საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ნოემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 ნოემბერი. 2023 წელი

ისრაელი უმძიმესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: `ცახალმა` ალყა შემოარტყა ღაზის უდიდეს ჰოსპიტალს. ისრაელის დაზვერვა დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ ჰოსპიტლის ქვეშაა `ჰაბი` ყველა გვირაბის, რომელიც `ჰამასმა` ბოლო 15 წლის მანძილზე გაიყვანა სექტორის მიწისქვეშეთში.

იქვეა იარაღის უდიდესი საწყობები და იქვე იმალებიან `ჰამასის` საველე მეთაურები (მაშინ, როდესაც პოლიტიკური მეთაურები, მაგალითად ისმაილ ხანია კატარში ცხოვრობენ).

ისრაელს შეუძლია დიდი სიმძლავრის ბომბებით გაანადგუროს ეს ჰაბი. არსებობს ასეთი ამერიკული ბომბები და ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ზედაპირთან შეხებისთანავე კი არ ფეთქდება, არამედ წიაღში აღწევს და მხოლოდ მაშ შემდეგ ფეთქდება, როგორც კი ცარიელ ადგილს, ანუ გვირაბს ან საწყობს მიაგნებს.

მაგრამ ამ მეთოდს ისრაელი ახლა ჰოსპიტლის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს, რაკი ათასობით ადამიანი დაიღუპება.

ამიტომ ისრაელი, როგორც ჩანს, მიდის უფრო მძიმე გზით: შტურმით აიღებს ჰოსპიტალს მიუხედავად პირად შემადგენლობაში გარდაუვალი დიდი მსხვერპლისა.

ჰოსპიტლის ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან იქ ბევრი დაჭრილია და უამრავი ლტოლვილი.

ჰამასიც ეწინააღმდეგება ევაკუაციას.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 რუსეთის აგენტურა ფრონტზე ვითარების შედარებით `გაყინვას` იყენებს მასშტაბური პროვოკაციებისთვის.

გუშინ უკრაინის რამდენიმე ქალაქში გაიმართა აშკარად კოორდინირებული აქციები იმ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების დემობილიზაციის მოთხოვნით, რომლებიც თებერვალში გაიწვიეს.

აქციებში ძირითადად მონაწილეობდნენ გაწვეული სამხედროთა ახლობლები და ოჯახის წევრები.

უკრაინას არა აქვს საშუალება მუდმივი როტაცია ატაროს ფრონტზე. მისი რესურსები შეზღუდულია. მაშინ, როდესაც რუსეთს ბევრად მეტი რესურსი აქვს.

მიტინგები ჩატარდა ოდესაში, ლვოვში და კრივოი რიღში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლვოვი, რომელიც ტრადიციულად უკრაინული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცენტრი იყო მუდამ.

თუმცაღა იქაც შეაღწია რუსულ სპეცსამსახურთა `სპრუტმა`, რომელიც პოტენციალის 90% 2022 წლიდან სწორედ უკრაინაზე ხარჯავს.

ეს ამბავი მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია სისტემური მიზეზით: პუტინმა და მისმა სპეცსამსახურებმა იციან, რომ განსხვავებით რუსეთისგან, რომელსაც ავტოკრატი მართავს, ხოლო მედია კონტროლირებადია, უკრაინა დემოკრატიული სახელმწიფოა, ამიტომ თუ ფრონტზე სიტუაცია დიდი ხნით გაიყინება, უკრაინული ელიტები განაახლებენ მათთვის ბოლო 30 წლის მანძილზე ჩვეულ საქმეს: ურთიერთდაპირისპირებასა და ძალაუფლებისთვის ბრძოლას.

2024 წლის მარტში პრეზიდენტ ზელენსკის უფლებამოსილების ვადა ეწურება. ზოგადად, ელიტური ბრძოლები, ელიტური, პოლიტიკური ურთიერთდაპირისპირება აბსოლუტურად ნორმალურია დემოკრატიისთვის; ხელისუფლებათა ცვალებადობის გარეშე დემოკრატია არ არსებობს, მაგრამ.......ეს მხოლოდ ნორმალურ, არასაომარ ვითარებაში ანუ იმ დროს და იმ მომენტუმში არა, როცა სახელმწიფო ყოფნა-არყოფნის ზღვარზეა.

სწორედ ამ სისტემური მიზეზით, ფრონტის `გაყინვა` ბევრად მეტად აძლევს ხელს რუსეთს, ვიდრე უკრაინას.

