საერთაშორისო მიმოხილვა. 17 აპრილი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 აპრილი. 2023 წელი

ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა რუსმა ოლიგარქმა, ევგენი პრიგოჟინმა, რომლის `კერძო სამხედრო კომპანიამ `ვაგნერი` (Частная военная компания -  ЧВК – «Вагнер») საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო ბახმუტის აღება.

პრიგოჟინი ახლა უკვე აცხადებს, რომ ეს ომი ფიტავს რუსეთს და სჯობს პუტინმა იგი დასრულებულად გამოაცხადოს, რაკი უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაპყრობილია ხოლო ყირიმისკენ სახმელეთო დერეფანი - გაჭრილი.

ეს ლოგიკა გასაგებია - მარცხის ეშინიათ უკვე, მაგრამ....რუსეთმა რომც გამოაცხადოს ომი დასრულებულად უკრაინა ამას რატომ დაეთანხმება, როდესაც შეტევისთვის ემზადება?

დასავლური მედია ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ეს გარეწარი პრიგოჟინი, პუტინ-ბუშის შეხვედრის დროს (2005 წელს) სუფრის თავში დგას.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, უკრაინამ გარკვეული მორალური უპირატესობაც კი მოიპოვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პენტაგონის საიდუმლო ფაილები ვინმე 21 წლის ჯეკ ტაიშეირამ მოიპარა ამერიკაში.

უკრაინელი მაღალჩინოსნები რეზონულად ამბობენ: `ხომ წარმოგვიდგენია, რა ამბავს აგვიტეხდით დასავლელი მეგობრები, ამ ფაილებს რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროდან გაეჟონა; რეალურად კი თქვენგან გაჟონა და ჩვენი სტრუქტურები კი ბევრად დაცული, ბევრად პროფესიონალურნი აღმოჩნდნენო`.

სრული სიმართლეა და ამ ლოგიკას ხინჯს ვერავინ უპოვის: უბრალოდ გამაოგნებელია, როგორ აღმოჩნდა ასეთი დაუცველი 21 წლის სოციოპათის შეღწევისგან ზესაიდუმლო მასალები, რომელთა გამოქვეყნებამ გეოპოლიტიკური ძვრები შეიძლება გამოიწვიოს?

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინი შეხვდა ჩინეთის თავდაცვის მინისტრს.

Li Shangfu ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება რუსეთში და ეს ვიზიტი, გასაგები მიზეზების გამო, უდიდეს ყურადღებას იქცევს.

საინტერესოა ორი მომენტი:
ა) ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ახალი დანიშნულია და პირველი ვიზიტით სწორედ რუსეთში გაემგზავრა.

ბ) ლი სანქცირებულია დასავლეთის მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ რუსულ გიგანტურ კონცერნ «Рособоронэкспорт» -თან კონტრაქტის გამო, რის საფუძველზეც რუსეთმა ჩინეთს 4+ თაობის საავიაციო კომპლექსი СУ-35 რამდენიმე ეგზემპლარი მიჰყიდა. ასევე С-400 საზენიტო დანადგარები.

მაშინ ლი ჩინეთის სამხედრო ტექნიკისა და შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და როგორც ჩანს, ის მრავალმილიარდიანი კონტრაქტები, რაც 2017 და 2018 წლებში გაფორმდა, ე.წ. `ლიცენზიასაც` გულისხმობდა ანუ ჩინეთის მიერ ამ ტექნიკის დამოუკიდებლად წარმოებას, რაც პირდაპირ ანტიამერიკული და `ანტიტაივანური` ნაბიჯი იყო. ამიტომაც დაასანქცირეს.

ნიშანდობლივია ასევე, რომ ლი მოსკოვში ჩავიდა ჩინეთის `თავმჯდომარე` სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტის შენდეგ და, ბუნებრივია, მოლაპარაკება ეხება რუსეთისთვის იარაღის, პირველ რიგში საბრძოლო მასალების მიწოდებას.

საქმე ის გახლავთ, რომ ჩინეთს მსოფლიოში უდიდესი მარაგი აქვს საბჭოთა `ტიპოლოგიის` იარაღისა, რასაც ცივი ომის დროს აწარმოებდა.

ჩინეთი არასდროს ყოფილა საბჭოთა ბლოკის ნაწილი, მაგრამ `ტიპოლოგიურად` და ლიცენზიით უშვედა იმ საბრძოლო მასალებს (ჭურვებს პირველ რიგში, ასევე რაკეტებს) რაც `შეთავსებადია` რუსულ იარაღთან. ამიტომაც სჭირდებათ რუსებს.

