თბილისელი სოსო და ომის მრისხანე კანონი

თბილისელი სოსო და ომის მრისხანე კანონი

ოდესღაც, ჩვენს მეზობლად ერთი უცნაური ბიჭი ცხოვრობდა.

სოსო ერქვა.

იმ დროისათვის ტიპიური ოჯახი ეთქმოდა მის ოჯახს, სადაც გაიზარდა.

ეს სოსო მთლად „დალაგებული“ არ იყო....ფეხშიშველი დარბოდა ხოლმე საბჭოს ქუჩაზე ბღავილით და ჩვენ, სულელი ბავშვები, სიცილით ვიხოცებოდით გამვლელ-გამომვლელთა დაზაფვრის შემხედვარე.

1982 თუ 1983 წელი იყო, ჯარში წაიყვანეს და ავღანეთში მოხვდა.

რომ დაბრუნდა კიდევ უფრო.....„მენტალურად უცნაური“ გახდა.

იშვიათად ყვებოდა ავღანეთის ომის ამბებს.

მაგრამ ერთხელ მომიყვა: „მიგვაყენებდა ხოლმე ოფიცერი ავღანურ სოფელს, დაგვაწყობდა, წინ დაგვიდგებოდა და გვეუბნებოდა: Чтоб в этом селе через два часа ни одной живой души не осталось......ჩვენ კი, საბჭოთა სალდათები ვიდექით მის წინ „მოწეულები“, თავისუფლად, ამოჩანჩურებულები, ავტომატებიც ასე გვეკიდა.....და მერე იმ სოფელში რა იწყებოდა.......რა იწყებოდა........“

აღარ აგრძელებდა თხრობას რაც „იწყებოდა“ და თვითონ რას აკეთებდა.....იოლი წარმოსადგენია ალბათ, თუმცა არ ყვებოდა.....

და რომ ვეკითხებოდი „რისთვის?“. პასუხობდა: „იქ წინა დღეს „დუხებს“ აჭამეს საჭმელიო“.

Духи რუსული სიტყვიდან Дух, რომლის ეტიმოლოგია გარკვეული ბოლომდე არ არის. შესაძლოა „დუშმანს“ უკავშირდებოდეს შესაძლოა სხვა რამეს - ასე ეძახდნენ საბჭოთა სალდათები ავღანელ მეამბოხეებს, რომლებიც თავისი ისტორიულად გმირი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ.

არა მხოლოდ „თალიბები“ და სხვა რელიგიური ფანატიკოსები, არამედ ისინიც, ვისაც მერე „თალიბანი“ ეომებოდა.

ეს საუბრები, სოსოს მონაყოლი არ მავიწყდებოდა და მოგვიანებით, როცა თემაში „ჩავიხედე“ ჩემთვის საზარელი რამ აღმოვაჩინე.

თურმე...თურმე......საბჭოთა არმია, როდესაც „ამეებს“ სჩადიოდა ამ ჩვენი „სოსოს“ მონაწილეობით, საერთაშორისო სამართლის არც ერთ მოქმედ ნორმას არ არღვევდა!!

დაუჯერებელია ხომ?

ახლავე აგიხსნით:

1907 წელს, ჯერ კიდევ პირველ მსოფლიო ომამდე, დიდმა სახელმწიფოებმა გააფორმეს კონვენცია „სახმელეთო ომის წესების შესახებ“.

პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს კონვენცია მხოლოდ „ივსებოდა“, თუმცა მისი ძირეული, ღერძულა პოსტულატები არ შეცვლილა.

ამ წესებით, მაგალითად „პარტიზანი“ არ ითვლებოდა მეომარი მხარის ტყვე ჯარსიკაცად და მეომარ მხარეს მისი ჩამოხრჩობის უფლება ჰქონდა..... მაშინ როდესაც ტყვე ჯარსიკაცის დახვრეტა იკრძალებოდა.

კიდევ უარესი: კონვენციის თანახმად, ის სოფელი, სადაც „პარტიზანებმა“ თუნდაც ერთი ღამე გაათენეს, კონვენციურად ითვლებოდა „მხარდამჭერ ბაზად“ და მეომარ მხარეს უფლება ეძლეოდა ეს ბაზა გაენადგურებინა.

ასე არ ეწერა პირდაპირ, თუმცა ისე ეწერა, რომ ამგვარად წაკითხულიყო. და ეს ყველამ იცოდა.

