დონალდ ტრამპი ანგრევს ცივილიზაციის ენას!

20 იანვარი მრისხანედ გვიახლოვდება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რეალურად, გული მიგრძნობს, იმაზე ცუდად არის ჩვენი საქმე, ვიდრე გვგონია.
კი, „ჩვენი“ მათ შორის.
ილონ მასკმა, რომელიც დონალდ ტრამპის „მარჯვენა ხელია“, კანადას პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს „გოგონა“ (Girl) უწოდა.
ზოგადად, ინგლისურ სემანტიკაში, განსაკუთრებით ჟარგონთან მიახლოებულ ნარატივში You Girls....You Ladys შესაძლოა არც იყოს ჰომოფობიური კონოტაციის მატარებელი თუნდაც მაშინ, როცა მამაკაცებს მიმართავენ, მაგრამ კონტექსტს გააჩნია!
ამ შემთხვევაში ნამდვილად არის.
მით უმეტეს ილონ მასკის მხრიდან და ორგზის უმეტეს ტრიუდოსთან მიმართებაში.
მაგრამ ეს კიდევ არაფერი. ნახეთ იგივე მასკი რას ამბობს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერზე: „არასწორია ეს პარტია ულტრა-მემარჯვენედ ჩაითვალოს, რადგან მისი ლიდერი, ქალბატონი ალის ვაიდელი ერთსქესიან ქორწინებაშია შრი ლანკელ ქალთან. ეს ჰგავს ჰიტლერს?!“ (ციტატის დასასრული)
ბოდიშს ვიხდი მასკის ტექნოლოგიურ გენიასთან, მაგრამ შინაარსობრივადაც, ანუ საზრისული თვალსაზრისითაც მისი ეს „პოლემიკური არგუმენტი“ სრული, ტოტალური, ანუ ქართულად „პიტალო“ იდიოტიზმია, თუმცა ეს არაა მთავარი.
მთავარი სხვაა:
რატომ არის ეს გამოკევთილი ტენდენცია ცუდი და რატომ ემუქრება ან რით ემუქრება საქართველოს?
თითქოსდა, ერთი „კახური“ გამონათქვამის არ იყოს: „სად ერეკლე და......“
სინამდვილეში ასე არაა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთმა შეიმუშავა „ენა“, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა იმ პოლიტიკურ „კოდებს“, რაც დამკვიდრდა ევროპულ ცივილიზაციაში კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მოვლენის (WWII) შემდეგ.
ზუსტადაც ამ კოდების შესაბამისად...... „აგრესია არ შეიძლება“, „სხვა ქვეყნების დაპყრობა არ შეიძლება“, „მუქარა არ შეიძლება“, „შანტაჟი არ შეიძლება“, „ეგოისტური ინტერესებით საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედება დაუშვებელია“, „სახელმწიფოებმა ერთმანეთს პატივი უნდა სცენ“ და ა.შ.....
ამან გადაარჩინა საქართველო 2008 წელს.
ბევრჯერ გამიკრიტიკებია დასავლეთი იმისთვის, რომ რუსული აგრესიის შემდეგ (!) ისე დაიჭირა თავი, თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა: გაგვიღიმა, თვალი აგვარიდა და განაგრძო მოსკოვთან Business as usual.
მაგრამ....უშუალოდ აგრესიის დროს ანუ 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე დასავლეთმა გააკეთა დიახაც შესაძლებლის (!) სრული მაქსიმუმი: ევროკომისიის პრეზიდენტი ჩამოვიდა თბილისში, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა, ევროკავშირის „საგარეო“ ჩამოვიდა, 5 ევროპელი პრეზიდენტი ჩამოვიდა, აშშ სახელმწიფო მდივანი ჩამოვიდა, პრეზიდენტმა თეთრი სახლის მდელოზე თავდაცვის მინისტრთან და „უშიშროების მრჩეველთან“ საგანგებო განცხადება გააკეთა, ჰუმანიტარული დახმარებით სამხედრო გემი გამოაგზავნა, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები გამოაგზავნა......
აი ეს ყოველივე სწორედაც იმ „წესების“ წყალობა (!) და გამოვლინება იყო, რაც ცივილიზაციამ დაამკვიდრა 1945 წლიდან.
როდესაც პოლიტიკოსი და მისი გუნდი ანგრევენ იმ „ენას“ (!), იმ „საზრისებს“, რომელიც ჩამოყალიბდა ცივილიზაციის განვითარების იმ ეტაპზე (1945 წლის შემდეგ) ეს არის არათუ „მარკერი“ არამედ (რაც ბევრად უარესია) წინაპირობა (!) იმისა, რომ ისინი ანგრევენ და აუცილებლად დაანგრევენ (თუ გაუვათ) იმ წესრიგს(აც), ანუ „წესებს“, ქცევით პატერნებს, მიმართებებს, მათ შორის სახელმწიფოთშორის ურთიერთობებში.
ესე იგი საერთაშორისო სამართალს(აც), რაც ამ წესრიგის „ზედნაშენი“ გახდა.
ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ილონ მასკის არაკორექტულობა და მისი ჰომოფობია, რაც ადრე „ცუდ ტონად“ ითვლებოდა, „პარალელდება“ ტრამპის განცხადებებთან გრენლანდიაზე, პანამაზე, მექსიკის ყურეზე და კანადაზე.
ერთი და იგივე სახიფათო პროცესის ორი გამოხატულებაა.
- - - - - - - - - - - - - -
ჰო......ჩვენ რა გვეშველება და უკრაინას, თორემ ამერიკა კი გადარჩება.
ამაში დარწმუნებული ვარ.
დათო
ფოტოზე: ბანკეტი ტრამპის საპატივცემულოდ ბუკინგემის სასახლეში.