რა აზრი ჰქონდა პარლამენტში შესვლას 2024 წელს.

რა აზრი ჰქონდა პარლამენტში შესვლას 2024 წელს.

„რა აზრი აქვს პარლამენტში შესვლას, ვინც შევიდა რა მოიგოოო“ და........

ბუნებრივია თუ „შესვლაში“ იმ აზრს დებ „შენ ახლავე წადი, მე ახლავე უნდა მოვიდეო“, მაშინ ნამდვილად აზრი არა აქვს პარლამენტში შესვლას და საპარლამენტო მუშაობას.

ის „ახლავე“ არ წავა და შენ „დღესვე“ ვერ მოხვალ - მომდევნო არჩევნებს უნდა დაელოდო.

პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო მუშაობა, თუნდაც იგი „რუტინულად“ გეჩვენებოდეს, ნიშნავს პროცესს, რომელსაც ეწოდება Political Engagement - რასაც ეფუძნება პოლიტიკური პროცესი მთელს მსოფლიოში.

ამის გარეშე საპარლამენტო დემოკრატია საერთოდ არ არსებობს.

თუმცა იდიოტიზმის მწვერვალი სხვა თეზისია: „რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტში შევალთ თუ არა, კონკრეტულ კანონებზე ვიმუშავებთ თუ არა, ალტერნატიულ კანონპროექტებს მოვამზადებთ თუ არა, - მმართველი პარტია და ხელისუფლება ხომ მაინც ყველა კანონს ისე და იმ ფორმით მიიღებს, როგორც თავად გადაწყვეტს და არა ისე, ჩვენ რასაც და როგორც ვეტყვითო“.

და მაშინ რა აზრი აქვს პარლამენტში ოპოზიციის შესვლას ნებისმიერ ქვეყანაში?

რა აზრი აქვს „სოციალ-დემოკრატების“ ყოფნას ბუნდესტაგში, თუკი იქ უმრავლესობა „ქრისტიან-დემოკრატებს“ აქვთ და მაინც ისინი იღებენ უმრავლესობით გადაწყვეტილებებს?

რა აზრი აქვს კონსერვატორების შესვლას ბრიტანულ პარლამენტში, თუკი უმრავლესობა ლეიბორისტებს აქვთ და ხმათა უმრავლესობით მაინც ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს?

ის აზრი აქვს, რომ სწორედ ამით იქმნება პ რ ო ც ე ს ი სახელწოდებით და შინაარსით „Political Engagement“, რაც ადრე თუ გვიან განაპირობებს ხელისუფლებათა საარჩევნო (!) ცვალებადობის და ეტატისტურ (სისტემურ, არსებით) ძალთა სამთავრობო მონაცვლეობის უძვირფასესი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ღერძულა, დემოკრატიული, კეთილშობილი ინსტიტუციის თანდათანობით ჩამოყალიბებას.

საპარლამენტო Engagement ალტერნატიული პოლიტიკური ძალის „გაარსებითების“ და სისტემატიზირების ტექნოლოგიაა!

მე არ ვიცი, შეძლებს თუ ვერა „ქართული ოცნება“ 2028 წელს 50%+1 ხმის მიღებას არჩევნებში

თუ შეძლებს, ეს ტოტალურად, მთლიანად იმათი „დამსახურება“ იქნება ვინც 150 მანდატიან პარლამენტში 61 მანდატი (!!!) „გადააყრევინა“ ოპოზიციურ ძალებს.

ა რ ა ს დ რ ო ს, არც ერთხელ, 1995 წლიდან - დღემდე, საქართველოს პარლამენტში ასეთი თანაფარდობა არ ყოფილა.

თუმცა კვლავ ისმის: „გახარიები“ რომ შევიდნენ რა მოიგეს როოოოოოოო......?“

სინამდვილეში გახარიას პარტია არც „შესულა“:

„შენ წადი“ ისტერიკები საპარლამენტო მუშაობა და Political engagement არ არის.

ერთადერთი რაც იმათ „მოახერხეს“ ის იყო, თავი აცემინეს „ოცნებას“ იმ ს ა ბ ა ბ ი თ (!), რომ „ოცნების“ ცნობილ დეპუტატზე, ვინც უმძიმეს დაავადებას ებრძვის და იმ მომენტში საავადმყოფოში იწვა, ავყიად იხუმრეს: „ეტყობა პახმელიაზეა და იმიტომ არ მოვიდაო“

(თუ სიმართლე გნებავთ, ზუსტად ასე იყო-დ.)

