საერთაშორისო მიმოხილვა. 16 მაისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 მაისი. 2022 წელი

გერმანულ ქალაქში `ვაისსენჰაუს` გაიმართა G7 სამმიტი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

უმაღლეს დონეზე (პრეზიდენტებისა და პრემიერ მინისტრების) ეს სამიტი წელს ივნისში გაიმართება ბავარიაში, ანუ ისევ გერმანიაში. წელს გერმანიაა `დიდი შვიდეულის` თავმჯდომარე ქვეყანა.

`საგარეოთა` სამიტზე მიიწვიეს უკრაინა და მოლდოვა, თუმცა არ მიიწვიეს საქართველო. იმიტომ, რომ საქართველო `კონტექსტიდან ამოვარდნილი` ქვეყანა ხდება ზოგადად.

ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, იაპონიის და კანადის  საგარეო საქმეთა მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება, რასაკვირველია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას დაუთმეს და შეიმუშავეს 5 თეზისი, რომელსაც ივნისში G7 ლიდერები დაამტკიცებენ საბოლოოდ ბავარიაში.

  1. `დიდი შვიდეულის` ქვეყნები არასდროს, Never Ever არ აღიარებენ კანონიერად უკრაინის საზღვრების შეცვლას. იგულისხმება, რომ არათუ დონბასი, დონეცკი, ლუგანსკი, არამედ ყირიმიც ოფიციალურად, საერთაშორისო სამართლის დონეზე დარჩება უკრაინის განუყოფელ, აღიარებულ ნაწილად. ისევე, როგორც აფხაზეთი და `სამხრეთ ოსეთი` ითვლება De jure საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიუხედავად იმისა, რომ De facto თბილისი ამ ტერიტორიებს არ აკონტროლებს. ასევე იგულისხმება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინასა და რუსეთს შორის გაფორმდება რაღაც `ცეცხლის შეწყვეტის შესახებ` ხელშეკრულების მსგავსი, - რაც 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა თბილისსა და მოსკოვს შორის, - ანუ რუსეთი De facto შეინარჩუნებს რაღაც ტერიტორიებს, De jure მოსკოვს ამას მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოები არავითარ შემთხვევაში   (ბოდიში ჟარგონისთვის, რაკი დახურულიეტექსტია) `არ გაუპრავებენ`. არც დღეს, არც ხვალ და არც 100 წლის შემდეგ. მით უმეტეს, ახლა XX საუკუნე არ არის, - მოსკოვმა უკრაინა მთლიანად დაიპყროს. რუსეთი ბევრად სუსტია, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო. თუმცა აქვე შეგახსენებთ, რაც ბევრმა არ იცის ან დაავიწყდა: იმ ეპოქაშიც კი, როცა სსრკ დედამიწას აზანზარებდა, ცივი ომი მიმდინარეობდა, ამერიკას და ევროპას არ უცვნია ლიტვა, ლატვია, ესტონეთი სსრკ ლეგიტიმურ ნაწილად.
  2. საოცარი გადაწყვეტილებაა, რომ ფაქტიურად პირდაპირ არის ნათქვამი: G7 ქვეყნები მიაწვდიან უკრაინას თანამედროვე იარაღს იმ მოცულობით, რაც უკრაინას დასჭირდება. და იმდენ ხანს მიაწვდიან ამ იარაღს, სანამ ეს დასჭირდება. ესე იგი - უკრაინის გამარჯვებამდე. ანუ, რომც დაიპყროს ახლა რუსეთმა უკრაინის ნაწილი, დასავლეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას იმ ნაწილისთვის, რომელიც არ იქნება დაპყრობილი. შესაბამისად, უკრაინის თავისუფალი ნაწილი იქცევა ციხე-სიმაგრედ, რომელსაც მთელი ევროპა, მთელი NATO იარაღით ამოუდგება მხარში.
  3. `დიდი შვიდეული` პირდაპირ მოუწოდებს ჩინეთს (!) არ დაეხმაროს რუსეთს ეკონომიკური სანქციებისათვის თავის დაძვრენაში. მაშასადამე, არსებობს პირდაპირი ინდიკაცია, რომ პეკინი ამას ბედავს და `შვიდეული` ამბობს, რომ  არავითარ შემთხვევაში არ შეურიგდება ამგვარ პრაქტიკას. მაშასადამე....მიიღებს ზომებს: დასჯის ჩინეთს ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით. ეს იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკასა და ევროპას შორის არასდროს ყოფილა ჰარმონია ჩინეთის საკითხში! ევროპას ბევრად უფრო `რბილი` დამოკიდებულება ჰქონდა ჩინეთის ავტოკრატიული რეჟიმისადმი მაშინ, როცა განსაკუთრებით დონალდ ტრამპის მმართველობისას, ვაშინგტონში დომინანტური გახდა მკაცრი კურსი. პრეზიდენტ ბაიდენის ინიციატივით, ამერიკული კურსი ახლა ევროპულს დაუახლოვდა ჩინეთის თემაზე. ესე იგი უფრო ლიბერალური გახდა. ამაში დიდი როლი შეასრულეს ამერიკელმა მოაზროვნეებმა, ვინც კარგად იცნობს თემას. მაგალითად ფარიდ ზაქარიამ. მან მთელი ნაშრომი უძღვნა თეზისს: ``ნუ გეშინიათ ჩინეთის!` მაგრამ....მაგრამ.....ეს ლიბერალური კურსი, - რაც უკვე საერთოა ამერიკასა და ევროპას შორის, - ასევე სწრაფად იქცევა საერთო მკაცრ კურსად პეკინის მიმართ თუ ჩინეთი რუსეთს დაეხმარება თავი დაიძვრინოს დასავლური სანქციებისგან.  ეს გახდება `ჭეშმარიტების მომენტი` და `შემოუბრუნებლობის ისტორიული წერტილი`. იმიტომ, რომ ჩინეთის დახმარება მოსკოვს - გამოძვრეს საქნციებიდან - სამართლიანად აღიქმება  მისთვის ომში დახმარებად! ანუ იმაში დახმარებად, რომ გაანადგუროს უკრაინა და აგრესიული რუსული სახელმწიფო დაუმეზობლდეს ევროპას, - ევრო-ატლანტიკური ცივილიზაციას.
