ვლადისლავ არძინბას პრესკონფერენცია მოსკოვში;     რუსეთი კვლავ «კატა-თაგვობანას» გვეთამაშება

ვლადისლავ არძინბას პრესკონფერენცია მოსკოვში;     რუსეთი კვლავ «კატა-თაგვობანას» გვეთამაშება

 
   

    19 იანვრის სამიტზე მიღებული დოკუმენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი უკრძალავს СНГ-ს წევრ სახელმწიფოებს ოფიციალურ დონეზე მიიღონ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერები.
    საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ცნობილია, მოსკოვის სამიტზე მიღწეული შედეგი უდიდეს გამარჯვებად გამოაცხადა, მაგრამ სულ რამდენიმე დღეში აღმოჩნდა, რომ ეს დოკუმენტი ფარატინა ქაღალდია და სხვა არაფერი.

    არძინბა მოსკოვში დაპატიჟა სახელმწიფო სათათბიროს СНГ-ს საქმეთა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ტიხონოვმა. ალბათ ყველა გვახსოვს, რომ ქართული ოფიციოზი ადრე ერთ-ერთ ყველაზე შეურიგებელ მტრად (რომელიც «აფხაზეთის დაბრუნებას არ გვანებებს») ტიხონოვის წინამორბედს - კონსტანტინე ზატულინს სახავდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს რუსეთს ზატულინი მართავდა და არა ელცინი; «რეაქციული» ზატულინი არჩევნებში დამარცხდა (მისმა «რუსულ თემთა კონგრესმა» ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა), მაგრამ საქართველოსთვის ამით არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, ზატულინის ადგილი ტიხონოვმა დაიკავა. პოლიტიკა კი იგივე დარჩა როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ პლანში.
    რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დიდწილად დეკორატიული ორგანოა, - რეალურ პოლიტიკაზე რაიმე ზემოქმედებისათვის მას ფაქტობრივად არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. სამაგიეროდ, სახელმწიფო სათათბიროს წარმატებით შეუძლია შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას იგი საქართველოს სასარგებლო პოლიტიკის განხორციელების საშუალებას არ აძლევს.
    სინამდვილეში ეს მხოლოდ «შთაბეჭდილებაა» და სხვა არაფერი. ჩეჩნეთში ომის დაწყებით ელცინმა დაამტკიცა, რომ აინუშშიც არ აგდებს საზოგადოებრივ აზრს და «კანონმდებელთა შეხედულებას», როდესაც რაიმე ნაბიჯის გადადგმა თავად აუცილებლად მიაჩნია.
    ელცინი არც ისეთი «გულუბრყვილოა», როგორც ერთი შეხედვით ჩანს, - სინამდვილეში ის ძალზე ოსტატურად ასრულებს თავის პარტიას და სტრატეგიულ პლანში შეცდომებსაც თითქმის არ უშვებს. ამ შემთხვევაშიც, რუსეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება «შეხმატკბილებით» მოქმედებს - ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მათ წინასწარ მოილაპარაკეს: ელცინი ხელს მოაწერდა СНГ-ს დოკუმენტს, ხოლო ტიხონოვი მოსკოვში არძინბას მიიწვევდა. უბრალოდ, ტიხონოვმა შესანიშნავად იცის რა სჭირდება ელცინს, მით უმეტეს, თუ რა სჭირდება რუსეთს, როგორც სახელმწიფოს.

