საერთაშორისო მიმოხილვა. 20 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 20 ნოემბერი. 2024 წელი

ასლან ბჟანიამ რუსული მედიისთვის ინტერვიუში განაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც თებერვლისთვისაა დაგეგმილი.

როცა ჰკითხეს: ეს გასაგებია, მაგრამ იმ „საინვესტიციო ხელშეკრულებას“ რა ეშველება, რის გამოც ატყდა ეს ყოველივეო, დავაკვირდეთ რას პასუხობს ექს-პრეზიდენტი ბჟანია: „მე უკვე გადამდგარი ვარ, ეს ჩემს კომპეტენციას სცილდებაო“.

ანუ იმას კი არ ამბობს: „მე რომ ისევ ამირჩევენ პრეზიდენტად, ამ ხელშეკრულებას მაინც მივაღებინებ პარლამენტსო“.

არა.

„ეს მე აღარ მეხებაო“

ანუ დასტურდება, რომ ეს ყოველივე თამაშია, რადგან არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ აფხაზეთის მმართველ ელიტებსაც არ აწყობდათ ამ ხელშეკრულების მიღება და რუსული კაპიტალისთვის აფხაზეთის ფასეული ეკონომიკური სეგმენტების გადაცემა, რაც ახლა მართვაშია (!) გადაცემული იმავე აფხაზური ელიტებისა და გავლენიანი კლანებისთვის.

არა ნაკლებ საყურადღებოა ასლან ბჟანიას მეორე განცხადება: „ჩვენ რუსეთთან ურთიერთობას ავაწყობთ 2008 წლის რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულებისა და 2014 წლის რუსეთ-აფხაზეთის ხელშეკრულების თანახმადო.“

ეს მინიშნება შემთხვევითი არ არის.

2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, ჩლუნგად ანტიქართულმა კრემლის ორმა ბინადარმა (ჯერ მედვედევმა, მერე იმავე პუტინმა) „ოღონდ საქართველოს ჯინაზე“ და „ოღონდ NATO-ს წინააღმდეგ“ ჩლუნგი ინსტინქტით ისეთი ორი ხელშეკრულებები გააფორმეს სოხუმთან, რომლებშიც მართლა არაფერია ნათქვამი არც „რუსული კაპიტალის დაშვებაზე“, არც „აპარტამენტებზე“, არც „ახალი ათონის მონასტერზე“ და საერთოდ არაფერზე იმ სიიდან, რაც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში „წარუდგინა“ პუტინმა სოხუმს და სანაცვლოდ მიიღო....„ბუს კვერცხები“

ის ორი ხელშეკრულება რეალურად გულისხმობდა შემდეგს: „რუსეთი აფხაზებს მოგვცემთ ყველაფერს, რაც გვჭირდება, საქართველოსგანაც დაგვიცავთ, ფულსაც მუდამ ჩაგვირიცხავთ, ხოლო ჩვენგან ვერ მიიღებთ ვერაფერს რუსეთისადმი სიყვარულის სადღეგრძელოების გარდა“

ისე მათ დაუმშვენდათ „ამრა“, რამდენი მათ რუსები სინამდვილეში არ უყვართ XIX საუკუნის გენოციდისა და „მუჰაჯირობის“ (აფხაზეთიდან გაძევების) გამო

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტია და ჯერ კიდევ უმაღლესი მხედართმთავარია, ნებას რთავს პენტაგონს, გადასცეს უკრაინას რამდენიმე ათასი „ანტიფეხოსნური ნაღმი“.

ანუ ნაღმები ცოცხალი ძალის (და არა სამხედრო ტექნიკის) წინააღმდეგ, რომელიც ეფლობა მიწაში და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსული საოკუპაციო არმიის შეტევის მოსაგერიებლად დონბასზე.

აქ რამდენიმე საინტერესო მომენტია: ანუ ირკვევა, რომ დღემდე (!) უკრაინას ამერიკა არ აწვდიდა ამ ძალიან საჭირო ნაღმებს, რაკი 2022 წელს იმავე პრეზიდენტმა ბაიდენმა აკრძალა ანტიფეხოსნური ნაღმების მიწოდება უკრაინისთვის და საერთოდ მათი ექსპორტი სადმე, გარდა კორეის ნახევარკუნძულისა.

ეს ნაღმები კორეის 38 პარალელზე გამოიყენება, რომელიც 1950-იანი წლების ომის შემდეგ ყოფს სამხრეთ კორეას ჩრდილოეთ კორეისგან. და ძალიან ეფექტურია.