და ზელენსკის გენერლებს  ეს რომ ესმით, ამიტომაც მიმართავენ ახლა ზუსტ და წარმატებულ `წერტილოვან`, თუმცა ძალიან შედეგიან დარტყმებს სევასტოპოლში რუსული ფლოტის პოზიციებზე.

 

უკრაინის გენერალური შტაბის პრეს-სამსახურის ყოფილი უფროსი, ვლადისლავ სელეზნიოვი აცხადებს, რომ ამჟამად უკრაინის არმია 1 მილიონ 300 ათასი მეომარიაო.

ოფიციალურად ეს ციფრი დადასტურებული არ არის. უკრაინა არ ავრცელებს ინფორმაციას არმიის რიცხოვნობის შესახებ.

სელეზნიოვმა ისიც დაამატა, რომ ამ რაოდენობის პირად შემადგენლობას მეტი ჭურვი და სხვა იარაღი ესაჭიროება, ვიდრე დასავლეთისგან იღებს.

 თუ ეს ციფრი რეალისტურია ან თუნდაც სამობილიზაციო რესურსი იგულისხმება და არა უკვე ფრონტზე გაწვეულთა რაოდენობა, ამით დასტურდება, რომ უკრაინას საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს.

კიევმა ნაწილობრივი მობილიზაცია უკვე რამდენჯერმე გამოაცხადა. რუსეთმა კი - მხოლოდ ერთხელ.

მაშინ ითქვა, რომ ამ ერთი ნაწილობრივი მობილიზაციით პუტინმა ფრონტზე(!) მყოფი არმიის რიცხოვნობა 500 000 მეომრამდე აიყვანა.

მას შემდეგ კრემლს მობილიზაცია არ გამოუცხადებია და პუტინი ცდილობს `კონტრაქტორთა `რაოდენობა გაზარდოს არა რუსებით, არამედ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებით.

სულაც არ არის გამორიცხული, კორეელები ჩამოიყვანოს და ისინი აომოს იმის ნახევარ და მესამედ ფასად, რის სანაცვლოდაც რუსები მსახურობენ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის მოთმინების ფიალა თანდათან ივსება `ჰესბოლლას` მიმართ სირიაში, სადაც პროირანულმა დაჯგუფებამ რამდენიმეჯერ პროვოკაციულად `დაარტყა` ამერიკულ ბაზას.

საპასუხოდ, გუშინ (კვირას)  ამერიკულმა თვითმფრინავებმა ხმელთაშუა ზღვის ფლოტიდან (ანუ ავიამზიდებიდან, რომლებიც ისრაელის წყლებში დგანან) აგრეთვე სხვა ბაზებიდან მძლავრად დაარტყეს `ჰესბოლლას` რამდენიმე პოზიციას სირიაში.

ამის შესახებ განცხადება პირადად აშშ თავდაცვის მინისტრმა ლლოიდ ოსტინმა გააკეთა და ირანი კიდევ ერთხელ გააფრთხილა.

ოსტინმა მის  განცხადებაში ისიც აღიარა, რომ `ჰესბოლლას` (ანუ, ფაქტობრივად ირანის შეიარაღებულ ძალთა) თავდასხმის შედეგად, `ათეულობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა`

აი ეს ფაქტი უკვე  ძააააალიან მნიშვნელოვანია: ირანს აქვს სამხედრო-ტექნიკური საშუალებები, მათ შორის დრონები და რაკეტები, რათა სერიოზულად დააზიანოს ამერიკული ჯარები სირიაში.

დღევანდელი ირანი 20 წლის წინანდელი ერაყი არ არის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკულ USA Today-ს ედითორიალში გაანალიზებულია დონალდ ტრამპის ბოლო განცხადება ფლორიდაში: `მე მაქვს უნარი, რათა უზრუნველვყო მშვიდობა ძალით! ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მესამე მსოფლიო ომთან`.

დავაკვირდეთ ამ სლოგანს: `მშვიდობა ძალით!`

თავისთავად სრულიად შესაძლებელია, დიდმა სახელმწიფომ ძალით დაამყაროს მშვიდობა, მაგრამ,,,,, როგორც ავტორი აღნიშნავს, ამგვარ `მშვიდობის განხორციელებას` ორი სისტემური მიზეზი უშლის ხელს

 

ა) ამერიკაში არსებული უკვე არა მხოლოდ ელიტური, არამედ სისტემური `ხლეჩა`, რაც ძალიან სახიფათო მოვლენაა და შესაძლოა 2024 წლისთვის, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამოქალაქო დაპირისპირებაც კი გამოიწვიოს

 

ბ) პლანეტაზე სერიოზული და ანგარიშგასაწევი  `ძალთა ცენტრები` მომრავლდა, როგორც ავტორი წერს.

