როგორ ახერხებს მიშა ვიდეო-მიმართვების გავრცელებას სასამართლო დარბაზიდან?

როგორ ახერხებს მიშა ვიდეო-მიმართვების გავრცელებას სასამართლო დარბაზიდან?

მე არასდროს არაფერს „ვაპრავებ“. მხოლოდ აღვწერ და ვცდილობ ავხსნა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ერთმა „ცნობილმა“ ჟურნალისტმა „აღშფოთება ვერ მოთოკა“, თუ რატომ აძლევენ მიშას საშუალებას ვიდეომიმართვები ჩაწეროს სასამართლო პროცესებიდან მაშინ, როდესაც სხვებს ტელეფონის ამოღებას უკრძალავენ და სხდომებს უხურავენო.

კონსპირაციებიც დაახვავა.

აგიხსნით, რატომ ხდება ის, რაც ხდება:

მიშას გამოსვლებს იწერს (ან ლაივში გადასცემს და სხვები იწერენ) მისი ადვოკატი გახსნილი ნოუთბუკით, რომლის კამერა განსასჯელისკენაა მიმართული.

მოდით მოდელირება ვცადოთ, როგორ შეიძლება მოსამართლემ ჩაწერა შეაჩეროს:

დავუშვათ, მოსამართლემ შენიშნა ჩაწერა (სინამდვილეში დიდი ხნის წინ შენიშნა ანუ იცის ეს ამბავი) და სასამართლოს მანდატურს უბრძანა, შეამოწმოს, იწერს თუ არა ადვოკატი გამოსვლას ან გადასცემს თუ არა „ლაივში“, რათა სხვებმა ჩაიწერონ და გაავრცელონ მაშინ როდესაც ფორმალურად აკრძალულია.

როგორ უნდა შეამოწმოს ეს მანდატურთა სამსახურმა?

არსებობს ერთადერთი საშუალება - გახსნან ის ნოუთბუკი და შეამოწმონ პარამეტრებში ან ფაილებში.

ასეა ხომ?

დიახ, მაგრამ...... ის ადვოკატი ნებით თავის ნოუთბუკს მანდატურებს არ დაუთმობს!

გამორიცხულია.

უეჭველად იტყვის, რომ მის კუთვნილ კომპიუტერში ადვოკატის საიდუმლოება ინახება და ამ ფორმით ხელისუფლება ამ ინფორმაციის ამოღებას ცდილობს.

დარბაზაში აუცილებლად დაიწყება ჯაჯგური, შესაძლოა ჩხუბიც.

თუმცა დავუშვათ ბოლოს მაინც წაართვეს მანდატურებმა ადვოკატს ნოუთბუკი, ნახეს ჩანაწერი და ასე შემდეგ

მერე რა?

ადვოკატები დაუყოვნებლივ გააგზავნიან საჩივარს სტრასბურგში, რომ ხელისუფლება უხეში ძალით შეიჭრა ადვოკატის უფლებამოსილებაში და ძალით მოიტაცა ადვოკატის საიდუმლოება ანუ სხვა ინფორმაცია(ც) რაც იმ ნოუთბუკში ინახება.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო (ECHR) არასდროს არ ერევა საქმის არსებით განხილვაში.

არასდროს!!

აი ამას საქართველოში ბევრს ვერ შეაგნებინებ, ვერ აუხსნი და ვერ შევიდა ეს „გრუზინების“ ტვინში:

ECHR არ არის სასამართლოს „მეოთხე ინსტანცია“, რომელიც განსჯის სწორი გადაწყვეტილება მიიღო ამა თუ იმ სს საქმეზე საქართველოს სასამართლომ თუ არ მიიღო სწორი გადაწყვეტილება; სამართლიანი განაჩენი გამოიტანა თუ უსამართლო განაჩენი გამოიტანა; საკმარისი იყო მტკიცებულებანი გადასაწყვეტად თუ არ იყო საკმარისი და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ.....მაგრამ....... სტრასბურგის სასამართლო (და ეს მისი შეუვალი კონვენციური უფლება/მოვალეობა/ვალდებულებაა) მუდამ განსჯის იმას, ჰქონდა თუ არა განსასჯელს და მის ადვოკატს დაცვის განხორციელების საშუალება!! ხომ არ ეშლებოდათ ხელი ამ უფლების განხორციელებაში და ა.შ.

ანუ იყო თუ არა თვით სასამართლო პროცესი კონვენციურად, პროცედურულად ს ა მ ა რ თ ლ ი ა ნ ი.

სტრასბურგის სასამართლო, როგორც კი ნახავს კადრებს ან მიიღებს მტკიცებულებებს, რომ სახელმწიფო მოსამსახურის ფორმაში ჩაცმული პირები სასამართლოს დარბაზში ეჭიდავებიან ადვოკატს (ის ნებით არავის არაფერს მისცემს გარწმუნებთ-დ.), ძალით ართმევენ ნოუთბუკს, სცემენ და ა.შ.....მორჩა, არ მიაქცევს ყურადღებას რა მოტივით და რატომ ეჭიდავებოდნენ: სტრასბურგი აუცილებლად ( ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ!) ჩათვლის მომხდარს „სამართლიანი მართლმსაჯულების“ კონვენციური უფლების დარღვევად.

ბრალდებათა „შინაარსში არ შევა“, მაგრამ ამ უფლების დარღვევას უეჭველად დაადგენს.

