საერთაშორისო მიმოხილვა. 10 მარტი 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 10 მარტი 2024 წელი

ხვალ 11 მარტს, `ამაყი აფხაზები` შეიკრიბებიან სოხუმის `დინამოს` სტადიონზე და ქვეშევრდომულ თანადგომას გამოუცხადებენ პუტინს უკრაინაში ქალების, ბავშვების და მოხუცების მკვლელობისთვის.

სოხუმის მერიამ უკვე გამოიტანა დადგენილება ამ `მიტინგის` გამართვის შესახებ.

მოსკოველი კურატორები უკმაყოფილებას  გამოთქვამდნენ: ოსებმა გამართეს მიტინგი ცხინვალში და თქვენ რატომ არ აწყობთ მიტინგსო. ამიტომ სოხუმიდან შეშინებულებმა უპასუხეს: ``რას ბრძანებთ, ჩვენ მთელ სტადიონს შევკრებთო``.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკომისიამ `ტექტონიკური ძვრა` უწოდა ომს უკრაინაში და მიიღო გადაწყვეტილება,  2030 წლამდე საერთოდ უარი თქვას რუსულ გაზზე, ქვანახშირზე და ნავთობზე.

8 წელი არც ისე ბევრია. ერთბაშად უარის თქმა ევროპას სასიცოცხლო პრობლემებს შეუქმნის.

ამჟამად ევროკავშირი მოიხმარს რუსულ ქვანახშირს 50%-ით, ბუნებრივ აირს 40%-ით და და ნავთობს 25%-ით.

თუმცა გააჩნია ქვეყანას. რუსეთზე ამ მხრივ ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი იტალია, გერმანია, უნგრეთი და ავსტრია.

უკრაინაში ომი მიმდინარეობს `ენერგოომის` პარალელურად. პრეზიდენტმა ბაიდენმა აკრძალა რუსული ნავთობის იმპორტი, რის შედეგადაც ბენზინი ამერიკაში 25%-ით გაძვირდა. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ბენზინის გაძვირება ისე მტკივნეულად აღიქმებოდეს, როგორც ამერიკაში. ის გრანდიოზული ქვეყანა `დგას ბორბლებზე`. ავტომობილი ამერიკული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ბევრად მეტად, ვიდრე ევროპა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა სცადა საუდის არაბეთთან მოლაპარაკება, რათა მას გაეზარდა ნედლი ნავთობის  წარმოება, თუმცა ჯერ-ჯერობით საუდები ჯიუტობენ და მსოფლიო ბაზარზე ფასის დაწევა არ აწყობთ.

ცნობილია, რომ აშშ დიდმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა საბჭოთა კავშირი იმით დაანგრია, რომ ჯერ ერთი` კოსმოსური თავდაცვის სტრატეგიული ინიციატივა` გააჟღერა და მეორეც: მოელაპარაკა საუდებს, გააზრდევინა წარმოება......შედეგად ბარელი ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე 8 დოლარი (!) გახდა (ახლა 100 დოლარია) და საბჭოთა კავშირიც გაკოტრდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის ჯარმა მარიუპოლში სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო (ერთი შენობაა) დაბომბა. ჯერ-ჯერობით ლაპარაკია 17 დაშავებულზე.

პუტინს აგიჟებს, რომ მარიუპოლის აღება ვერ შეძლო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წერტილია აზოვის ზღვაზე. თუ მისი აღება შეძლო, რუსეთს სახმელეთო გზა ეხსნება ყირიმისკენ. თუმცა მარიუპოლში უკრაინის ჯარი მტკიცედაა გამაგრებული და არ თმობენ.

უძლურებისგან პუტინის ჯარი ქალაქს ბომბავს. მთლიანად განადგურებულია მთელს ევროპაში (!) უდიდესი  მეტალურგიული ქარხანა ``აზოვსტალი``, რომელიც რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაზე ათჯერ დიდია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ შესაძლოა უკრაინაში მოაწყოს პროვოკაცია ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის გამოყენებით. სირიაში სწორედ ამ ტაქტიკას იყენებდნენ რუსები: რომ ვერ იღებდნენ ქალაქებს, მერე ქიმიურ შეტევებს ახორციელებდნენ.

ამაზე მეტყველებს სწორედ რუსული პროპაგანდის საეჭვო გააქტიურება `ლუგარის ლაბორატორიების` წინააღმდეგ უკრაინაში.

ეს რომ სერიოზული საფრთხეა, ის ადასტურებს, რომ არა რომელიმე დამოუკიდებელი ექსპერტი, არამედ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, ჯეინ ფსაკი ამბობს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა `ისტორიაში ყველაზე სანქცირებული ქვეყნის` ტიტული მოიპოვა. სანქციათა რაოდენობით და სიღრმით, რაც უკვე დაედო ამ ქვეყანას, ირანი და ჩრდილო კორეაც კი ვერ შეედრება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ადამიანებს სამხედრო კომისარიატებში იბარებენ `აღრიცხვაზე ასაყვანად`. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინი სამხედრო მობილიზაციის გამოსაცხადებლად ემზადება, რაკი ძალები აღარ ჰყოფნის: კი მალავენ, მაგრამ დანაკარგი (როგორც ცოცხალი ძალის, ასევე სამხედრო ტექნიკისა) უკრაინაში ძალიან დიდია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აბსოლუტურად ზუსტადაა დამტკიცებული, რომ რუსეთის არმია უკრაინის ქალაქებს `გრადისა` და `ურაგანის` ზალპური ცეცხლის დანადგარებით ბომბავს. ყველას გვახსოვს რა ისტერიკა ატეხა რუსულმა პროპაგანდამ 2008 წელს, რომ თითქოს საქართველო ცხინვალს ბომბავს `გრადებით` და რომ ეს საშინელი დანაშაულია, დანაშაულიაო კაცობრიობის წინაშე......... ეს მაშინ, როდესაც ცხინვალიდან მშვიდობიანი მოსახლეობა მთლიანად იყო გახიზნული, უამრავი საცეცხლე წერტილი შეიქმნა, ხოლო უკრაინის ქალაქებიდან ქალები, ბავშვები და მოხუცები გახიზნულნი არ არიან.

