საერთაშორისო მიმოხილვა. 10 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 10 მაისი. 2024 წელი

დასავლურ მედიას ამ დღეებში ორი მთავარი თემა აქვს:პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, რომელზეც ბრალდებული დონალდ ტრამპია და სიტუაცია პალესტინურ ქალაქ რაფახის გარშემო ეგვიპტის საზღვარზე.

პრეზიდენტ ბაიდენის Staf-მა მედიაში „გაჟონა“ ინფორმაცია „ულტიმატუმის“ შესახებ, რომელიც ბაიდენმა წაუყენა პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს: თუ „ცახალი“ გააგრძელებს შეტევას რაფახზე, ამერიკა აღარ მიაწვდის ისრაელს 3 500 საავიაციო ბომბსო.

თუმცა 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ 20 000 ასეთი ბომბი მიაწოდა უკვე, პირდაპირ ან ირიბად.

ანუ ეს „ულტიმატუმი“ რასაკვირველია ტექნოლოგიაა, რათა ამერიკამ არაბულ სამყაროში პოზიციები შეინარჩუნოს. 

ნატანიაჰუ და ზოგადად ისრაელის ელიტები საკმარისად პროფესიონალურნი არიან, რათა ამ ტექნოლოგიას აჰყვნენ და რაფახზე შეტევა შეაჩერონ დროებით, თითქოსდა ვაშინგტონის „ულტიმატუმის“გამო.

არადა, აბსოლუტურად ყველას ესმის, რომ  რაფახზე ისრაელის არმიის შეტევა არის ტოტალურად გარდაუვალი თუ.....ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს არ გაათავისუფლებს.

ნეთანიაჰუს უბრალოდ სხვა გზა არა აქვს.

როდის- სხვა საკითხია.

ოპერაცია უკვე 7 თვე გრძელდება და  კიდევ რამდენიმე კვირას მოითმენს.

ბაიდენის „ულტიმატუმის“ პასუხად პრემიერმა ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ჩვენ შიშველი ხელებითაც ვიბრძოლებთო“.

ეს განცხადება...... როცა „ცახალს“ (ისრაელის უძლიერეს არმიას) ეხება საქმე......ნამდვილად ღიმილს იწვევს.

თუმცა პოლიტიკა სასტიკია და ამგვარი „ტექნოლოგიების“ გარეშე მიზანი ვერ მიიღწევა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 აფხაზეთში და ცხინვალში პანიკაა: „პრეზიდენტები“ ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი მოსკოვში არ დაპატიჟეს სამხედრო აღლუმზეო.

აფხაზი ბლოგერები წერენ: „ვაიმეეეეე.....მგონი მართლა გვაბარებენ საქართველოსო“.

არადა ეს მტკნარი სისულელეა: მოსკოვი სეპარატისტებს სჯის, რაკი მის მოთხოვნებს არ ასრულებენ.

რუსეთს აფხაზეთიც და ცხინვალიც თავისთვის უნდა და არა საქართველოსთვის.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინაში „NATO-ს მცირე სამხედრო კონტინგენტი უკვე იმყოფება“

არ დაუკონკრეტებია, „რა“ და „როგორ“ ან „სად“ და „როდის“.

მანამდე ლიტვის ოფიციოზმა (ანუ ხელისუფლებასთან ასოცირებულმა წყარომ) დაადასტურა, რომ ლიტვა, ისევე როგორც საფრანგეთი, მზად არის გააგზავნოს სამხედრო კონტინგენტი უკრაინაში „სასწავლო მისიით“.

ამასობაში NATO-ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი დაადასტურა: „უკრაინას ჯერ არ მიუმართავს ალიანსისთვის სამხედრო დახმარებისა და უკრაინის ტერიტორიაზე კონტინგენტის განთავსების თხოვნითო“

„ჯერ“ იმიტომ არ მიუმართავს სინამდვილეში, რომ „მოკავშირეებმა“ სთხოვეს „ჯერ“ არ მიემართა, თორემ იმავე წუთს მიმართავდა, როგორც კი ეს თხოვნა „უკვე“ ალიანსს უხერხულობას არ შეუქმნიდა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

რუსეთი აგრძელებს „ჰიბრიდულ ომს“ დასავლეთისა და უკრაინის წინააღმდეგ. სხვადასხვა მეთოდებსა და ტექნოლოგიებს იყენებს ამასობაში.

