საერთაშორისო მიმოხილვა. 29 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 იანვარი. 2024 წელი

სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა სირიაში, იორდანიის საზღვართან, უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის შედეგად ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.

კიდევ 30-მდე ამერიკელი სამხედრო დაჭრილია. მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილებიც.

ეჭვს არ იწვევს, რომ დრონი გაუშვეს სირიის ტერიტორიიდან -  პროირანულმა შიიტურმა დაჯგუფებამ, რომელიც მოქმედებს სირიის ტერიტორიაზე.

ვინ აღარ არის სირიაში: რუსები, თურქები, ამერიკელები.....

ბაიდენი ეკლესიაში იყო, როდესაც შეატყობინეს; წუთიერი დუმილი გამოაცხადა და მერე თქვა, რომ ამერიკა უეჭველად უპასუხებს.

როგორც ჩანს ამერიკა დაარტყამს უახლოეს საათებში ამ შიიტური დაჯგუფების პოზიციებს სირიაში, მაგრამ არა თვით ირანს, რომლის ბრძანებითაც მოქმედებენ ეს დაჯგუფებები სირიაშიც და იემენშიც.

ირანი კვლავინდებურად რაღაცას ელის და პირდაპირ არ ერთვება საომარ მოქმედებებში. Proxy ომს ამჯობინებს.

ეს არის პირველი მსხვერპლი ამერიკელებს შორის ისრაელ-ღაზას ომის დაწყების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან ამჟამად დისლოცირებულია ამერიკული ფლოტის უძლიერესი ავიამზიდი დაჯგუფება.

თუმცა სპეციალისტებისთვის გაუგებარია, როგორ მოახერხა ირანულმა დრონმა ამერიკულ ბაზაზე დარტყმა, როდესაც მას საზენიტო-საჰაერო სისტემები იცავს. მათ შორის რადიოელექტრონული ბრძოლის საუკეთესო  საშუალებები.

ეს გარემოება უახლოეს დღეებში პენტაგონის სკრუპულოზური გამოძიების საგანი გახდება.

შესაძლო ვარიანტი ორია: ან ადგილობრივმა მეთაურობამ ვერ უზრუნველყო სათანადო მორიგეობა, ან.....ირანს უკვე აქვს ისეთი დრონები, რომლებსაც შეუძლიათ თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების გადალახვა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ, სტამბულში, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა მოკლეს რამდენიმე ადამიანი კათოლიკურ ეკლესიაზე თავდასხმის დროს. ტერორისტები მალევე დააკავეს. ერთი მათგანი ტაჯიკეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე - რუსეთის.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორისტები 24 საათის განმავლობაში იქნებიან დაკავებულნიო და მართლაც ასე მოხდა - სულ მალე ორივე დააკავეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ გასცა ბრძანება, მაჰმადიანურ ქვეყნებში დახოცონ ქრისტიანები და იუდეველები (ებრაელები).

ეს ტერაქტი აღსანიშნავია იმით, რომ თანამედროვე (!) თურქეთის მთელი ისტორიის განმავლობაში იქ თითქმის არ მომხდარა ტერაქტი ქრისტიანების წინააღმდეგ - მაჰმადიანები ძირითადად ერთმანეთს ხოცავდნენ.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარმა განაცხადა, რომ აფხაზებმა აფხაზეთში არ შეუშვეს.

„უკვე მეორედ ვცდილობ აფხაზეთში შესვლას, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება არ მიშვებს. აფხაზეთი დასავლეთისგან იხურება“ - აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა.

ბუნებრივია „აფხაზებმა არ შეუშვეს“ ფორმულირება დაზუსტებას მოითხოვს: არ შეუშვეს, რადგან მოსკოვმა უბრძანა არ შეუშვან.

მოსკოვი სულ უფრო გაღიზიანებული იმით, რომ როგორც ზოგიერთი ბლოგერი წერს Абхазия, которую Россия спасла, пытается улизнуть на запад.

