მშვიდობის ფონდიდან“.

ეს ფონდი ზუსტად ამ მიზნებისთვის შეიქმნა, მაგრამ გადაწყვეტილება მისი გამოყენების შესახებ კონსენსუსით მიიღება!

 შესაბამისად, G7 სახელმწიფოები, USA და EU ახლა ცდილობენ ახალი წყარო იპოვონ, რათა ორბანებმა, ფიცოებმა და ჯექსონებმა ვეღარ დაბლოკონ უკრაინის დახმარება.

მერედა აბა ამას რა სჯობს, თუკი ამგვარ „წყაროდ“ პუტინის კორუმპირებული, ბანდიტური რეჟიმის თანხები გამოიყენება?

აქვე გავითვალისწინოთ, რომ თუკი პუტინი დარწმუნდება, მისი აქტივების „ძირ თანხას“ შეეხნენ, ის აუცილებლად მიიღებს მრავალგზის დაქადნებულ „საპასუხო ზომებს“ ანუ შეეცდება დასავლური ინვესტიციების მოპარვას, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ევრო-ამერიკელმა ბიზნესმენებმა ჩადეს რუსულ ეკონომიკაში.

დასავლეთს არანაირი სახელმწიფო აქტივები რუსულ ბანკებში არ განუთავსებიათ რასაკვირველია. ანუ პუტინი აპირებს აშშ და ევროკავშირი დასაჯოს იმით, რომ მათ მოქალაქეებს ინვესტიციები წაართვას.

დღემდე ამისგან თავს იკავებდა, რადგან....აბა ახლა თუ დაერევი ინვესტორებს, ვინღა ჩადებს ფულს შენს ეკონომიკაში?

თუმცა, მეორეს მხრივ, რაოდენ სასტიკიც არ უნდა იყოს ამის თქმა....ის დასავლელი ინვესტორები, რომლებიც 2014 წლის შემდეგ (ანუ ყირიმის ანექსიის შემდეგ) რუსეთში „დარჩნენ“, საინტერესოა რაზე ფიქრობდნენ?

ცუდია რასაკვირველია, რომ 2008 წლის ანტიქართული აგრესიის შემდეგ დარჩნენ რუსეთში და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პუტინის აგრესია..... დააიგნორეს, მაგრამ 2014 წლის ყირიმის და დონბასის ოკუპაციის შემდეგ ხომ ელემენტარულად მოაზროვნე ადამიანისთვის ყოველივე ნათელი უნდა ყოფილიყო?

და 2022 წლის პირდაპირი აგრესიის შემდეგ მაინც რომ არ გაიტან შენს აქტივებს რუსეთიდან, როგორც დასავლური ბიზნესის დიდმა კლასტერმა გააკეთა (IKEA-დან - Mersedes-ამდე) მაშინ საერთოდ რაზე ლაპარაკი?

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინი უკვე ქალ პატიმრებს აგზავნის უკრაინის ფრონტზე.

პირველი პარტია გაემგზავრა სანკტ-პეტერბურგის  ციხე-კოლონიიდან.

გაუფორმეს 1 წლიანი კონტრაქტები.

 ხელფასი $2000.

ფორმდებიან მედდებად, რადისტებად, სნაიპერებად.

ბუნებრივია, ეს  $2 000 ნაკლებია იმ $5 000 შედარებით რასაც ჩვეულებრივი კონტრაქტორი იღებს, მაგრამ მაინც პატიმრებზეა ლაპარაკი და ეს ქალები, მათ შორის მკვლელობებისთვის ბრალდებულნი იღებენ მთავარს - ამნისტიას.

. . . . . . . . . . . . . . . .

აშშ პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის „სტაფ-კომუნიკატორმა“ ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის შეტევა ხარკოვის მიმართულებით საბოლოოდ ჩაიშალა!

 ამასთან დაკავშირებით Business insider აქვეყნებს ძალიან მნიშვნელოვან მასალას და საუკეთესო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ მართლაც, პუტინმა ხელიდან გაუშვა რეალური შანსი, ალყა შემოერტყა ხარკოვისთვის ან ბევრად მიახლოვდებოდა ამ ქალაქს.

ამას რამდენიმე სისტემური მიზეზი ჰქონდა

 

ა) პუტინის გენერალიტეტი აშკარად ცდილობდა „დაესწრო“ ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებისთვის 100 მილიარდიანი დახმარების პაკეტის (შესაბამისად იარაღის) გადაცემის თაობაზე და იძულებული გახდა ხარკოვის მიმართულებაზე შეტევაში ჩაერთო ნაკლებ მომზადებული ქვედანაყოფები.

ამან საშუალება მისცა უკრაინას, კარგად დაეცვა თავი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის მიმართულებაზე ყოველ 1 დაღუპულ უკრაინელ მებრძოლზე მოდიოდა 8 მოკლული რუსი აგრესორი.

 ექსპერტთა აზრით, ეს სრულიად რეალური ციფრებია თუ გავითვალისწინებთ, რომ მხარე, რომელიც უტევს, მით უმეტეს უტევს ცუდად მომზადებული კონტინგენტით, რასაკვირველია მეტს კარგავს.

 

ბ) სწორედ ხარკოვის გარშემო შექმნილმა ვითარებამ აიძულა ბაიდენი, გადაელახა „წითელი ხაზი“ (როგორც Business insider წერს) და დაერთო ნება უკრაინისთვის ამერიკული იარაღის გამოყენებისა რუსეთის ტერიტორიაზე.

ბელგოროდის დასაბომბად მაგალითად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ვაშინგტონში არსებული Think tank „The Institute for the Study of War“ (ISW - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი) საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ორშაბათს დილით ყირიმზე უკრაინული არმიის დარტყმის შესახებ და ადასტურებს უკრაინული მხარის ინფორმაციას, რომ ამ დარტყმის შედეგად რუსული საზენიტო სისტემები С-400 და С-300 იქნა განადგურებული.

განსაკუთრებით საინტერესოა С-400 განადგურება, რომელიც 2007 წელს შექმნეს რუსებმა ამერიკული Patriot საწინააღმდეგოდ.

უკრაინელებმა კი ეს სისტემა გაანადგურეს ორშაბათს ATACMS რაკეტებით, რომლებიც 1986 წელსაა დამზადებული.

 მეორეს მხრივ, როგორ არ ეცადნენ რუსები 2022 წლის შემდეგ Patriot გაენადგურებინათ თავიანთი ზეახალი ულტრაბგერითი რაკეტებით, არაფერი გამოუვიდათ.

აღმოჩნდა, რომ Patriot ასი თავით აღემატება С-400-ს.

რუსები ცდილობდნენ მსოფლიოს იარაღის ბაზრებზე მის გატანას და აპელირებდნენ, რომ სამჯერ იაფია ვიდრე Patriot, მაგრამ......აღმოჩნდა/დადასტურდა, რომ..... ამერიკული „საზენიტო“  ბევრად სჯობს.

არაფერი ისე არ ამოწმებს იარაღის ხარისხს, როგორც რეალური საბრძოლო მოქმედებები On the ground.

თორემ აბა ეგრე პუტინს С-400-ის რამდენი წვრთნები/სწავლებები გაუფიარებია პირადი მონაწილეობით ამ 15 წლის განმავლობაში......„მსგავსი იარაღი მსოფლიოში არავის აქვსო და“......