საერთაშორისო მიმოხილვა. 20 აპრილი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 20 აპრილი. 2023 წელი

ტრაგიკომიკურად განვითარდა მოვლენები ლიხნის ველზე ისტორიული ცაცხვის დაზიანების გამო.

როგორც ვწერდით, ეს უძველესი ხე, რომელიც აფხაზთა სულიერ სიმბოლოდ ითვლება,  ბენზოხერხით დააზიანეს, მოჭრას უპირებდნენ და ვერ მოასწრეს.

აფხაზეთის `პროკურატურამ` დააპატიმრა ოჩამჩირელი ძმები ბაღათელიები.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის საეკლესიო სეპარატიზმის ლიდერი, `მამა` დოროფეი დბარი ამ ცაცხვის მოჭრის მცდელობას აბრალებს.....რუს მღვდელს, რომელიც ოკუპირებული დონბასიდან (!!!) ჩავიდა აფხაზეთში და ოჩამჩირის ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა იქაური ეკლესიის მღვდელთმთვარმა ბესარიონ აპლიამ.

ეს აპლია (ყოფილი ე.წ. `კანონიერი ქურდი` საბჭოთა დროს) `პრომოსკოვური` აფხაზური საეკლესიო სეპარატიზმის ლიდერია, ხოლო დოროფეი დბარი, ვინც რამდენიმე წლის წინ ე.წ. `აფხაზეთის წმიდა მიტროპოლია` შექმნა და ახალი ათონის ეკლესია მიიტაცა (რუსებიც გაყარა იქედან) უფრო `პროკონსტანტინეპოლურად` ითვლება ანუ არა რუსეთზე, არამედ ბერძნულ ეკლესიაზეა ორიენტირებული.

დბარი და აპლია ერთმანეთს კი ებრძვიან, თუმცა საქართველო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თანაბრად სძულთ.

ანუ, ფაქტობრივად, აფხაზეთის საეკლესიო სეპარატიზმის ლიდერმა დბარმა ბრალად დასდო რუსეთს, რუსულ სპეცსამსახურებს და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომ მათ დააზიანეს აფხაზთა სულიერი სიმბოლო.

არადა, უკრაინის წინააღმდეგ ახლა ათეულობით აფხაზი იბრძვის ე.წ. `აფხაზური ბატალიონის` შემადგენლობაში.

დბარისგან განსხვავებით, აპლია ფორმალურად(!) საქართველოს ეკლესიის მღვდლად ითვლება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ გვიან საღამოს, კიევის თავზე იდუმალი აფეთქება მოხდა და კიევის ცა განათდა. რაღაც `საჰაერო ობიექტი` აფეთქდა.

ერთ-ერთი ვერსიით, პუტინის ბრძანებით, რუსებმა კიევს ბალისტიკური რაკეტა ესროლეს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდან, ესე იგი სტრატეგიული რაკეტა ბირთვული მუხტის გარეშე, რომელიც `თვითგანადგურების` რეჟიმში შემდეგ თავადვე გადაიყვანეს მიწაზე დაცემიდან რამდენიმე კილომეტრში.

გაფრთხილება იყო იმის გამო, რომ გუშინ, ამ აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის მთავრობის ერთ-ერთმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, თითქოს უკრაინული არმია გენერალურ შეტევაზე გადავიდა ერთდროულად ოთხი მიმართულებით აღმოსავლეთ უკრაინაში.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გამაოგნებელი დეტალები ირკვევა `საუკუნის მედია სკანდალში`.

როგორც მოგახსენეთ, Foxnews-მა კომპანიას  Dominion Voting System-ს (DVS) $787 მილიონი უნდა გადაუხადოს `პატივისა და ღირსების` სარჩელზე ანუ საქმიანი რეპუტაციის შებღალვის გამო.

2020 წელს FOX უაპელაციოდ აბრალებდა კომპანიას, რომელიც ამზადებს და ემსახურება ხმების დამთვლელ მანქანებს (ამერიკაში ხმას დიდი ხანია ელექტრონულად აძლევენ, ესე იგი ბიულეტენს უშვებენ სპეციალურ მანქანებში), თითქოს DVS-მ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბა ტრამპის საწინააღმდეგოდ და ბაიდენის სასარგებლოდ.

ირკვევა, რომ მოსამართლემ მხოლოდ გააფორმა (ჯერ ჯერობით წინასწარ) კომპრომისული წინასასამართლო გარიგება, რაც დაიდო მხარეებს შორის; ანუ ტელეკომპანია აღიარებს რომ მოიტყუა და უზარმაზარ (აბსოლუტურად უპრეცედენტო) ჯარიმას იხდის საქმიანი რეპუტაციის შებღალვისთვის.

დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილება მიიღო პირადად ლეგენდარულმა მედია-მაგნატმა, 92 წლის  რუპერტ მერდოკმა. ამით მან სცადა გადაერჩინა თავისი მედია-იმპერია, თუმცა ზარალი მეტისმეტად დიდია.

არა მხოლოდ ფინანსურად. რეპუტაციული ზარალიც ხომ არანაკლებია?! სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი არ ყოფილა, - ტელეკომპანიამ თვითონ აღიარა, რომ ტყუოდა და ამ აღიარების სანაცვლოდ იხდის კოლოსალურ ჯარიმას.

მედიისთვის რეპუტაცია ცენტრალური, ეგზისტენციური თემაა.

Foxnews versus DVS ქმნის პრეცედენტს, რომელიც უმძიმესად დაარტყამს მედიას მთელს მსოფლიოში.

ეს არ არის Fox-თან დაკავშირებული პირველი სკანდალი.  რამდენიმე წლის წინ მერდოკმა ათეულობით მილიონი დოლარი გადაუხადა რამდენიმე ტელეწამყვან ქალს მას შემდეგ რაც მათ იჩივლეს ტელეკომპანიის მენეჯერის მხრიდან სექსუალური ჰარასმენტის თაობაზე.

პარადოქსი კი ისაა, რომ მერდოკის გრანდიოზულ იმპერიაში FOX ფინანსურად ყველაზე მეტად მომგებიანი პროექტი იყო.

პოლიტიკურად კი, 2024 წლის მძვინვარე საარჩევნო კამპანიის წინ, დონალდ ტრამპს უმძლავრესი დასაყრდენი გამოეცალა.

ტრამპი ფლობს წილს ამ ტელევიზიაში, თუმცა ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა.

გადამწყვეტი ფაქტორი იყო თვით ტელევიზიის მემარჯვენე-კონსერვატიული სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მუდამ ორიენტირებული იყო სწორედ იმ სოციალურ კატეგორიაზე, ვინც ტრამპს აძლევდა ხმას არჩევნებზე.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პირდაპირ დაემუქრა კორეას (რასაკვირველია იგულისხმება დემოკრატიული სამხრეთ კორეა), რომ `მძიმედ უპასუხებს`, თუ კორეა იარაღს მიაწვდის უკრაინას.

როგორც ჩანს, რუსებმა გაიგეს, რომ ამერიკელები რეგიონში ყველა პარტნიორს, მათ შორის კორეასაც სთხოვენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და თანხმობაც მიიღეს.

რუსეთის `საგარეოს` განცხადება გააჟღერა ამ უწყების სფოუქსპერსონმა მარია ზახაროვამ.

ეს ქალი ზოგადად განსაკუთრებული სიკაპასით და აგრესიულობით გამოირჩევა.

თან დასძინა, რომ უკრაინაში, რუსეთი, თურმე `თავდაცვით ომს აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ`.

თუმცა არსებითი კითხვა სხვაა: რა `მძიმე შედეგებით` ემუქრება გაძვალტყავებული, განუვითარებელი, დავდრომილი, წინა საუკუნეში ჩარჩენილი რუსეთი აყვავებულ სამხრეთ კორეას, რომელიც უკვე არა მხოლოდ რეგიონის არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ტექნოლოგიური და ინოვაციური ლიდერია დაწყებული გემთმშენებლობიდან, დამთავრებული კინემატოგრაფითაც კი?

რასაკვირველია იგულისხმება, რომ რუსეთი საკონცენტრაციო ბანაკს (სახელად `ჩრდილო კორეა`) მიაწვდის მეტ ბირთვულ ტექნოლოგიას და მეტ `ისკანდერის` რაკეტებს სეულის გასანადგურებლად.

სამწუხაროდ, `ისკანდერის` რაკეტა SS-26, რომელიც რუსებმა გორს ესროლეს 2008 წლის 12 აგვისტოს, ნამდვილად კარგი გამოუვიდათ; ვერც ერთი საზენიტო დანადგარი მას ვერ აჩერებს მსოფლიოში.

ერთი საშუალო დონის (თუნდაც) ავტომობილი ან მობილური ტელეფონი ვერ შექმნეს რუსებმა, თორემ მკვლელობის იარაღებში ჯერაც მაგრები არიან.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს $325 მილიონის ოდენობით.

