საერთაშორისო მიმოხილვა. 29 აპრილი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 აპრილი. 2024 წელი

საოცარი ინფორმაცია: რუსეთში ევროპული ბანკების (!) ფილიალებმა რუსულ ბიუჯეტში გადაიხადეს 800 მილიონი ევრო! ეს რამდენჯერმე მეტია, ვიდრე 2022 წლამდე ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.

ბევრად მეტ გადასახადს იმიტომ იხდიან ეს  ბანკები და მათი „შვილობილები“, რომ ევროკავშირის სანქციებით ევროპული ბანკების უდიდესი ნაწილი დაიხურა რუსეთში, მაგრამ......რამდენიმე დარჩა და მაშინ გაუგებარია რაღა აზრი ჰქონდა ამ სანქციებს:

თუნდაც ერთი ბანკიც დარჩენილიყო, ის ბანკი „გაატარებდა“ ტრანზაქციებს.

და რაკი „დარჩენილები“  ატარებენ ტრანზაქციებს, ბუნებრივია, შემოსავალიც მეტი აქვთ. შესაბამისად  მეტ გადასახადსაც იხდიან და ეს, ყველაფერს თუ თავს დავანებებთ, მეტყველებს, რამდენად აქტიურად მიმდინარეობს ფინანსური ტრანზაქციები ევროსა და დოლარში მიუხედავად სანქციებისა - მხოლოდ გადასახადი თუ გადაიხადეს 800 მილიონი ევრო.

მაშინ ცოტა არ იყოს გაუგებარია, რაღა აზრი ჰქონდა ამ სანქციებს? ვალუტის გასატარებლად ერთი ბანკიც ხომ კმარა?

ზოგჯერ მართლა უცნაური და შეუცნობადია  ევროპული და ამერიკული ბიუროკრატიის ლოგიკა.

ამჟამად რუსეთში მოქმედებენ Raiffeisen Bank International, Unicredit, ING, Commerzbank, Deutsche Bank, Intesa Sanpaolo.

მერე კიდევ უკვირთ, „ესოდენ მძიმე სანქციები“ რატომ არ მოქმედებებსო?

მთავარია არა სანქციათა სიმძიმე, არამედ ყოვლისმომცველობა.  

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსები ძალიან აქტიურად იყენებენ უკრაინის ფრონტზე Штуровик-ს ანუ „საფრონტო ბომბდამშენს“ СУ-25.

სწორედ მისი მეშვეობით ესხმიან თავს უკრაინულ არმიას როტაციის, ესე იგი გზებზე მასობრივი გადაადგილების დროს. ასე მოხდა გუშინ დონბასის ფრონტზე ავდეევკას ჩრდილო-დასავლეთით.

ეს საფრონტო ბომბდამშენი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მონაცემებით მას შეედრება მხოლოდ და მხოლოდ ამერიკული A-10 Thunderbolt II.

ისტორიული ირონიაა, რომ ორივე ამ უძლიერესი თვითმფრინავის („მფრინავ ტანკს“ უწოდებენ ორივეს) წარმომავლობა საქართველოს უკავშირდება:

СУ-25 თავის დროზე იწარმოებოდა თბილისის საავიაციო ქარხანაში; ამიტომაც აქვთ დღეს რუსებს

 A-10 კონსტრუქტორია ამერიკაში ემიგრირებული ალექსანდრე ქართველი.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ (წყარო Business insider) ცნობილი გახდა, რომ ამერიკამ ყაზახეთისგან შეიძინა 81 „ჩამოწერილი“ საბჭოთა წარმოების სამხედრო თვითმფრინავი MiG-31 interceptors, MiG-27 fighter bombers, MiG-29 Fighters და SU-24.

„ჩამოწერილი“ იმას ნიშნავს, რომ არ გამოიყენებოდა ყაზახეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ.

ამ 81 სამხედრო თვითმფრინავიდან თითოეულში, პენტაგონმა გადაიხადა სულ რაღაც $20 000 ანუ მიზერი - კაპიკები!

რაში დასჭირდა? ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკა შეეცდება მათ აღდგენას, რათა უკრაინას გადასცეს.

ამ გარიგებამ მოსკოვში უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. რუსებმა ხომ ძალიან კარგად იციან, რაშიც „დასჭირდა“ ამერიკას ეს საბჭოთა თვითმფრინავები.

