ბენზინი, როგორც «მასათა მძვინვარების» წყარო

ბენზინი, როგორც «მასათა მძვინვარების» წყარო

    ბოლოდროინდელი პოლიტიკური ორომტრიალი, რომლის მთავარ პერსონაჟებად ავთანდილ იოსელიანი და თემურ მასხულია იქცნენ (ამ უკანასკნელმა საგარეო დაზვერვის შეფს ბრალად დასდო ბენზინის ბიზნესის გაკონტროლების სურვილი), კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბენზინი საქართველოში (ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში) ძირითად პოლიტეკონომიკურ ფაქტორად რჩება.
    ამ ფაქტორის საერთო მნიშვნელები არიან არა მხოლოდ მასხულია ან სხვა «წვრილ-წვრილი» ბიზნესმენები, არამედ ზოგიერთი «ბობოლა» მოღვაწეც. მათ შორის ნუგზარ შევარდნაძესაც ასახელებენ. ეს «ჭორი» (რომ სწორედ ნუგზარ შევარდნაძე აკონტროლებს საქართველოში ბენზინის შემოტანასა და გაყიდვას), საკმაოდ მძლავრი პროპაგანდისტული არგუმენტი ხდება პრეზიდენტის დისკრედიტაციისათვის მისი მოწინააღმდეგეების ხელში.
    არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად პატიოსან ბიზნესს ეწევა ნუგზარ შევარდნაძე. იხდის თუ არა გადასახადებს, როგორ «თამაშობს» დემპინგური ფასებით, რამდენად შეესაბამება მისი ეკონომიკური პოლიტიკა მომხმარებლის ინტერესებს და ა.შ.
    მთავარია, რომ ეს ფიგურა საშუალებას აძლევს (ალბათ უნებლიედ) პრეზიდენტის ოპონენტებს, დაიწყოს ედუარდ შევარდნაძისათვის ძალზე არასასიამოვნო სტერეოტიპის ჩამოყალიბება საქართველოში.
    რამდენიმე წლის წინ ამგვარი სტერეოტიპის შექმნა თენგიზ კიტოვანმაც სცადა. გახსოვთ ალბათ მისი ცნობილი ბრალდება: შევარდნაძეს ორი ჭაბურღილი აქვს ყაზახეთშიო. მაგრამ მაშინ ეს ბრალდება სასაცილოდაც არავის ეყო, - შევარდნაძემ შეძლო ისეთი განწყობის დამკვიდრება, რომელიც გამორიცხავდა ნეგატიურ აღქმასა და შეფასებას. დღეს ვითარება იცვლება და ამის მიზეზი ისევ და ისევ «ბენზინის ბიზნესთან» დაკავშირებული ინფორმაციებია. საზოგადოება იმდენად მიეჩვია, რომ ყველა ბრალდება «ორი ყაზახური ჭაბურღილის» მსგავსად აბსურდი უნდა აღმოჩენილიყო, ცოტა არ იყოს აღიზიანებს კიდეც ნუგზარ შევარდნაძის თაობაზე ინფორმაციის ნაწილობრივი დადასტურება.
    არადა, რაიმე პრეტენზიის წაყენება კონკრეტულად მისთვის (ნუგზარ შევარდნაძისათვის) ხშირ შემთხვევაში აბსურდის ელფერს იძენს. ბოლოს და ბოლოს, ეს კაცი არ არის დამნაშავე, რომ პრეზიდენტის ნათესავია და ბენზინის ბიზნესით დაინტერესდა. მაგრამ ვის შეასმენ და დაარწმუნებ მის მიერ წარმოებული საქმის კრისტალურ კანონიერებას?! ეროვნული მენტალიტეტის თავისებურებებიდან გამომდინარე, იმთავითვე იგულისხმება - «რაკი პრეზიდენტის ნათესავია, სუფთა» ბიზნესის წარმოებას ვერ შეძლებს».
    გარდა ამისა, აქ გასათვალისწინებელია თვით ჩვენი სახელმწიფოებრივი სისტემის სისუსტე და კორუმპირებულობა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის ნათესავს, რომელიც ბიზნესს ეწევა, მაკონტროლებელი სტრუქტურები ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემენ; პირიქით, ათჯერ უფრო მეტად და მკაცრად შეამოწმებენ.
    ჩვენთან ასე არ ხდება. საგადასახადო ინსპექციას ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული «რიდი» ექნება და თუ შეამოწმებს, მაინც არ გამოიყენებს ყველა იმ ხერხსა და საშუალებას, რომელსაც ზოგადად მიმართავს ბიზნესმენთა წინააღმდეგ.
    გამოდის, რომ ნუგზარ შევარდნაძე ნებისმიერ შემთხვევაში სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, მაგრამ ეს მისი ბრალი იმდენად არ არის, რამდენადაც თვით სახელმწიფო სისტემისა
    . ბუნებრივია, პრეზიდენტს ვერ აიძულებ, ნათესავები მოიკვეთოს, ან საქართველოდან გაყაროს ისე, როგორც ნათესავებს ვერ მოსთხოვ აღარ მოჰკიდონ ხელი ბიზნესს, აღარც იმუშაონ და მხოლოდ «მეცნიერული მოღვაწეობით» შემოიფარგლონ, რათა არავის მისცეს «ანტისტერეოტიპების» ჩამოყალიბების საშუალება.
    ამ დილემიდან გამოსავალი არ არსებობს. ვერავის დაუშლი ბიზნესის წარმოებას. ისე, როგორც ვერ დაუშლი საზოგადოებას იჭორაოს «საინტერესო თემებზე». აქ გადაწყვეტილება პიროვნებამ თვითონ უნდა მიიღოს. მაგალითად, ნუგზარ შევარდნაძემ დაანებოს თავი «ბენზინის საქმეს» (იმ შემთხვევაშიც კი, თუ პატიოსან ბიზნესს ეწევა) და გადასახლდეს სამშობლოდან. ყველა სხვა ვარიანტი იმის წინაპირობა იქნება, რომ ზემოხსენებული სტერეოტიპი თანდათანობით გაიზრდება, გაძლიერდება, დამძიმდება და სერიოზულ ზიანსაც მიაყენებს პრეზიდენტის იმიჯს.
   

 მერიდიანი, 13 ოქტომბერი, 1997 წელი