მაგალითად: როგორც ცნობილია, იტალიაშიც და მთელს ევროპაშიც ძალიან უყვართ ხანგრძლივი ველო-გარბენები. ჯირო დე იტალია“ ან „ტურ დე ფრანს“ და ა.შ.

იტალიაში რამდენიმე დღის წინ გაიმართა „ჯირო დე იტალია“-ს მოსამზადებელი ტურნირი. ველოტური რუსმა სპორტსმენმა მოიგო, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალზე.....მოულოდნელად რუსულმა ჰიმნმა გაიჟღერა.

არადა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაციაა, რუსი სპორტსმენები გამოდიოდნენ ყველგან მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით (ეს რუსი მრბოლელიც ნეიტრალური სტატუსით გამოდიოდა), ხოლო თუ გაიმარჯვებენ, დაჯილდოებისას მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალური ჰიმნი დაუკრან. ამ შემთხვევაში, ბეთჰოვენის „სიხარულის ოდა“ უნდა დაეკრათ. ესე იგი ევროკავშირის ჰიმნი.

თუმცა  რუსულმა სპეცსამსახურებმა ტურნირის ორგანიზატორი მოისყიდეს აშკარად და მაინც რუსული ჰიმნი გაუშვეს.

ამ ეპიზოდს გრანდიოზული სკანდალი მოჰყვა: უკრაინამ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში იჩივლა; გამოძიება კი დაიწყო, მაგრამ....ფული აღებულია და ვინც რუსეთის ჰიმნი ჩართო, იტყვის „შემეშალა რა მოხდაო“ - მიდი და უმტკიცე.

ამგვარი ექსცესების  სისტემური  საფუძველი ის არის, რომ დასავლეთს არ შეუძლია რუს სპორტსმენებს ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალოს მხოლოდ პასპორტის ნიშნით ანუ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან.

არ შეუძლია, რადგან ეს ევროპის ფუნდამენტურ „ღერძულა“ ღირებულებებსა და ფილოსოფიას ეწინააღმდეგება - არ შეიძლება ადამიანი დასაჯო ეროვნული ნიშნით. დასავლურ კულტურაში „ეროვნება“ (Nationality)და მოქალაქეობა (Citizenship) ერთი და იგივეა.

შესაბამისად, რუსები მონაწილეობენ ვითომ „ნეიტრალური სტატუსით“ და ხდება კიდეც ამგვარი „დივერსიები“, რომლებიც, 1000%-იანი დარწმუნებით, სპეცსამსახურების მოწყობილია საინფორმაციო ეფექტის გამოსაწვევად და გასაPRებლად უპირველესად თვით რუსეთში.

იმავე „ოპერიდანაა“ ის, რაც გუშინ მოხდა ბერლინში: ყოველწლიურად, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რუსული საელჩო აწყობს მსვლელობებს ტირგარტენში (ცენტრალურ პარკში ბრანდენბურგის კარიბჭესთან) რუსი „განმათავისუფლებელი ჯარისკაცის“ მემორიალისკენ.

ამჯერადაც უნდოდათ, მაგრამ.....ნურას უკაცრავად: ბერლინის პოლიციამ გზა ჩაუღობა, ერთობლივი „მარშით“ მსვლელობის უფლება არ მისცა და ატარებდნენ მხოლოდ მცირე ჯგუფებს მას შემდეგ, რაც ჩხრეკდნენ „აკრძალული სიმბოლოების“ ამოსაღებად

გერმანიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამგვარი აკრძალული სიმბოლოებია ე.წ. „გეორგიევსკის ლენტი“, „წითელი დროშა“, V და Z ანტიუკრაინული ლიტერები ტანსაცმელზე, სამხედრო ფორმა, რუსეთის სახელმწიფო დროშა და ა.შ.

უკრაინის ომმა, როგორც ბევრჯერ ვთქვით, გერმანია ბევრი ისტორიული კომპლექსისგან გაათავისუფლა.