მაშინვე გაჩნდა სიმპტომები კრემლის „ღრენისა“ ყაზახეთის მიმართ: შტატიანმა პროპაგანდისტმა სოლოვიოვმა სახელმწიფო არხზე უმალვე მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: ყაზახეთში ნაციზმი იმარჯვებს და ასტანა კიევის გზას დაადგაო.

აქ არის კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი: რუსული პოსტსაბჭოთა ანტი-NATO სამხედრო ორგანიზაცია ОДКБ (Организация договора коллективной  безопасности)  სრული ფიქციაა!

აბა როგორ გაბედავს NATO-ს წევრი რომელიმე ქვეყანა, რუსეთს ამერიკული წარმოების თუნდაც ჩამოწერილი იარაღი მიჰყიდოს? გამორიცხულია!

თურქეთმაც კი - დიდმა თურქეთმა, რომელიც თითქოს „თავისთავად პოლიტიკას“ ატარებს, გაბედა ეყიდა რუსეთისგან საზენიტო სისტემები С-400, მაგრამ აბა გაებედა და თუნდაც ჩამოწერილი ამერიკული Patriot მიეყიდა კრემლისთვის!

ეს იმას ნიშნავს, რომ ОДКБ წევრებს, მათ შორის ყაზახეთს, რომელიც რეალურად ამ ბლოკის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, კრემლის რეაქცია სულაც არ ანაღვლებთ და მოქმედებენ ისე, როგორც თავად მიაჩნიათ საჭიროდ - იყენებენ ОДКБ-ს საკუთარ ინტერესებში იმდენად, რამდენადაც დასჭირდებათ.

ალბათ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ ყაზახეთში დაიწყო ამბოხი ხელისუფლების დასამხობად და ეს ამბოხი რუსეთმა ОДКБ-ს „ქოლგის“ ქვეშ ჩაახშო.

და როგორც კი პრეზიდენტმა ტოკაევმა ძალაუფლება განიმტკიცა, რუსის ჯარი ქვეყნიდან გააპანღურა - აღარ მჭირდებითო.

მაშ რატომღა დაეხმარა მოსკოვი ОДКБ-ს ქოლგის ქვეშ?

იმიტომ დაეხმარა, რომ თუ არ დაეხმარებოდა, მაშინ ტოკაევი ჩინეთს და თურქეთს მიმართავდა სამხედრო დახმარების თხოვნით და ОДКБ-დან საერთოდ გავიდოდა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .  

დასრულდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მორიგი ვიზიტი ჩინეთში.

სი ძინპინთან შეხვედრისას ბლინკენმა კვლავ გააფრთხილა ჩინური მხარე, რომ ამერიკა მკაცრ ზომებს მიიღებს, თუკი ჩინეთი არ შეწყვეტს რუსეთთან ვაჭრობას და „მეორად იმპორტს“ იმ პროდუქციის თუ ტექნოლოგიებისა, რაც მოსკოვს სჭირდება დასავლური სანქციების გადასალახად.

თუმცა, ეს ვაშინგტონის პირველი გაფრთხილება არ არის.

ძალიან საინტერესოა, რომ ბლინკენი ჩინურ აუდიო-მაღაზიაში მივიდა და ამერიკელი, ასევე ჩინელი მუსიკოსების ჩანაწერები შეიძინა. გარდა ამისა, ჩინური სამზარეულო დააგემოვნა ექსკლუზიურ ჩინურ რესტორანში.

დიპლომატიური „ენიდან“ თუ „გადმოვთარგმნით“ ეს ნიშნავს, რომ ამერიკა ჩინეთთან თანამშრომლობისთვის მზად არის და კულტურა შეიძლება იქცეს „ხიდად“.

იმავე დროს, ბლინკენმა წუხილი გამოთქვა, რომ ამერიკაში 230 000 ჩინელი სტუდენტი სწავლობს, ხოლო ჩინეთის უნივერსიტეტებში - მხოლოდ 900 ამერიკელი სტუდენტი.

აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადია. ანუ ბლინკენი ამით აღიარებს, რომ ჩინეთი სწრაფად განვითარებად ტექნოლოგიების ქვეყანაა და მიუხედავად იმისა, ეს ტექნოლოგიები დასავლურიდანაა მოპარული, ამერიკა მზადაა ინფორმაციის გაცვლის სფეროში(ც) ითანამშრომლოს ჩინეთთან, როგორც თანასწორთან.

ისევე, როგორც უამრავი ამერიკელი სწავლობს ევროპულ უნივერსიტეტებში და პირიქით.

