ლორდ ჯონსტონის არჩევანი
ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ არა აქვს კარგად გაცნობიერებული ევროპის საბჭოში გაწევრიანების მნიშვნელობა. არადა, ეს მოვლენა (თუნდაც წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, სიმბოლურზე რომ აღარაფერი ვთქვათ) გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ვთქვათ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრობა.
გაერო ფორმალური, ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, თანაც არცთუ დემოკრატიული, ვინაიდან ყველა გადაწყვეტილებას რჩეულთა «ხუთეული» იღებს, სხვები კი ფორმალურ წევრობას სჯერდებიან.
გაეროში შესვლა ფაქტობრივად მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს და სულაც არ მიუთითებს ამ ქვეყნის თანასწორუფლებიანობაზე.
ევროპის საბჭოს წევრობა კი იმის მიმანიშნებელია, რომ ქვეყანამ განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწია და იგი უკვე მხოლოდ ფორმალურად არ აღიარეს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.
ევროსაბჭოში საქართველოს გარკვეული გარანტიებიც ექნება, რათა თავისი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა ყოველგვარი ხელყოფისაგან დაიცვას; თუნდაც, ეს მხოლოდ «ტრიბუნა» იყოს საკუთარი პოზიციის გამოსახატავად, - ჩვენს პირობებში ამას მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება.
სწორედ ამიტომ ღელავენ ესოდენ შესამჩნევად რუსეთის დელეგაციის წევრები, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ, _ ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორც იქნა, პრინციპულობა გამოამჟღავნეს და აშკარად დაიცვეს საქართველო;
ჩვენი ქვეყნის მიღებაზე უარის თქმა მათი მხრიდან უდიდესი უსინდისობა იქნებოდა, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში, რომელიც უკვე მიიღეს, მდგომარეობა გაცილებით უარესია, ვიდრე საქართველოში.
უფრო მეტიც: რუსეთი, შეიძლება სულ მალე ევროსაბჭოდან გააძევონ, ვინაიდან ამ ქვეყანამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება (ევროპული თანამეგობრობის წინაშე) და არ გააუქმა სიკვდილით დასჯა.
როგორც ჩანს, მოსკოვში იმედი აქვთ, რომ ატომური იარაღის გამო ანგარიშს გაუწევენ და პირობის შეუსრულებლობას აპატიებენ, მაგრამ ნამდვილად ცდებიან. ევროპის საბჭო არ არის გაერო, სადაც კულუარული გარიგებებით წყდება ყველაფერი. ევროპის საბჭოში ქვეყნები ნამდვილად თანასწორნი არიან და საკუთარი პოზიციის გამოხატვის ერთნაირი საშუალება აქვთ.
ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ამ საშუალებას გამოყენება სჭირდება, თორემ მხოლოდ სხდომაზე დასასწრებად ევროპის საბჭოში შესვლა უაზრობა იქნებოდა.
ეს ორგანიზაცია პირველი საშუალებაა ჭეშმარიტად «დიდ ევროპულ» პოლიტიკაში ჩართვისა და ევროპულ სახელმწიფოებთან თანასწორუფლებიანი ურთიერთქმედებისათვის. საქართველო ევროსაბჭოში მიღებით აღიარეს იმ ქვეყნად, რომელთანაც სერიოზულ პოლიტიკურ საკითხებში შეიძლება თანამშრომლობა; სწორედ, ეს აღიარებაა ყველაზე მნიშვნელოვანი: მიუხედავად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის და უამრავი პრობლემისა, საქართველო მიიჩნიეს სახელმწიფოდ (როგორც მინიმუმ), მანამდე კი ასეთად საერთოდ არ გვთვლიდნენ.
გაერო სათვალავში ჩასაგდები არ არის, - გაერო პირველი ნაბიჯია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. თუ დამოუკიდებელი ქვეყანა არა ხარ, მაშინ საერთოდ არ შეიძლება რაიმეზე საუბარი, მაგრამ დამოუკიდებლობაც ჭეშმარიტ აღიარებას არ გულისხმობს. ევროპული თანამეგობრობა, ამ მხრივ, საკმაოდ მკაცრი და ცინიკურობამდე რაციონალური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.
ნიშანდობლივია, რომ საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც მოინახულა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის ახლადარჩეულმა სპიკერმა, ლორდმა ჯონსტონმა. ესეც მნიშვნელოვანი მოვლენაა, - ჯონსტონის ვიზიტი თავისთავად ევროპაში საქართველოს ახალი როლის აღიარებაცაა. ორიოდე წლის წინ ამაზე ოცნებაც არ შეიძლებოდა. მაშინ იმდროინდელი სპიკერის, ლენი ფიშერის ჩამოსვლაც პრობლემური იყო. თუ ჩამოდიოდა, საკმაოდ ორჭოფულ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ევროპის საბჭოს «ძველმა» შემადგენლობამ (ვგულისხმობ აპარატს) საქართველოს მიმართ მთლიანობაში მაინც საკმაოდ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა.
