საერთაშორისო მიმოხილვა. 30 მაისი. 2022 წელი
უკრაინა ავრცელებს ცნობებს, რომ განახორციელა მძლავრი კონტრშეტევა ხარკოვის მიდამოებში და კიდევ უფრო მეტად დაახევინა უკან მტერს. გაანადგურეს მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა.
ეს სიმართლეა, ოღონდ ამ სიმართლეს სწორი აღქმა სჭირდება: რუსეთმა ახლა მთელი მისი ბრძოლისუნარიანი ნაწილების კონცენტრაცია მოახდინა სევეროდონეცკთან, ლუმანის და სლავიანსკის მიმართულებაზე.
ხარკოვთან ფორმალურად დატოვა შენაერთები, რაკი რუსულ გენერალიტეტს იმედი აქვს, რომ მაქსიმუმი, რასაც მიაღწევენ უკრაინული ძალები, იქნება ხარკოვის რაიონში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე გასვლა.
და რა მერე? კლასიკური ომის კანონების მიხედვით რომ მიმდინარეობდეს საბრძოლო მოქმედებები, იცოცხლე, ძალიან კარგად იციან რა `მერე`: საზღვრის მეორე მხარეს რუსული ჯარი არ დგას, რადგან რუსებმა იციან, რომ უკრაინელები ვერ გაბედავენ ომის კლასიკური კანონებით მოქმედებას, საზღვრის გადასვლას და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე რუსული ქალაქების მიმართულებით მძლავრი შეტევის გაგრძელებას. ამის რომ ეშინოდეთ, რუსები ყველა ბრძოლისუნარიან ქვედანაყოფს არ გადაისროდნენ ცენტრალურ დონბასზე... თუმცა, სამწუხაროდ იციან, რომ დასავლეთი არ მისცემს უფლებას უკრაინას, საზღვარი გადალახოს და ომის კლასიკური კანონებით იმოქმედოს... დასავლეთს შეეშინდება `ომის ესკალაციის`.
იმედია, ამგვარი დამოკიდებულება მალე შეიცვლება, რადგან სხვა შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, უკრაინა ამდენს ვერ გაუძლებს.
ომის კანონია ყველა შესაძლებლობის გამოყენება! ეს იგივეა, ჩერჩილისთვის ან დე გოლისთვის ვინმეს მოეთხოვა: საფრანეგთის სანაპიროზე რომ გადასხით დესანტი, ახლა საფრანგეთ-გერმანიის საზღვრამდე მიდით, მაგრამ გერმანიის ტერიტორიაზე აღარ შეხვიდეთ - მხოლოდ იმ გერმანულ ქვედანაყოფებს ებრძოლეთ, რომლებიც სამხრეთ საფრანგეთში ან აფრიკის კონტინენტზე დარჩნენო.
. . . . . . . . . .
პრეზიდენტი ზელენსკი კვლავინდებურად პრინციპულად მოითხოვს დასავლეთისგან, გადასცენ უკრაინას 500 მილიარდი (!!!) დოლარის რუსული აქტივები და ქონება, რაც ახლა დაყადაღებულია და გაყინულია ევროპასა და ამერიკაში რუსეთის დასასჯელად.
დასავლეთში ამის გაკეთება არაფრის დიდებით არ უნდათ. ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში.
იმიტომ, რომ ერთია როცა აქტივებს, ქონებას `ყინავ`, თუმცაღა სულ სხვაა, როცა კონფისკაციას უკეთებ და სხვას აძლევ.
აქ რუსეთის `გაბრაზება` კი არ აღელვებთ, არამედ პრეცედენტის შექმნა: დასავლეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოტენციურ ინვესტორებს ჰქონდეთ რწმენა, რომ თუ თავიანთ ქონებას დასავლეთში დააბანდებენ, ამ ქონებას არანაირი პოლიტიკური (!) მიზეზით საფრთხე არ დაემუქრება. ამავე მიზეზით, შვეიცარიის ბანკებიც კი წინააღმდეგნი იქნებიან რუსების ავუართა კონფისკაციის და უკრაინისთვის გადაცემისა. ასევე ლონდონის სიტის და ნიუ იორკის უოლ სტრიტის ელიტები.
`გაყინვა` ერთია და `კონფისკაცია-სხვისთვის გადაცემა`- სულ სხვაა.
შეგახსენებთ, რომ როცა ირანში რევოლუცია მოხდა 1979 წელს და პროამერიკელი შახი დაამხეს, შემდეგ კი ამერიკელი დიპლომატები ტყვედ აიყვანეს, ამერიკამ ირანის მილიარდობით დოლარი გაყინა თავის ბანკებში, მაგრამ....მათი კონფისკაცია დღემდე არ მომხდარა მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულ და დაზარალებულ ამერიკელთა ოჯახები მუდმივად მოითხოვენ ამ სახსრებიდან კონფისკაციას.
. . . . . . . . . .
