რუსეთის გენშტაბში საქართველოში შეჭრის გეგმა მზადდება!

რუსეთის გენშტაბში საქართველოში შეჭრის გეგმა მზადდება!


       

        საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, რეზო ადამიას განცხადებით, რუსეთი ამზადებს საჰაერო დარტყმებს საქართველოს ტერიტორიაზე.
        კონკრეტულად მას მხედველობაში ჰქონდა რუსეთის არმიის გენერალური შტაბი. აქ გასაკვირი არაფერია. ოღონდ არა იმიტომ, რომ რუსული გენერალიტეტი 9 აპრილის შემდეგ, ტრადიციულად, მტრულადაა განწყობილი საქართველოს მიმართ, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.
        ნებისმიერი ქვეყნის გენერალური შტაბი ამუშავებს სამხედრო ტაქტიკას ყველა შესაძლო მიმართულებით. ფაქტობრივად, მას სხვა ფუნქცია არც გააჩნია, მაგრამ გაბედავს თუ არა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ეს გეგმები განახორციელოს კონკრეტულად, საქართველოს წინააღმდეგ?
        სრული ობიექტურობა და სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არანაირი წვლილი ჩეჩნეთში ვითარების გამწვავებაში საქართველოს არ შეუტანია, გარდა ერთისა: თვით თავისი არსებობის ფაქტით, დამოუკიდებელი საქართველო ახდენს ჩრდილო კავკასიელ ხალხთა «პროვოცირებას», რომელთაც უჩნდებათ იმედი მსოფლიოში «გასვლისა» საქართველოს მეშვეობით - რაკი აღარ არიან «ანკლავი» რუსეთის შემადგენლობაში, ანუ აღარ გრძნობენ თავს «ყოველმხრივ გარსშემორტყმულად» რუსეთით.
        ეს ძალიან ძლიერი საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ფაქტორია. მაგალითად, თათარსტანში მანამდე ვერ განვითარდება ძლიერი მოძრაობა დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის, სანამ რუსეთის ფედერაციაში შემავალი ეს ავტონომია ყოველმხრივ გარსშემორტყმულია რუსეთის ჩვეულებრივი ოლქებითა და სხვა ტერიტორიებით.
        სწორედ ეს გახლავთ ფუნდამენტური, «მიზეზთა-მიზეზი» რუსეთის აგრესიულობისა საქართველოს მიმართ, რისი გაგებაც, არაფრის დიდებით არ სურთ სხვადასხვა «რუსეთუმეებს» და რუსული ორიენტაციის პოლიტიკოსებს.
        მათ ჰგონიათ, თითქოს კრემლის მიზანი საქართველოს პოლიტიკის ან თუნდაც, მთლიანად, სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური კურსის შეცვლაა, რათა «ოფიციალური თბილისის» პოზიცია უფრო ლოიალური გახდეს რუსეთის მიმართ.
        სინამდვილეში კი, მოსკოვს შესანიშნავად ესმის, რომ ვინც არ უნდა იყოს საქართველოს სათავეში, რამდენად «ლოიალური» პოლიტიკაც უნდა გაატაროს თბილისმა - დამოუკიდებელი საქართველო თვით თავისი არსებობის ფაქტით დაძაბავს ვითარებას ჩრდილოეთ კავკასიაში, ვინაიდან «იმედს გაუჩენს» ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, უპირველეს ყოვლისა, ჩეჩენ ხალხს.

        აქედან გამომდინარე, «საქართველოს ფაქტორის» გასანეიტრალებლად რუსეთს რჩება მხოლოდ ორი ვარიანტი: საქართველოში არეულობის, მუდმივი ქაოსის, დაპირისპირების, უკეთეს შემთხვევაში (მისთვის - ჩვენთვის კი «უარეს შემთხვევაში») სამოქალაქო ომების ახალ-ახალი პროვოცირება და საქართველოს წინააღმდეგ აშკარა აგრესია, აშკარა საომარი აქცია.
        პირველი და მეორე მეთოდი ერთმანეთს სრულებითაც არ გამორიცხავს. თუმცა, ამჟამად, რუსეთის გენშტაბი უფრო პირდაპირი აგრესიისკენ იხრება, ვინაიდან 1991-93 წლების მოვლენებით «ჭკუანასწავლ» საქართველოში ახალი სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მაინც ძნელია - «აღარ გამოსდით».
        «პირდაპირ აგრესიაში» კი, ზოგიერთი ცნობით, იგულისხმება არა საქართველოში დისლოცირებული სამხედრო ბაზების გააქტიურება, არამედ საავიაციო დარტყმები.
        იმავე ცნობით, რუსეთის გენერალურმა შტაბმა დაამუშავა რამდენიმე გეგმა სამხედრო ოპერაციისა. პირველი ითვალისწინებს საავიაციო დარტყმებს პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენ ლტოლვილებსა და ადგილობრივი ქისტების სოფლებზე. ეს ყველაზე «რბილი» ვარიანტია, თუმცა, საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა დაუყოვნებლივ მიმართოს დასავლეთს, ნატოს, გაეროს და მიიღოს მათგან პოლიტიკური დახმარება.
        სამხედრო დახმარების მიღება მაინც არარეალურია.
        მეორე გეგმით, რუსეთი შეიძლება შეეცადოს შატილი-ომალოს რაიონში ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვრის დაპყრობას, მუშავდება რუსული «დესანტის» გადმოსხმის გეგმა. იმავდროულად, რუსული ქვედანაყოფები ჩრდილო ოსეთის, ინგუშეთის და დაღესტნის მთიანი რაიონების მხრიდან შეიჭრებიან საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში - კონკრეტულად იმ ადგილებში, რომელთა სასაზღვრო კუთვნილება არ არის განსაზღვრული (აი, რატომ აჭიანურებს რუსეთი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე დოკუმენტის ხელმოწერას) და ქართულ მხარეს დააყენებენ «ფაქტის წინაშე».
        რუსული ქვედანაყოფებისთვის «ცეცხლის გახსნა» კი ომის დაწყების ტოლფასია. ამ შემთხვევაში, რუსეთი აამოქმედებს მესამე, ყველაზე «მძიმე» ვარიანტს. იგი ითვალისწინებს მასირებულ საავიაციო დარტყმებს ჩეჩენ ლტოლვილთა ბანაკებზე არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, - თბილისის ჩათვლით (ჩეჩნეთის «წარმომადგენლობა»), აგრეთვე საქართველოს სამხედრო და სამრეწველო ობიექტების დაბომბვას იმ საბაბით, რომ «საქართველო ეხმარება ტერორისტებს», საავიაციო დარტყმებს აეროპორტებსა და სარკინიგზო-საავტომობილო სადგურებზე (საიდანაც, ვითომდაც, «ტერორისტები შემოდიან» ჯერ საქართველოში, შემდეგ კი ჩრდილო კავკასიაში) და საქართველოს საზღვაო ბლოკადას.
        ეს ვარიანტი უეჭველად გულისხმობს დასავლეთთან მწვავე კონფრონტაციას (ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურად) მაგრამ მისი გამორიცხვა არ შეიძლება, ვინაიდან ჩეჩნეთში ხელმეორე მარცხი არა მხოლოდ ელცინის ხროვის, არამედ რუსული სახელმწიფოს საბოლოო კრახი იქნება; ამიტომაც «ყველაფერზე წავლენ».
       

7 დღე, 12 ნოემბერი, 1999 წელი