  4. `დიდმა შვიდეულმა` როგორც იქნა, ერთმნიშვნელოვნად თქვა: საშუალოვადიან პერსპექტივაში იგი უარს იტყვის რუსულ ენერგომატარებლებზე, ესე იგი ბუნებრივ აირსა და ნავთობზე. აღსანიშნავია, რომ სამიტის დასრულებისთანავე გერმანიამ განაცხადა: უკვე წლის ბოლომდე, იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი,  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უარს იტყვის ნავთობის (პირველ ეტაპზე ნავთობის, შემდეგ უკვე ბუნებრივი აირის) შესყიდვაზე რუსეთისგან. ანუ: თუ მაგალითად უნგრეთი და მისი ავტორიტარი მმართველი, პუტინის მეგობარი ვიქტორ ორბანი ვეტოს დაადებენ ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებას, - აღარ შეისყიდონ რუსული ნავთობი, - მაშინ გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, რომლებიც რუსული ნავთობის მთავარი მომხმარებლები არიან, დამოუკიდებლად უარს იტყვიან მაინც რუსული ნავთობის შესყიდვაზე. არადა ისინი არიან სწორედ მთავარი `გადამხდელებიც`. გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს, რომ იგივე უნგრეთში რუსული ნავთობი შედიოდა გერმანული პორტებიდან. მაშასადამე, თუ გერმანიამ ჩაკეტა პორტები რუსული ნავთობით დატვირთული (ან ტანკერიდან ტანკერზე ზღვაში გადატვირთული, რაც ახლა ხდება გაიძვერულად, სანქციებისაგან გვერდის ასავლელად), მაშინ უნგრეთს და პუტინის სხვა მეგობარ ქვეყნებს მოუწევთ იპოვონ ალტერნატიული მარშრუტები. კი იპოვნიან, ოღონდ  ამ შემთხვევაში ნავთობი გაუძვირდებათ და რაღა აზრი ექნება ასეთ შემთხვევაში რუსული ნავთობის შესყიდვას? რაც შეეხება ბუნებრივ აირს: ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია! `დიდი შვიდეულის` განცხადებაში. ფაქტიურად, ბუნებრივი აირის უდიდესმა მომხმარებლებმა  დადეს მტკიცე პირობა, რომ რუსეთისგან ბუნებრივ აირს აღარ იყიდიან. თანაც იგულისხმება, რომ ეს მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პერიოდს კი არ ეხება, არამედ ზოგადად, ისტორიული გადაწყვეტილებაა: რუსეთი არ არის სანდო და დემოკრატიული ცივილიზაცია არც ერთი მიმართულებით, არც ერთ ასპექტში არ დაუშვებს, რომ დამოკიდებული იყოს ამ პირსისხლიან რეჟიმზე თუნდაც ნაწილობრივ! ამ გადაწყვეტილებით რუსული ბუნებრივი აირის ისტორია ევროპაში დასასრულს უახლოვდება: დასავლეთი უეჭველად (სასაცილოც კია ამის ეჭვქვეშ დაყენება) იპოვის ალტერნატივებს: იქნება ეს თხევადი აირის იმპორტი თუ ჩრდილო აფრიკიდან ახალი გაზსადენებით გაზის შემოტანა; ან ევროპაში ენერგობალანსის გადანაწილება სხვა რესურსებზე; ზოგიერთი მავნებლური და იმავე რუსული სპეცსამსახურების მიერ დაპროვოცირებული გადაწყვეტილების გაუქმება (ვთქვათ,  ბირთვული ენერგიისა და ქვანახშირის აკრძალვა გერმანიაში), ასევე საგადასახადო შეღავათები ალტერნატიული ენერგეტიკის განვითარებაზე, განსაკუთრებით ჩრდილო ევროპაში: ქარის ელექტროსადგურები და ა.შ. ერთი სიტყვით, უდიდესი სისულელე და თავხედობაა თუ პუტინს იმედი ჰქონდა, ბუნებრივი აირით დააშანტაჟებდა ევროპას.
  5. `დიდი შვიდეული` აფრთხილებს რუსეთს, რომ ყურადღებით აკვირდება და არ დაუშვებს ვითარების დესტაბილიზაციას დნესტრისპიერთში, ანუ მოლდოვას იმ ნაწილში, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული 1992 წლიდან და იქ ბოლო დროს საეჭვო მოძრაობები შეინიშნება. მათ შორის `უცნაური` ტერაქტები, რომლის ავტორი გაურკეველია, თუმცა დიდი ალბათობით, რუსული სპეცსამსახურები ასე `მისწვდნენ` დნესტრისპირეთს, რათა იქაც დაიწყონ შეტევა და რაც მთავარია, გამოიყენონ დნესტრისპირეთში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დისლოცირებული ზემძლავრი რუსული არმია ოდესაზე შეტევისთვის. `შვიდეული` კი ამბობს: ამას არ დავუშვებთ! და.... რა ბედნიერება იქნებოდა, `შვიდეულს` იმავე განცხადებაში ეთქვა, რომ `არ დაუშვებს ვითარების გამწვავებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ბოლო დროს მარიონეტული ხელისუფლება ე.წ. `რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს`.  სამწუხაროდ, ასეთი ჩანაწერი არ არის, რადგან ცნობილი მიზეზების გამო საქართველო სამიტზე არ მიიწვიეს

