საერთაშორისო მიმოხილვა. 10 სექტემბერი. 2024 წელი
მოსკოვის აეროპორტებიდან Шереметьево, Внуково, Домодедово გუშინ ღამიდან ორმოცდაათამდე რეისი გადაიდო ან საერთოდ გაუქმდა.
მოსკოვის მერმა სობიანინმა განაცხადა: „უკრაინამ უპილოტო აპარატებით შემოგვიტია და ყველა დრონი ჩვენმა დიდებულმა საზენიტომ ჩამოაგდოო“.
ამას არა აქვს მნიშვნელობა, რომ ჩამოაგდო! რაც მთავარია, სწორედ მოსკოვის აეროპორტებზე დრონების შეტევით ახერხებს უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას: „ჩვეულებრივმა“ რუსებმა იგრძნონ ომის სუსხი, - მათი ცხოვრება არ გრძელდებოდეს ისე, თითქოს არაფერი ხდება, თითქოს მათი სახელმწიფო არ აწარმოებს აგრესიულ ბარბაროსულ ომს მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ!
აი სწორედ ეს არის დღეს უკვე უკრაინის მნიშვნელოვანი უპირატესობა: დრონების შეტევით 50 რეისი რომ შეფერხდება...... „რუსი ობივატელი“ რომ შ ე წ უ ხ დ ე ბ ა და გაბრაზდება....... უკაცრავად, რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მისი ოჯახის წევრები რომ დაღონდებიან......არა უშავს - იწვნიონ თუნდაც მცირე „დისკომფორტი“.....
სხვაობა ისაა, რომ ანალოგიური შეტევა კიევის, დნეპრის, ლვოვის, ოდესას აეროპორტებზე არაფერი „მოულოდნელი“ უკრაინელებისთვის არ იქნება და ზოგადად, საერთოდაც...... უკრაინული საზოგადოება, უკრაინული სოციუმი დღეს არ ცხოვრობს ისე, როგორც მოსკოველები და პიტერელები ცხოვრობენ - „მერე რა, არაფერი არ ხდება, მე არ მეხება....სადღაც შორს არის ომი და....რა მენაღვლებაო“.
ზუსტად ამიტომ, უკრაინა მაინც განაგრძობს დრონებით შეტევას მოსკოვის აეროპორტებზე, სულ ყველა რომც ჩამოაგდოს რუსულმა „საზენიტომ“.
ახლა კი ვნახოთ სად მიფრინავდნენ ეს რეისები: დუბაი...ანტალია.....ფხუკეთი......მოუნდათ დასვენება და განცხრომა რუს „ობივატელებს“.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სექტემბერში, - მისი ძალისხმევის შედეგად - რაღაც „მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმებაო“.
რა იგეგმება არ დაუკონკრეტებია.
ან რა უნდა იგეგმებოდეს ახლა, როცა უკრაინის არმია კურსკის ოლქშია, რუსები სამწუხაროდ წარმატებით უტევენ პოკროვსკს და უკრაინული თავდაცვის სტრატეგიულ ხაზს, ამერიკაში საარჩევნო კამპანია მძვინვარებს და არავინ იცის რა იქნება, უკრაინის თემაზე გლობალური სამიტი კი არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა????
თუმცა.......ორბანი, როგორც ცნობილია, სულ ახლახან შეხვდა ზელენსკისაც და პუტინსაც.....
მეორეს მხრივ, ვიქტორ ორბანი საკმარისად ეშმაკი პოლიტიკოსია და საერთაშორისო თემატიკაზე საკუთარი რესურსების შეფასების გარეშე ამგვარ განცხადებას არ გააკეთებდა.
„რაღაც ხდება“, რაც მას ამგვარი გამოხდომების საფუძველს უქმნის.
ეს „რაღაც“ უარეს შემთხვევაში ისაა, რომ გარკვეული ძალები ამერიკაში და, განსაკუთრებით, ევროპაში, მას (ორბანს) განიხილავენ როგორც „კომუნიკატორს“ პუტინთან.