და ვერანაირად ვერ დაუმტკიცებ, რომ მიზნად ადვოკატის საიდუმლოს მოპარვა კი არ გქონდა, არამედ „მხოლოდ“ გამოსვლის ჩაწერის ან „ლაივ-სტრიმინგის“ შეწყვეტა

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ადვოკატს ნოუთბუკი დარბაზში საერთოდ რომ არ შეატანინოოოოონ?

ნუუუუუუურას უკაცრავად!

ნოუთბუკი იმავე ადვოკატური საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელ მოწყობილობად მიიჩნევა, სადაც ინახება საქმის მასალები, მტკიცებულებები და მთლიანობაში სჭირდება ადვოკატს.

„ქაღადზე დაწეროსო“.

არა ბატონო..... რა ქაღალდზე - რომელი საუკუნეა?

ეს შეიძლება ჟურნალისტს უთხრა: „კომპიუტერს დარბაზში არ შეგატანინებ, ქაღალდზე დაწერეო“.

ადვოკატს ამას ვერ ეტყვი;

ამგვარი მოთხოვნა, ისევ და ისევ, საადვოკატო საქმიანობისთვის ხელის შეშლად ჩაითვლება.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მერედა რა, თითქოს, თუ ჩაითვლება?

ანუ „მერე რა“ თუ ჩაითვლება, რომ ადვოკატთან ჭიდაობა, ადვოკატის „ცემა“ და მისთვის ნოუთბუკის ძალით წაგლეჯა (შესამოწმებლად) საადვოკატო საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლაა?

ზოგს რომ ჰკითხო, რა შეიცვლება ვითომდაც ამით?

„წეროს და იკითხოს სტრასბურგმა“?

კვლავ ნურას უკაცრავად.

ძააააალიან ბევრი რამ შეიცვლება:

პირველ რიგში ის, რომ როგორც კი სტრასბურგის სასამართლო (რომელიც „სს საქმის შინაარსში არ შედის“) ჩათვლის, რომ განსასჯელს სამართლიანი მართლმსაჯულების (!) უფლება ეზღუდება მისი ადვოკატისთვის ხელის შეშლით, მისი ადვოკატის ცემით და საადვოკატო საქმიანობისთვის აუცილებელი, საადვოკატო საიდუმლოების შემცველი ნოუთბუკის წართმევით, ECHR აამოქმედებს მისთვის იმავე კონვენციით მინიჭებულ „ურგენტული ჩარევის ინსტრუმენტებს“.

ერთ-ერთი ამგვარი ინსტრუმენტი „რამე რომ იყოს“ შესაძლოა განსასჯელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნაც კი გახდეს.

დიახ, დიახ, შეიძლება ასეც მოხდეს.

მით უმეტეს, რომ........ მოსწონს ვინმეს თუ არა, მიშა სააკაშვილი არ არის “ჩვეულებრივი პატიმარი“.

მიშა „სტატუსური პერსონაა“.

კვლავ მოსწონს ვინმეს თუ არა, ეს სამყარო ისეა მოწყობილი, რომ „სტატუსურ პერსონას“, დიახაც, მუდამ, სანამ ეს სამყარო არსებობს, ექნება იმის ს ა შ უ ა ლ ე ბ ა, რისი ს ა შ უ ა ლ ე ბ ა ც ჩვეულებრივ განსასჯელს შესაძლოა არ ჰქონდეს და ვერც მოიპოვოს ვერანაირი „ჭიდაობით“ სასამართლო დარბაზში.

მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილს არა აქვს დასავლეთში იგივე „სტატუსი“ რაც მიშას.

ამიტომ მისი ადვოკატები იგივეს ვერ შეძლებენ, ვერ მოახერხებენ. ვერ გაბედავენ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

რაც მთავარია და რასაც ალბათ ბევრი არ დამიჯერებს: აბსოლუტურად გამორიცხულია, „ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგის მითითება არ შეასრულოს!

გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა.

თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს რომ გადაწყვიტოს „სტრასბურგმა“ „მიშა დაუყოვნებლივ გამოუშვით, ან აღკვეთის ღონისძიება შეუცვალეთ რაკი „სამართლიანი მართლმსაჯულების“ უფლებას ვერ ახორციელებსო“, ხელისუფლება იძულებული გახდება ეს მოთხოვნაც შეასრულოს.

დიახ, არც ერთი პროცენტით არ მეპარება ეჭვი, რომ შეასრულებს, რაც არ უნდა გადაწყვიტოს სტრასბურგმა.

ამას თავისი ღრმა სისტემური მიზეზები აქვს და მათზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს.

ასე რომ......გერმანიის პირველი კანცლერის, ოტტო ფონ ბისმარკის გენიალური გამონათქვამით „პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა“.

და, მაშასადამე, ვისაც/როგორც არ უნდა „უთხრიდეს“ ნერვებს, რომ მიშა გამოდის, ლაპარაკობს, მიმართავს და მისი ჩანაწერები ვრცელდება......ცივი წყლის დალევა მოუწევს.

ხელისუფლება კი ნამდვილად ბრძნულად და მიზანშეწონილად იქცევა, როცა ემოციებს თოკავს და ბისმარკის უჭკნობ მაქსიმას ითვალისწინებს.