 

G7 სამიტზე  ცალკე პუნქტადაა გამოყოფილი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე. ვითარება აქ სინამდვილეში ბევრად სახიფათოა, შეიძლება ითქვას კატასტროფულია, ვიდრე ენერგომატარებელთა მიმართულებითაც კი. მსოფლიო ბაზრის მოთხოვნილების 13%-ს აკმაყოფილებდნენ რუსეთი და უკრაინა. რუსეთ უკრაინის საზღვარზე, დაახლოებით 200 კილომეტრის სიღრმეში ორივე მიმართულებით, არის დედამიწაზე უნიკალური შავმიწა ნიადაგი. ამ მიწაზე მოწეული მოსავალი კაცობრიობის მიერ მოხმარებულ კალორიათა 5 პროცენტია!!!.

ანუ თუ უკრაინა ხორბლის ექსპორტს ვერ მოახერხებს ან მის ხორბალს რუსეთი დაეპატრონება, ეს იქნება უდიდესი ბერკეტი მოსკოვის ხელში. უფრო ძლიერიც კი, ვიდრე ბუნებრივი აირი და ნავთობია:

პარიზის კაფეებში ყოველი 3 `კრუასანიდან` ორი  უკრაინული ან რუსული ხორბლითაა დამზადებული; იტალიის ყოველი ათი პიცცადან - შვიდი, ასევე რუსული ან უკრაინული ხორბლით.... თუმცა პიცცაზე და კღუასანზე ვინღა ჩივის - პურზეც იგივე სიტუაციაა, - ელემენტარულად პურზე, როგორც საკვებზე!!!

ამიტომ `დიდ შვიდეულს` პრიორიტეტული ამოცანაა, დაეხმაროს უკრაინას, რომ მისი იმ ტერიტორიებიდან მაინც მოხდეს ხორბლის გატანა ევროპაში, რომელიც რუსეთს ჯერ არ დაუპყრია. სირთულე ისაა, რომ უკრაინის პორტები ოდესა, ილიჩოვსკი, ახლა რუსეთის მიერაა ბლოკირებული.