სინამდვილეში, საპარლამენტო მუშაობა გულისხმობს კონკრეტული კანონპროექტების მომზადებას - კონკრეტული წინადადებებით - კონკრეტულ თემებზე; ან ხელისუფლების მომზადებულ კ ო ნ კ რ ე ტ უ ლ კანონპროექტთა ალტერნატივების შექმნა/შეთავაზებას;

შემდეგ ამ თემატიკის „აწევას“ სოციალურ, მათ შორის საინფორმაციო სივრცეში და არა...... „ჯერ შენ წადი და მერე......“ უაზრო კივილს.

დიახაც ასე მუშაობენ „სოციალ-დემოკრატები“ ბუნდესტაგში, „კონსერვატორები“ - ბრიტანულ პარლამენტში და სხვა შერაცხადი ოპოზიციური ძალები მთელს დემოკრატიულ მსოფლიოში.

ბრიტანელთა წინაპრებს რომ 200 წლის წინ ისე ემუშავათ, როგორც დღეს ჩვენი ოპოზიცია ირჯება - „კონკრეტიკა არ გვაინტერესებს, საპარლამენტო მუშაობას აზრი არა აქვს, შენ წადი, მე უნდა მოვიდე, სანამ არ წახვალ „შინაარსში არ შევალო“ - დიდებული ევროპული დემოკრატია და ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ი ს ფუნდამენტური ინსტიტუცია ვერც ოდესმე ჩამოყალიბდებოდა.

და.......არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რაც ხელს უშლის საქართველოში ამ ინსტიტუტის ჩამოყალიბებას:

ეს გახლავთ სატელევიზიო სივრცის, მეინსტრიმული ტელეარხების ა რ ა პ ლ უ რ ა ლ ი ს ტ უ რ ო ბ ა.

ეხებათ როგორც პრო-სახელისუფლებო, ასევე ანტი-სახელისუფლებო არხებს.

იმ უცნაური განსხვავებით, რომ პრო-სახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხებზე (ფაქტია) არის დებატები და არის თოქ-შოუები, სადაც განსხვავებული საზრისები ჟღერს.

ხოლო ანტისახელისუფლებო პროპაგანდისტულ არხებზე (ესეც უდავო ფაქტია) მსგავსი არაფერი არ არის: არც დებატებია (ნამდვილი დებატები და არა „ბაბლურ/შინაურული“) არც ნამდვილად განსხვავებული საზრისები ჟღერს სარედაქციო ხაზის „უბიწობის“ მიღმა.

კონკრეტულ საკითხებს, კონკრეტულ თემებს არასდროს არ განიხილავენ. ან თუ პროპაგანდისტულად მაინც განიხილავენ მხოლოდ და მხოლოდ „ჯერ ესენი გავაგდოთ და მერე.....ვნახოთ, მერე გამოჩნდება“ დისკურსით.

რატომ?

იმიტომ, რომ საქართველოში ტელევიზიები („აქეთურნიც“ და „იქითურნიც“) კონკრეტულ, ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფთა ი ნ ს ტ რ უ მ ე ნ ტ ი ა და არა დემოკრატიული რესურსი.

ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ.

დიდი ეჭვი მაქვს კიდევ (ისტორიულად) კარგა ხანს ვიქნებით და ნამდვილი დემოკრატია არ გვეღირსება.

ნამდვილი დემოკრატია არის ხელისუფლებათა საარჩევნო (!) ცვალებადობა და „ეტატისტურ“ (ვგულისხმობ „სისტემურ“, „არსებით“) პოლიტიკურ ძალთა სამთავრობო მონაცვლეობა.

„ჯერ შენ გაგაგდებთ და მერე......ვნახოთ.....“ ისტორიული უპასუხისმგებლობაა საქართველოს დემოკრატიული, ევროპული მომავლის წინაშე!

არ წავა ასე.

არსადაც არ „წავა“

და ვერც გააგდებთ, რადგან ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც დარწმუნდით, „გვიანშევარდნაძესავით“ ჩმორი არ არის.

ხოლო „შავი გედი“ კი („გავრილოვი“, „28 ნოემბრის განცხადება“) შესაძლოა კიდევ 50 წელს არ „მოფრინდეს“.

და ვიყოთ მაშინ „ასე“ კიდევ ნახევარ საუკუნეს.

ცალკე თემაა, რომ უმცირესი გამონაკლისის გარდა (მაგალითად მიშა) „მრავალფეროვანი და მრავალსეგმენტიანი ოპოზიციური კლასტერის“ დიდ ნაწილს სწორედ „ასე ყოფნა“ უფრო ეკომფორტულება ანუ......... მუდმივი/მარადი ტივტივი ოპოზიციურ სტატუსზე, რაკი ეს უფრო კომფორტულია, „ნაშოვნსაც“ კარგად იცავენ და არც აუტკივარი თავის ატკივება სურთ განუჭვრეტელი და არაპროგნოზირებადი ცვლილებებით.