საერთაშორისო მიმოხილვა. 31 მარტი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 31 მარტი. 2024 წელი

რუსულმა სპეცსამსახურებმა დაადასტურეს, რომ უკრაინის არმიის შემადგენლობაში მოქმედებს РДК (Русский добровольческий корпус), რომელიც უტევს რუსულ რეგიონებს ბელგოროდს და კურსკს.

მოგვიანებით პუტინმა აღიარა, რომ  РДК-ს ოთხი  ბრიგადის შემადგენლობაში 2 500 პროფესიონალი მეომარია.

პუტინს ზოგადად ახასიათებს მეორე მსოფლიო ომთან პარალელები, რაკი ჰიტლერული გერმანიის დამარცხება რუსული ისტორიის მწვერვალად მიაჩნია.

ამ შემთხვევაშიც, პუტინმა პარალელი გაავლო გენერალ ვლასოვის არმიასთან, რომელიც სტალინიზმისგან რუსეთის გასათავისუფლებლად იბრძოდა ჰიტლერული არმიის შემადგენლობაში.

გენერალი ვლასოვი ტყვედ ჩაიგდეს გერმანელებმა და მისგან სტალინის ალტერნატივის შექმნას ცდილობდნენ. ომის დასრულების შემდეგ კი ვლასოვი ამერიკული ოკუპაციის სექტორიდან ლავრენტი ბერიამ მოატაცებინა და მოსკოვის ციხეში ჩამოახრჩვეს.

კი არ დახვრიტეს, არამედ ჩამოახრჩვეს.

პუტინი РДК-ს მეომრებს ემუქრება, თქვენც იგივე გელითო.

ამავე დროს რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც მკაფიოდ ისმის, რომ  РДК მეომრები უკრაინულად საუბრობენ და არა რუსულად.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან ცუდი ნიშანია, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის გადაწყვეტილებით, უკრაინა აძლიერებს საფორტიფიკაციო, თავდაცვით ნაგებობებს კიევის გარშემო.

კერძოდ, უკრაინის დედაქალაქის თავდაცვით ზღუდეებზე დააყენეს 10 000 ე.წ. „დრაკონის კბილი“ ანუ ბეტონის კონუსისებრი კონსტრუქციები, რომელთა დანიშნულებაა ტანკების შეკავება.

გარდა ამისა, ინსტალირდება  დამატებითი თხრილები და სხვა სახის საფორტიფიკაციო ნაგებობები თუ კონსტრუქციები.

აქ აღსანიშნავია, რომ უკრაინა-ბელორუსის საზღვარი, საიდანაც 2022 წელს რუსეთის საოკუპაციო არმია შეიჭრა კიევის მიდამოებში (თუმცა მალე იძულებული გახდა იქიდან გაძურწულიყო), ბოლო წლინახევრის  განმავლობაში უკრაინელებმა ისე უხვად დანაღმეს, იგი ფაქტობრივად გაუვალი გახდა ტანკებისთვის. ანუ......უკრაინის გენერალური შტაბი, სამწუხაროდ, როგორც ჩანს არ გამორიცხავს, რომ რუსული არმია მიუახლოვდეს კიევს არა ბელორუსიდან (უკვე) არამედ აღმოსავლეთიდან, დონბასის და ხარკოვის მხრიდან, თუ იქ უკრაინის ფრონტის გარღვევა შეძლო.

უკრაინამ ნახევარი მილიარდი დოლარი დახარჯა  ამ ახალი საფორტიფიკაციო ნაგებობის ასაწყობად და ასეთი დიდი თანხა იმ ვითარებაში, როცა უკრაინას ფინანსები ისედაც უჭირს (ცნობილი მიზეზების გამო).....სამწუხაროდ იმას ნიშნავს, რომ თეორიულად მაინც უკრაინის გენერალიტეტი და პოლიტიკური ხელმძღვანელობა კიევისთვის საფრთხეს არ გამორიცხავს.

გუშინ ვწერდით, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკულ მედიასთან ინტერვიუში არ გამორიცხა დონბასის ფრონტზე უკან დახევა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელი სამხედროები დასავლელ კოლეგებთან ურთიერთქმედებისას სულ უფრო ხშირად ჩივიან რუსეთის (სამწუხაროდ წარმატებულ) ახალ სამხედრო ტაქტიკაზე, როდესაც რუსები ბოლო დროს ეფექტიანად იყენებენ ე.წ. „პლანირებად ბომბებს“ (სიტყვიდან „პლანერი“), რის შედეგადაც რუსებს აქვთ საშუალება შორიდან ჩამოაგდონ ეს ბომბები ისე, რომ თვითმფრინავით არ მიუახლოვდნენ ფრონტის ხაზს და არ შევიდნენ უკრაინული საზენიტო სისტემების მოქმედების არეალში.

