საერთაშორისო მიმოხილვა. 1 სექტემბერი. 2024 წელი.
პუტინი ჩადის მონღოლეთში მიუხედავად იმისა, რომ მონღოლეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია (ICC). ამ სასამართლომ კი კრემლის ბინადარის დაპატიმრების ორდერი გასცა.
რატომ ჩადის პუტინი იმ ქვეყანაში, სადაც არაფერი განსაკუთრებული „საქმე“ და ინტერესი არა აქვს?
იმიტომ, რომ წინასწარ მიიღო გარანტია არ დაიჭერენ და ამით ცდილობს მაქსიმალურად დააზიანოს ICC იმიჯი: ირკვევა, რომ საერთაშორისო სასამართლოს არ გააჩნია არავითარი ბერკეტი, რათა მონღოლეთი დასაჯოს (მაგალითად გარიცხოს) თუ პუტინს არ დააპატიმრებენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ყოველ დღე გამოდის პანიკური განცხადებებით, რომ უკრაინა მის ოლქში შეჭრას აპირებს, როგორც კურსკში შეიჭრა.
არ არის გამორიცხული სიმართლე იყოს, თუმცა სამხედრო ექსპერტები კვლავ და კვლავ ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ უკრაინულ პოკროვსკზე რუსული შეტევის (სამწუხაროდ წარმატებული შეტევის) რეალური პასუხი ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ უკრაინული არმია არა უბრალოდ ტერიტორიას „აიღებს“, არამედ დიდ ქალაქ ბელგოროდს დაბომბავს ან შეუტევს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკული The Hill ავრცელებს ინფორმაციას, რომ პუტინი ლუკაშენკოსგან მოითხოვს უკრაინაში შეჭრას.
ლუკაშენკო ჯერ-ჯერობით არ თანხმდება, თუმცა პუტინს ის მაინც „გაუგორა“, რომ ბელორუსული არმიის კონცენტრაცია ხდება უკრაინის საზღვართან.
ასე ცდილობენ ლუკაშენკო და პუტინი კურსკში უკრაინული შეტევის შენელებას.
არც ერთ შემთხვევაში კიევისკენ ბელორუსიდან შეჭრა არც რუსეთისთვის და არც ბელორუსული არმიისთვის უკვე „იოლი გასეირნება“ არ იქნება როგორც 2022 წლის მარტსა და აპრილში, როცა კიევამდე უპრობლემოდ ჩააღწია რუსულმა ჯარმა იქიდან.
ეს საზღვარი ახლა ისეა დანაღმული (დასავლეთის დახმარებით) იქ ბელორუსული კურდღელიც ვერ გაძვრება.
ამ საზღვარზე პოლონური ჯარის განლაგების ვარიანტიც განიხილებოდა და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ პოლონეთი თანახმა იყო.
მაგრამ NATO-მ უთხრა კიევს და ვარშავას: „არა“ (წერტილი)
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ფრანგული Liberation („განთავისუფლება“) აშკარად ხელისუფლებიდან მიზანმიმართული „გაჟონვის“ დამოწმებით იტყობინება, რომ სოციალურ ქსელ და მესენჯერ Телеграм-ის დამფუძნებელმა, პაველ დუროვმა, მას შემდეგ რაც ფრანგული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა, მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს მათთან ტერორიზმის წინააღმდეგ და საკუთარი სმარტფონის „კოდებიც“ გადასცა.
ანუ ტელეფონი კი ჩამოართვეს, თუმცა დუროვის მაღალტექნოლოგიური კოდები თუ არ ექნებოდათ, ამ ტელეფონს ვერ გახსნიდნენ.
კერძოდ, ლაპარაკია თანამშრომლობაზე საფრანგეთის კონტრდაზვერვასთან, რომელსაც იმ ქვეყანაში ეწოდება „საშინაო უსაფრთხოების მთავარი სამმართველო“ (GDSI).
ეს ინფორმაცია იმიტომ და იმით არის ნიშანდობლივი, რომ როგორც კი დუროვი „ჩასვეს“ და მიხვდა, საფრანგეთის დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არ გაუვიდოდა ის, რაც ავტოკრატ პუტინთან გასდის (ანუ ვერ იტყოდა: „ფრანგები და მათი მაკრონი, მათი სპეცსამსახურები სიტყვის თავისუფლების გამო მდევნიანო), მაშინვე „გატყდა“ და პირობა დადო, ტერორიზმის, პედოფილიის, ნარკოტრაფიკის და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ითანამშრომლებს დასავლეთის სპეცსამსახურებთან.
