საერთაშორისო მიმოხილვა. 25 სექტემბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 25 სექტემბერი. 2023 წელი

როგორც ბევრჯერ გვითქვამს, ძალიან სახიფათოდ ვითარდება მოვლენები ამერიკაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და სასამართლო პროცესების გამო.

ფედერალურ სასამართლოში დარეკა ქალმა და მოსამართლეებს მკვლელობით დაემუქრა.

რა თქმა უნდა იპოვეს, დააპატიმრეს, თუმცა ეს უკვე სახიფათო სიმპტომია.

გახშირდა სატელეფონო ზარები და მესიჯები გამომძიებლების მიმართ.

ხელისუფლება იძულებულია ტრამპის საქმეების გამომძიებლებს და მოსამართლეებს ასევე მათი ოჯახის წევრებს დაცვა დაუნიშნოს! იმიტომ, რომ ემუქრებიან არა მხოლოდ მათ, არამედ მათი ოჯახის წევრებს;

დაცვა დაავალეს secret service-სს.

ეს უძლიერესი სპეცსამსახურია, რომელიც პრეზიდენტებს იცავს; მაგრამ თუ საქმე სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდა, ისიც უძლური იქნება.

პირველად ამერიკის თვალსაწიერ ისტორიაში, ამერიკული ელიტები და Deep state აშკარად დაბნეულნი არიან და ვერაფრით ახერხებენ მიზანშეწონილი ტაქტიკის თუ სტრატეგიის გამომუშავებას ტრამპის ფენომენის მიმართ;

სიტუაცია ზუსტად აღიწერება ქართული გამონათქვამით; `ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე` ანუ `ეს ქმედება  ვაია და ის ქმედება კიდევ ვუი`

 

სრულიად მოულოდნელად (ან თითქმის მოულოდნელად) ამ პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდა გენერალი მილლი  - აშშ შეიარაღებულ ძალთა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის თავკაცი.

სექტემბრის ბოლომდე იგი უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ იგი კვლავ დაადანაშაულა, რომ როცა ამერიკის პრეზიდენტი იყო და ჩინეთთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა, გენერალი მილლი ჩინელ სამხედროებს ურეკავდა და არწმუნებდა, რომ ამერიკა არ განახორციელებს არანაირ სამხედრო აქციას ჩინეთის წინააღმდეგ.

დონალდ ტრამპის თქმით `ასეთი საქციელისთვის, ანუ ამერიკის პრეზიდენტის ზურგს უკან პოტენციურ მოწინააღმდეგესთან კონტაქტისთვის, კარგი დროება როცა იყო, მილლი სიკვდილით დაისჯებოდაო`.

რომელ `კარგ დროებას` გულისხმობდა, გაურკვეველია.

სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ გენერალი მილლი (თავდაცვის მინისტრ ოსტინისგან განსხვავებით) საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხში. მას დიდი ბირთვული არსენალის მქონე რუსეთთან დაპირისპირება სახიფათოდ მიაჩნია.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 

ამერიკელმა გადამდგარმა გენერალმა Cedric Leighton, CNN ეთერში დაწვრილებით მიმოიხილა უკრაინის წარმატებული შეტევა სევასტოპოლში რუსული ფლოტის შტაბ-ბინაზე;

ირკვევა, რომ ინგლისური რაკეტა Storm shadow უკრაინელებმა გაუშვეს СУ - 24 სტრატეგიული ბომბდამშენიდან, რომელიც აქვს უკრაინას შეიარაღებაზე.

ამერიკელმა გენერალმა თქვა, რომ ეს წარმატებული შეტევა ადასტურებს, რამდენად შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების და  შორსმწვდომი რაკეტების გადაცემა;

ანუ, სევასტოპოლის რუსულ შტაბ-ბინაზე თავდასხმა უკრაინული არმიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აქციაა:

ჯერ ერთი, ამ აქციის შედეგად 9 რუსი გენერალი მოკლეს. მათ შორის დონბასზე საოკუპაციო ჯარების მეთაურები და შავი ზღვის ფლოტის ადმირალები. თანაც თათბირის დროს.

მეორე: ამ აქციით ყირიმში მცხოვრები რუსები დარწმუნდნენ, რომ ტყუილად ნეტარობენ `რუსეთის შემადგენლობაში` და ადრე თუ გვიან მოუწევთ უკრაინის  შემადგენლობაში დაბრუნება

მესამე: დასავლური ელიტები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ამ ომის დასამთავრებლად მართლა საჭიროა უკრაინისთვის ATACMS და TAURUS შორსმწვდომი რაკეტების გადაცემა; ასევე F-16 თვითმფრინავებისა, რომლებიც ამ რაკეტების `მატარებლებად` იქცევიან.

