ქართულ-აფხაზური დიალოგი ინტელიგენციის მორიგი შეცდომაა

 ქართულ-აფხაზური დიალოგი ინტელიგენციის მორიგი შეცდომაა

 

  რამდენიმე კვირის წინ, თბილისის მაღაზიებში გამოჩნდა წიგნი საინტერესო სახელწოდებით: «გრუზინი ი აბხაზი – პუტ კ პრიმირენიუ» წიგნი (სტატიების კრებული) ქართული და აფხაზური ინტელიგენციის «დიალოგს» ასახავს. წიგნში შეტანილია რომელიღაც კონფერენციის მასალები, რომელიც საზღვარგარეთ გამართულა რომელიღაც უნივერსიტეტებისა თუ სამეცნიერო ცენტრების სპეციალისტთა მონაწილეობით.
    ამთავითვე უნდა ითქვას, რომ იმ სპეციალისტებს საკუთარი სამეცნიერო ამბიციის გარდა საერთოდ არაფერი აინტერესებთ, ხოლო საქართველოს უბედურება ისევე უჩქროლებთ გულს, როგორც ჩვენ გვაღელვებს ეთიოპიასა და ერითრეას შორის არსებული კონფლიქტი.
    წიგნის საერთო კონცეფციაც (განურჩევლად იმისა, რა განზრახვა ჰქონდათ ქართველ ავტორებს) სწორედ ეს არის: იხილავენ კონფლიქტს «საქართველოსა და აფხაზეთს შორის». ყოველ მეორე ფრაზაში შეხვდებით: «საქართველო და აფხაზეთი, აფხაზეთი და საქართველო». თითქოს დაგვავიწყდა ჩვენივე (არც თუ უსაფუძვლო) პოზიცია, რომლის თანახმად აფხაზეთი - საქართველოს ერთ-ერთი მხარეა. სულ ცოტა ხნის წინ ძალიან მტკივნეულად ვრეაგირებდით რუსული პრესის პროვოკაციებზე (საქართველო და აფხაზეთი... საქართველოსა და აფხაზეთს შორის . . . .) ახლა ნელ-ნელა მიგვაჩვიეს. ეს არ არის წვრილმანი. სეპარატისტებს ამ წიგნით მხოლოდ ამისათვის რომ მიეღწიათ - უკვე შედეგი იყო მათთვის, მაგრამ თურმე ჯერ სად ხართ...
    წიგნში დაბეჭდილი სტატიების წაკითხვისას შეუძლებელია არ შენიშნოთ ერთი შეუსაბამობა: ქართველი ავტორი ყოველნაირად ცდილობს იყოს ობიექტური, გაანალიზოს როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარის პოზიცია, მიუთითოს საქართველოს ხელისუფლებას შეცდომებზე და ა.შ. არაფერი მსგავსი არ არის აფხაზ ავტორთა სტატიებში, - მხოლოდ საქართველოს ლანძღვა-გინება და სეპარატისტთა პოზიციის თავგამოდებული დაცვა.
    როგორც ჩანს, ქართველ ავტორს ჰგონია, რომ თუ «ობიექტური» იქნება, ამით უფრო «ცივილიზებულად» წარმოჩნდება მკითხველის თვალში, ვიდრე აფხაზი ოპონენტი, მაგრამ ნურას უკაცრავად. ყველა თვალსაზრისით (უპირველესად ინტელექტუალურად) სეპარატისტთა ნაწერები არანაკლები (თუ მეტი არა) დონისაა, მკითხველს კი უმალ შეეპარება ეჭვი: «ქართული პოზიცია არაერთგვაროვანია, აფხაზური კი ერთმნიშვნელოვანი». მაშასადამე, ქართველები თავად აღიარებენ, რომ მართლები არ არიან.
    რამდენად ობიექტურია წიგნის ავტორი, თუნდაც ერთი მაგალითიდან ჩანს: მას მოჰყავს გოგა ხაინდრავას სიტყვები, რომელიც მან თითქოს თქვა ინტერვიუში მაშინ, როდესაც «აფხაზეთის საქმეთა მინისტრის» ფუნქციას ასრულებდა: «ამ ომში ამოვწყვეტთ აფხაზური ეთნოსის გენოფონდს. 15 ათასი ახალგაზრდა რომ მოვკლათ, უკვე გენოფონდის ამოწყვეტაა, - ჩვენ სავსებით შეგვიძლია ამის გაკეთება!»
    ყველამ ვიცით, ვინ არის გოგა ხაინდრავა, დარწმუნებული ვარ, ასეთ რამეს ეს კაცი არ იტყოდა. ან შესაძლოა მისი სიტყვები გააყალბეს. ხაინდრავამ თუ თქვა რამე მსგავსი, ალბათ მხოლოდ გულისტკივილით: «სჯობს შევწყვიტოთ ომი, თორემ ამ ომის შედეგად აფხაზი ხალხის გენოფონდი შეიძლება განადგურდესო». ალბათ ეს იყო მოწოდება ორივე მხარისადმი იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ანტიაფხაზური და ანტიოსური პოზიციით არასდროს გამოირჩეოდა. მაგრამ აფხაზური ფაშიზმის იდეოლოგებმა მისი გამონათქვამი გააყალბეს და ისეთნაირად გააფორმეს, რომ გარეშე დამკვირვებელს თმა ყალყზე დაუდგება: საქართველოს მინისტრი (გოგა ხაინდრავა?!) აფხაზი ხალხის გენოციდს აპირებდაო. თანაც, ეს ბინძური პროვოკაცია განხორციელდა ქართველ ავტორებთან «დიალოგის» პროცესში, რაც მას უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენს.
