«ყალბი განგაში» აფხაზეთის საკითხზე
საქართველოს პარლამენტის მიერ «აფხაზეთის თემის» განხილვას და ხელისუფლების წარმომადგენელთა «მკვახე გამონათქვამებს რუსეთის წინააღმდეგ უცნაურად დაემთხვა საინფორმაციო ნაკადის გააქტიურება აფხაზეთში შექმნილი ვითარების თაობაზე.
თავდაპირველი ინფორმაციით, ვლადისლავ არძინბა ჩრდილოეთ კავკასიაში გაექცა შიდა დაპირისპირებას აფხაზურ კლანებს შორის. თვით აფხაზური წყაროების ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ტერორისტული ჯგუფები აწყობენ დივერსიებს, აფეთქებენ ხიდებს, თავს ესხმიან ხელისუფლების ორგანოებს, ხოცავენ მილიციელებს და ა.შ. 8 ოქტომბერს, აფხაზეთის «უშიშროების სამინისტრომ» გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქართული სამხედრო ხომალდი შეიჭრა აფხაზეთის წყლებში და დაბომბა ქალაქი ოჩამჩირე, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. შემდგომ ეს ინფორმაცია საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალთა სარდლობამ უარყო.
სავსებით აშკარაა, რომ საინფორმაციო ნაკადის გაძლიერება დაემთხვა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს სტრასბურგში და ფარულ დიპლომატიურ კონფლიქტს თბილისსა და მოსკოვს შორის; რუსეთმა დღემდე არ დანიშნა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ამ გზით იგი ცდილობს პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს საქართველოზე ბოლოდროინდელ, «თამამ» განცხადებებთან დაკავშირებით; ამავე დროს, «ტერაქტებისა» და «დაძაბულობის» ინსპირირება საქართველოს ბრალდება.
როგორც ჩანს მოსკოვშიც, სოხუმშიც და თბილისშიც ერთგვარი «მოთელვა» გადაწყვიტეს (ჯერ-ჯერობით მხოლოდ საინფორმაციო ფრონტზე), რათა ერთმანეთის პოზიცია მოესინჯათ და შესაძლო შეცდომები სარგებლით გამოეყენებინათ. წარმოუდგენელია, საქართველოს სპეცსამსახურებს ისეთი გავლენა ჰქონდეთ აფხაზეთში, რომ მათ მოახდინონ «ოჩამჩირის» და «გუდაუთის» დაჯგუფებათა დაპირისპირება. ეს კონფრონტაცია უფრო ისტორიული, ობიექტურად არსებული ფაქტორებითაა გამოწვეული.
ამავე დროს, წარმოუდგენელია, შიდა დაპირისპირებამ აფხაზეთში ისეთ დონეს მიაღწიოს, რომ ვლადისლავ არძინბა იძულებული გახდეს მთავრობასთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში გაიქცეს. ასეთი რამ შესაძლებელი რომ იყოს (თუნდაც თეორიულად), «აფხაზური სეპარატიზმის» საკითხი საქართველოში საერთოდ არ წარმოიშობოდა. ერთადერთი რეალური პრობლემა, რომელიც ამ თვალსაზრისით არსებობს აფხაზეთში, არის მძიმე კრიმინოგენული ვითარება; მაგრამ ეს პრობლემა ვერ შეარყევს არძინბას პოზიციებს და ვერ აიძულებს მას, წავიდეს რაიმე კომპრომისზე აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, «ყალბი განგაში» აფხაზეთთან დაკავშირებით იმისთვის იყო საჭირო, რათა გაუბედურებული ლტოლვილები და გაუთავებელი ლოდინით გაწამებული მოსახლეობა დაერწმუნებინათ: თუ საქართველოს ხელისუფლება ჯერ-ჯერობით ერთმნიშვნელოვნად არ მოითხოვს რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანას და არ ცდილობს დაკარგული ტერიტორიის ომით დაბრუნებას, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს ვითარება აფხაზეთში «უკეთესობისაკენ» არ იცვლება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ აფხაზეთი თავად, საქართველოს მხრიდან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, დაბრუნდეს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში.
რა თქმა უნდა ილუზორული სტერეოტიპია, მაგრამ მოსახლეობაზე იგი საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს, - ახალი ომი და ახალი სისხლისღვრა არავის სურს. იმას რა სჯობია, თუ აფხაზეთი უომრად, შიდა წინააღმდეგობის გარეშე დაბრუნდება ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში? არადა, სინამდვილეში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, დღეს საქართველო ისევე შორს არის მიზნისაგან, როგორც 1993 წლის დეკემბერში. არ არის შემთხვევითი, რომ აფხაზეთის თემაზე გაშლილი დისკუსიის პროცესში არსად ჩანდნენ ის ადამიანები, რომლებიც, მიზეზთა გამო, ყველაზე უკეთ იცნობენ აფხაზურ სეპარატიზმს, მაგალითად ბორის კაკუბავა «ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ», არავინ იცის. კაკუბავა, მიუხედავად ექსტრემიზმისა საკმაოდ საღად აფასებს შექმნილ ვითარებას; არანაკლებ კარგად ესმის ამ ვითარების არსი ქვეყნის პრეზიდენტსაც, მაგრამ მას უკან დასახევი გზა სჭირდება, ვინაიდან ახალი ომი აფხაზეთში შეიძლება კიდევ უფრო კატასტროფული შედეგებით დასრულდეს.
«მერიდიანი 44», 15 ოქტომბერი, 1996 წელი.