უკრაინის ომის დასამთავრებლად უკრაინის გამარჯვებაა საჭირო!

სწორედ ამ მარტივი, თუმცა აბსოლუტურად უეჭველი დებულების დემონსტრირება მოახდინა ერთმა წარმატებულმა სარაკეტო გასროლამ უკრაინული (!) თვითმფრინავიდანოკუპირებული სევასტოპოლის მიმართულებით.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა სომხური რადიოთი გამოსვლისას: მან გააკრიტიკა სომხეთის უსაფრთხოების სტრატეგია! ანუ გააკრიტიკა სომხეთის წევრობა რუსულ `კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში` (ОДКБ).

ლოგიკურად, მას შემდეგ რაც რუსეთმა `ჩააბარა` ყარაბაღი აზერბაიჯანს, თუ ყარაბაღი დაიცალა სომხებისგან, სომხეთი ალბათ გამოვა  ОДКБ-დან და ახალ სტრატეგიას აირჩევს.

პირველი ნაბიჯი იქნება განცხადება ევროკავშირთან ასოცირების შესახებ - უვიზო რეჟიმის მოთხოვნით, როგორიც საქართველოს აქვს.

შეგახსენებთ ისტორიულ ფაქტს: როდესაც საქართველომ, 2014 წელს, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებას, სომხეთის ხელისუფლებამ (მაშინ ფაშინიანი საერთოდ არ იყო პოლიტიკურ სცენაზე) ასევე მოინდომა და მოლაპარაკება გამართა პირველ რიგში საფრანგეთთან, სადაც დიდი და გავლენიანი სომხური დიასპორა ცხოვრობს; პარიზი აღფრთოვანებით შეხვდა ამ ინიციატივას და არავითარი ეჭვი არ არსებობს: სომხეთი `ასოცირებას` მიაღწევდა ისევე, როგორც მიაღწევდა `უვიზო რეჟიმს`, მაგრამ.......პუტინი გაცოფდა: დაემუქრა ერევანს, რომ უვიზო რეჟიმს გაუუქმებდა რუსეთთან, თუ ერევანი ბრიუსელთან `ასოციაციას` ხელს მოაწერდა და `უვიზოს` მიიღებდა;

მოსკოვის მოტივი იოლად ასახსნელია: უკრაინის წინააღმდეგ ომი ხომ სწორედ იმიტომ დაიწყო, კიევი რომ ევროკავშირთან  `ასოცირებას` ცდილობდა?!

ამ ფონზე მისი `სტრატეგიული მოკავშირე` სომხეთი თუ ხელს მოაწერდა ევროკავშირთან ასოცირებას, ეს რუსეთს არგუმენტს წაართმევდა; უკრაინელებიც და ევროპელებიც ეტყოდნენ: `კი მაგრამ, რატომ ხართ ასე წინააღმდეგნი უკრაინამ მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირებას, როდესაც აგერ თქვენი სტრატეგიული მოკავშირე სომხეთი() აწერს და თქვენ ეს ნორმალურად მიგაჩნიათო?`

ამიტომ მოსკოვმა სომხეთს მაშინ აუკრძალა ევროასოცირებაზე ხელის მოწერა.

ახლა სხვა დროა: რუსეთმა ყარაბაღი `ჩააბარა`, ხოლო სომხებმა დაიწყეს ყარაბაღის დატოვება: ფაშინიანმა ეს საეტაპო განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ყარაბაღელი სომხების პირველი ნაკადი (დაახლოებით 1 000 ადამიანი)მოაწყდა სომხეთს; მათ განაცხადეს, რომ ურჩევნიათ ყარაბაღი დატოვონ, ვიდრე იცხოვრონ აზერბაიჯანის იურისდიქციაში, ხოლო რუსი ე.წ. `მშვიდობისმყოფელები` არ იცავენ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა ლოიდ ოსტინმა აფრიკის რამდენიმე ქვეყანა მოინახულა.

ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ისევ და ისევ ე.წ. `კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერის` ოპერირებაა აფრიკაში.

მიუხედავად `ვაგნერის` სულისჩამდგმელ პრიგოჟინის ლიკვიდაციისა, დაჯგუფება რჩება აფრიკის რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანაში: მათ შორისაა ცენტრალურ-აფრიკული რესპუბლიკა; ლიბია (!) და მალი.

გარდა ამისა, როგორც კი ნიგერში სამხედრო გადატრიალება მოხდა, `ვაგნერი` იქაც ცდილობდა და ცდილობს შეღწევას.