მსოფლიოში არსებობს მძლავრი მოძრაობა „ანტიფეხოსნური ნაღმების“ წინააღმდეგ, რომელიც ყველა ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში იბრძვის ამ ტიპის ნაღმების ასაკრძალად, რაკი ნამდვილად ძალიან საშიშია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

არსებობს საერთაშორისო „ამკრძალავი კონვენციებიც“.

ამერიკა მათ შეუერთდა.

სწორედ ამ მიზეზით, ბაიდენის ადმინისტრაცია უხვად აწვდიდა უკრაინის არმიას ტანკსაწინააღმდეგო (ზოგადად სამხედრო ტექნიკის საწინააღმდეგო) ნაღმებს, მაგრამ არა „ანტიფეხოსნურ ნაღმებს“.

ამავე დროს, ბაიდენის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ უკრაინის არმიას ნამდვილად ძალიან უჭირს ახლა დონბასზე. რუსული არმია უდიდესი დანაკარგებით, თუმცა მაინც მიიწევს წინ. ბევრი დასავლელი ექსპერტი ამბობს, რომ უკრაინას ცოცხალი ძალა აკლია. ვინც არის გმირულად იბრძვის, თუმცა ადამიანური რესურსები ამოწურული არ არის.

ბაიდენის ადმინისტრაციამ უცნაური „დათქმა“ მიაყოლა ანტიფეხოსნურ ნაღმებს: „მჭიდროდ დასახლებულ ლოკაციებში არ გამოიყენოთო“

აბა სად უნდა გამოიყენონ, თუკი რუსული საოკუპაციო არმია სწორედ ამგვარ ლოკაციებს უტევს?

. . . . . . . . . . . . . . . . .

არა და არ წყდება დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში მსჯელობა და კვლევა პუტინსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ.

პირველმა ამ სატელეფონო საუბარზე მკითხველს ამცნო The Washington post - ალბათ ყველაზე რესპექტაბელურმა და გავლენიანმა, ასევე ინფორმირებულმა გაზეთმა ამერიკაში.

 ამ გაზეთის სტანდარტებით, ერთდროულად სამი „ინფორმირებული წყარო“ ადასტურებდა: „ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი ნამდვილად შედგაო“.

შეგახსენებთ, რომ WP სწორედ ის გაზეთია, რომელმაც პოსტიდან „გადააგდო“ აშშ პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი 1972 წელს - „უოტერგეიტის“ სკანდალის აფეთქებით და მაშინაც ის მქუხარე პუბლიკაციები ეყრდნობოდა „სამ“ ან მეტ ინფორმირებულ წყაროს, რაც დადასტურდა შემდეგ გამოძიებით.

თუმცა ესეც არაა ყოველივე: სატელეფონო საუბრის ფაქტი დაადასტურა მეორე უაღრესად ავტორიტეტულმა რესურსმა: ბრიტანულმა სააგენტომ Reuters.

ისიც რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს: დიახ, პუტინი და ტრამპი ტელეფონით ესაუბრნენ ერთმანეთს.

თანაც, დავაკვირდეთ ძააააალიან მნიშვნელოვან ნიუანსს: ორივე ეს რესურსი იტყობინება, რომ სწორედ პუტინმა დაურეკა ტრამპს და არა პირიქით.

ამ დროს კრემლი ლამის „თმებს იგლეჯს და ტანისამოსს იხევს“: არავითარი საუბარი პუტინსა და ტრამპს შორის არ შემდგარაო.

ამ ისტერიკას შესაძლოა ორი ურთიერთდაკავშირებული მიზეზი ჰქონდეს:

პუტინი გაბრაზდა იმის გამო, რომ ტრამპის გარემოცვამ ეს ინფორმაცია „გაჟონა“ მედიაში.

„გაჟონვა“ რომ ამერიკული მხრიდან მოხდა და არა რუსული მხრიდან - ცხადია.

პუტინს მისი მონები ამას ვერ გაუბედავდნენ, რაკი არ აწყობდა.

მეორე მიზეზი ისაა, რომ თვით სატელეფონო საუბარი არ აღმოჩნდა კრემლის ბინადრისთვის ისეთი „კომფორტული“ უკრაინის თემაზე, როგორც პუტინი მოელოდა და პუტინს სურდა.

