ესენგეს სახელმწიფოს მეთაურთა გადაწყვეტილება მორიგი ფიქცია აღმოჩნდა
ე.წ. «თანამეგობრობის» რეზოლუცია «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის განვითარების» შესახებ მორიგი სიყალბე აღმოჩნდა. უფრო ზუსტად, ფუჭი აღმოჩნდა იმედი, რომ გადაწყვეტილებით აფხაზეთში რაიმე შეიცვლებოდა. აფხაზეთში ლტოლვილები დაბრუნდებოდნენ (თუნდაც გალის რაიონში) და ნაწილობრივ მაინც აღდგებოდა საქართველოს იურისდიქცია.
არადა, დოკუმენტი თავისთავადაც არ იძლეოდა არანაირ გარანტიას. მისი ერთი დებულების თანახმად, სამშვიდობო ძალებისათვის საპოლიციო ფუნქციის მინიჭება მოხდებოდა მხოლოდ ორივე მხარის შეთანხმებით (ანუ აფხაზური მხარის თანხმობის შემთხვევაში). ასევე «ორივე მხარის თანხმობა» იყო საჭირო «უსაფრთხოების ზონის» გასაფართოებლად. სამშვიდობო ძალების მთავარსარდალმა (ისევე, როგორც მისმა ხელმძღვანელობამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში) უკვე განაცხადა, რომ ვინაიდან აფხაზური მხარე ცვლილებებს არ ეთანხმება, არავითარი «ზონის» გაფართოება არ მოხდება, ხოლო ლტოლვილთა დაცვა ისევ და ისევ «აფხაზური პოლიციის» ფუნქცია იქნება.
სეპარატისტთა ლიდერები დაემუქრნენ რუს გენერლებს, რომ მათთვის ტყვიასაც არ დაიშურებენ, თუ «რუსი გენერალიტეტი ქართველ ფაშისტთა მოთხოვნებს დაჰყვება». ამრიგად, ეს მოთხოვნები ქაღალდზე დარჩა და ერთადერთი ფუნქცია შეასრულა: გადაწყდა სამშვიდობო ძალთა დატოვება კონფლიქტის ზონაში - 1997 წლის 31 ივლისამდე.
ამასობაში, აფხაზები ქმედით ზომებს მიმართავენ, რათა საქართველომ ვერ შეძლოს ფართომაშტაბიანი პარტიზანული მოძრაობის «აგორება» გალისა და ოჩამჩირის რაიონებში. არძინბამ მშვენივრად უწყის, რომ ქართველებმა და რუსებმა შეიძლება შემდეგ პირობებზე მოილაპარაკონ: რუსეთის ჯარი რჩება ენგურის ნაპირზე, მაგრამ ხელს არ უშლის პარტიზანული მოძრაობის გაშლას «აფხაზური მილიციისა» და «აფხაზური სამხედრო ფორმირებების» წინააღმდეგ.
ამ შესაძლო კონსენსუსის დასარღვევად, არძინბას ბრძანებით რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა ფართომაშტაბიანი პროვოკაცია: აფხაზური სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ააფეთქეს რუსული ჯავშანმანქანა და მოკლეს რამდენიმე სამხედრო ექიმი, რომლებიც დაჭრილთა დასახმარებლად მიიჩქაროდნენ. რა თქმა უნდა, ეს ტერაქტი ქართველ პარტიზანებს დაბრალდათ. მით უფრო, რომ ადრინდელი განცხადებით მათ რუსი სამხედროები ოკუპანტებად გამოაცხადეს. ამით აფხაზებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსული ჯარი ენგურთან მხოლოდ სეირის მაყურებლად არ სჭირდებათ. მათ სურთ ამ ჯარმა რეალურად შეასრულოს მესაზღვრეთა ფუნქცია.
როგორც ჩანს, 31 ივლისამდე არაფერი შეიცვლება, ხოლო ივლისში საქართველოს ხელისუფლება კვლავ მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდება - წამოიწყოს ომი და «სასწორზე შეაგდოს» მიღწეული სტაბილურობა ან გამოძებნოს სხვა ხერხი სამშვიდობო ოპერაციის გასაგრძელებლად.
ეტყობა, აფხაზეთის კონფლიქტი კვიპროსის პრობლემას ემსგავსება - ე უკანასკნელი 25 წელია გაყინულ მდგომარეობაშია, ჟენევაში კი მიმდინარეობს მოლაპარაკების 468-ე (!) რაუნდი «პრობლემის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით».
მერიდიანი, 11 აპრილი, 1997 წ.