ამერიკელი ანალიტიკოსები ამჯამად ამჩნევენ იმის ნიშნებს, რომ პუტინი და მისი თავდაცვის სამინისტრო ცდილობს `ვაგნერს` რაღაც `ოფიციალური` სტატუსი მიუჩინოს კრემლის საგარეო პოლიტიკაში, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ენდობა და არ გამორიცხავს ლიბიაში (!), ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში ან მალიში თუ ნიგერში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებით `ჩაანაცვლოს` ეს ე.წ. `ვაგნერი`.

ოღონდ.......აქ პოლიტიკური პრობლემა წარმოიშობა: `ვაგნერი` თავის დროზე პუტინს სწორედ იმიტომ სჭირდებოდა, რომ ღიად (!) არ სურდა მოსკოვი ოფიციალურად გამოჩენილიყო ბევრ რეგიონში.

მაგალითად, იმავე ლიბიაში პუტინს არ აწყობს ღიად დაფიქსირდეს მისი მხარდაჭერა ლიბიელი ამბოხებულების და გენერალ ჰაფტარის მხარეს მაშინ, როდესაც თურქეთი ლიბიის კანონიერ მთავრობას უჭერს მხარს

ან ვენესუელაში, სადაც პუტინმა `ვაგნერი` გააგზავნა ადგილობრივი ანტიამერიკული ხელისუფლების დასაცავად, თუმცა ოფიციალურად არმიას ვერ გააგზავნიდა, რადგან ეს ყველა ლათინურ ამერიკული ქვეყნის უკმაყოფილებას გამოიწვევდა;

ამრიგად` ვაგნერი` ძალიან მოხერხებული `ინსტრუმენტი` იყო პუტინის ხელში მანამ, სანამ აბსოლუტური სიგიჟე არ ჩაიდინა და უკრაინაში არ შეიჭრა; შედეგად, პრიგოჟინი კონტროლიდან გამოვიდა და საბოლოოდ ეს `ინსტრუმენტი` პუტინმა ფაქტობრივად დაკარგა;

ახლა აშკარად ყოყმანობს და რა მოიმოქმედოს აღარ იცის: საბოლოოდ დაშალოს `ვაგნერი` და თავდაცვის სამინისტროს ინდივიდუალურად შეუერთოს მისი მეომრები თუ შეინარჩუნოს და სხვა ლიდერი მოუძებნოს;

პრობლემა ისაა, რომ `ვაგნერი` აღარ არის სანდო, რაკი ეს მეომრები პრიგოჟინს აღმერთებდნენ და მასზე ლოცულობდნენ; შესაბამისად, `ვაგნერელები` პუტინს `ევგენის` მკვლელობას არ აპატიებენ

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთის ხელისუფლება ემზადება `ტანსაცმლის და გარეგნობის` კონტროლისთვის.

როგორც ჩანს, ეს სი ძინპინის დიქტატორული ხელისუფლების ახალი მარკერია: სპეციალური განყოფილება ჩინურ პოლიციაში გააკონტროლებს `ვინმემ ისე არ ჩაიცვას, რაც ჩინელი ხალხის სულისკვეთებას შეურაცხყოფს`

იგულისხმება არა მხოლოდ ნაირფერი, `ცისარტყელა`  ჩაცმულობა, არამედ თმის ვარცხნილობა, მოდური სვირინგები და ა.შ.

ანუ კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სოციალური ლიბერალიზმის გარეშე დემოკრატია არ გამოდის: ავტორიტარიზმი აუცილებლივ, იმანენტურად ცდილობს შეზღუდოს სოციალური ლიბერალიზმი და პიროვნების ავტონომია `სოციალური პასუხისმგებლობისა` და `ერის სულისკვეთების შეურაცხყოფის დაუშვებლობის` საბაბით.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

მეცნიერებაში უდიდესი მოვლენაა, რომ ამერიკის კოსმოსური სააგენტოს აპარატმა Osiris-Rex  შვიდწლიანი მოგზაურობის შედეგად ასტეროიდ `ბენუდან` დედამიწაზე ჩამოიტანა ასტეროიდის გრუნტის ნიმუშები, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს მოიპოვონ მტკიცებულებები დედამიწაზე წყლისა და სიცოცხლის (რთული მოლეკულების) წარმოშობის თეორიის ფარგლებში.

საინტერესოა, რომ ამ დიდი კოსმოსური პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრომოუტერი ყოფილა ლეგენდარული ჯგუფის Queen სოლისტი ბრაიან მეი.