საქართველო-დაღესტნის საზღვარზე ვითარება იძაბება

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე ვითარება იძაბება

      თუშეთში ზურაბ ჟვანიას სტუმრობის ოფიციალური მიზანი იყო რეგიონული საჰაერო რეისების გახსნა მთის დასახლებული პუნქტებისაკენ. თუმცა, მოვლენათა განვითარებამ ცხადყო: ზურაბ ჟვანია უფრო სხვა მიზანს ისახავდა - თავად შეესწავლა ფეთქებადსაშიში სიტუაცია, რომელიც ამჟამად იქმნება.
    ისიც ნიშანდობლივია, რომ სიტუაციას სახელმწიფოში მეორე პირი სწავლობს. ჟვანიამ ომალოში განაცხადა: «გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტს». მაშასადამე, წინასწარი კონსულტაციები ამ საკითხზე უმაღლეს სახელისუფლებო რგოლში მიმდინარეობდა.
    ადგილზე ჩასლვისას კი პარლამენტის თავმჯდომარეს ასეთი სურათი დახვდა: მართალია საქართველო-რუსეთის დაღესტნისა და ჩეჩნეთის მონაკვეთებს ქართველი მესაზღვრეები იცავენ, რომლებიც თბილისიდან ასე თუ ისე მარაგდებიან იარაღითა თუ სურსათით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი! აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება საზღვარზე ამჟამად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. თუშეთში დაღესტნელები (ჩეჩნები ნაკლებად) სულ უფრო თავხედურად და გამომწვევად იქცევიან: იჭრებიან დაცარიელებულ ქართულ სოფლებში, იკავებენ სახლებს, გადმოჰყავთ საქონელი და თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლებსაც კი ხსნიან - რუსეთის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში. ეს უკვე, ფაქტობრივად, ტერიტორიის ანექსიად შეიძლება ჩაითვალოს.
    მესაზღვრეთა მცირე ჯგუფი ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს. აუცილებელია კომპლექსური ზომების მიღება; რაც მთავარია, დაღესტნელები (დიდოელები) სარგებლობენ იმ გარემოებით, რომ მოსახლეობა თუშეთში ფაქტიურად აღარც დარჩა - სულ რამდენიმე სოფლელიღაა თითო-ოროლა ქართული კომლით; მყარად არც იურიდიულად გვაქვს საქმე. რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ორმხრივმა კომისიამ მუშაობა ჯერ ვერ დაასრულა. დაღესტან-საქართველოს საზღვარზე მდებარე მთა დიკლო კვლავაც დავის ობიექტია. უფრო სწორად, სადავო ისაა, რომელ ხეობაზე გაივლის საზღვარი. ასეთ შემთხვევაში საქართველო შეინარჩუნებს ან დაკარგავს რამდენიმე ათეულ კვადრატულ კილომეტრს. ეს იმდენად სასაზღვრო
    დეპარტამენტის პრობლემა არ არის, რამდენადაც ქართველი დიპლომატებისა. რუსეთი, რასაკვირველია, შეეცდება დააკმაყოფილოს დაღესტნელთა (გნებავთ ჩეჩენთა) ამბიცია საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე - თუშეთი ხომ მეტად მსუყე ლუკმაა! თუ მიგრაციული პროცესები არ შეჩერდა, საქართველო ამ მხარეს ადრე თუ გვიან უეჭველად დაკარგავს! ასეთი აზრი გამოსჭვიოდა ყველა საუბრიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. თუმცა მოსახლეობის შენარჩუნებაც არ კმარა. საჭიროა ყოველდღიური, მიზანმიმართული მუშაობა, რათა მოსკოვის ცნ ობილ «კრაზანათა ბუდეში» (მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთნოგრაფიის ინსტიტუტში) უკვე დამუშავებული და ჩუმ-ჩუმად შემოპარებული «ახალი თემა» - წოვა-თუშების არაქართული და ჩეჩნური წარმოშობის შესახებ, საქართველოს დამანგრეველ კიდევ ერთ ნაღმად არ იქცეს.
    თუმცა, ადგილობრივ თუშებს (წოვებსაც და სხვებსაც) «ჩეჩნობისა» არაფერი ეტყობათ. კვლავინდებურად ფიცულობენ საქართველოს მზეს, კვლავინდებურად მღერიან - «თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარ, მაინც ვჯობივარ კახსაო». ოღონდ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ჟვანიას სტუმრობაც თუშეთში ამის მაჩვენებელია. აუცილებლად უნდა გაირკვეს იმ დაღესტნელთა სტატუსი, რომლებიც რამდენიმე თუშურ სოფელში უკვე დამკვიდრდნენ ქართულ ნასახლარებზე. გარდა ამისა, ისიც გასარკვევია, რა იდუმალებით მოცულ «ოპერაციებს» ახორციელებდნენ რუსი მესაზღვრეები თუშეთში, საქართველო ჩეჩნეთის საზღვარზე ყოფნისას.
    ეს ძალიან საინტერესო საკითხია: ჩეჩნეთში ომის დამთავრების შემდეგ, რაკი არ ჰქონდა საშუალება, ჩეჩნეთის მხრიდან დაეცვათ რუსეთ-საქართველოს მიჯნა ამ მონაკვეთზე - გენერალ ნიკოლაევის უწყებამ «იოლი» გამოსავალი იპოვა - საქართველოდან, ანუ სამხრეთიდან შემოუარა ჩეჩნეთს. ამისათვის, რასაკვირველია, ქართული მხარის თანხმობა იყო საჭირო. ქართველი მესაზღვრეები იმით მოხიბლეს, რომ ვერტმფრენების გამოყენების საშუალებას აძლევდნენ, თუმცა შარშან ზაფხულში, რუსები თუშეთიდან მოულოდნელად «აორთქლდნენ».
    ერთ-ერთი ქართველი მესაზღვრე, რომელსაც ვესაუბრე, დარწმუნებულია: რუსეთს ამ რეგიონში იმდენად საზღვრის დაცვა არ აინტერესებდა (ბოლოს და ბოლოს, საქართველო-თურქეთის საზღვარზეც შეუძლიათ ჩეჩნეთისათვის განკუთვნილი ტვირთის შეჩერება), რამდენადაც ადგილობრივი მოსახლეობის განწყობის შესწავლა ზემოთ ნახსენები «ეთნოგრაფიული დივერსიის» გათვალისწინებით.
    როგორც ჩანს, «თუშური სეპარატიზმის» გაღვივების მცდელობა უპერსპექტივოდ ჩათვალეს და გუდა-ნაბადიც აიკრეს. მიუხედავად ამისა, აშკარად ხორციელდება სხვა, არანაკლებ მზაკვრული გეგმა: თუშეთის თანდათანობით «ათვისება» დაღესტნის მიერ. საბედნიეროდ და საქართველოს ამ კუთხეში დარჩენილი მოსახლეობის, აგრეთვე მესაზღვრეების სასახელოდ, - აშკარა აგრესიას ჯერ ვერ გვიბედავენ. ამიტომაც, შესაბამის სტრუქტურათა გაძლიერების შემთხვევაში, თუშეთის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ვინც ამ კუთხეში ყოფილა, მიხვდება რაზეა საუბარი - თუშეთი, სილამაზით, აფხაზეთზე ნაკლები «მარგალიტი» როდია.

მერიდიანი, 9 თებერვალი, 1998 წ.