დაღესტანში, საზეიმო სასკოლო ხაზის მოწყობისას, მე 11 კლასელმა გოგონამ მიკროფონში დაიყვირა: `თავისუფლება უკრაინას! პუტინი სატანაა!! არა ომს!!!`
ამის გამო გოგონაზე ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს. მას დიდი ჯარიმა ემუქრება. ვიდეო სხვა მოსწავლემ გადაიღო და `ვირუსულად` იქცა.
რა თქმა უნდა ამ მოსწავლე დაღესტნელ (!) გოგონას ბოდიში მოახდევინეს: დედამისთან ერთად გამოიყვანეს ადგილობრივი ტელევიზიით და სლუკუნით ალაპარაკეს: პრეზიდენტ პუტინის `ხაზს` მთლიანად მხარს ვუჭერთო.
უკრაინის ომში განსაკუთრებით ბევრი ჩრდილო კავკასიელი დაიღუპა. მათგან პირველ ადგილზე დაღესტნელები არიან. პუტინი ამჯობინებდა კავკასიელები დახოცილიყვნენ და არა რუსები. ამიტომ `კონტრაქტორებს` აგზავნიდა. ამ `კონტრაქტორებს` შორის განსაკუთრებით ბევრი დაღესტნელია.
ჩეჩნეთის სატრაპი, რამზან კადიროვი იქამდე მივიდა უკვე, რომ გროზნოს ციხეებიდან უმძიმეს ბრალდებებში მსჯავრდადებულებს უშვებს და `ხელშეკრულებით` უკრაინაში საომრად აგზავნის.
ამით ერთდროულად ორ კურდღელს იჭერს: ერთის მხრივ, პუტინს `პატაკს აბარებს` - ხომ ხედავ ჩეჩნებს განუწყვეტელი ნაკადით ვაგზავნი უკრაინაშიო და მეორეს მხრივ....პატიმართა ოჯახის წევრების გულსაც იგებს: ჩეჩნეთი ხომ ველურად კორუმპირებული საზოგადოებაა და იქ კანონი არ არსებობს. არსებობს ადათ-წესი.
ამავე დროს, სულ უფრო მეტი წყარო ადასტურებს, რომ იმ ჩეჩნებმა, ვინც მანამდე გააგზავნა კადიროვმა უკრაინის გასანადგურებლად, უკან დაბრუნება მოითხოვეს იმის მიუხედავად, რომ ჩეჩნეთში დისლოცირებული 70-ე რუსული პოლკის სამხედრო მოსამსახურეები არიან. თან კონტრაქტორები.
ანუ ამ ჩეჩნებმა `სამხრეთელ ოსებს` მიბაძეს: როგორც უკვე ვწერდით, აგრესიის მონაწილეთაგან ბევრმა ოსმა უარი თქვა ბრძოლაზე და ცხინვალში დაბრუნდა. ოღონდ ცხინვალი ოფიციალურად მაინც არ არის ჯერ რუსეთის ფედერაცია, თუმცაღა სეპარატისტული და ოკუპირებული ტერიტორიაა, აი გროზნო კი.....ოფიციალურად რუსეთის ტერიტორიაა. ისევე, როგორც დაღესტანი.
ზოგადად, ეს `ჩეჩნური ბრძოლისუნარიანობა` და `ჩეჩნური სულისკვეთება` არის ზღაპარი, რომელსაც რუსული პროპაგანდა აღვივებდა. სინამდვილეში, თანამედროვე ომს მითოპოეტიკა და კუნთებზე ყურება კი არ იგებს, არამედ დისციპლინა: სულ რამდენიმე კვირაში იღლებიან, ქანცი უწყდებათ და გაქცევაზე არიან, როგორც კი ომი ჭიანურდება...
გარდა ამისა, ასეთი მენტალობის სამხედროებით დაკომპლექტებული შენაერთი, როგორც კი ბრძოლაში არა მხოლოდ გამძლეობა, არამედ მოთმინება ევალება, საშინელებებს სჩადის და პირუტყვის სახეს აჩენს: ბუჩაში რაც მოხდა, კიევთან, სწორედ რამზან კადიროველებით დაკომპლექტებული შენაერთების ჩადენილია. ანუ, ერთის მხრივ, ვერც კიევი აიღეს და საშინელი მხეცობით პუტინის საბოლოო დისკრედიტაციაც მოახდინეს.
ახლა ცნობილი ხდება (უკრაინული წყაროებიდან), რომ `გადაღლილ-მოქანცული` პირუტყვები, ბუჩაში რომ უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ და ახლა დონბასზე გადაისროლეს, ერთმანეთსაც დაერივნენ: მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა ჩეჩნებს შორის ყაზარმაში ატეხილი სროლის შედეგად. ერთ-ერთ სოფელში ნაძარცვი ვერ გაიყვეს.
ამ ყველაფრის პატრონი რამზან კადიროვი კი მსოფლიო მეინსტრიმულ მედიას აფორიქებს სკანდალური განცხადებებით: უკრაინას რომ მოვუთავებთ საქმეს, სხვა სახელმწიფოებს მივხედავთ, პირველ რიგში პოლონეთსო.