„ჟენევის მოლაპარაკებები“ და ევროკავშირთან კონსულტაციები აფხაზ სეპარატისტ-ნაცისტებს იმისთვის სჭირდებოდათ, რომ რუსეთის ალტერნატივა შეექმნათ, რაკი მათი მიზანია არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა, არამედ, როგორც თავად ამბობენ „სრული დამოუკიდებლობა“.

ამით განსხვავდება აფხაზეთი ე.წ. „სამხრეთ ოსეთისგან“.

რუსეთს ეს ძალიან არ მოსწონს, ამიტომაც წნეხს აძლიერებს: ბენზინის მიწოდება უკვე შეზღუდა აფხაზეთში და ეს, როგორც ჩანს, მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკულმა General electric-მა  დიდი კონტრაქტი გააფორმა ინდოეთთან საავიაციო ძრავების წარმოებაზე. ოღონდ ამ კონტრაქტს „მიჰყვა“ პირობა, რომ დელი შეამცირებს სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას რუსეთთან; კერძოდ, რუსული იარაღის შესყიდვას.

ეს სავიაციო კონტრაქტი ვაშინგტონის სერიოზული გეოპოლიტიკური გამარჯვებაა: ბოლო 20 წლის განმავლობაში ინდოეთმა რუსეთისგან 60 მილიარდი დოლარის იარაღი შეიძინა; თუ ახლა გადაერთვება ამერიკულ იარაღზე ეს გეოპოლიტიკური პრიორიტეტების შეცვლასაც ნიშნავს.

ინდოეთს მზარდი წინააღმდეგობები აქვს ჩინეთთან სასაზღვრო ტერიტორიების გამო და ბუნებრივია, თუ მოსკოვის ალტერნატივას აქტიურად ეძებს.

იმიტომ, რომ მოსკოვი (უკვე) პეკინის ყურმოჭრილი ყმაა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩეხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვაცლავ კლაუსმა, რომელიც პროპუტინურ პოლიტიკოსად ითვლება, ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ომი დაიწყო არა 2022 წლის 24 თებერვალს, არამედ 2008 წლის 4 აპრილს, NATO-ს ბუქარესტის სამიტზე, სადაც მიიღეს რეზოლუცია, რომ უკრაინა და საქართველო „აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები“.

კლაუსის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ჩეხეთი, გერმანია და საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ამერიკამ მაინც თავისი გაიტანა.

საინტერესოა რას ნიშნავს ფორმულირება „კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ“, როდესაც ალიანსში მოქმედებს კონსენსუსის პრინციპი და NATO  სამიტზე ვერ მიიღებდა ვერც ერთ გადაწყვეტილებას, თუ გერმანია და საფრანგეთი ვეტოს დაადებდნენ.

როგორც ჩანს ვეტო არ არ გამოუყენებიათ, თუმცა კი არ მოსწონდათ.

ჩეხეთის ექსპრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი ის პოლიტიკოსია, რომელიც საქართველოს აბრალებდა 2008 წლის ომის დაწყებას.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე სისტემური პრობლემები უკვე არა მხოლოდ პარტიათაშორისი პოლიტიკური პრობლემაა, არამედ `ერზაც-სამოქალაქო ომის~ ალუზიებსაც კი ქმნის:

გუშინ კინაღამ შეიარაღებული შეტაკება მოხდა ტეხასში აშშ ნაციონალურ გვარდიასა და ამერიკელ მესაზღვრეებს შორის.

გვარდია ამერიკაში, კონსტიტუციის თანახმად, შტატს ექვემდებარება და არა ფედერალურ ხელისუფლებას.

ტეხასის გუბერნატორი გრეგ ებოტი რესპუბლიკელია და ტრამპის მომხრედ ითვლება.

მან უბრძანა გვარდიას, რომ ამერიკული კონსტიტუციის იმ მუხლის თანახმად, რომელიც შტატს აძლევს უფლებას გამოიყენოს გვარდია „შემოჭრის შემთხვევაში“, ამიერიდან არა სასაზღვრო ძალები (ისინი ფედერალურ ხელისუფლებას ემორჩილებიან და არა შტატს) არამედ ტეხასის შტატის ეროვნული გვარდია დაიცავს საზღვარს მექსიკასთან, რაკი, გუბერნატორ ებოტის თქმით „ფედერალებს არ ძალუძთ საზღვრის დაცვა და ამერიკაში, პირველ რიგში ტეხასში ყოველწლიურად ასი ათასობით უკანონო მიგრანტი შემოდის“.

ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მესაზღვრეებს არ მოეწონათ და მათ წინააღმდეგობის გაწევაც კი სცადეს, თუმცა სროლამდე, საბედნიეროდ, საქმე არ მისულა.

აღსანიშნავია, რომ ტეხასს კიდევ ოცამდე ამერიკულმა შტატმა გამოუცხადა მხარდაჭერა და თავისი ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფებიც კი გაუგზავნეს.

ერთობ სახიფათო ვითარებაა მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, თითქოს, ამერიკაში, კერძოდ ტეხასში ან სხვა შტატებში არ არსებობს საფუძველი სეპარატიზმისთვის.

ოღონდ „საზღვრის საკითხი“ და პრობლემა უკვე ისეთ სიმძიმეს იძენს, მართლა სერიოზული პრობლემა ხდება. მით უმეტეს ვითარებაში, როდესაც თეთრი სახლი და კონგრესი სრულიად უძლურნი არიან რაიმე კომპრომისს  მიაღწიონ ამ მიმართულებით:

კაპიტოლიუმზე თითქოს შემუშავდა ორპარტიული კომპრომისული კანონპროექტი, რომელსაც თავის მხრივ უნდა „განებლოკა“ დახმარება უკრაინისთვის (რესპუბლიკელები ხომ სწორედ მექსიკასთან საზღვრის თემას უკავშირებენ უკრაინის და ისრაელის ფინანსურ დახმარებას), მაგრამ ბოლო მომენტში გარიგება მაინც ჩაიშალა;

საქმე ის გახლავთ, რომ ჯო ბაიდენი და დემოკრატები ყოველნაირად ცდილობენ შეინარჩუნონ ამერიკის ჰუმანისტური იმიჯი და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი, რასაც ამერიკა სხვა სახელმწიფოებისგან მოითხოვს.

ამიტომ კომპრომისულ კანონპროექტში მაინც იყო შენარჩუნებული დებულება, რომ ამერიკის პრეზიდენტი საზღვარს ჩაკეტავს არმიის ძალით, თუ ყოველ დღე მექსიკიდან ამერიკაში 5 000 უკანონო მიგრანტზე მეტი შემოვა.

არადა დღეს 10 000ც კი შემოდის. კატასტროფული ციფრია.

თითქოსდა დღესვე შეუძლია ამერიკის პრეზიდენტს საზღვრის ჩაკეტვა (არა სასაზღვრო ჯარების, არა ეროვნული გვარდიის, არამედ არმიის ძალით!), მაგრამ „დემოკრატებმა“ ბოლო მომენტში უარი თქვეს, რაკი თვით მიდგომა არ მოეწონათ: რას ნიშნავს 5 000-ზე მეტი დღეში? 4 900 თუ გადმოვიდა ყოველ დღე, წელიწადში ეს უკვე მილიონებია!

ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობით, უკანონო მიგრანტები, თუკი დააკავეს (უმრავლეს შემთხვევაში აკავებენ) შემდეგ გადაჰყავთ საფილტრაციო ბანაკებში და იქ ისინი თვეობით, ზოგჯერ წლობით ელიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა საბოლოოდ მაინც უშვებენ და ასე გამოდის, რომ თუ მოხვდები ამერიკაში, შემდეგ იქ მაინც დარჩები. „დეპორტაცია“ ურთულესი პროცედურაა.

ამჟამად ამერიკაში მექსიკის გავლით შეღწევას ცდილობენ არა იმდენად თვითონ მექსიკელები ან სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მოქალაქეები, არამედ აზიელები, ჩინელები და აფრიკელები.

მათ შორის უამრავი ქართველია - სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად რომ ტეხასის უდაბნოში დაძრწიან.