    ამის შემდეგ სეპარატისტებთან «დიალოგი» ღირს კი? არავითარი აზრი ამ «დიალოგს» არა აქვს. არანაირი პოზიტიური შედეგი მას არ მოჰყვება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: 1988 წლიდან დღემდე, თუ სეპარატისტული მხარე «დიალოგზე» მოდიოდა, - მხოლოდ ერთი მიზნით: დაეფიქსირებინა ჯერ პრობლემის არსებობა, შემდეგ კი «ორი დაპირისპირებული მხარისა», რაც საბოლოოდ ტრანსფორმირდა მათთვის სასურველ ფორმულაში: «საქართველო და აფხაზეთი... საქართველომ და აფხაზეთმა»
    ბოლოს და ბოლოს, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ყველაფერში მოწინავენი და ყველაზე მეტიჩრები? რუსეთს ჩვენზე ნაკლები ინტელიგენცია ჰყავს? მერედა, თუ გაგიგიათ, თუ სადმე წაგიკითხავთ, რომ შემდგარიყოს («მით უმეტეს, ცხრა მთას იქით») კონფერენცია რუსი და ჩეჩენი ინტელიგენტების მონაწილეობით და მათი დიალოგი შემდგომ კრებულად გამოეცათ? არ მოხდება ასეთი რამ, ვინაიდან რუს ინტელიგენტს ეყოფა ჭკუა, მიხვდეს იმას, რასაც ვერა და ვერ მიხვდა ზოგიერთი ჩვენი «ჭკუისკოლოფი» ფილოსოფოსი თუ პოლიტოლოგი: ამგვარი დიალოგი იმთავითვე პროვოკაციაა, ვინაიდან ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არსებობს კონფლიქტი ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის. ეს შთაბეჭდილება უაღრესად ხელსაყრელია სეპარატისტებისათვის, მაგრამ წამგებიანია საქართველოსათვის. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველნაირად უნდა ვეცადოთ იმის დაფიქსირებას, რომ ეს იყო კონფლიქტი აფხაზეთში და არა კონფლიქტი საქართველოსა და აფხაზეთს, მით უმეტეს, ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის.
    კარგით, დავუშვათ, რუსეთი ცუდი მაგალითია. აზერბაიჯანს «რა თქმა უნდა» ჩვენს ბრძენ და განათლებულ ინტელიგენციასთან შეუდარებლად დაბალი დონის ინტელიგენცია ჰყავს, არც პოლიტოლოგი მოიძევება აზერბაიჯანში და არც ფილოსოფოსი. ამიტომაა სწორედ, რომ არასდროს დასთანხმდებიან უცხოური «სამეცნიერო წრეების» წინადადებას, რათა სემინარი ჩაატარებინონ «აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღს შორის საომარი კონფლიქტის» მაგალითზე. ჩვენებს ოღონდ რამე ჰკითხე, მით უფრო სადმე მიიწვიე და... გაუგებარია, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ბრიყვული და სამარცხვინო ცალმხრივი «დიალოგი», რომელსაც ქართული მხარე მართლა დიალოგად მიიჩნევს, ანუ ცდილობს ობიექტური იყოს, სეპარატისტები კი კვლავინდებურად ადასტურებენ.: აფხაზეთი არ არის საქართველო; სტალინმა მოახდინა აფხაზეთის ინკორპორაცია საქართველოში, ქართული მოსახლეობა მოჰაჯირობის შემდეგ გაჩნდა აფხაზეთში და ა.შ.
    კითხულობს ყოველივე ამას უცხოელი, უკვირს და მხრებს იჩეჩს: რა გინდათ ამ პატარა ქვეყნისაგან, რას ერჩით, რატომ ცდილობთ მის დაპყრობასა და მცირერიცხოვანი ხალხის განადგურებასო?
    «დიალოგს» აფხაზურ მხარესთან მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ დიალოგის მონაწილე ინტელიგენტთა მიზანია აფხაზეთთან კეთილმეზობლური ურთიერთხელსაყრელი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარება. ამ შემთხვევაში კი, ბატონო, ხანგრძლივი ძალისხმევისა და ზემოთაღწერილი დიალოგების შედეგად, ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთის ხელისუფლება შეიძლება კიდევ დაგვთანხმდეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე.
    მაგრამ თუ ეს «ინტელიგენტები» სხვა რაიმე მიზანს ისახავენ, დიალოგი სავსებით ფუჭია და არაფრისმომტანი – ზიანის გარდა.

მერიდიანი, 10 მარტი, 1999 წელი