ვაჟა ლორთქიფანიძე არძინბასათვის ყველაზე უარესი ვარიანტია

ვაჟა ლორთქიფანიძე არძინბასათვის ყველაზე უარესი ვარიანტია

 

    საქართველოს ყოფილი ელჩის დანიშვნა სახელმწიფო მინისტრად იმთავითვე აფხაზეთის პრობლემასთან იყო დაკავშირებული. ლორთქიფანიძე წლების განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ მოლაპარაკებებს აფხაზურ მხარესთან და ყველაზე უკეთ იცის, რომ ეს იყო და არის წყლის ნაყვა;
    თბილისში გადმოსვლის შემდეგ, პროცესი (წყლის ნაყვა) გულმოდგინედ გრძელდება, მაგრამ არა იმიტომ, თითქოს სახელმწიფო მინისტრს ამ საქმის სრული უნაყოფობა არ ესმის, არამედ სხვა, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური მიზეზების გამო;
    მოლაპარაკებათა უპერსპექტივობა ედუარდ შევარდნაძესაც ესმის, მაგრამ იძულებულია პროცესი გააგრძელოს, ვინაიდან სხვა გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს. ახალი ომისათვის ქვეყანა არც ერთი თვალსაზრისით მზად არ არის.
    სეპარატისტებთან მოლაპარაკების საწარმოებლად ვაჟა ლორთქიფანიძე მაინც საუკეთესო ვარიანტია. იგი ამ მოლაპარაკებების ერთგვარი «მემატიანეა». ლორთქიფანიძეს კარგად ახსოვს თითოეული მონაწილე იმ ე.წ. შეთანხმებებისა, რომელსაც 1994 წლიდან - დღემდე ხელი მოეწერა.
    იგი ყველა დოკუმენტის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა, სეპარატისტთა ხრიკებიც ზედმიწევნით შეისწავლა და არც ისეთი უჭკუო კაცია, სათანადო დასკვნები ვერ გამოიტანოს.
    «დაწინაურების» შემდეგ ლორთქიფანიძესთან მოლაპარაკებათა წარმოება კიდევ უფრო მიუღებელია არძინბასათვის, ვინაიდან იმთავითვე ცხადია, რომ სახელმწიფო მინისტრი (საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე) ხელს არ მოაწერს იმ შეთანხმებას, რაც ისეთივე «აშკარად წამგებიანი» იქნება, როგორც 1994 წელს.
    მას შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, - არძინბამ ეს ცვლილებები უმალვე «იყნოსა», რაც თვალნათლივ გამოჩნდა მის უკანასკნელ ინტერვიუში გურამ კუციავასთან.
    ვაჟა ლორთქიფანიძეს აფხაზებთან ბევრი რამ აკავშირებს. მისი დღევანდელი მოპასუხე აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი ბაღაფში აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომკავშირის თავკაცი იყო, ანუ «კომკავშირული ხაზით» საქართველოს ალკკ-ს პირველ მდივანს, ვაჟა ლორთქიფანიძეს ექვემდებარებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც იმავე არძინბა-შამბას შეგულიანებით, აფხაზეთში სეპარატისტები კვლავ გააქტიურდნენ. გამოჩნდა ანტიქართული ლოზუნგები. დემონსტრაციებში ძირითადად სწორედ ახალგაზრდობა მონაწილეობდა, რაზეც უპირველესად კომკავშირული ლიდერები, - სერგეი ბაღაფში და ვაჟა ლორთქიფანიძე აგებდნენ პასუხს.
    პასუხისმგებლობის «საერთო განცდა» მათ დღემდე გამოჰყვათ, ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ზოგიერთი სიმპტომის შესაბამისად, არძინბას სულაც არ ეპიტნავება ბაღაფშის აქტიურობა და საკუთარი «ბორზაპისცების» მეშვეობით რუსულ პრესაში პროვოკაციებს უწყობს.
    მაგალითად, არძინბას ზოგიერთი მომხრე წერს: ყოფილი კომკავშირული და პარტიული აქტივისტები, რომლებსაც მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ კომუნისტურ ეპოქაში, დღესაც იოლად პოულობენ საეროთ ენას. ახლა რომ საუბრობთ «ვეჩე»-თი, ომამდე მოგელაპარაკათ, - ეგება ამით სისხლისღვრა აგეცილებინათ თავიდანო და ა.შ.
    გასაგებია, აქ რა ნიუანსიცაა ჩადებული: ვლადისლავ არძინბა კომკავშირული და კომუნისტური ფუნქციონერი არასდროს ყოფილა, თუმცა, 1979 წლის მოვლენების დროს იგი ბევრ კომკავშირელ აქტივისტზე უფრო გულმოდგინედ «ამხელდა» ქართველ ნაციონალისტებს, რომლებმაც 1978 წელს «ანტისაბჭოთა» გამოსვლები მოაწყვეს და წინააღმდეგობა გაუწიეს ლენინურ პარტიას, რომელსაც სურდა ახალ კონსტიტუციაში «ინტერნაციონალისტური» ცვლილებები შეეტანა.
    ამ თვალსაზრისით, ვლადისლავ არძინბა, განურჩევლად იმისა, იყო თუ არა კომპარტიის ან კომკავშირის წევრი, - სულით ჭეშმარიტი კომკავშირული აქტივისტი იყო - გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე ვაჟა ლორთქიფანიძე ან სერგეი ბაღაფში.
    ვლადისლავ არძინბასათვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა მოლაპარაკებებისას პარტნიორთა მუდმივი ცვლა. ამ შემთხვევაში «თავიდან დაიწყებდა» წყლის ნაყვას, სანამ მიუხვდებოდნენ, რომ უსარგებლო საქმიანობაა.
    ვაჟა ლორთქიფანიძემ ეს იგრძნო; სწორედ ამიტომ, არძინბა უახლოეს მომავალში შეეცდება ლორთქიფანიძეს რაიმე პროვოკაცია მოუწყოს, დაძაბოს ურთიერთობა პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს შორის, რათა მოლაპარაკებათა სუბიექტი (ქართული მხრიდან) კვლავ შეიცვალოს და წყლის ნაყვა განახლდეს.

მერიდიანი, 24 თებერვალი, 1999 წელი