    თვით პრეს-კონფერენცია კი ნამდვილი სპექტაკლი იყო: ტიხონოვმა და საქართველოს კიდევ ერთმა მეგობარმა - სერგეი ბაბურინმა, საქმე ისე წარმოადგინეს, თითქოს პრეს-კონფერენციას ატარებდნენ აფხაზეთში შექმნილი უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ვითარების აღსაწერად, ხოლო არძინბა ვითომდაც შემთხვევით აღმოჩნდა დარბაზში.
    ჯერ ტიხონოვმა და ბაბურინმა დაიწყეს საუბარი და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ განაცხადა ერთ-ერთმა მათგანმა: «თუმცა, აფხაზეთის პრეზიდენტი, ბატონი ვლადისლავ არძინბაც აქვე ბრძანდება და ჩვენზე უკეთ ის გაგცემთ პასუხს ამ შეკითხვებზეო».
    არძინბაც დაეშვა ტრიბუნასთან და თხუთმეტწუთიანი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც თეზისების სახით შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: «აფხაზეთს სურს საქართველოსთან კონფლიქტის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა; სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვით საქართველოზე, რომელიც ცდილობს კონფლიქტი სამხედრო ძალისა და ეკონომიკური ზეწოლის გზით გადაჭრას; ამ მიზნით ქართული დივერსიული ჯგუფები «ატერორებენ» გალის რაიონის მშვიდობიან მოსახლეობას; აფხაზეთს არ სურდა ომი საქართველოსთან - მას ძალიან უნდოდა მშვიდობიანად მოეგვარებინა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველომ გააუქმა 1978 წლის კონსტიტუცია და აღადგინა 1921 წლის კონსტიტუცია, - საქართველოსა და აფხაზეთს შორის გაწყდა ყოველგვარი სახელმწიფოთაშორისი კავშირი და აფხაზეთი იძულებული გახდა აღედგინა 1924 წლის კონსტიტუცია, რომლის ძალითაც აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა; სამწუხაროდ, საქართველომ, ნაცვლად მოლაპარაკებისა, მოინდომა აფხაზეთისათვის ძალით მოეხვია თავს საკუთარი ნება და ტანკები შემოიყვანა აფხაზეთში, რის შემდეგაც აფხაზეთის ხალხი იძულებული გახდა თავი დაეცვა და საქართველოს ჯარი სამშობლოდან გაეძევებინა; დღეს აფხაზეთი მოითხოვს საქართველოსთან თანასწორ ურთიერთობებს; იგი არ არის წინააღმდეგი საქართველოსთან ერთად შექმნას ერთიანი სახელმწიფო, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს სახელმწიფო კონფედერაციული იქნება; აფხაზეთი წინააღმდეგია ვერტიკალური კავშირების (იგულისხმება: აფხაზეთი წინააღმდეგია ფედერაციის-ავტ.) - მომხრეა მხოლოდ და მხოლოდ ჰორიზონტული კავშირებისა, ანუ აფხაზეთი მხარს უჭერს კონფედერაციას; აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოსთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეწყდება აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადა - ბლოკადის პირობებში რაიმე სერიოზულ მოლაპარაკებებზე ლაპარაკი ზედმეტია; აფხაზ ხალხს იმედი აქვს, რომ რუსეთის დემოკრატიული საზოგადოება მხარს დაუჭერს მის სამართლიან მოთხოვნას, საქართველოსთან იქონიოს მხოლოდ და მხოლოდ თანასწორი ურთიერთობა; საქართველო-აფხაზეთის მომავალ მოლაპარაკებებზე (რომლებიც გაიმართება მას შემდეგ, რაც მოიხსნება ეკონომიკური სანქციები) შუამავალი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელთანაც აფხაზეთს ერთადერთი თხოვნა აქვს - იყოს თანაბრად კეთილმოსურნე ორივე მხარის მიმართ».
    რაც შეეხება «ჰორიზონტულ კავშირებს» - ტერმინებმა შეცდომაში არ შეგვიყვანოს: ამგვარი კავშირები არსებობს, მაგალითად, საქართველოსა და სომხეთს შორის, დანიასა და ფინეთს შორის და ა.შ.
    ანუ, «ჰორიზონტული კავშირები» სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი ურთიერთობა ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის. რაც შეეხება «კონფედერაციას» - როგორც ჩანს, მათთვის ესეც კი სიტყვის მასალაა და სხვა არაფერი.
    მაშასადამე, ვლადისლავ არძინბას, 1992 წლიდან – დღემდე, პოზიცია იოტისოდენადაც არ შეუცვლია: ომამდეც იგი მოითხოვდა «სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს» საქართველოსთან და დღესაც იგივეს მოითხოვს; საქართველოს ხელისუფლება კი კვლავ ილუზიებით იკვებება. მას არ სურს შეიგნოს, რომ ამ პრობლემის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტა შეუძლებელია მოლაპარაკებებით ან თუნდაც ეკონომიკური ზეწოლით - აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ეკონომიკური სანქციები რეალურად არ ხორციელდება: რამდენიმე დღის წინ, უშიშროების მინისტრმა, შოთა კვირაიამ განაცხადა, თითქოს რუსეთმა შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთს და ლესელიძე, გაგრა, ბიჭვინთა სიბნელეშია ჩაფლული. ეს ინფორმაცია, როგორც აღმოჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
    მართალია რუსეთმა მართლაც დააწესა გარკვეული შეზღუდვა, მაგრამ ამგვარი შეზღუდვა დაწესებულია კრასნოდარის მხარისთვისაც. ანუ, ელექტროენერგია აფხაზეთს გრაფიკით მიეწოდება. გარდა ამისა, ელექტროენერგია ენგურჰესიდან შეუფერხებლად მიეწოდება ოჩამჩირეს, გუდაუთას, ტყვარჩელს . . . როგორც ცნობილია, ენგურჰესის სამართავ პულტს (რომელიც გალის რაიონში მდებარეობს) მთლიანად აკონტროლებს აფხაზური მხარე. მართალია ამ პულტს რუსეთის «სამშვიდობო ძალების» კონტიგენტი იცავს, მაგრამ მისი წარმომადგენლის განცხადებით, ისინი სამართავ პულტს იცავენ მხოლოდ შეიარაღებული თავდასხმისაგან, ხოლო რაკი აფხაზები ამ სადგურზე შეუიარაღებელნი არიან, მათ უფლება აქვთ ელექტროენერგია საითაც უნდათ იქით მიმართონ.

    ამრიგად, ხელისუფლების მიერ ფართოდ რეკლამირებული «გამარჯვება» მოსკოვში, СНГ-ს სახელმწიფო მეთაურთა სამიტზე, სინამდვილეში საპნის ბუშტი აღმოჩნდა, რომელიც უაღრესად ეშმაკი, ჭკვიანი და მახვილგონიერი პოლიტიკოსის - ვლადისლავ არძინბას პირველი შეხებისთანავე გასკდა.
    ალბათ დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ რუსეთის მეშვეობით და მშვიდობიანი გზით ეს პრობლემა ვერ გადაწყდება. არსებობს მხოლოდ ორი გზა: ან მოვითხოვოთ «რუსის ჯარის» გაყვანა, დავიწყოთ ახალი ომი ან ვცნოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ფსოუდან-ღალიძგამდე.

«მსგეფსი», 4 თებერვალი, 1996 წელი.