ნოდარ დუმბაძის სამყარონი

ქართული კულტურის ნათელი და კეთილი გენია, ნოდარ დუმბაძე.........
სინამდვილეში ბევრად ღრმაა ვიდრე ერთი შეხედვით გვეჩვენება ხოლმე ალბათ.
ხალას გურულ იუმორში („ეს დაბავოჩნი ვაგონი ყველა დანჯღრეული რავაა“....„პირზე ვიღაცის შიშველი ფეხი მაწვებოდა....“) უეცრად ბასრი ლანცეტივით „გაგსერავს“ ხოლმე თითქოსდა უჩვეულოდ პირქუში და მრისხანე საზრისი.
ორ მეტყველ ეპიზოდს შეგახსენებთ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“
გახსოვთ, ზურიკელა და ილარიონი ილიკოს გაეხუმრებიან, ვითომ მამამისმა განძი დამარხა....ისიც ცდუნებას აჰყვება, მეგობრებს დაუმალავს....ამოთხრის „განძს“ და შიგ ქაქი აღმოჩნდება.....
აი ამ ეპიზოდში ილიკოს გულამოსკვნილი მონოლოგი-აღსარება მამამისზე, საკუთარ ბედისწერაზე, იმავე ცდუნებაზე, უკვე სახალისო და სასაცილო კი არა, შემაძრწუნებელია(!).......
მერე მთელი ღამე უხმოდ იმუშავესო ილარიონმა და ზურიკელამ - „ასეთი რამ არ უნდა გვეკადრაო“ - ფიქრობდნენ.
ამ ეპიზოდით მწერალი იმ დროს (განსაკუთრებით იმ დროს, - „აკრძალული ხილის“ სინდრომით) მოდურ ფროიდ-ფსიქოანალიზ-ქვეცნობიერ ლიტერატურულ ტრენდებსაც ეხმაურება და „მოდურ“ ტექსტებს, განსაკუთრებით დიდი ევროპული ლიტერატურიდან.
შესაბამისად, ქართველ მკითხველს ეუბნება: „მეტისმეტად ნუ ჩაუღრმავდებით, თორემ იმ სიღრმიდან სიბინძურე ამოგივათ, დარჩით შექსპირის გენიალური მაქსიმის ერთგულნი, რაკი ამის კეთილი ალტერნატივა არ არსებობს: „ცხოვრება თეატრია და ადამიანი მისი მსახიობები“.
ანუ, აცალეთო ადამიანს ითამაშოს მისი სოციალური როლი......და თუკი ამ როლს კეთილად ასრულებს, არავის არაფერს უშავებს, ნუ აცდუნებთ და აქექინებთ მისსავე......როგორაა?......„კაცის გული ბნელი არის ვით მორევი შავი ზღვისა......“.
ესეც ხომ ქართული გამონათქვამია.
ხალხურია მგონი.
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
მეორე ეპიზოდი იმავე ტექსტში კიდევ უფრო ღრმა საზრისს შეიცავს:
ფოსტალიონს რომ წერილის ადრესატი შეეშლება გახსოვთ? „მე აღგიქვი შენ, როგორც აპოთეოზი.....გაგიჟებით მიყვარს შენი კბილები..........„
შეცდომით წერილს ზურიკელას ბებიას მიუტანენ.
ამ ეპიზოდშიც კაშკაშა იუმორია ფორმა: „კი, მიყვებოდა ცოლად მარა.......გაგიჟებულა ის საწყალი........“
ოღონდ მთავარი სხვაა: მწერალი მთელი ეპიზოდის განმავლობაში (სანამ წერილს კითხულობენ) აღწერს ხარხარს(!), რომელიც წერილის კითხვას თან სდევს, ფონად მიჰყვება: ხარხარებენ გმირები........ხარხარებენ......„სად მაქვს კბილები....“ და კიდევ უფრო ჩაბჟირდებიან....ხარხარებენ.......
აი ეს ჯ ა ნ ს ა ღ ი (!) ხარხარი, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივია ამ კეთილშობილი „ღირებულებითი“ მიკროსოციუმისთვის, - მწერალს სათაურში რომ აქვს ამოტანილი მათი სახელები, - მეტყველებს მთელი დიდი სოციუმის, მთელი საზოგადოების სიჯანსაღეზე იმ „ღერძულა ღირებულებით ინსტიტუციასთან“ მიმართებაში, რამაც შექმნა ადამიანი და შექმნა თვით კაცობრიობა „ლეღვის ფოთლის“ მრისხანე ტაბუთი და შემდეგ „ჩაშალა“ ეს ტაბუ ამ სფეროში „ნორმალურობის“ სოციო-ფსიქოლოგიურ დომინანტთა პოსტულირებით.
და ამ ღრმა საზრისის თქმას (ისევე, როგორც პირველ ეპიზოდში) მწერალი ახერხებს ჯერ ერთი აბსოლუტურად არააგრესიულად, რაიმე ბოროტი ქვენაგრძნობის გარეშე შესაძლო „განსხვავებულთა“ მიმართ;
თანაც ისეთი უბრალოებით, რომ თუ შესაბამისი რეფლექსიის უნარის(!) ან სურვილის(!) არმქონე ადამიანი წაიკითხავს, მხოლოდ მხიარულ ფორმას აღიქვამს და საზრისს არ ჩასწვდება.
უფრო სწორად, ვერც შეამჩნევს.
არც დააძალებს დუმბაძე.
იგი სიკეთის განსახიერებაა და „აღმატებულობის შეგნებით“ არ ძალადობს თავის კეთილ და ხშირად გულუბრყვილო მკითხველზე.........ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით მსოფლიო ლიტერატურაში.