რუსები მათ არც უშვებენ ამ ქალაქებიდან. დერეფნებს უკეთებენ მხოლოდ რუსეთისაკენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის კონგრესი უკრაინას 13,6 მილიარდი დოლარის დახმარებას დაუმტკიცებს. თუ ამას დავუმატებთ 30 მილიარდი ევროს დახმარებას ევროკავშირისგან, უკრაინას ელის ახალი `მარშალის გეგმა` გამარჯვების შემდეგ. უკრაინა იქცევა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ, წარმატებულ სახელმწიფოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვან თემად რჩება დასავლური კომპანიების მოსალოდნელი კონფისკაცია რუსეთში. ეს იმდენად მასშტაბური მოვლენა იქნება (თუ პუტინმა საბოლოოდ გაბედა), რომ ისტორიაში საერთოდ ვერაფერი შეედრება. მათ შორის ფიდელ კასტროს მიერ კომპანიების კონფისკაცია და ლენინის კონფისკაციაც

რუსეთმა გამოაქვეყნა სიაც:  Volkswagen, Apple, IKEA, Microsoft, IBM, Shell, McDonald’s, Porsche, Toyota, H&M.......და ა.შ და ა.შ.

განზრახულია მათი ოფისების კონფისკაცია, საწყობების კონფისკაცია, მოწყობილობის კონფისკაცია, ასევე ბრენდების კონფისკაცია. მაგალითად, თუ მოხდება მაკდონალდს-ის კონფისკაცია, იგი იმუშავებს ბრენდით `მაკდონეცკი`, `მაკლუგანსკი`, `მაკმოსკოვი` და ა.შ.

რუსეთის მთავრობაში უფრო რბილ ვარიანტსაც განიხილავენ: დასავლურ კომპანიებში სახელმწიფო მმართველობის შესვლას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირმა 146 რუსი სენატორის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. სანქციები ეხება რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის (ფედერაციის საბჭოს) თითქმის ყველა წევრს. იმის გამო, რომ მათ ხმა მისცეს ე.წ. `ხელშეკრულებებს` უკრაინის სეპარატისტულ რესპუბლიკებთან. 

ძალიან სერიოზული სანქციაა აგრეთვე რაც ევროკავშირმა შემოიღო რუსული საზღვაო სანაოსნოს და ნავიგაციის რეესტრის წინააღმდეგ. შესაძლოა რუსული გემები მსოფლიოს ვერც ერთ პორტში ვეღარ შევიდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსმა პროპაგანდისტებმა აშკარად მიიღეს დავალება კრემლიდან: პირდაპირ ან ირიბად, ქარაგმულად დაემუქრონ დასავლეთს ირანის (!) ბირთვული იარაღით. თუ მოსკოვი მოინდომებს, ირანი სწრაფად შეძლებს ურანის გამდიდრებას და იმ ტექნოლოგიური ჯაჭვის შექმნას, რაც ატმოური ბომბისთვისაა საჭირო. ამ მესიჯის პარალელურად აჟღერებენ მეორეს: თითქოს `ბეწვზე დაასწრო` რუსეთმა თორემ ზელენსკი (თურმე) ატომურ ბომბს ქმნიდა.

ეს არის უხეში თამაში დასავლური საზოგადოების და დასავლურ ელიტათა ფობიებზე.

ეშმაკური გათვლაა პირველ რიგში ისრაელზე! ირანი სწორედ ისრაელს ემუქრება ბირთვული აპოკალიფსით. კრემლს იმედი აქვს, ისრაელი, რომელიც უდიდესი გავლენის ბერკეტებს ფლობს დასავლეთში, ვაშინგტონს და ევროპულ დედაქალაქებს აიძულებს სანქციები შეარბილონ მოსკოვის მიმართ.

თუმცა ეს უკვე ნაკლებსავარაუდოა: ზვავს ვეღარ შეაჩერებ ვერანაირად. \ბოლოს და ბოლოს, თუ ირანი მიუახლოვდა ატომურ ბომბს, ისრაელს შეუძლია საავიაციო შტურმით გაანადგუროს ბირთვული რეაქტორები ატომურ ელექტროსადგურში და სხვა რეაქტორებიც ირანის ტერიტორიაზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საშიში განცხადება გააკეთა ჩინეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა: `ჩინური არმია მზადაა გადაჭრას ტაივანის საკითხიო`. ანუ დაიპყროს კუნძული ტაივანი.

გათვლა ისაა, რომ ამერიკას ამ საშინელი ომის და ენერგოკრიზისის დროს შესაძლოა ტაივანისთვის აღარ ეცალოს ისე, რომ კუნძული ჩინეთისგან დაიცვას.