იგულისხმება მთელი დასავლეთი, რადგან NATO-ს ფარგლებში თანამშრომლობა მხოლოდ სამხედრო ინსტიტუტთა მჭიდრო Engage-ს (ჩართულობას) კი არ გულისხმობს მხოლოდ, არამედ სპეცსამსახურთა ხაზით ინფორმაციის გაცვლასა და კოორდინაციასაც.
შემთხვევითი როდია, რომ დუროვის პარიზში დაპატიმრებას უმალვე გამოეხმაურა ბერლინი და ასე შემდეგ
ანუ დუროვის „პრინციპულობა“ უმალვე „აორთქლდა“, როდესაც „მოჰკიდა“ არა პუტინმა და მისმა ავტოკრატიამ, არამედ დემოკრატიამ.
ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ დემოკრატია სახელმწიფოს (და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას) კი არ ასუსტებს, არამედ პირიქით - აძლიერებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
მასკს „ომი გამოუცხადა“ 200 მილიონიანმა ბრაზილიამ.
შაბათს ბრაზილიის უმაღლესმა სასამართლომ დაბლოკა X (Twitter) მას შემდეგ, რაც მისმა მფლობელმა, ილონ მასკმა უარი განაცხადა „ფეიკ-ნიუსების“ წაშლაზე.
და რასაკვირველია ახსნა სიტყვის თავისუფლებით.
ბრაზილიელები ცდილობენ გადაერთონ მარკ ცუკერბერგის პლატფორმაზე Threads, რომელიც ბევრად სუსტია, რასაკვირველია (ჯერ) ვიდრე მასკის კოლოსალური სოციალური ქსელი.
საინტერესოა, რომ ბრაზილია X-ის უდიდესი Market-ია იაპონიის, ინდოეთის, ინდონეზიის და დიდი ბრიტანეთის შემდეგ.
კი მაგრამ ამერიკა?
საოცარია, მაგრამ ამერიკაში ამ სოციალური პლატფორმის ატივობა დასახელებულ ქვეყნებს ჩამორჩება.
ბრაზილიის სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ ვინც მასკის სოციალურ ქსელში შესასვლელად VPN-სერვისებს გამოიყენებს ანუ შეეცდება აკრძალვას გვერდი აუაროს, $9 000-ით დაჯარიმდება.
„დიჯიტალიზებულ“ მსოფლიოში Fake-news არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური კატეგორიაა და არა უბრალოდ პოლიტიკურ რისკებს, არამედ ეკონომიკურ ზარალსაც გულისხმობს.
$9 000 ბრაზილიაში საშუალო წლიური (!) შემოსავალია.
ამერიკის პოლიტიკა ამ საკითხში განსხვავებულია: ვაშინგტონი სოციალურ ქსელებს აძლევს საშუალებას „თვითრეგულირებით“ ებრძოლონ სიყალბეს და საინფორმაციო დივერსიებს, თუმცა ეს პრობლემატურია, რადგან სოციალური ქსელები ხომ ერთმანეთის კონკურენტები არიან და თუ მეტისმეტად „მოუჭერენ ქანჩებს“ მომხმარებლები კონკურენტებთან წავლენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ამას ამერიკაში Deep state ანუ საშუალო რანგის ბიუროკრატია ვერ გადაწყვეტს.
მაგალითად: ამერიკის კონგრესმა მიიღო კანონი (!) Tik Tok-ის აკრძალვის შესახებ მოტივით, რომ ამ კომუნიკატორს აქვს კავშირი ჩინეთის ხელისუფლებასთან.
და რა თქმა უნდა აქვს კავშირი პეკინთან!
თუმცა Tik Tok-მა განაცხადა, რომ იჩივლებს ამერიკის უზენაეს სასამართლოში (იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში) კანონის ანტიკონსტიტუციურობის თაობაზე.
ევროკავშირშიც ბევრს „ჭმუნავენ“ სოციალურ ქსელთა კონტენტზე და Fake-News-ზე.
ზოგადად ეს ძალიან სერიოზული პრობლემა ხდება დასავლეთისთვის. იმიტომ, რომ „სიტყვისა და გამოხატვის“ თავისუფლება უდიდესი ღირებულებაა, ხოლო ანონიმურობა, - ამ ღირებულების სისტემური „ფუნქცია“; რითაც სარგებლობენ პუტინის „საინფორმაციო ჯარები“ - რფ-ში შეიარაღებულ ძალთა ცალკე სახეობა პუტინის ბრძანებით 2006 წლიდან.
მეორეს მხრივ, ამ სფეროში ნებისმიერი რეგულაცია და კონტენტის კონტროლი „უპრავებს“ პუტინს და მისგვარ ანტიდემოკრატიულ რეჟიმებს ანალოგიურ ქმედებებს.