და რომ ეს „კომუნიკატორი“ ბევრი ევროპელისთვის უფრო მოხერხებულია, ვიდრე სი ძინპინი ან ნარანდრა მოდი.
შეიძლება არც არაფერი მოხდეს, თუმცა ორბანის განცხადება მაინც ნიშანდობლივია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა აღიარა, რომ 2022 წელს, როცა სტამბულში რუსეთი და უკრაინა შეხვდნენ ერთმანეთს, უკრაინის მხარემ ამერიკელებს ჰკითხა „რა ვქნათო“ და (უბრალო ენით თუ გადმოვცემთ) „ჩვენ ვუპასუხეთ, ეს შეთანხმება კაპიტულაციას გულისხმობს და თუ კაპიტულაციისთვის მზად ხარ თქვენი საქმეაო“.
შეგახსენებთ, რომ როგორც უკვე „გაჟონილი“ და „დადასტურებული“ მონაცემებით მჟღავნდება, უკრაინამ და რუსეთმა სტამბულში 2022 წელს „თითქმის მოილაპარაკეს“ იმაზე, რომ
ა) უკრაინა ცხადდებოდა ნეიტრალურ სახელმწიფოდ;
ბ) უკრაინის არმიას შეეზღუდებოდა შეიარაღება და რაც ექნებოდა...... რუსები და უკრაინელები „ერთობლივად დაიცავდნენ/გააკონტროლებდნენ უკრაინის იარაღის საწყობებს“.
დ) უკრაინა ეთანხმებოდა რუსეთის სახმელეთო „დერეფანს“ დონბასიდან - ყირიმისკენ.
ამ წინადადებების არათუ განხილვა, არამედ მათი „პარაფირება“ უ დ ა ვ ო დ იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის ხელისუფალნი, ანუ პრეზიდენტი ზელენსკი, არახამია და ა.შ. არ იყვნენ დარწმუნებულნი, რამდენად ბრძოლისუნარიანი და შეუპოვარი აღმოჩნდებოდა თვით უკრაინული საზოგადოება, უკრაინელი ერი.
აი ამაში კი, საბედნიეროდ, შეცდნენ: უკრაინელმა ერმა დიდი პასსიონარულობა და კონსოლიდაციის უნარი გამოამჟღავნა, და/მაშასადამე მსხვერპლისადმი მზადყოფნაც.
როცა უკრაინული ელიტები ამაში დარწმუნდნენ, შემდეგ უკვე „სტამბულის შეთანხმებები“ აღარავის გახსენებია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კურსკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ჩინოვნიკს (არქიტექტურა-დიზაინის დარგში) გუბერნატორმა საყვედური გამოუცხადა იმის გამო, რომ....კურსკის ქუჩაზე განათავსა „რუსულ-პატრიოტული ბანერი“ მოწოდებით „იმსახურე რუსეთის არმიაში“ და ამ ბანერზე მიმზიდველი რაკურსით გამოსახული იყო.....უკრაინის არმიის სამხედრო მოსამსახურე. კარგად შეიარაღებული და ბრწყინვალედ ეკიპირებული უახლესი იარაღით.
საბედნიეროდ, რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში ბევრია ასეთი უნდილი, უმეცარი იდიოტი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ადრეც გატყობინებდით, თუმცა ახლა ეს უკვე ფაქტია: ამერიკის არმიამ დაიწყო იაპონიაში საშუალო სიშორის (!) რაკეტების განლაგება.
ესაა სპეციალური ბაზა Multi Domain Task Force, MDTF, ხოლო საშუალო სიშორის რაკეტა, რაც უკვე განლაგებულია, არის Typhon (Mid-Range Capability, MRC).
აქ ყველაზე ნიშანდობლივი ის კი არ არის, რომ იაპონიიდან ეს საშუალო სიშორის რაკეტები სწვდება ჩინეთსაც და რუსეთსაც (უფრო მეტად ვიდრე ფილიპინებიდან, სადაც ადრე განალაგეს), არამედ ზოგადად ის გარემოება, თუ რა სწრაფად, რა ეფექტურად შეძლო პენტაგონმა საშუალო სიშორის რაკეტების წარმოება და მათი „კონვეირზე“ დაყენება.
