„ძველი-ახალი მთავრობა“
«გუნ-გუნდად მოთამაშენი»
გუშინ პარლამენტი შეუდგა მთავრობის ძველ-ახალი შემადგენლობის განხილვას. დეპუტატები აღშფოთებას არ მალავდნენ იმის გამო, რომ მთავრობა, ფაქტობრივად, იგივეა, ანუ მეტისმეტად ბევრი «ნაცნობი» სახეა.
თუმცა ეს არ ნიშნავს ყველას «ჩაგდებას». ზოგიერთი ცნობილი პოლიტმოღვაწე უკვე მორცხვად აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული, ამა თუ იმ მინისტრს მხარი დაეჭიროს, ოღონდ ვინაობას არ ასახელებს. ალბათ, მეტისმეტი სიმორცხვის გამო. ზოგადად, ლაპარაკი ყოველთვის ადვილია - ასე უფრო დაუძვრებიან პასუხისმგებლობას.
საერთოდ, მთავრობასთან დაკავშირებით ერთობ კომიკური ვითარება იქმნება: პოლიტიკური ჯგუფები და პარტიები ერთმანეთს «ნაცემი ძაღლებივით» უყურებენ და ეჭვს არ მალავენ: კენჭისყრა ღიაა და უმალვე გაირკვევა, ვინ დაუჭირა მხარი, ვინ - არა. ჩამოყალიბებული იდიოტური ტრადიციის შესაბამისად, ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ხმას მისცემს მთავრობას, ავტომატურად ხდება პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე, უფრო მეტიც, - საკმარისია, თუნდაც 1 ან 2 მინისტრობის კანდიდატის მხარდაჭერა და უმალვე ჩამოყალიბდება არგუმენტი: «თქვენ არ იყავით, ტაშის გრიალით რომ ამტკიცებდით მინისტრებს?..» რა თქმა უნდა, ამას ყველა მოერიდება, ამიტომ ერთმანეთსაც ერიდებიან და ფრთხილობენ (უფრო სწორად, ჭოჭმანობენ).
არადა, თუ პოლიტიკური თვალსაზრისით განვიხილავთ, ხელისუფლებათა გაყოფის ამერიკული მოდელი სულაც არ გულისხმობს იმ პარტიის (ან დეპუტატის) პასუხისმგებლობას, ვინც ხმას მისცემს მინისტრობის კანდიდატს.
«ამერიკული მოდელი» ნიშნავს ხელისუფლებათა მკაცრ გამიჯვნას, ამ სისტემაში პარლამენტი კი არ ამტკიცებს მინისტრს, არამედ ეთანხმება პრეზიდენტის წინადადებას, რაც ერთი და იგივე არ გეგონოთ. ამერიკელ კონგრესმენს ვინმემ რომ უთხრას, ამა თუ იმ კანდიდატზე პრეზიდენტისთვის თანხმობის შემთხვევაში, შემდგომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაგეკისრებაო, სიცილით მოკვდება. სინამდვილეში, ამ პროცედურამ (ისევე, როგორც ბევრმა სხვა რამემ) მნიშვნელობა ჩვენთან შეიძინა, თორემ «ამერიკულ მოდელში» მინისტრობის კანდიდატის დანიშვნაზე საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა დიდწილად ფორმალური პროცედურაა.
ეს სრულიად ბუნებორივია - პრეზიდენტი (ამ სისტემაში), ფაქტობრივად, აკომპლექტებს საკუთარ ადმინისტრაციას, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო ვერ შეეხება და ვერც პოლიტიკური მოტივით გამოუცხადებს უნდობლობას. ამიტომაცაა, ძალზე იშვიათი შემთხვევა, რომ ამერიკის კონგრესი არ დაეთანხმოს პრეზიდენტს ამა თუ იმ მინისტრის დანიშვნაში და მას (ამით) უნდობლობა გამოუცხადოს.
ვიმეორებ, ამ სისტემაში პრეზიდენტი უშუალოდ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ ხელისუფლებას, ქმნის საკუთარ გუნდს, თავის ადმინისტრაციას, მთელი პასუხისმგებლობაც მას ეკისრება და არ დაეთანხმო მინისტრის კანდიდატურას, იგივეა, არ დაეთანხმო პრეზიდენტს ამა თუ იმ თანაშემწის დანიშვნაში. თუკი მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრება, რა შენი საქმეა, ვის დავნიშნავ ჩემს თანაშემწედ?
რასაკვირველია, ბუნებრივად წარმოიშობა კითხვა: რაღა საჭიროა მაშინ პარლამენტის თანხმობა? პასუხად, ანალოგიური კითხვა: რა საჭიროა პარლამენტის გადაწყვეტილება გარდაცვილი დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ?
სულ სხვა საქმეა, თუ მოქმედებს ხელისფლებათა გაყოფის «ფრანგული» ან «რუსული» (პოლონური, სომხური და ა.შ.) სისტემა, სადაც პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში მისი უფლებამოსილება უნაწილდება პრემიერ-მინისტრსა და კაბინეტს.
