რაო ერიკ ფურნიემ – «ძალადობაო?!»

რაო ერიკ ფურნიემ – «ძალადობაო?!»

        რამდენიმე დღის წინ, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, ერიკ ფურნიემ მკვეთრი განცხადება გააკეთა მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
        მისი თქმით, დაუშვებელია დემონსტრანტებმა ხელი შეუშალონ საკანონმდებლო ორგანოს თავიანთი პიკეტებით ან გზები გადაკეტონ საკუთარი შეხედულებისამებრ;
        დიპლომატის აზრით, ასეთი მოქმედება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და, ზოგადად, დემოკარტიულ ნორმებს.
        ერიკ ფურნიე ცნობილია მკვეთრი გამოსვლებით თუნდაც აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც მან ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისათვის საკმაოდ არასასიამოვნო განცხადებები გააკეთა. ამდენად, იგი სააკაშვილის თავგადაკლულ მომხრედ ნამდვილად ვერ ჩაითვლება, მაგრამ მაინც საფრანგეთის ელჩია და მისი განცხადება გარკვეულწილად ასახავს კიდეც დასავლეთის ბოლოდროინდელ დამოკიდებულებას თბილისში მიმდინარე ქრონიკული აქციისადმი.
        საფრანგეთის ელჩის განცხადებას ოპოზიციის მხრიდან დაახლოებით ასეთი პასუხი მოჰყვა: «ჩვენ პარლამენტის მუშაობას ხელს არ ვუშლით – მხოლოდ შესასვლელთან ვდგავართ და დეპუტატებს მორალური წნეხის ქვეშ ვატარებთ – ეს მათი ბრალია, რაკი ასეთი დამოკიდებულება დაიმსახურესო».
        ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კანონები კი გვაქვს ევროპული ქართველებს, მაგრამ აზროვნებით ჯერ მაინც აზიელები ვართ. ნებისმიერი ევროპელისთვის სტვენა და ლანძღვა ისეთივე ძალადობაა, როგორც ცემა.
        როდესაც ერიკ ფურნიე ამბობდა «დაუშვებელია დეპუტატთა იძულებაო», იგი მაინცდამაინც მხოლოდ თავში კეტის რტყმას არ გულისხმობდა. მისი განცხადება ოპოზიციისათვის (თუ ელემენტარული გონიერება არ დაუკარგავს) იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ დასავლეთი ამ აქციებს უკვე მარაზმად მიიჩნევს, ხოლო ასეთი დამოკიდებულება კარგს არაფერს უქადით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ გზით ხელისუფლებაში მოვლენ.
        გაფიქრებაც კი შეგზარავს კაცს, რას მოიმოქმედებს ფრანგული პოლიცია – რომელიმე ოპოზიციურმა ჯგუფმა ან უკმაყოფილო მოქალაქეებმა საფრანგეთის «ეროვნული ასსამბლეის» შესასვლელთან კარვები რომ დადგას, პიკეტი მოაწყოს და დეპუტატებს თუნდაც უსტვინოს, როდესაც შესასვლელს მიუახლოვდებიან. ძვლებს ვერ აკრეფენ ის უბედურები – იმდენს ურტყავენ! ამიტომაც არ ტარდება დემოკრატიულ საფრანგეთში ამგვარი აქციები – კარვებით და საკნებით.
        სხვათა შორის ბევრს უკვირს – «ხომ იცის მიხეილ სააკაშვილმა, რომ რესტორნებთან დემონსტრანტები დახვდებიან ან იქ მიუვარდებიან – რატომ დაჰყავსო უცხოელი სტუმრები რესტორანებში!?
        იცის, როგორ არ იცის, მაგრამ ამას სპეციალურად აკეთებს, რაკი ისიც იცის, რომ პრეზიდენტთან და მის სტუმრებთან რესტორნებში «მივარდნას» მხოლოდ საქართველოში აღიქვამენ «ვაჟკაცობად», თორემ იგივე ევროპელები ამას ჩვეულებრივ ხულიგნობად მიიჩნევენ, რასაც დემოკრატიასთან საერთო არაფერი აქვს.
        პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს ძალიან კარგად იცის და რაც უფრო მეტი დაგროვდება ასეთი ფაქტი, მით ნაკლები იქნება იმის შანსი, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენებას დასავლეთი დაგმობს.