მართლაც, თუ 50 წლის წინ მხოლოდ ორი ძალის ცენტრი იყო - ვაშინგტონი და მოსკოვი, ხოლო 1990-იან წლებში, ფაქტობრივად მხოლოდ ვაშინგტონი დარჩა, ახლა ვითარება კარდინალურად შეცვლილია: ჩინეთი იზრდება, სხვა ძალის ცენტრებიც ჩნდება; შესაბამისად მსოფლიოში კონფლიქტოგენური კერები, მათ შორის მიმდინარე კონფლიქტები მატულობს: 24 ასეთი კერაა ახლა პლანეტაზე.

იგულისხმება არა მხოლოდ უკრაინის ომი, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, არამედ მაგალითად ჩინეთ-ტაივანის `ნელ-თბილი` კონფლიქტი და სხვა.

როგორ აპირებს ტრამპი `ძალით გლობალური წესრიგის დამყარებას`, მით უმეტეს, როცა მისი `ფილოსოფიისა` და `პოლიტიკური პროექტის ` არსი სწორედაც ამერიკული იზოლაციონიზმია?!

განა პრეზი8დენტი ტრამპი არ იყო, რომ ამბობდა `ავღანეთში რა გვესაქმება, უნდა წავიდეთ იქიდან და სხვამ იმტვრიოს თავიო?`

განა პრეზიდენტი ტრამპი არ ამბობდა: სირიაში რაღა გვესაქმება, სხვამ მიხედოს ახლაო?`

ჯერ-ჯერობით უპასუხოა ეს კითხვები.

. . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მუდამ ხდებოდა კაცობრიობის ისტორიაში, უკრაინულმა ომმა იარაღის ახალი თაობის პროდუცირებას და გამოცდას შეუქმნა ასპარეზი: რუსული და უკრაინული არმიები იყენებენ ახალი თაობის ჭურვებსა და საფრენ აპარატებს, რომლებიც ფეთქდებიან არა უშუალოდ სამხედრო ტექნიკის ბორტზე, არამედ მისგან რამდენიმე მეტრში; რაც უფრო შედეგიანი აღმოჩნდა ტანკებისა და ჯავშანმანქანების დაცვის სისტემების გადასალახად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთმა ახალი სატანკო ბატალიონი განალაგა ბელორუსის საზღვარზე.

რატომ არის ეს ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი?

 რამდენიმე დღის წინ რუსეთი საბოლოოდ გავიდა `ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვის` ისტორიული ხელშეკრულებიდან, რომელიც `ცივი ომის` დასალიერს, 1990 წელს გაფორმდა და სსრკ დაშლის შემდეგ, 1999 წელს მოხდა მისი ადაპტირება ახალი რეალიების შესაბამისად.

ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა ე.წ. `ფლანგურ შეზღუდვებს` ანუ ზღუდავდა NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, რათა ჯარები განელაგებინა რუსეთთან ან რუსეთის მოკავშირე ქვეყნების საზღვრებთან;

 გახსოვთ ალბათ, 1990 - იან წლებში, ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს, ბევრი ლაპარაკი იყო ამ ხელშეკრულებაზე.

1999 წლის ეუთოს ისტორიულ სამიტზე სწორედ ამ ხელშეკრულების წყალობით მოხერხდა ხელშეკრულების გაფორმება საქართველოდან რუსეთის ბაზების გაყვანის შესახებ, რადგან მათი ყოფნა საქართველოში ეწინააღმდეგებოდა `ფლანგურ შეზღუდვებს`.

ბალტიის ქვეყნებმა საერთოდ უარი თქვეს `პარიზის ხელშეკრულების` რატიფიცირებაზე, რაკი დაინტერესებულნი იყვნენ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ჯარების განლაგებით თავიანთ ტერიტორიაზე.

რუსეთმა ამ დიდი, ნამდვილად ისტორიული ხელშეკრულებიდან გასვლა დაიწყო რამდენიმე წლის წინ, როცა უკვე გეგმავდა აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და ბელორუსში სჭირდებოდა ჯარების კონცენტრაცია.

სხვათა შორის..... მას შემდეგ რაც `პარიზის ხელშეკრულებამ` მოქმედება შეწყვიტა, აბსოლუტურად აღარაფერი უშლის ხელს, რომ საქართველოში NATO-ს წევრი სახელმწიფოების, მაგალითად ამერიკის სამხედრო ბაზები განლაგდნენ.