ტრამპმა, იმავე წყაროთა ცნობით, მიანიშნა პუტინს, რომ მას მოუწევს მძიმე კომპრომისები უკრაინაზე.

კრემლის მოთხოვნა კი ისაა, რომ „შეირჩინოს“ უკვე დაპყრობილი, ოღონდ იმ დათქმით, რომ ცეცხლის ამჟამინდელ ხაზზე შეწყვეტის შემდეგ უკრაინა იარაღს საერთოდ აღარ მიიღებს დასავლეთისგან და პირველ რიგში ამერიკისგან.

ესე იგი „კორეული“ ცეცხლის შეწყვეტა პუტინს არ აწყობს: „სამხრეთ კორეა“ რომ ამერიკამ აუღებელ ციხე-სიმაგრედ აქცია დაზავების შემდეგ 50 წლის განმავლობაში, იგივე არ სურს განმეორდეს უკრაინაში

მაგრამ, მეორეს მხრივ, პუტინის ვარიანტს ტრამპი ვერ დათანხმდება ელემენტარულად: იმიტომ ვერ დათანხმდება, რომ არც თვით უკრაინა დაეთანხმება და არც ევროპელები დაეთანხმებიან.

გერმანია რომ გერმანიაა, ისიც კი არ დაეთანხმება, რომ ახლა ცეცხლი შეწყდეს, ხოლო დასავლეთმა იკისროს ვალდებულება უკრაინას იარაღით არ დაეხმაროს და 10 წლის შემდეგ, ახალი აგრესიით, პუტინი სულ „ჯლიგინ-ჯლიგინით“ გავა პოლონეთის საზღვარზე ლვოვიდან.

პირიქით: პუტინთან ახლა დაზავება თუ მოხერხდა, ისიც კი  უუუუუუდიდესი კომპრომისი იქნება კიევის და ევროპის მხრიდან, რომ პუტინმა მხოლოდ უკვე დაპყრობილი ტერიტორია იკმაროს და მეტი აგრესია ვეღარასოდეს გაბედოს.

ეს უკვე მხოლოდ უკრაინის თემა აღარ არის - ევროპის სამომავლო სტრატეგიული უსაფრთხოების თემაა.

აქ ევროპელები არ დაუთმობენ არაფერს ტრამპს. თუმცა თვით ტრამპიც ასე არ შეილახავს საკუთარ იმიჯს ამერიკაში, რაც „დემოკრატებმა“ შეიძლება „შეუფუთონ“, როგორც „ავღანეთზე უარესი უკან დახევა და ამერიკის დაკნინება“

პუტინი კი ამჟამად ხდება მსხვერპლი ცნობილი სოციო-ფსიქოლოგიური სინდრომისა: მან თავად გააღვიძა სისხლმოწყურებული მხეცი შოვინისტურ რუსულ საზოგადოებაში, რომელიც ახლა მაქსიმუმს მოითხოვს და რაიმე კომპრომისს არც მას აპატიებს.

 

კვლავ ვიმეორებ: „წითელი ხაზია“ ის საკითხი, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, უკრაინას დასავლეთი „გადარჩენილი ტერიტორიის“ უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს თუ არა - ან NATO-ს წევრობით, „გადარჩენილ ტერიტორიის“ თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებით ან იარაღის მიწოდებით.

 

სხვათა შორის, მივაქციოთ ყურადღება, რომ თვით ტრამპი ნიშანდობლივად სდუმს ბაიდენის იმ გადაწყვეტილებაზე, რომ უკრაინას დართო ნება რუსეთის სიღრმეში გამოიყენოს ამერიკული რაკეტები.

ამის თაობაზე მისი გარემოცვის წევრები აკეთებენ განცხადებებს, თუმცა ტრამპი სდუმს.

სანამ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, იცოცხლე.....სასტიკად აკრიტიკებდა ასეთების გამო ბაიდენს, მაგრამ ახლა, როცა უკვე პრეზიდენტია (თუნდაც ჯერ President-elect) ბევრად „მდუმარეა“ გარკვეულ კონტრავერსიულ საკითხებზე

 

აკი ვთქვით ბევრჯერ წინა მიმოხილვებში, რომ ერთია რას ლაპარაკობს პოლიტიკოსი სანამ იბრძვის ხელისუფლებისთვის და სულ სხვაა, როცა  მოიპოვებს ხელისუფლებას და უკვე სწორედ მას ეკისრება ყველაფერზე პასუხისმგებლობა.