2020 წელს გაუფორმებია კონტრაქტი პენტაგონს ამერიკულ ინდუსტრიასთან Lockheed Martin ამ რაკეტების წარმოების შესახებ. და 2022 წელს უკვე მზად ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 1988 წელს მოსკოვმა და ვაშინგტონმა გააფორმეს „საშუალო და ნაკლები სიშორის“ (500კმ - 5 000კმ შორსმწვდომობის) რაკეტათა ლიკვიდაციის (!) ხელშეკრულება.
მოსკოვი ამ ხელშეკრულებიდან გავიდა რამდენიმე წლის წინ (2019 წელს) ზუსტად მაშინ, როცა პუტინმა საბოლოოდ გადაწყვიტა უკრაინაში შეჭრა.
თუმცა ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის რაკეტები გამოიყენა უკვე უკრაინის წინააღმდეგ, ჯერ არ გვაქვს.
პუტინის გადაწყვეტილება, პარადოქსულად ამერიკისთვის მომგებიანი აღმოჩნდა იმიტომ, რომ მოსკოვ-ვაშინგტონის შეთანხმება აბსოლუტურად არ ეხებოდა პეკინს. ჩინეთი სწორედაც აქტიურად ავითარებდა თავის სარაკეტო პროგრამას ამ მიმართულებით - საშუალო სიშორის რაკეტათა წარმოების თვალსაზრისით, რაც იმავე იაპონიაზე ანუ ამერიკის სტრატეგიულ მოკავშირეზე იყო დამიზნებული.
გამოდის, პუტინმა მისი გადაწყვეტილებით ჯერ ვერანაირი პრობლემა ვერ შეუქმნა ევროპას, ვერ შეუქმნა პრობლემა უკრაინასაც კი....სამაგიეროდ „მოულოდნელად“ შეუქმნა პრობლემა მის მამა-მარჩენალ ჩინეთს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი არ გაემგზავრება ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.
ამის შესახებ პუტინის „პირმა“ პესკოვმა განაცხადა და თან დასძინა: „ამერიკა, როგორც ცნობილია, არ ასრულებს თავის ვალდებულებებს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მასპინძელი ქვეყანაო“.
კი, რა თქმა უნდა: პესკოვი გულისხმობს, რომ როდესაც პუტინი ჩავა ნიუ იორკში, ამერიკის FBI მას რასაკვირველია ქეჩოში სტაცებს ხელს და მიაბრძანებს ჰააგას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომელმაც კრემლის ბინადარის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის.
რაღაც უცნაურად ივიწყებენ ამ ნარატივთა ავტორები, რომ ნიუ იორკი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაა და მართალია გაეროს შტაბ-ბინა კი სარგებლობს გარკვეული „ავტონომიით“, თუმცა იქ, რასაკვირველია ვრცელდება აშშ სუვერენიტეტი: ვერც ერთი უცხოელი ვერ მოხვდება გაეროში ამერიკის ვიზის გარეშე;
ხოლო ის ფაქტი, რომ ისტრ-რივერზე მდებარე შენობაში არა ნიუ იორკის, არამედ ე.წ. „გაეროს პოლიცია“ იცავს წესრიგს, ბევრს არაფერს ცვლის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება „პრეზიდენტ ბჟანიას“ გადადგომის მოთხოვნით.
საგარეო საქმეთა მინისტრი შამბა აშკარად მოითხოვს „გავწელოთ მარტამდე“, როცა საპრეზიდენტო არჩევნებია და გავმართოთ სპექტაკლი ვითომ რაიმე მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება აფხაზეთის პრეზიდენტიო“.
სხვები კი უკვე მოითხოვენ საკითხის რადიკალურად დასმას: რუსეთი ვალდებულია გვაჭამოს, ფული გადმოგვირიცხოს, რადგან....სხვა შემთხვევაში აფხაზეთიდან რუსული ჯარების გაყვანას მოვითხოვთო.....
მოითხოვონ რა.......