არა მგონია უბრალო დამთხვევა იყოს, რომ სწორედ ამ დღეებში, როცა ნაციზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავი აღინიშნება, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დევიდ პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია „მზადაა ბევრად დიდი როლი შეასრულოს NATO-ში და არსებითად გაზარდოს სამხედრო ბიუჯეტი“.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

რუსეთმა სომხეთში გააძლიერა ოპერაცია „ფაშინიანის გადაგდება“.

მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა ერევნის ისტორიულ „თეატრალურ მოედანზე“ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, ხოლო სომხეთის ეკლესიის მაღალი რანგის იერარქმა (!-საინტერესოა მათ მაინც ვინ რას ეკითხება?!) განაცხადა, რომ ფაშინიანი სამშობლოს მოღალატეა და მისი იმპიჩმენტისთვის სომხურ პარლამენტში კიდევ 20 ხმაა საკმარისი.

აქ ობიექტურობისთვის აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის რეფორმატორი და უკვე ისტორიული ლიდერის წინააღმდეგ (ფაშინიანი იმ ერის ისტორიული პარადიგმის შეცვლას ცდილობს!) ოპოზიციური  მოძრაობის გაძლიერებას ხელს უწყობს აზერბაიჯანის ხელისუფალთა ჩლუნგად რადიკალური და მაქსიმალისტური მოთხოვნები სომეხთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხში, როდესაც ბაქო სომხებით დასახლებული ტერიტორიების მისთვის გადაცემას მოითხოვს ნაცვლად იმისა, მეტი „ელასტიურობა“ გამოიჩინოს და ტერიტორიათა „გაცვლას“ მაინც დათანხმდეს.

არადა ეს „სოფლების დათმობა“ სომხეთში მძვინვარე რეაქციებს იწვევს და „ანტი-ნიკოლ“ მოძრაობის მთავარი წყაროა.

თუ კრემლმა მოახერხა ერევანში თავისი მორიგი მარიონეტის დასმა, საეჭვოა  ეს აზერბაიჯანისთვის და მისი ძმა  თურქეთისთვის მეტად სასარგებლო და მომგებიანი იყოს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

ილონ მასკმა დაადასტურა, რომ რუსეთი „რაღაცნაირად“ ახერხებს უკრაინაში ომისას საკომუნიკაციო სისტემის Starlink გამოყენებას მიუხედავად ყველა იმ უსაფრთხოების ზომისა, რაც მასკის კომპანიამ SpaceX მიიღო.

ილონ მასკმა ეს აღიარა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სენატორმა და უკრაინის დიდმა მეგობარმა, ელიზაბეტ უორენმა გააკეთა შესაბამისი განცხადება.

შეუძლებელია არ შევნიშნოთ, რომ.....ეშმაკობს რაღაცას ღირსპატივცემული მასკი და „ბალანსირებას“ ცდილობს....შესაძლოა ჩინელი პარტნიორების მოთხოვნით.

აბა რა დასაჯერებელია, რომ ისეთი მაღალტექნოლოგიური სისტემა, როგორიცაა Starlink, რომლის ყველა „გასაღები და ღილაკი“ მასკის ხელშია, თვეების განმავლობაში ვერ ახერხებდეს რუსების დაბლოკვას და მათთვის სისტემაზე წვდომის აღკვეთას?!

ძალიან ძნელი დასაჯერებელია ეს.

შეგახსენებთ ნიშანდობლივ ფაქტს: როდესაც შარშან, უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევის დროს, უკრაინის არმიამ სცადა დესანტის გადასხმა ყირიმში, Starlink, რომლითაც ხდებოდა უკრაინული დესანტის კოორდინირება და მიზანმიმართულება......მოულოდნელად გაითიშა!

და შესაბამის ამერიკულ წრეებში დღემდე არ წყდება დისკუსია იმაზე, ეს მასკმა გააკეთა თუ ვაშინგტონისა და CIA-ს მითითება იყო, რაკი ამერიკელები დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ყირიმს რაიმე დაემუქრება, პუტინი აუცილებლად გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარღს.