საერთაშორისო მიმოხილვა. 7 დეკემბერი. 2023 წელი
უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი СУ-24.
ჩამოაგდეს ამერიკული Patriot-ის `მიწა-ცა` კლასის რაკეტით.
კუნძულ ზმეინისთან, რომელსაც ამჟამად უკრაინა აკონტროლებს.
СУ-24 მიფრინავდა დასავლეთ უკრაინის დასაბომბად.
ეს ბომბდამშენი უკრაინელებმა და ქართველებმა საქართველოშიც ჩამოაგდეს 2008 წელს. ოღონდ БУК-ის საზენიტო კომპლექსით.
უკრაინის საჰაერო ძალთა სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა იხუმრა, რომ დაახლოებით იმ ადგილას შარშან უკრაინელებმა რუსული კრეისერი Москва ჩაძირეს და ის ახლა `ავიამზიდად` იქცევა, რაკი СУ-24 შეემატებაო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ პენტაგონის რეზერვებიდან უკრაინას ბოლო დახმარება გამოუყო: 175 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო სისტემათა რაკეტები (ოღონდ მცირე სიშორისა), ასევე HIMARS ზალპური ცეცხლის დანადგართა რაკეტები და ანტირადარული რაკეტები.
სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს პაკეტი სამხედრო დახმარებისა უკანასკნელი იქნება თუ 2023 წლის ბოლომდე კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინის ფინანსურ დახმარებას 61 მილიარდი დოლარის ოდენობით.
ის კანონპროექტი, რაც კაპიტოლიუმზე `გაიჭედა` გულისხმობს არა მხოლოდ სამხედრო დახმარებას, არამედ უკრაინის ბიუჯეტის შევსებას ხელფასების და პენსიების გასაცემად.
ასევე სხვა სახელმწიფო ხარჯებისთვის.
აქ არის ორი საინტერესო სისტემური საკითხი: ამერიკის ფინანსური დახმარება უკრაინის სამხედრო საჭიროებებისთვის გულისხმობს, რომ ამერიკის სახელმწიფო ან პენტაგონის (ანუ არმიის) რეზერვებიდან აწვდის იარაღს უკრაინას, ან უკვეთს ამერიკულ ინდუსტრიებს იარაღის წარმოებას.
პირველი ოფციის რესურსები იწურება: ბოლოს და ბოლოს ამერიკის არმიას არ შეუძლია `დააცარიელოს` თავისი საწყობები;
მართალია ამერიკის ყველა მეზობელი მის მიმართ ლოიალურია (კუბის გარდა) მაგრამ, მაინც.....სახელმწიფო მუდამ მზად უნდა იყოს.
გარდა ამისა, მთელს მსოფლიოში ეხმარება ამერიკა მეგობარ სახელმწიფოთა არმიებს. ამიტომ ამერიკული ინდუსტრიის ამუშავების გარეშე ამერიკა უკრაინის არმიას ვერ დაეხმარება; 175 მილიონი დოლარის შეიარაღება არაფერია, მიზერია დღევანდელ ვითარებაში.
`გაჭედილი` პაკეტი სასიცოცხლო აუცილებლობისაა. პრეზიდენტს სხვა ბერკეტი არ გააჩნია: კონგრესის გარეშე ერთ თეთრსაც კი ვერ დახარჯავს თუ საგანგებო მდგომარეობა არ შემოიღო, რაც ასევე პრობლემატურია
მეორე საინტერესო მომენტი კი ისაა, რომ ენტონი ბლინკენი აკეთებს ამ თემაზე განცხადებებს. ამით დასტურდება, თუ რატომ ეწოდება ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრს `სახელმწიფო მდივანი`.
არაოფიციალურად, ეს ტიტული, რანგი და პოზიცია შეიძლებოდა ჰქონოდა ფინანსთა მინისტრს ან ნებისმიერ სხვა მინისტრს (მდივანს) თუმცა აქვს საგარეო საქმეთა მინისტრს იმიტომ, რომ ერთადერთი გლობალური ზესახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა არ შეიძლება კომპლექსური არ იყოს და ყველაფერს არ მოიცავდეს. მათ შორის სამხედრო სფეროსაც.
გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ მიმართა კონგრესმენებს და გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვა `ეჭვ ქვეშ აყენებს ამერიკის მსოფლიო ლიდერობას`.
ბაიდენის თქმით, თუ პუტინმა თავისი გაიტანა უკრაინაში, ის შემდეგ აუცილებლად შეუტევს NATO-ს წევრ სახელმწიფოებსაც. იგულისხმება ბალტიის ქვეყნები.
დღეს დილით ამერიკის სენატმა კენჭისყრაზეც კი ვერ დააყენა 106 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი, საიდანაც (ვიმეორებ) 61 მილიარდი უნდა რგებოდა უკრაინას, დანარჩენი ისრაელს ($14 მლრდ.) და ტაივანს.
კენჭისყრაზე საკითხის გასატანად აუცილებელი იყო 60 სენატორის ხმა (ასიდან). რეალურად კი მხოლოდ 49 სენატორი - დემოკრატი იყო მომხრე, საკითხი კენჭისყრაზე დაესვათ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც ყოველთვის, როცა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დიდი ომი იწყება, სამხედრო ანალიტიკოსები აკვირდებიან საბრძოლო მოქმედებებს და აკეთებენ დასკვნებს სამხედრო ტაქტიკის ან შეიარაღების ამა თუ იმ სახეობის გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ მომავალში.
7 ოქტომბრიდან, როცა `ჰამასი` ისრაელს თავს დაესხა და `ცახალმა` საპასუხო ოპერაცია დაიწყო, ისრაელის არმიამ 20 ტანკი დაკარგა!
ეს ძააააალიან ბევრია!
`მერკავა` მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ტანკია. `ჰამასელები` კი მას აფეთქებენ არა რაიმე უახლესი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებით, არამედ ძველის-ძველი საბჭოთა წარმოების ყუმბარმტყორცნ РПГ-7ით.
იაფია, უბრალოა, პრიმიტიულია, მაგრამ.........20 `მერკავა`?!!!
თუმცა ანალიტიკოსები ასკვნიან, რომ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ტანკების, როგორც შეიარაღების სახეობის მოძველებას: უკრაინის ომმა დაადასტურა, რომ ფრონტალური შეტევისას, ტანკებს ბადალი და მეტოქე არ ჰყავთ, ოღონდ....ფრონტზე საჰაერო მხარდაჭერის შემთხვევაში.
რაც შეეხება `მერკავას`, სრული უაზრობაა მისი გამოყენება ურბანულ ბრძოლებში ესე იგი ქალაქის პირობებში.
როცა ომის დასრულების შემდეგ დაიწყება დიდი გამოძიება 7 ოქტომბრის ამბებზე, ერთ-ერთი ბრალდება ისრაელის გენერალიტეტის მიმართ ესეც იქნება.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ შეცვლილა ურბანული ომის ერთადერთი ტაქტიკა: ქალაქი ჯერ უნდა დაანგრიო ავიაციით, ასევე არტილერიით და მერე `მიუშვა` ცოცხალი ძალა.
ასე იყო, ასე არის და ასე იქნება მუდამ.
ტანკი ქალაქში უმწეოა. იოლი სამიზნეა.
მით უმეტეს, რომ РПГ-7იაფი კია, პრიმიტიული კია, მაგრამ 12 წლის ბავშვიც იოლად გაისვრის და მის კუმულატიურ ჭურვს ტანკის ჯავშანი ვერ უძლებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელმა დაიწყო ღაზის ტუნელების დატბორვა ზღვის წყლით. მობილიზებულია ასეულობით მძლავრი ტუმბო.
ტექნიკური თვალსაზრისით ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა ისრაელის ხელისუფლებას მაინც უჭირს ამის გაკეთება, რადგან `ჰამასმა` სპეციალურად განაცხადა, რომ სწორედ გვირაბებში ჰყავს დამალული მძევლები.
140 მძევალი ჯერ კიდევ `ჰამასის` ხელშია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი საუდის არაბეთში ჩაფრინდა.
მის საპრეზიდენტო ИЛ-96-ს მთელს მარშრუტზე აცილებდა 4 რუსული ავიაგამანადგურებელი СУ-35.
სპეციალურად აიღეს ნებართვა ყველა ქვეყნისგან რომელსაც რუსული თვითმფრინავების ესკორტმა გადაუფრინა.
საუდის არაბეთში პუტინი შეხვდა პრინც სალმანს და სთხოვა, შეამციროს ნავთობის მოპოვება, რადგან ნავთობზე დაბალი ფასები პუტინისთვის სერიოზული პრობლემაა დღევანდელ ვითარებაში.
სალმანი ჯერ დუმს.
ის საკმაოდ ოსტატურად ტამაშობს დიდ სახელმწიფოთა წინააღდმეგიობებზე ისე, რომ მის მიერ მოკლული ჟურნალისტი ჰაშოგი ამერიკელებსაც დიდად აღარ ახსოვთ უკვე.
მით უმეტეს ახლო აღმოსავლეთის სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს
. . . . . . . . . . . . . . . . .
ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია, რომ ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა 4 რუს სამხედრო მოსამსახურეს 2022 წელს ამერიკის მოქალაქის წამებისთვის.
როგორც ჩანს იგულისხმება უკრაინული წარმოშობის ამერიკელი, რომელიც ისტორიული სამშობლოს დასაცავად წავიდა და ტყვედ ჩავარდა.
მწამებლებზე ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი იციან: სახელი, გვარი, საცხოვრებელი მისამართი და ა.შ.
მათ სამუდამო პატიმრობა ელით.
ბუნებრივია, ამიერიდან რუსეთის საზღვრებიდან ფეხის გადგმას ვერ გაბედავენ. ბელორუსის გარდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის სპეცსამსახურები აქტიურად და დიდი წარმატებით მუშაობენ რუსეთის ტერიტორიაზე: რამდენიმე დღის წინ მოსკოვის გარეუბანში მოკლეს უკრაინის ვერხოვნა რადას ყოფილი დეპუტატი იური კივა, რომელიც პუტინის აქტიური მხარდამჭერი იყო.
რუსები აღარც მალავენ ამასთან, რომ რამდენიმე დღის წინ ბაიკალის ტბასთან (!!!) სარკინიგზო შემადგენლობის აფეთქება უკრაინის დივერსიაა. ისევე როგორც პროპუტინური ბლოგერი ვლადლენ ტატარსკის აფეთქება, `ფილოსოფოს` დუგინის ქალიშვილის ლიკვიდაცია და ასე შემდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის შვილებმა ლიტვის მოქალაქეობა მიიღეს.
უფრო ზუსტად იყიდეს - ე.წ. `ლიტვის ოქროს პასპორტი`.
ლიტვა და ევროკავშირი შეშფოთებულნი არიან, რომ შესაძლოა ლიტვის პასპორტი აბრამოვიჩის შვილებმა გამოიყენონ EU სანქციათა გვერდის ასავლელად. ამიტომ ახლაღა დაფიქრდნენ კანონის შეცვლის აუცილებლობაზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკული CIA ყოფილმა დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა გამოსცა წიგნი უკრაინის კონფლიქტზე (The Evolution of Warfare from 1945 to Ukraine - სამხედრო საქმის განვითარება 1945 წლიდან უკრაინამდე) რომელშიც წერს, რომ დასავლეთი პუტინს უკრაინის ომში ჭადრაკს ეთამაშებოდა, ხოლო პუტინი - ძიუდოს ჭიდაობდა.
ეს მეტაფორა დევიდ პეტრეუსმა ასე ახსნა: ძიუდოს მთავარი ილეთია მოწინააღმდეგის წონასწორობიდან გამოყვანა და მერე ძირს დაცემა. პუტინმა ეს სცადა 2022 წელს, უნდოდა ომი რამდენიმე დღეში დაესრულებინა, თუმცა არ გამოუვიდაო.
პეტრეუსი ნიშანდობლივ განცხადებას აკეთებს ილონ მასკზე და ამტკიცებს, რომ მასკი იმ ომის `ცენტრალური` ფიგურაა, რაკი სწორედ მას ეკუთვნის გენიალური კოსმოსური საკომუნიკაციო სისტემა Starlink, რომელსაც ანალოგი არ მოეძევება. და უკვე არათუ უკრაინა, არამედ თვით ამერიკის არმიაც ვერ იმოქმედებს მის გარეშე.