ამერიკის სასამართლომ ქართველ დიპლომატ გიორგი მახარაძეს შვიდი წელი მიუსაჯა
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო «იტარ-ტასის» კორესპონდენტმა, რომელიც, რასაკვირველია, თავიდან ბოლომდე ესწრებოდა გიორგი მახარაძის სასამართლო პროცესს, მომხდარით ფრთაშესხმულმა იჩქარა და მსოფლიოს ამცნო: ქართველ დიპლომატს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯესო - ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად შეიძლება ვენდოთ რუსეთის ტელევიზიას.
სინამდვილეში, როგორც სარწმუნო წყარომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობა, მოსამართლის გადაწყვეტილებით გიორგი მახარაძეს გაცილებით მსუბუქი სასჯელი დაედო. განაჩენის გამოტანა 19 დეკემბერს შედგა. როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს გიორგი მახარაძემ თავი დამნაშავედ ცნო მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებაში. ერთი ბრალდება ეხებოდა დაუდევრობით მკვლელობას, დანარჩენი - იმავე მსხვერპლის სხეულის მძიმე დაზიანებას, მისი ქონების განადგურებას (იგულისხმება ავტომანქანა) და ა.შ. გამოძიებისა და დაცვის მასალები გადაეცა მოსამართლეს, რომელსაც საბოლოო განაჩენი უნდა გამოეტანა. სასამართლოზე მხარეთა კამათი არ გამართულა. ადვოკატი და პროკურორი შეთანხმდნენ, რომ ვინაიდან გიგა მახარაძემ თავი დამნაშავედ ცნო, გადაწყვეტილებას მოსამართლე მიიღებდა.
მოსამართლის განაჩენით, პირველი ბრალდებით გიორგი მახარაძეს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დანარჩენი ოთხით კი თითო წლით თავისუფლების აღკვეთა. აქედან, ძირითადი და ორი თითოწლიანი სასჯელის მოხდა ერთდროულად დაიწყება, ხოლო დანარჩენი 2 თითოწლიანი სასჯელის მოხდა - ძირითადი სასჯელის მოხდის შემდეგ. საქმე ის გახლავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული პრაქტიკის თანახმად, თუ განაჩენი ერთდროულად რამდენიმე ბრალდების გამოა გამოტანილი, ერთი სასჯელის მოხდის ვადა შეიძლება დაიწყოს მეორე სასჯელთან ერთად ან მეორე სასჯელის ვადის მოხდის შემდეგ. საბოლოო განაჩენი შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთაა, რომელიც სამაგალითოდ ქცევის შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე თვით შემცირდეს (სავარაუდოდ 6-18 თვით, ზუსტ ვადას გიორგი მახარაძის ამერიკელი ადვოკატები უშუალოდ მოსამართლისაგან შეიტყობენ)
მოსამართლემ თანხმობა განაცხადა, რომ გიორგი მახარაძემ სასჯელი მოიხადოს ფედერალურ ციხეში, სადაც შედარებით უკეთესი პირობებია. კონკრეტულად რომელ ციხეში მოიხდის იგი სასჯელს - ამაზე პროკურატურა და გიორგი მახარაძის ადვოკატები მოგვიანებით შეთანხმდებიან. ფედერალურ საპყრობილეში გადაყვანამდე გიორგი მახარაძე ვაშინგტონის ციხეში დარჩება.
საყურადღებოა, რომ განაჩენის გამოცხადებისას მოსამართლემ დაასახელა ვადა, რომელიც შეიძლებოდა მიესაჯათ მახარაძისათვის მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის - 21 წელი. ამერიკაში ასეთი წესია - განაჩენის გამოტანისას მოსამართლე აქვეყნებს მაქსიმალური სასჯელის ვადასაც, რათა ყველასათვის ცხადი იყოს, რამდენად ლმობიერი ან პირიქით - მკაცრი იყო იგი გადაწყვეტილების მიღებისას. ეს რასაკვირველია, მოსამართლის გუნება-განწყობილებაზე არაა დამოკიდებული. თუ მან ამჯერად შედარებით ლმობიერი განაჩენი გამოიტანა (სამჯერ ნაკლები მაქსიმალურ ვადაზე) - ეს უპირველესად იმით იყო განპირობებული, რომ მახარაძემ გულწრფელად აღიარა დანაშაული და ამერიკულ მართლმსაჯულებას პრობლემები არ შეუქმნა. მას შეეძლო რისკზე წასულიყო, საქმის განხილვა მოეთხოვა, არ ეღიარებინა დანაშაული, მაგრამ თუ სასამართლო მას მაინც სცნობდა დამნაშავედ, იგი მაქსიმალურ სასჯელს მიიღებდა. გარდა ამისა, გარკვეული როლის შეასრულა პოლიტიკურმა ფაქტორებმა, ამერიკელ მოსამართლეს, რა თქმა უნდა, ვერავინ გაუბედავს დაურეკოს და თუნდაც მეგობრულად «ურჩიოს» ან «სთხოვოს» ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მოსამართლე ყოველთვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, რომელიც ეკისრება სახელმწიფოს წინაშე. არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს: ამერიკის ადმინისტრაციამ გიორგი მახარაძის საქმით ძალიან ცუდი და მისთვის საშიში პრეცედენტი შექმნა - ბოლოს და ბოლოს, მახარაძეს წინასწარგანზრახული დანაშაული არ ჩაუდენია. თუ ანალოგიური რამ ამერიკელ დიპლომატს შეემთხვევა მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში, ამერიკა მას, რა თქმა უნდა, არ მოუხსნის იმუნიტეტს. რითაც საკუთარ სახელმწიფოებრივ პრესტიჟს შებღალავს.
იმავე წყაროს ცნობით, 1998 წლის თებერვალში ამოქმედდება საერთაშორისო კონვენცია მსჯავრდებულის გადმოცემის შესახებ, რომელსაც საქართველოც შეუერთდება, რის შემდეგ გიორგი მახარაძე სასჯელის ნაწილობრივ მოსახდელად შეიძლება საქართველოში გადმოიყვანონ.
მერიდიანი, 22 დეკემბერი, 1997 წ.