აფხაზეთში ყველაფერი თავიდან იწყება?

აფხაზეთში ყველაფერი თავიდან იწყება?

 

    რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა» და «როგორც ედუარდ შევარდნაძის, ასევე ვლადისლავ არძინბას მოსკოვში მიწვევის» შესახებ ქართულ საზოგადოებაში იმედის მორიგი «ტალღა» ააგორა.
    უცნაურია, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას ვერა და ვერ გაუცრუვდა იმედი. როგორც ჩანს, ეს არა მარტო «დიდი ოპტიმიზმის», არამედ სხვა შინაგანი ფსიქოლოგიური თუ ინტელექტუალური მიზეზებითაა განპირობებული. არადა, «სამთა შეხვედრა» მოსკოვში (თუ იგი ნამდვილად გაიმართა) ისეთივე ფუჭი და უნაყოფო იქნება, როგორც 1992 წლის 3 სექტემბრის სამიტი.
    ალბათ, გახსოვთ, მაშინ რუსეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ საქართველოს, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკების ლიდერები, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს «აფხაზეთში მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ»; მაგრამ ეს დოკუმენტი, რა თქმა უნდა არ შესრულდა. საქართველომ დაკარგა გაგრა, რუსეთმა კი საწადელს მიაღწია - დააფიქსირა საქართველო და აფხაზეთი, როგორც სხვადასხვა სუბიექტი და ამით ხაზი გაუსვა საკუთარ პრიორიტეტს კავკასიაში. არავითარი სხვა მოტივი მაშინ ელცინს არ ჰქონია და არც ამჟამად აქვს.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: რუსეთის პრეზიდენტს დღესაც იგივე მიზანი ამოძრავებს: შეახვედროს ერთმანეთს ედუარდ შევარდნაძე და ვლადისლავ არძინბა, თავად შუაში ჩადგეს (ვითომდაც «ნეიტრალური» არბიტრის სახით) და ფორმალურად სთხოვოს «მხარეებს», მიაღწიონ კომპრომისს; შემდეგ კი, ტელეკამერების წინ, «გულისტკივილით» განაცხადოს: რუსეთი ბევრს ეცადა, მაგრამ საქართველო და აფხაზეთი ვერ შეარიგაო.
    არც ის არის ძნელი გასათვლელი, როგორ მოიქცევა ვლადისლავ არძინბა: იგი ყველა წინადადებაზე უარს იტყვის, მაგრამ ერთდროულად ისე გაიძვერულად და ეშმაკურად წარმართავს დიალოგს, თითქოს რუსეთის მცდელობამ შედეგი გამოიღო და «მხარეები სულ ახლოს არიან საბოლოო მიზანთან». ამით იგი ელცინის გულსაც მოიგებს და პროპაგანდისტული თვალსაზრისითაც მისთვის ხელსაყრელი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას მიაღწევს.
    დამოუკიდებელი დამკვირვებლის თვალით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს განვლილმა წლებმა და უამრავმა ფიასკომ ჩვენს ხელისუფლებას ვერაფერი ასწავლა და იგი დღესაც აპირებს ყველაფერი თავიდან დაიწყოს. ანუ, დაიწყოს 3 სექტემბრიდან, თანაც იგივე მიმართულებით - რუსული დიპლომატიის გაიძვერობისა და ოსტატობის მწვერვალებისაკენ.
    სამწუხაროდ, კრახით დასრულდა ოფიციალური თბილისის მცდელობა, გაეფართოვებინა მოლაპარაკებათა მანდატი: აფხაზური მხარის დემარშმა აიძულა «საქართველოს მეგობარი ქვეყნები», მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით დაკმაყოფილებულიყვნენ ჟენევის მოლაპარაკებებზე. ამით რუსეთმა ჟენევაში კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და თვალნათლივ დაანახა დასავლეთს, რომ ესენგეს სივრცეზე პრიორიტეტი მხოლოდ მოსკოვს გააჩნია და სხვები «მის შინაურ საქმეებში» ვერ ჩაერევიან.
    აქვე: გაუგებარია, საქართველოს დელეგაციამ რატომ არ დაიკავა ისეთი პრინციპული პოზიცია, როგორც აფხაზურმა? თუ აფხაზები უარს ამბობდნენ მონაწილეობა მიეღოთ მოლაპარაკებებში, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის შუამავლობით წარიმართებოდა, რატომ არ განახორციელა ასეთივე შეუვალი პოზიცია ქართულმა დელეგაციამ საპირისპირო მოთხოვნით?
    როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც თავი იჩინა ელემენტარულმა ლაჩრობამ და გაუბედაობამ. აფხაზებს ეს პრობლემა არასდროს ჰქონიათ და ამიტომაც გაიმარჯვეს.
    ბორის ელცინის ბოლოდროინდელი გააქტიურება, «ქართველი» და «აფხაზი» ლიდერების მიწვევა მოსკოვში, სწორედ იმის მანიშნებელია (და სხვა არაფრის), რომ რუსულ დიპლომატიას სურს, საბოლოოდ «დამარხოს» საქართველოს მცდელობა, მიაღწიოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში დასავლეთის თანასწორუფლებიან ჩართვას.

მერიდიანი, 5 აგვისტო, 1997 წ.