ზუსტად ისევე, როგორც ეს მოხდა „უცხოელ აგენტთა შესახებ“ კანონის შემთხვევაში: პუტინი ამერიკულ FARA-ს და ევროპულ კანონებს იშველიებდა, რათა გაემართლებინა მის მიერ მონსტრუალური კანონების მიღება ამ სფეროში.
არა მხოლოდ „უცხოელ აგენტთა“ არამედ „არასასურველ ორგანიზაციათა“ და ა.შ.
ასევე, დასავლური „პრეცედენტებით“ ამართლებს იგი სოციალურ ქსელთა ტოტალურ კონტროლს.
შეგახსენებთ, რომ Facebook (Meta) რუსეთში უბრალოდ დაბლოკილია, YouTube-ის წინააღმდეგ კი პუტინმა ტექნოლოგია აამოქმედა და სტრიმინგი შეანელა....
იმდენად შეანელა, რომ კონცერტს ვეღარ მოუსმენ და სპორტს ვეღარ უყურებ.
თვით Google-ს ჯერ ასე ვერ უბედავს, რაკი ათეულობით მილიონი რუსი სმარტფონების გარეშე დარჩება.
თუმცა აქამდეც მივა ალბათ.
უკრაინის ხელისუფლება ისედაც სთხოვდა Google-ს დაებლოკა მისი აპლიკაციები რუსეთში, თუმცა თეთრ სახლთან და კონგრესთან კონსულტაციის შემდეგ ამ ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება არ მიიღო. მეტისმეტად რადიკალურად მოეჩვენათ მაშინ.
რუსეთში ინტერნეტის დაბლოკვა შეუძლებელია, რადგან ინტერნეტი არ არის ცენტრალიზებული ქსელი.
თუმცა ამერიკას Google-ის განახლებათა და აპლიკაციათა გამორთვა კი ნამდვილად შეეძლო რუსეთის ტერიტორიაზე.
. . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკაში გრძელდება გააფთრებული საარჩევნო/საინფორმაციო ომი, რომელშიც მხარეები ყველა მეთოდს იყენებენ და აბსოლუტურად ყველაფერზე მიდიან.
სხვაგვარი საარჩევნო ბრძოლა, როგორც ბევრჯერ ითქვა, ვერც იქნება დემოკრატიულ ქვეყანაში.
ამ დროს (ბოდიში ჟარგონისთვის) ყველაფერი „მოსულა“:
ტრამპის გუნდმა გაავრცელა ვიდეო-კლიპი, რომელშიც მოხუც ამერიკელებს აფრთხილებს, რომ კამალა ჰარისი......თუ პრეზიდენტი გახდა.....„აპირებს 10 მილიონ ემიგრანტს მიანიჭოს ამერიკის მოქალაქეობა, „ისინი მძიმე ტვირთად დააწვებიან აშშ ბიუჯეტის სოციალურ ხარჯებს და შესაძლოა თქვენ დახმარება ვეღარ მიიღოთო“
სინამდვილეში, კამალა ჰარისს არც ერთხელ არ უთქვამს, რომ გეგმავს მოქალაქეობა მიანიჭოს ყველა ემიგრანტს.
ამგვარი განცხადება მომაკვდინებელი იქნებოდა მისთვის.
საერთოდ, კამალა ახლა ერიდება ერთმნიშვნელოვან განცხადებებს ნებისმიერ თემაზე და ზოგადი მინიშნებებით შემოიფარგლება, რათა „ტრამპს“ და მის გუნდს „სათქმელი“ არ შეუქმნას.
ოღონდ....ამ ტექნოლოგიას ის ნეგატიური შედეგი მოაქვს, რომ ჰარისი ვერც იმას ამბობს „არავითარ შემთხვევაში მოქალაქეობას არ დავურიგებ ემიგრანტებსო“, რათა ამ განცხადებით „მეორე მხარეს“ ესე იგი ტრამპის „მოედანზე“. არ გადავიდეს.
ემიგრაციის თემა რომ ამ არჩევნების მთავარი „PR-კვანძი“ იქნება, უკვე ცხადია.
კამალას ასუსტებს ის გარემოება და უდავო ფაქტი, რომ სწორედ ის კურირებდა, პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით, ემიგრაციის თემას მექსიკის საზღვრიდან და ფ ა ქ ტ ი ა, ამ ხნის განმავლობაში არა ათმა მილიონმა, თუმცა ექვსმა მილიონმა ადამიანმა უკანონოდ გადმოლახა ამერიკის საზღვარი.
6 მილიონი ცოტაა?!