ფრანგი რინერისა და ქართველი თუშიშვილის „მენტალური შერკინება“ პარიზის ოლიმპიადაზე
ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და ნიშანდობლივი მოვლენაა თუშიშვილისა და რინერის ეპიზოდი მსოფლიო ტატამზე, პარიზში.
უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთხოვო იმ მეგობრებს, ვინც საქმეში ჩახედულია, გვითხრას რა მოხდა გორში (გორის ტურნირზე), სადაც რინერი იყო ჩამოსული, თუშიშვილმა დაამარცხა და შემდეგ ეს გამარჯვება ძიუ დოს ფედერაციამ გაუუქმა ქართველს.
მეორე არსებითი მომენტი ისაა, რომ ზოგადად ძლიერს აღიზიანებს ამბიცია!
ეს სუფთად ფსიქოლოგიური კონსტანტაა: ძლიერი რომ არის, უძლეველად რომაა მიჩნეული და სხვის ამბიციას ამჩნევს, ღიზიანდება, ბრაზდება, აქვს ინტენცია ის „ამბიციური“ და „მონდომებული“ არა უბრალოდ დაამარცხოს, არამედ დასცინოს, დაამციროს გამარჯვების შემდეგ.
თუშიშვილში რინერი მასზე სუსტ, მაგრამ განსაკუთრებით მონდომებულ ამბიციას ხედავდა.
შესაბამისად ღიზიანდებდოა და...... ამ გაღიზიანების ქვეცნობიერი სინამდვილეში შიშია! - „მასზე სუსტთან“ უცაბედი დამარცხების შიში.
ამიტომაც არ ჰქონია ამგვარი რეაქცია არც ერთ სხვა მეტოქესთან ფრანგს.
და კიდევ ისიცაა, რომ თუშიშვილი რინერისთვის გაუგებარ ქვეყანას წარმოადგენს.
კორეა მისთვის გასაგებია, იაპონია გასაგებია.......აი საქართველო......ჟორჟი.......ამგვარი ნიუანსიც ზედ ემატება ხსენებულ ამბიციას.
თუმცა ეს არ არის ყველაზე მთავარი, რისთვისაც ვწერ.
უმთავრესი სხვაა.
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
ტედი რინერი ძიუ დოს Community-ში ეჭვმიუტანელი ავტორიოტეტია.
ფრანგებისთვის კი საერთოდ ღმერთკაცია!
ახლა ფრანგული პრესა თუშიშვილს ლანძღავს: „დამარცხება ვერ აიტანაო........ესაოოოო ისაო......“
ერთადერთი, ვინც რინერის მხრიდან ენის გამოყოფაზე და დამცირებაზე გააკეთა კომენტარი, არის სერიოზული, თუმცა მაინც „სეგმენტური“ რესურსი La Liberacion.
(ოღონდ.....ოღონდ...... ნახეთ რა საინტერესოა: ეს გამოცემა მისი მრავალწლიანი „ფილოსოფიით“ ანტიკოლონიურია!
მახსოვს, 25 წლის წინ La Liberacion-ის საკუთარი კორესპონდენტი, ანნ ნივა (Ann Niva - ძალიან ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი-დ.) იყო ჩამოსული თბილისში, რიყეზე რესტორანში ვისხედით და არასდროს დამავიწყდება, რა ვნებით ლაპარაკობდა ალჟირელი ხალხის სამართლიან განმათავისუფლებელ ომზე ფრანგი კოლონიზატორების წინააღმდეგ....ასევე ფრანგული არმიის ჯალათების მიერ საბრალო ალჟირელების წამების ფაქტებზე, რასაც იკვლევდა).
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
ჰო, ეს მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი რემარკას სახით.
დავუბრუნდეთ ისევ ფრანგული პრესის რეაქციას.
საერთო მნიშვნელია შემდეგი (დავაკვირდეთ): რინერმა ენა გამოუყო? მერედა რა, ამით? (მხრების აჩეჩვა) იმასაც გამოეყო ენა საპასუხოდ, ვინ დაუშლიდა? ამით ამოიწურებოდა ყველაფერი (წერტილი)
აი აქ არის „კვანძი“ კარდინალური მენტალური, ცივილიზაციური და სოციო-ფსიქოლოგიური სხვაობისა, რამაც ამ ისტორიულ ეპიზოდში ძალუმად „იმუშავა“!
საქმე ის გახლავთ, რომ ქართული სოციუმი და მის მიერ დამკვიდრებული მენტალური კორელანტები „საპასუხო შეურაცხყოფას“ არ მიიჩნევს შეურაცხყოფაზე არც ადეკვატურ და არც რელვანტურ პასუხად:
„ძველი თბილისური ანუ „ძველბიჭური“ „გაგებით“, რაც დიდი ხნის განმავლობაში დომინანტურია სოციუმში, „სიტყვა-სიტყვით არ იჭრება“!
ანუ დედას რომ შეაგინებენ კაცს, ამაზე ადეკვატური და რელევანტური პასუხია მუშტი სახეში ან ფეხი ფერდში და არა..... საპასუხო გინება!
„სიტყვა - სიტყვით არ „იჭრება!“
„გინება-საპასუხო გინებით არ „იჭრება“!
„გინებაზე კაცი კვდება!“
ასეთია ქართული სოციალური კულტურის მიდგომა
ხოლო „შენი დედაც!“ - „პასუხი“ არ არის!
რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომა სიტყვის საპასუხოდ ძალადობის „გაპრავებისა“ აბსოლუტურად არაცივილიზებულია.
ცივილიზაცია მოითხოვს, არავითარ შემთვევაში არ მიმართო ძალადობას, როგორც არ უნდა დაგამცირონ, რა შეურაცხყოფაც არ უნდა მოგაყენონ.......არავითარ შემთხვევაში საპასუხოდ არ უთავაზო არც მუშტი და არც მუხლი ფერდში (როგორც რინერს თუშამ), არამედ....უბრალოდ.....ადექი და შენც „გამოუყავი ენა“ რა......გაატარე.....კი, კი, გამოუყავი ენა შენც და ეგაა..... რა მოხდა?....ადექი და უბრალოდ, შენც შეაგინე საპასუხოდ.
ასეთია ცივილიზაციის მოთხოვნა.
ჰო, სხვათა შორის, შესანიშნავი ქართული NGO სექტორი კარგა ხანია ცდილობს ველური ქართველების „დრესირებას“ ამ მიმართულებით.
ანუ ცდილობს „გრუზინები“ ცივილიზაციას მიაჩვიოს და მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსში უკვე განახორციელა კიდეც (განსაკუთრებით ღირსპატივცემული ქალბატონი წულუკიანის ეპოქალური მმართველობისას, დააკვირდით, „ვითომ“ ძალიან რომ არ უყვართ-დ.) შესაბამისი ცვლილებები (და არა ნაკლებ „შესაბამისი“ სისხლისსამართლებრივი პრაქტიკა!) საერთო ფუნდამენტური თეზისით: „ძალადობას არ ამართლებს არაფერი!“
ანუ დედას რომ შეგაგინებენ, შენც შეაგინე და ეგაა!
მაგრამ თუ შეურაცხყოფის საპასუხოდ შეურაცხმყოფელს მუშტს უთავაზებ ან წიხლს, ციხეში წახვალ ათასიდან ათას შემთხვევაში ხოლო იმის მხრიდან თავდაპირველი დედის გინება შენს ძალადობას ვერაფრის დიდებით ვერ გაამართლებს სასამართლო პროცესზე.
და.... დიახ, დიახ, შეგახსენებთ, რომ საქართველოში ასე არ იყო ყოველთვის.
ამ დიადი ცივილიზატორული მისიის შესრულებამდე, ანუ ქართველების „დრესირებამდე“ მათი ტყიური მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა ნორმა (კითხეთ უფროსი თაობის იურისტებს), რომლის თანახმად „დედის მიმართულებით გინება“ არათუ ძალადობის არამედ მკვლელობის (!) მნიშვნელოვნად შემამსუბუქებელ გარემოებადაც კი ითვლებოდა.
ცივილიზატორული, „მადრესირებელი“ მისიის“ ფარგლებში ეს „ველური“ და „ტყიური“ ნორმა უკვე წარმატებით განეიტრალებულია რა თქმა უნდა ღირსპატივცემული ქალბატონისა და მისი NGO კოლაბორანტების ძალისხმევით
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
ანუ, მარტივად თუ ვიტყვით და ავსხნით რთულ ფენომენს:
ცივილიზაცია თუშიშვილისგან მოითხოვდა, რომ როდესაც დამარცხების შემდეგ მოწინააღმდეგემ მას ეს დამარცხება არ აკმარა და ენა გამოუყო (მიწაზე დაცემულს, თავზე დამდგარმა), ესე იგი შეურაცხყოფა მიაყენა, დაამცირა საყვარელი ქალის თვალწინ, მშობლიური სოფლის თვალწინ, მთელი ქვეყნის თვალწინ, მთელი მსოფლიოს თვალწინ........თუშიშვილს, როგორც ცივილიზებულ ადამიანს, რასაკვირველია ეს უნდა „გაეტარებინა“, მაქსიმუმ საპასუხოდ ენა გამოეყო და.....მთელი ცხოვრება შემდეგ ეტარებინა ეს შხამი, ეს დარდი, ეს ვარამი, - მომწამვლელი მისი და მისი შთამომავლობისა.....
დიახ, ცივილიზაციის შეუვალი მოთხოვნაა, რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეპიზოდში, პარიზის ოლიმპიადაზე, „უპასუხო შეურაცხყოფის ბაღლამი“.......უნდა ეტარებინა მთელი სიცოცხლე.
ასეთია ცივილიზაციის მოთხოვნა!
რას იზამ, „გაატარე“, არ იძალადო!
ძალადობას არ ამართლებს არაფერი!
ჰოდა, რას გეტყვით იცით?
მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაციასთან ბრძოლა სისულელე და სიგიჟეა, მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაცია ჯობია ყბადაღებულ „ტყიურობას“ და „მმაჩიზმოს“, მე, დათო, როგორც ერთი არაცივილიზებული, ჩამორჩენილი, გონებაჩლუნგი „გრუზინი“.........რა ვქნა, მომკალით, ამკუწეთ და მაინც ჩემი სისხლისმიერი ძმის, „თუშას“ მხარეს ვარ;
მომკალით და ამკუწეთ მეთქი!
ისევე, როგორც სულაც არასისხლისმიერი „ძმის“, შესანიშნავი ამერიკელი მსახიობის, უილ სმიტის მხარეს ვიყავი, როდესაც „ოსკარის“ დაჯილდოებაზე ცნობილმა ტაკიმასხარა ვირთხამ მის ცოლს დასცინა, უილიც სცენაზე ავიდა და იმ კრისას სახეში გაულაწუნა.
არადა ცივილიზაცია მისგანაც მოითხოვდა, საპასუხოდ ძალადობისთვის კი არ მიემართა, არამედ......უბრალოდ თავისი ცოლის შეურაცხყოფისთვის.....ამდგარიყო და იმის ცოლისთვის დაეცინა მასაც!
ანუ........„იმან შენს ცოლს დასცინა? ჰოდა ადექი და შენც საპასუხოდ მის ცოლს დასცინე! აბა ძალადობას ხომ არ მიმართავ - ცივილიზებული ადამიანი ხარ?!“
ეს არის და ეს.
ამაზე ადვილი აბა რა იქნებოდა ოსკარის დაჯილდოვებაზე?
განა სიტყვას არ მისცემდნენ უილს და სცენაზე არ აუშვებდნენ?
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
და სულ ბოლოს........ ძვირფას მკითხველს ხშირად ვურჩევ ხოლმე რაიმე კინო-შედევრს ჩემი საზრისის საილუსტრაციოდ.
ამ ტექსტის საილუსტრაციოდ გირჩევდით ედვარდ ცვიკის უბრწყინვალეს ფილმს „უკანასკნელი სამურაი“ (2003წ) ტომ კრუზის მონაწილეობით.
მასში საოცარი მხატვრული ძალითაა „ნათქვამი“, რომ ცივილიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა რა თქმა უნდა საბრალო, განწირული სულისკვეთებაა, თუმცა.....„ახალი“ არ ნიშნავს „უკეთესს“!
ჩვენში ეს ხშირად ერევათ: „ახალი“ (ცივილიზებული) ძველზე ძლიერია არა იმიტომ, რომ მასზე „უკეთესია“(„ვისთვის როგორ“), არამედ იმიტომ, რომ ახალია, პროგრესულია და უფრო ცივილიზებულია.
ღირსებისთვის ხარაკირის ჩამდენი სამურაების ადგილი ცივილიზაციაში არ არის!
Sony ცივილიზაციამ შექმნა და არა სამურაებმა.
ოღონდ.......ოღონდ.......იაპონია, როგორც ქვეყანა და იდენტობა, ისტორიულად სწორედაც სამურაებმა შექმნეს!