მაგრამ.....სასიხარულოა, რომ ყველა მოლაპარაკების და სიტყვების მიუხედავად, ჩინეთი მაინც ვერ ბედავს ჯერ (!) რუსეთისთვის საბრძოლო მასალების და იარაღის ზოგიერთი სახეობის მიწოდებას, რაკი დასავლური, პირველ რიგში ამერიკული ეკონომიკური და ფინანსური სანქციების ეშინია.

ევროპელი ლიდერები კი განაგრძობენ `გულამოსკვნილ` ბავშვურ ტიტინს, რომ...... `ჩინეთმა შესაძლოა კეთილისმყოფელი როლი შეასრულოს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეჩერებაში......`

ასეთი განცხადებები გასულ კვირას გააკეთეს EU კომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, გერმანიის `საგარეომ` ბერბოკმა.....ყველამ ეს `ევროპული ოცნება` პეკინში ვიზიტისას გააჟღერა.

ამერიკელები უფრო ხისტად უყურებენ საკითხს და პეკინს ულტიმატუმთა ენაზე ელაპარაკებიან, რაც უდავოდ კარგია - ჩინეთის და რუსეთის მაგვარ რეჟიმებს `ენის მოჩლექით` ლაპარაკი არ ესმით. ასეთია მათი ბუნება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ირკვევა, რომ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მხოლოდ უკრაინელი ბავშვები კი არ მოიტაცა, არამედ ზრდასრული  მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლებაც განახორციელა რუსეთის დაუსახლებელ რეგიონებში. მათ შორის ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში - იაპონიის ზღვასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საბრალო `ობივატელი`, ვინც მანამდე მარიუპოლში ან ხერსონში ცხოვრობდა და ახლა იაპონიის ზღვასთან ამოჰყო თავი აცხადებს `ნებაყოფლობით გადმოვსახლდითო`, ის რასაც ახლა რუსეთი აკეთებს დემოგრაფიული ბალანსის შეცვლის თვალსაზრისით უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გენოციდის კლასიკური გაგებით და დეფინიციებით, ეთნოციდის ფორმაა!

. . . . . . . . . . . . . . . . .

უნგრეთმა და ბულგარეთმა მიბაძეს პოლონეთს და საკუთარ ფერმერთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის მოტივით დაბლოკეს უკრაინული ხორბლის იმპორტი.

არასოლიდარულობის ნიმუშია მეომარი ქვეყნის მიმართ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საოცრებები ხდება რუსეთის დასასჯელად შემოღებული სანქციების სფეროში.

როგორც ცნობილია, ევროკავშირმა და ამერიკამ დააწესეს ზღვრული ფასები ($40-45) ნავთობზე და მის პროდუქტებზე. მათ შორის დიზელის საწვავზე.

რუსებმა მოიფიქრეს გამოსავალი: ურევენ დიზელს ე.წ. `ნავთას`, რაც ნავთობის გადამუშავების პროდუქტია და ბარელს $100 დაც კი ყიდიან.

ოღონდ მთავარი საკითხი ექსპორტის მარშრუტებია. ევროპიდან გადაამისამართეს აზიურ ბაზრებზე.

ექსპერტები თვლიან, რომ არ არის გამორიცხული ამ მიზნით იყენებდნენ `შუა დერეფანს`, რომელიც კასპია-აზერბაიჯან-საქართველი-ფოთის ხაზზეა.

ამ შემთხვევაში პროდუქტი ფორმდება, როგორც აზერბაიჯანული ან ყაზახური. `მესამე-მეოთხე-მეხუთე ხელის` ცნობილი სპეკულანტური ტექნოლოგიაა, რითაც ყაზახეთის და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს უმანკო კრავებად მოაქვთ თავი.

ბოლოს ამ ჩვენს იდიოტებს `შეასაღებენ` გაბრაზებულ ამერიკელებს და ევროპელებს.

`ნავთობის შერევის` ხრიკს კი რუსეთი ჯერ კიდევ 2014 წლიდან ანუ ყირიმის ანექსიიდან იყენებს. ბევრი დაკარგა რასაკვირველია, თუმცა `სულ არაფერს` ეს ურჩევნია.