რასაკვირველია, შეეძლოთ უფრო მკაცრი მოთხოვნები წაეყენებინათ ჩვენთვის, _ მაგალითად, ე.წ. თურქი მესხების საკითხში, მაგრამ საქართველოს მტრების ჯინაზე ევროპის საბჭომ ამ საკითხშიც «პროგრესული» გადაწყვეტილება მიიღო: პარლამენტი ვალდებულია ორი წლის განმავლობაში შეიმუშავოს და დაამტკიცოს კანონი «თურქი მესხების რეპატრიაციის» შესახებ; ხოლო თვით რეპატრიაცია 12 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.
ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში (ვალდებულება სავსებით რეალურია _ ავტ.) განსაკუთრებული როლი სწორედ ლორდმა ჯონსტონმა შეასრულა.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ თურქეთი, რომელიც თითქოსდა სისხლხორცეულადაა დაინტერესებული დააბრუნოს თურქულენოვანი მოსახლეობა საკუთარ საზღვრებთან _ ამ თვალსაზრისით გაცილებით ნაკლებ აქტიურობდა, ვიდრე რუსეთი.
აქედანაც ჩანს, ვის რა გეგმები აქვს საქართველოს მიმართ და რას ისახავს მიზნად. თუმცა, 12 წლის განმავლობაში ამ პრობლემის სიმწვავე შერბილდება, მაგრამ ლორდ ჯონსტონთან, აგრეთვე ევროპის საბჭოს სხვა ლიდერებთან მუშაობის დაწყება აქედანვე აუცილებელია.
ევროპის საბჭოს წევრობა გვაძლევს დიდ ევროპულ სახელმწიფოებთან თანაბარი ურთიერთობის უნიკალურ შესაძლებლობას. მათ საკუთარი პრობლემები აქვთ _ მათ შორის ერთმანეთთან ურთიერთობაში, თუნდაც ერთი სახელმწიფოს (ერთი საპარლამენტო დელეგაციის) ხმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს; ევროპის საბჭოს დადგენილება ხშირ შემთხვევაში გაეროს რეზოლუციაზე უფრო ქმედითია.
ამ საბჭოს შემადგენლობაში ქვეყნებს აქვთ საშუალება უფრო კონკრეტულად და დაწვრილებით განიხილონ პრობლემები. ეს, რასაკვირველია, იმას არ ნიშნავს, თითქოს ევროსაბჭო განსაკუთრებით აქტიური იქნება (ვთქვათ) აფხაზეთის პრობლემატიკის განხილვისას, მაგრამ, თუ იგი დაინტერესდა ამ პრობლემით, საქართველოს მიეცემა საშუალება აფხაზეთის საკითხი ჭეშმარიტად «ევროპულ დონეზე» გაიტანოს.
ეს არ არის იგივე, რაც «მოლაპარაკება გაეროს ეგიდით საგარეო საქმეთა მინისტრების» დონეზე, რასაც არა და არ ეშვება ჩვენი ხელისუფლება _ საბედნიეროდ, ევროსაბჭოში სეპარატისტთა წარმომადგენლებს არავინ მიიწვევს.
სხვათა შორის, თუ არძინბამ, შამბამ და აფხაზ ფაშისტთა სხვა ლიდერებმა არ გამოთქვეს პროტესტი ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების გამო (ყოველ შემთხვევაში, მათი პროტესტი ერთობ «მიკნავებული» იყო), ამის მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ სტრასბურგში მათ პროტესტს არც კი განიხილავდნენ.
ენა როგორ მოგიბრუნდება კაცს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს უნდა ვაღიაროთ: მართალია საქართველო სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდა აფხაზეთში, პარტიზანულმა მოძრაობამაც დიდი ვერაფერი შედეგი მოგვცა, _ სამაგიეროდ, როგორც იქნა, მოვიგეთ საინფორმაციო ომი.
თუ არ ჩავთვლით ჯორჯ ჰიუტისმაგვარ ანტიქართველებს, ევროპული ისტებლიშმენტი, მთლიანობაში, იზიარებს აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» პრობლემატიკის ჩვენებურ ხედვას; წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს წევრობას ვერ ვეღირსებოდით.
ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ მხარს დაგვიჭერენ ძალის გამოყენებაში, მაგრამ სეპარატისტებმა ნამდვილად ვერ მოახერხეს ევროპაში საქართველოს ხატის (იმიჯის) გაფუჭება (თუმცა კი ძალიან ცდილობენ ამას).
ლორდ ჯონსტონთან საუბრისას (საქართველოს ხელმძღვანელ პირებთან) პირველად «მოისინჯა» საქართველოს პრიორიტეტები დიდ ევროპულ ორგანიზაციებთან; ყველაფერი ჩვენს აქტიურობასა, ნიჭსა და უნარზეა დამოკიდებული.
ამ თვისებათა გამომჟღავნების შედეგად, ევროსაბჭო საქართველოს დამოუკიდებლობისა და სტაბილური განვითარების უმნიშვნელოვანეს გარანტად იქცევა.
მერიდიანი, 15 თებერვალი 1999 წელი