არსებითად, ბლინკენის ეს ვიზიტი(ც) უნაყოფო და უშედეგო იყო, რადგან ჩინურმა ოფიციოზმა მაშინვე გაავრცელა განცხადება: „ჩინეთი არ დაუშვებს მის სუვერენულ საქმეებში ჩარევას; მათ შორის საგარეო ვაჭრობის თვალსაზრისითო“.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

Reuters იტყობინება, რომ ილონ მასკიც,  გასულ კვირას, საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში და ცდილობდა ჩინეთის უმაღლესი ხელისუფლებასთან შეხვედრას სტრატეგიული საკითხის გადასაწყვეტად: მასკი აპირებს სწორედ ჩინეთში დაიწყოს   Full-Self Driving ანუ მთლიანად ავტონომიური მართვის მანქანების (ავტოპილოტით) წარმოება. ამაზე ვწერდით უკვე რამდენიმე დღის  წინ.

ოღონდ მასკის პრობლემა ისაა, რომ ჩინური კანონმდებლობა კრძალავს ჩინეთის ტერიტორიაზე გამომუშავებული ტექნოლოგიების ექსპორტს. მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებისა. FSD სისტემა კი სწორედ პროგრამული უზრუნველყოფაა.

ჩინური კანონი მკაცრად მოითხოვს, ნებისმიერი პროგრამა და ტექნოლოგია, რაც გამომუშავებულია ჩინეთის ტერიტორიაზე, მხოლოდ ჩინეთში დარჩეს და მხოლოდ ჩინეთში წარმოებულ მანქანებზე დაინსტალირდეს.

ბუნებრივია მასკს ეს ხელს არ აძლევს, რაკი ერთის მხრივ ძალიან უნდა სწორედ ჩინეთში დაიწყოს ავტოპილოტიანი მანქანების წარმოება, ხოლო მეორეს მხრივ ჩინეთი  მაინც N 2  მწარმოებელია მისი მანქანების. პირველი ნომერი ამერიკაა.

თავის დროზე დონალდ ტრამპმა აკრძალა ახალი საავტომობილო ტექნოლოგიების და პროგრამების ექსპორტი ამერიკიდან - ჩინეთში.

ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, საეჭვოა მასკის დონეზე გადაწყდეს. აქ უფრო ამერიკისა და ჩინეთის უმაღლეს ხელისუფლებათა დიდი „ვაჭრობაა“ მოსალოდნელი.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

Business insider აქვეყნებს აშკარად ამერიკული სპეცსამსახურებიდან სპეციალურად „გაჟონილ“ მასალას, რომ ჩინეთის ხარბინის უნივერსიტეტის ზესაიდუმლო ლაბორატორიაში ამუშავებენ ე.წ. „ლაზერულ ძრავებს“ წყალქვეშა ნავებისთვის, რომლებიც მისცემენ საშუალებას ატომურ სუბმარინებს იმოძრაონ უჩუმრად წყალში.

ეს ტექნოლოგია მუშაობს შემდეგნაირად: ლაზერები, რომლებიც დამაგრდებიან სუბმარინის სხვადასხვა პერიმეტრზე, შექმნიან წყალქვეშა ნავების გარშემო პლაზმას, „ვაკუუმურ ბუშტს“ და წყალქვეშა ნავს ექნება საშუალება იმოძრაოს საათში 1 000 კილომეტრის (!!!) სისწრაფით.

იგივე ტექნოლოგია შესაძლოა გამოიყენონ ტორპედოებშიც.

ეს ინფორმაცია, რომელსაც ესოდენ ავტორიტეტული რესურსი აქვეყნებს, მკაფიოდ მეტყველებს, რამდენად მწვავეა ტექნოლოგიური, სამხედრო დაპირისპირება აშშ-სა და ჩინეთს შორის.

ამერიკული წყაროები, მეცნიერებზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ ამგვარი  ტექნოლოგიური გადაწყვეტა  მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი,  თუმცა პრაქტიკულად ძალიან რთულად განსახორციელებელია მაგრამ....ვერ უარყოფენ, რომ პენტაგონმაც განათავსა რამდენიმე ანალოგიური შეკვეთა ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში

ჩინეთს ამჟამად 60 წყალქვეშა ნავი აქვს. ამერიკას - 67.

25 წლის წინ ამერიკას ათჯერ  მეტი სუბმარინა ჰყავდა, ვიდრე ჩინეთს.

ესეც მნიშვნელოვანი ტენდენციის მაჩვენებელია.