ზოგადად, მწუხარებით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი მეტისმეტად დიდი ქვეყანაა, ხოლო დღევანდელი მსოფლიო მეტისმეტად `არეულია` საიმისოდ, რათა დასავლურმა სანქციებმა ეფექტურად იმუშავონ.

ვერც მუშაობენ როგორც ვხედავთ იმდენად ეფექტურად, ომი შეაწყვეტინონ პუტინს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დიდი ეკონომიკა, თანამედროვე მსოფლიოში დიდი პოლიტიკაა.

მით უმეტეს ტექნოლოგიურ და ასგზის უმეტეს მაღალტექნოლოგიურ სფეროში.

Google შეშფოთებულია იმის გამო, რომ კორეულმა ტიტანმა Samsung შესაძლოა უარი თქვას Google-ის საძიებო სისტემაზე და მის ნაცვლად დაიწყოს ახალი საძიებო სისტემა  Bing-ის გამოყენება.

ეს ახალი ინტერ-ნაციონალური  ტექნოლოგიური პროდუქტია, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ოფციები და შესაძლებლობები აქვს დამატებული.

Google-ის კონტრაქტი Samsung-თან 3 მილიარდი დოლარია. Apple-თან კი - 20 მილიარდი დოლარი.

პრობლემა ისა, რომ თუ Bing-მა გაამართლა კორეულ სმარტფონებზე, მაშინ ამერიკულმა ტიტანმაც შესაძლოა უარი თქვას Google-თან კონტრაქტზე რაც ამ პლატფორმის `დასალიერის დასაწყისად` შეიძლება იქცეს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ფინეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდა და თითქმის მაშინვე (გუშინ) ფინეთში ამუშავდა ევროპაში უდიდესი (!) ატომური ელექტროსადგური ოლკლიოუტოში. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

საოცარი და ნიშანდობლივი ფაქტია ერთდროულად რამდენიმე თვალსაზრისით და არც ერთი მათგანი არ უნდა გვახარებდეს მათ, ვინც ევროპულ ინტეგრაციას ვგულშემატკივრობთ.

აი თუნდაც 2 გარემოება:

ა) ფინეთში, ევროპის  უდიდესი ელექტროსადგური ირთვება მაშინ, როდესაც გერმანიაში გასულ კვირას (ამაზე უკვე მოგახსენეთ) დაიხურა უკანასკნელი ორი ატომური ელექტროსადგური.

ბ) თვალსაჩინოა, რამდენად განსხვავდებიან ერთამნეთისაგან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა პოლიტიკური და სოციალური კულტურები, შესაბამისად პოლიტიკური ნარატივები და დღის წესრიგები (ფინეთის და გერმანისი ამ შემთხვევაში თუნდაც) მაშინ, როდესაც ევროკავშირის დამფუძნებელმა მამებმა, 1950-იან წლებში ეს შესანიშნავი გაერთიანება შექმეს სწორედ იმიტომ და იმ მიზნით, რათა `ერთიანი ევროპისთვის` მიეღწიათ, რომელსაც ერთიანი დღის წესრიგი და ფუნდამენტური მიდგომები ექნებოდა კარდინალური საკითხების მიმართ.

ატომური ენერგეტიკა კი კარდინალური საკითხია!

შევცდებით თუ გვეგონება, რომ ეს სხვაობა (წევრ სახელმწიფოთა და სოციუმთა პოლიტიზებულ მსოფლხედავში) არ იმოქმედებს სხვა ფუნდამენტურ საკითხებზეც. მაგალითად უკრაინის ომზე, საქართველოს წევრობაზე (და არა მხოლოდ კანდიდატობაზე) ევროკავშირში და ასე შემდეგ.....

. . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ ბროდვეიზე უკანასკნელად გაიმართა ენდრიუ ლლოიდ ვებერის გენიალური მიუზიკლის “The Phantom of the Opera” წარმოდგენა.

იგი 35 წლის განმავლობაში თითქმის ყოველ დღე (!) იმართებოდა.

მთელი ეპოქა დასრულდა.

წარმოდგენას ნიუ იორკის ელიტა მხოლოდ მოსაწვევებით ესწრებოდა. ასი ათასობით ფანატს ბილეთები არ ერგო.

ენდრიუ  ვებერმა უკანასკნელი წარმოდგენა ორი კვირის წინ გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა.

თუმცა ეს არ არის ვებერის ერთადერთი ოპერა ბროდვეიზე: კვლავაც იმართება `იექსო-ქრისტე სუპერვარსკვლავის` და `თმების` წარმოდგენები.