შესაბამისად, უკრაინა იძულებულია უფრო ახლოს მიიტანოს საზენიტო სისტემები ფრონტის ხაზთან და შედეგად........რუსებმა მოახერხეს ფრთოსანი რაკეტით ერთი Patriot-ის საზენიტო სისტემის განადგურება.

არადა ეს სისტემები უკრაინას ისედაც ცოტა აქვს.

პლანირებადი  ბომბი“ არ არის იგივე, რაც „ფრთოსანი რაკეტა“ ან თუნდაც ე.წ. „ჭკვიანი ბომბი“;

 „პლანირებადი ბომბი“, ჩამოგდების შემდეგ, მოძრაობას გარკვეული დროის განმავლობაში აგრძელებს თვითმფრინავის მოძრაობის პარალელურად და რამდენიმე ათეული კილომეტრს მიღმა ვარდება.

იგი არ საჭიროებს საკუთარ საწვავს განსხვავებით ფრთოსანი რაკეტისა და ზოგიერთი „ჭკვიანი ბომბისგან“, რომელივ „ექსკალიბრის“ ტექნოლოგიით მზადდება.

ანუ იაფია, მარტივია და რუსულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა ბევრი დაამზადა ბოლო დროს.

ავდეევკას დაპყრობა რუსებმა სწორედ ამ ბომბების მეშვეობით შეძლეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 უსაზიზღრესი განცხადება გააკეთა გუშინ ილონ მასკმა. მისი თქმით, „უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება პუტინთან, თუ არ სურს დაკარგოს ოდესა და შავ ზღვაზე გასასვლელი“.

ილონ მასკი რეფლექსირებს,  როგორც ვითომ მცოდნე, გამოცდილი, კომპეტენტური სამხედრო ექსპერტი და აცხადებს, რომ უკრაინას საერთოდ არ უნდა დაეწყო შეტევა რუსული არმიის პოზიციებზე შარშან, არამედ თავდაცვაზე უნდა მოეხდინა კონცენტრირება, ხოლო ამჟამად უკრაინა ვალდებულიაო(!) გამართოს მოლაპარაკება, თორემ ოდესასაც დაკარგავს(ო) და მთლიანად შავ ზღვაზე გასასვლელსაც.

ასეთი განცხადებების შემდეგ აღარც ისაა გასაკვირი, რომ  როგორც ვწერდით, ილონ მასკის საკომუნიკაციო სისტემას Starlink ბოლო დროს უკრაინის ფრონტზე პრობლემები შეექმნა რაკი „საიდანღაც“ უამრავი ასეთი სისტემა რუსულ არმიასაც აღმოაჩნდა.

 

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

დღეიდან ანუ 31 მარტიდან ბულგარეთი და რუმინეთი ნაწილობრივ (!) ხდებიან შენგენის ზონის წევრები.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც მათ შორის პირდაპირ უკავშირდება უკრაინის წინააღმდეგ რუსულ აგრესიას და რუსეთის მიმართ შემოღებულ სანქციებს.

საქმე ის გახლავთ, რომ „შენგენის შეთანხმებით“, რომელიც გაფორმდა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის  EU ფორმირების საშუალედო ეტაპებზე ჯერ კიდევ 1980-იან, 1990-იან წლებში, ევროკავშირის იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც შენგენის შეთანხმების მონაწილენი არიან, უქმდება შიდა საზღვრები. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შევა შენგენის მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მას შეეძლება იმოგზაუროს შენგენის ზონის წევრი ყველა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისე, რომ არავინ არაფერი ჰკითხოს.

მოსკოვი ელოდა ბულგარეთის და რუმინეთის გაწევრებას შენგენის ზონაში, რაკი დიდი იმედი აქვს, რომ ბულგარეთი და რუმინეთი გასცემწნ ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე და ისინი ძველებურად თავისუფლად ისეირნებენ ევროკავშირის ქვეყნებში.

აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მართალია ევროკავშირმა დე-ფაქტო შეაჩერა რუსებზე შენგენის ვიზების გაცემა, მაგრამ დე-იურე ეს გადაწყვეტილება არ გაფორმებულა, რაკი ევროკავშირს არ შეუძლია, - მისი ფილოსოფიიდან გამომდინარე, - ღიად, მხოლოდ მოქალაქეობის ანუ Nationality ნიშნით დააწესოს გარკვეული შეზღუდვები.

მაშასადამე, მოსკოვის გათვლაა, სოფიასა და ბუქარესტთან დაკავშირებით, რომ მათზე ზეწოლის ბევრად იმაზე მეტი ენერგეტიკული და სამხედრო (დნესტრისპირეთი, მოლდოვა, ბუნებრივი აირი) ბერკეტი აქვს, ვიდრე საფრანგეთზე ან ბელგიაზე, რაც მისცემს საშუალებას, მათი მეშვეობით „გაარღვიოს“ სავიზო ფრონტი.

ოღონდ....ძალიან საეჭვოა, ევროკავშირი ამას შეურიგდეს. შენგენის შეთანხმებით, შენგენის ვიზის აღების შემთხვევაში ჯერ უნდა გაემგზავროთ იმ სახელმწიფოში, რომელმაც გასცა ვიზა და მხოლოდ იქიდან უნდა შეხვიდეთ სხვა სახელმწიფოებში.

ანუ....ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მაგალითად თქვენ აიღეთ ბულგარეთის „შენგენის ვიზა“, ამ ვიზით ვერ გაფრინდებით პარიზში: ჯერ უნდა ჩახვიდეთ ბულგარეთში და მხოლოდ ამის შემდეგ - საფრანგეთში გაემგზავროთ.

ახლა კი ირკვევა, რომ ბულგარეთი და რუმინეთი, სწორედ ამ მიზეზების გამო, ევროკავშირმა შენგენის ზონაში მიიღო პირობით ანუ..... რუსებმა რომც აიღონ შენგენის ბულგარული და რუმინული ვიზები, მათთვის სახმელეთო საზღვარი (!), მაგალითად ავტობუსით მგზავრობისთვის, დახურულია. ვალდებულნი არიან ავიაციით ისარგებლონ, ხოლო ავიაკომპანიები მათ ბორტზე არ შეუშვებენ, რათა სოფიადან და ბუქარესტიდან გაფრინდნენ რუსული ელიტებისთვის საყვარელ პარიზში.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .  

ძალიან საინტერესო დისკუსია გაიშალა დასავლეთის სპეციალიზებულ წრეებში, მათ შორის Think tank-ებში იმის შესახებ, „ფარავს“ თუ არა ჰავაის (ანუ ამერიკის ტერიტორიას და ცალკე შტატს წყნარ ოკეანეში) ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მეხუთე პუნქტი კოლექტიური თავდაცვის შესახებ, რომელიც აცხადებს, რომ “An armed attack on one or more of the Parties is deemed to include an armed attack on the territory of any of the Parties in Europe or North America” ანუ........მეხუთე პუნქტი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდება რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ევროპაში ან ჩრდილო ამერიკაში.“

წყნარ ოკეანეს არ ეხება.

კალიფორნიას კი ეხება იმდენად, რამდენადაც ის კონტინენტური შელფის ნაწილია და არა კუნძული.

ესპანეთის კუნძულებს ეხება იმდენად, რამდენადაც ეს კუნძულები ატლანტის ოკეანეშია და არა წყნარ ოკეანეში, ხოლო ორგანიზაციას ეწოდება „ჩრდილო ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (NATO)

რასაკვირველია ჰავაის არაფერი ემუქრება რეალურად, მაგრამ....მაშ რატომ წამოიწყეს ამერიკელებმა ეს დისკუსია?

იმიტომ, რომ როგორც ბევრჯერ შეგატყობინეთ, ვაშინგტონის სტრატეგია ხდება წყნარ ოკეანეში მძლავრი სამხედრო ალიანსის შექმნა, რომლის საფუძველია  AUKUS (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) და აქვთ მისწრაფება, ეს ბლოკი ისეთნაირად „გააფორმონ“, რათა მომავალში მოხდეს მისი ინტეგრაცია NATO-სთან.

შესაბამისად, ამერიკელები აინიციირებენ ცვლილებებს წესდებაში ჰავაის კაზუსის გამოყენებით, რათა შემდეგ ეს პროცესი გადაიზარდოს NATO-ს იურისდიქციის გავრცელებაში წყნარი ოკეანის აუზზეც.

სამიზნე?

ჩინეთი რასაკვირველია.

ამაზე ორი აზრი არ არსებობს.