ამ მუქარამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაკი კადიროვი პუტინის მთავარ სატრაპად ითვლება და მას ხშირად ახმოვანებს.
საეჭვოა ახლა პუტინს კიდევ პოლონეთში ან ბალტიის ქვეყნებში შეჭრის უნარი ჰქონდეს, მაგრამ ეს განცხადებები ხომ ჟღერს?
ალბათ კადიროვი, მათი მეშვეობით, უკრაინაში საკუთარი` ჩეჩნური` მისიის კრახის გადაფარვას ცდილობს.
. . . . . . . . . .
სპარსეთის ყურეში ძალიან სახიფათოდ ვითარდება მოვლენები: ირანის შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს ბერძნული ნავთობტანკერი მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა დააპატიმრა თავის სანაპიროსთან ირანული ნავთობით სავსე გემი, რომელიც რუსულ კომპანიას ეკუთვნოდა. ანუ ამ გზით ირანმა შური იძია საბერძნეთზე. ოღონდ...სადამდე შეიძლება მივიდეს ეს შურისძიება? სპარსეთის ყურეში დგას უძლიერესი ბრიტანული და ამერიკული ფლოტი. კიდევ ერთი მცდელობა თუ იქნება მოკავშირე ქვეყნების ნავთობტანკერთა დაკავებისა, ამერიკელები და ინგლისელები შეიძლება სამხედრო გზით ჩაერიონ.
სხვათა შორის, აქ არის კიდევ ერთი პრობლემა, რაც ჯერ-ჯერობით არ აქტუალიდზება: ევროკავშირში რომ ლაპარაკობენ რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვაზე და ამასაც არ ბედავენ, თეორიულად დასავლეთს შეუძლია არა მხოლოდ თვითონ თქვას უარი რუსული ნავთობის შესყიდვაზე, არამედ მსოფლიო ოკეანეში რუსული ნავთობის მოძრაობაც აკრძალოს.
ესე იგი, გადაკეტოს ძირითადი საზღვაო არტერიები და მარშრუტები იმის მიუხედავად, ტერიტორიული წყლებია თუ ნეიტრალური წყლები.
ეს იქნებოდა ყველაზე ეფექტური ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა მოსკოვი მზადაა სამხედრო ფლოტი მიაშველოს თავის ნავთობტანკერებს საერთაშორისო წყლებში. თუ NATO-ს ფლოტი საერთაშორისოი წყლებში მაინც შეეცდება რუსული ნავთობით დატვირთული გემების დაკავებას, რუსული სამხედრო `ესკორტი` მათ წინააღმდეგობას გაუწევს და...ეს დიდი ომია. თუმცა ამ მარშრუტების გადაკეტვა ყველაზე ეფექტური ზომა კი იქნებოდა.
ეს ზომა მიიღეს იმავე ირანის წინააღდმეგ რამდენიმე წლის წინ ოღონდ....გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით და ახლა რუსეთი საკუთარ თავს ხომ არ დასჯის, როცა გაეროში ვეტოს უფლება აქვს?
ერთი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლის შედეგად.
იქ მშვიდობა არ მყარდება და არც დამყარდება, ვიდრე სომხეთი არ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. სროლები ხშირია ე.წ. დასავლეთ ზანგეზურში, ანუ სიუნიკში....ეს ტერიტორია აზერებს ისტორიულად მიაჩნიათ, თუმცა ოფიციალურად სომხეთის შემადგენლობაში შედის საერღაშორისო სამართლის შესაბამისად.
აზერები ამაზე ამბობენ: თუკი სომხები არ აღიარებენ და `ისტორიულად სომხურს` უწოდებენ მთიან ყარაბაღს, რომელიც ოფიციალურად შედის აზერბაიჯანის შემადგენლობაში, მაშინ ჩვენ რატომ ვართ ვალდებულნი ვაღიარებდეთ სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას და იმ ტერიტორიებს, რაც ისტორიულად ჩვენი იყო, თუმცაღა ოფიციალურად შედიან სომეხთის შემადგენლობაში?
ეს დაპირისპირება და მსხვერპლი მეტყველებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კომუნიკაციების გახსნაზე და საქართველოს კომუნიკაციათა `განულებაზე` ჯერ კიდევ შორსაა.ამაზე ლაპარაკი დღეს არარეალურია.
. . . . . . . . . .
ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონატი ფინეთმა მოიგო. ამ ჩემპიონატზე რუსეთის და ბელორუსის ნაკრები არ დაუშვეს უკრაინაში აგრესიის გამო.
ჰოკეი რუსებისთვის იგივეა, რაც ბრაზილიელებისთვის ფეხბურთი.
თუმცა......კიდევ ბევრ ასეთ` სიამაყეზე` მოუწევთ უარის თქმა პუტინის ჩლუნგი იმპერიალიზმის გამო.