და ისიც იგულისხმებოდა, რომ ტყვე ჯარისკაცის წამება დაუშვებელია, მაგრამ..... „გამომდინარე“ საზრისით, პარტიზანის წამებაც დასაშვებია და......საბრალო 17 წლის გოგო, ზოია კოსმედემიანსკაია.....კომუნისტების მიერ გაგიჟებული და გაფანატიკოსებული.....ნაცისტებმა ჯგუფურად გააუპატიურეს მრავალგზის და საჯაროდ ჩამოახრჩვეს მკერდზე დაფით: "Я партизанка. Я убивала немецких солдат"

(აქვე: ვერ გატეხეს. ჩამოხრჩობამდე იყვირა Сталин придёт!!კი, მივიდა და მართლა დედა უტირა ჯერ კიონიგსბერგში, მერე ბერლინში, თუმცა იმ კონვენციას სსრკ არ აღიარებდა საერთოდ)

რა „კომუნისტიც“ და „დივერსანტიც“ თუ პარტიზანიც არ უნდა ყოფილიყო ის გოგო, 17 წლის იყო ხომ?

როდესაც ბრიტანეთიდან ჩეხეთში გადასროლილმა ჩეხმა (!) პარაშუტისტებმა ჰიტლერის უახლოესი თანამებრძოლი, გაულიაიტერი რეინჰარდ გეიდრიხი მოკლეს, ერთ ერთი პარაშუტისტი სოფელ ლიდიცეში გაჩერებულა რამდენიმე დღით ადრე და სოფლის მაცხოვრებლებს მისთვის დახმარება აღმოუჩენიათ.

ელემენტარულად საჭმელი აჭამეს, ღამე გაათევინეს და „გესტაპოს“ არ შეატყობინეს.

ეს რომ გაიგო იმ ნაცრისფერმა ვირთხა ჰიტლერმა, არმიას უბრძანა ჩეხური სოფელი ლიდიცე გაენადგურებინათ: ყველა მამაკაცი, არასრულწლოვანი ყმაწვილებით დაწყებული, იქვე დახვრიტეს, ქალები და გოგონები მასობრივად გააუპატიურეს, საკონცენტრაციო ბანაკებში წაასხეს, სოფელი დაწვეს, ტანკებით მიწასთან გაასწორეს და ზედ მარილი მოაყარეს უძველესი ინდოევროპული წესით.

ესეც ჰიტლერის ბრძანება იყო.

ნიურნბერგის პროცესზე კი ფელდმარშალ კეიტელის ადვოკატები სწორედ იმ ჟენევის კონვენციებზე აპელირებდნენ: „არმიას ომის წესები არ დაურღვევიაო“.

ამერიკელები ვიეტნამში....მთლად ასე არა (მაინც სხვა ყაიდის სოციუმია) მაგრამ.....ვიეტნამური სოფელი სონგმი ხომ გსმენიათ?.......მთლად „კომუნისტური პროპაგანდაც“ არ ყოფილა.....ამის ჩამდენი უილიამ კელლი მხოლოდ საშინაო პატიმრობით გამოვიდა....ოდენ 3 წელი....ციხეში არც ჩაუსვამთ..... იმიტომ, რომ მისი ადვოკატები ზუსტად იმ კონვენციებს იშველიებდნენ.

რუსები ჩეჩნეთში......უამრავი ამგვარი სოფელი.......სოსოსავით..... და პუტინის თავდაცვის მინისტრი ივანოვიც სწორედ ამ ტერმინს იყენებდა: „Уничтожить базу поддержки".

ჰოდა ეს საზარელი წესი, რამდენადაც ვიცი, დღესაც მოქმედებს ანუ III ათასწლეულია უკვე და სისხლიან XX საუკუნეში დადგენილი არაადამიანური „ომის წესები“ არავის გაუუქმებია.

არც დაუინიციირებია ამგვარი რეფორმა.

არ გეჩვენებათ, რომ ლეგიტიმურია კითხვა: რატომ?

იმიტომ, რომ კაცობრიობა, მათ შორის მისი ცივილიზებული ნაწილიც, ომის მრისხანე აუცილებლობათა ტყვედ რჩება.

და რა სასტიკიც არ უნდა იყოს ეს „აუცილებლობა“, იგი ომის უმოწყალო ლოგიკიდან გამომდინარეობს, სადაც „ძალა მორევაზეა“, ერთი გენიალური ქართული ხალხური გამონათქვამით.

ხოლო მ ი ზ ა ნ შ ე წ ო ნ ი ლ ო ბ ა ომისას ეჭვმიუტანელი პრიორიტეტია, რადგან თუ ამ პრიორიტეტით არ იმოქმედებ, ომში დამარცხდები.

და ეს იმპერატივი არანაირად არ კორელირებს ჰუმანიზმთან, მით უმეტეს დემოკრატიასთან.

დათო

ფოტოზე: ოუგუსტ როდენის გენიალური სკულპტურული კომპოზიცია, „ასწლიანი ომის“ (XIV-XV სს) ეპიზოდით: „ფრანგულ ქალაქ კალეს მაცხოვრებელნი ქალაქის გასაღებს აბარებენ ინგლისის მეფე ედვარდ მესამეს“.