ასეთ შემთხვევაში, უკვე საკანონმდებლო ორგანოს ეძლევა უფლება პოლიტიკური მოტივით ან, უბრალოდ, «არადამაკმაყოფილებელი» მუშაობის გამო გადააყენოს თანამდებობიდან მინისტრი, და მთლიანად უნდობლობა გამოუცხადოს მინისტრთა კაბინეტს. დღეს პარლამენტი მინისტრს ვერ გადააყენებს, ამ უკანასკნელმა ქვეყანაც რომ დააქციოს - მინისტრის იმპიჩმენტი შესაძლებელია, თუ იგი (ვთქვათ) კაცს მოკლავს, ქალს გააუპატიურებს და ეს დოკუმენტურად დამტკიცდება.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, პრეზიდენტი შევარდნაძე სრულიად ლოგიკურად მოიცა, როდესაც ეს შემადგენლობა წარუდგინა პარლამენტს და თან დაუმატა (რადიოინტერვიუში): მე შემოგთავაზეთ მინისტრთა კაბინეტი, თქვენ იგი არ მიიღეთ (ალბათ, ვერც მიიღებენ - ატ.), ამიტომ გთავაზობთ გუნდს, რომელსაც ვენდობი და ვიცნობ.
როცა პარლამენტი ცვლილებას შეიტანს კონსტიტუციაში და დააფუძნებს კაბინეტს, - პრეზიდენტი სულ სხვა ალგორითმით იმოქმედებს, სხვა მიმართებები ჩამოყალიბდება, სხვაგვარად გადანაწილდება პასუხისმგებლობა და შევარდნაძეც ახალი ტექნოლოგიით იმოქმედებს, რაც, უეჭველად, ნიშნავს ახალ სახეებს მთარვობაში.
ეს საკითხები მჭიდროჟდ უკავშირდება ე.წ. გუნდის თემა.ს აღარ დამთავრდა საუბარი იმაზე, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ არსბეობს ერთიანი გუნდიდა თითქოს სწორედ ამითაა განპირობებული კრიზისი და ასე შემდეგ. სინამდვილეში, არავითარი აზრი ერთიანი გუნდის არსებობა სდღევანდელ ვითარებაში არ აქვს, რადგან, მთავრობა არ არის კოლეგიალური ორგანო. კვლავ და კვლავ ვიმეორებ, მთავრობა (ანუ მინისტრების ნაკრები, რომელსაც ჩვენ მთავრობათს ვწუოდებთ) არის მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მხოლოდ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, მის გარეშე ვერც ერთ ნაბიჯს მთავრობა ვერ გადადგამს.
ამდენად, არსებობს მხოლოდ ერთი გუნდი - თვით პრეზიდენტი. სხვა გუნდი ამჟამინდელს სისტემაში ვერ იარსებებს: მინისტრები თუ სხვადასხვა შეხედულებისა და ორიენტაციისა არიან, ესეც არ არის არაბუნებრივ, განა ამერიკის ადმინისტრაციაში ერთობლივად არ მუშაობდნენ რესპუბლიკელი კოენი და დემოკრატი ოლბრაიტი?
რა მნიშვნელობა აქვს იდეოლოგიურ სხვაობას მიეილ სააკაშვილსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის, თუ ისინი ერთობლივად (კოლეგიურად) არათუ ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვერ მიაღწევენ კონსენსუსს, არამედ «ამერიკულ მოდელში» თეორიულადაც არა აქვთ უფლება ერთობლივი პოზიცია გამოხატონ რაიმე პოლიტიკურ საკითხზე? მათი უფლებამოსილება (ამ თვალსაზრისით) თანაშემწის თუ მრჩევლის უფლებებს არ აღემატება. თითოეული მათგანი საკუთარ დარგში პრემიერ-მინისტრია (ომოდელი სწორედ ამიტომ არ ითვალისწინებს პრემიერის პოსტს, რაკი მათ ფუნოქციას თვით პრეზიდენტი არსულებს), - მაგრამ კოლეგიურად ისინი ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. პარლამენტს კი აქვს უფლება, ერთი თანაშემწე (მრჩეველი) დანიშნოს ამა თუ იმ შეხედულებით, ორიენტაციით, ხლო მეორე, საპირისპირო ორიენტაციით. სულერთია, მის ადმინიტსტრაციაში არის მხოლოდ ერთი ფიგურა, რომელიც პოლიტიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებას იღებს - ესაა თვით პრეზიდენტი.
ამრიგად, დღეს მოქმედ მოდელში «ერთიან გუნდზე» საბუარი უაზრობაა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მინისტრები საჯაროდ არ ლანძღავდნენ და ლაფს არ ასხამდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს გემოვნებისა და პოლიტიკური კულტურის საქმეა. ერთიან გუნდზე საუბარი აზრს შეიძენს მხოლოდ მაშინ, როდესაც (თუ) შეიქმნება ნამდვილი მთავრობა, როგორც კოლეგიური ორგანო, მაშასადამე, ჩამოყლაიბდება მინისტრთა კაბინეტი. თუმცა (რეალობის გათვალისწინებით), ერთიანი გუნდი აღმასრულებელ ხელისუფლებაში საქართველოს არც მაშინ ეღირსება, ვინაიდან, მომავალი მთავრობა, სავარაუდოდ, კოალიციური იქნება - ერთი ისევ ალთას გაიწევს, მეორე ბალთას.
ოღონდ ეს «კრილოვის იგავი» იმ ვითარებაში, შესაძლოა, კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდეს.
დილის გაზეთი, 21 ნოემბერი, 2001 წელი