აქ განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პირველად ღიად არის დაფიქსირებული უკრაინისთვის არა მხოლოდ იარაღის, მათ შორის საარტილერიო ჭურვების მიწოდება, არამედ უკრაინელი სამხედროების მომზადება ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ.

ადრეც ამზადებდნენ, თუმცა ახლა ეს ღიადაა დეკლარირებული ამერიკის სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებაში.

საქმე ის გახლავთ, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, იარაღის მიწოდება (ფორმალურად მიყიდვა) არ არის ქვეყნის უშუალო ჩართულობა ომში `მხარედ`, მაგრამ ინსტრუქტორების მიერ საბრძოლო მოქმედებების დროს მეომარი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა მომზადება/გაწვრთნა ნამდვილად არის პირდაპირი სამხედრო ჩართულობა.

ანუ ამერიკა აღარც მალავს, რომ რუსეთის აგრესიის მოგერიებაში უკრაინის არა უბრალოდ გულშემატკივარი, არამედ თვითონაც მეომარი მხარეა.

ამას ემატება აგრეთვე ის გარემოება, რომ უტყუარი ცნობებით, ამერიკული სპეცდანი (ისევე, როგორც ბრიტანული საარმიო სპეცდანი) იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე და გარკვეულ საბრძოლო ოპერაციებსაც ახორციელებს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰანს ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ანგელა მერკელი დააჯილდოვა გერმანიის უმაღლესი ორდენით, ჩავიდა პოლონეთში, ვარშავაში და მონაწილეობა მიიღო 1943 წლის ვარშავის ებრაული გეტოს აჯანყების 80 წლის საიუბილეო ღონისძიებებში.

ვარშავის ებრაული გეტო იყო პოლონეთის დედაქალაქის რამდენიმე კვარტალში მდებარე საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც ნაცისტებმა გამიჯნეს ვარშავას სხვა ქალაქებისაგან ისტორიული ებრაული კვარტლის ადგილას..

აჯანყება ნაცისტებმა სასტიკად ჩაახშეს.

გერმანიის პრეზიდენტმა თქვა, რომ გერმანელები ასეთ საზარელ დანაშაულს არასდროს გაიმეორებენ და მუდამ წინ აღუდგებიან ყველას (მათ შორის პუტინს) ვინც ნაცისტებივით შეეცდება სხვისი ტერიტორიების დაპყრობას.

ანუ გერმანიის პრეზიდენტმა პუტინი ჰიტლერს გაუთანაბრა.

ალბათ ეს იყო ერთგვარი კომპენსაცია ანგელა მერკელის დაჯილდოვების შემდეგ, რომელმაც პუტინს 2014 წელს ყირიმის ოკუპაცია `გაუტარა` ვითომც არაფერი მომხდარა.

მანამდე 2008 წლის აგრესია `გაუტარა` თითქოს არც არაფერი მომხდარა განსაკუთრებული.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ანტიუკრაინულ პარანოიაში პუტინი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა.

ჩემი თაობის ადამიანებს საქართველოშიც და რუსეთშიც, ასევე ყველგან გვასწავლიდნენ, რომ X საუკუნეში, Владимир красное солнце-ს მმართველობისას, ქრისტიანობა მიიღო კიევის რუსეთმა - Киевская русь.

ახალ სასკოლო სახელმძღავნელოებში, რუსეთის ტერიტორიაზე, სიტყვა `კიევი` საერთოდ ამოღებულია და ნათქვამია, რომ ქრისტიანობა მიიღო უბრალოდ რუსეთმა.

ასევე, რომ ვლადიმერ მონომახი (კიევის რუსეთის ერთ-ერთი მეფე) ტახტზე ავიდა უბრალოდ რუსეთში - კიევის ხსენების გარეშე.

პუტინს შეუძლია, რასაკვირველია, როგორც მოესურვება ისე შეცვალოს რუსეთში (!) სასკოლო სახელმძღვანელოები, მაგრამ უკრაინელთა ეროვნულ თვითშეგნებას რას მოუხერხებს?

ისტორია -ისტორიაა.

ამიტომაც, ბევრი დამკვირვებელი რეზონულად ასკვნის, რომ პუტინის მიზანი ამ ომის დაწყებისას სწორედ ეს იყო: ჰქონოდა საშუალება არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ უკრაინაშიც შეეცვალა სასკოლო სახელმძღვანელოები და გაექრო კიევის ხსენება

საბედნიეროდ, ეს ვერ მოახერხა.