საერთაშორისო მიმოხილვა 12 აპრილი. 2022 წელი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას აქვს გეგმა უკრაინის ომის დასრულებისა.
და როგორც კი ეს განაცხადა, მისმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო ამ გეგმის „გაჟონვა“ მსოფლიო მედიაში.
ბუნებრივია, თვითონ ოფიციალურად ვერ გამოაქვეყნებდა, რადგან სამშვიდობო გეგმა იმის გეგმაა, მის შესახებ მხარეებმა მოლაპარაკება უნდა გამართონ და თუ წინასწარ გამოაქვეყნებ, ეს პროცესს ხელს შეუშლის; რაც პოლიტიკური და დიპლომატიური დისკურსის „ანაბანააა“.
ამრიგად, ერდოღანმა თქვა „გეგმა მაქვსო“ (სხვათა შორის თქვა მას შემდეგ რაც სტამბულში და ანკარაში მუნიციპალური არჩევნები წააგო) შემდეგ კი ამ გეგმის „გაჟონვა“ თვითონ უზრუნველყო.
ირკვევა, რომ ერდოღანის გეგმა გულისხმობს:
ა) ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელ გამყოფ ხაზზე და/ანუ სტატუს-ქვოს გაყინვას, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია.
ბ) 2040 წლამდე უკრაინა იღებს ვალდებულებას, არ გაწევრიანდეს NATO-ში. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქეთის გარეშე უკრაინა ისედაც ვერ შევა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რაკი თურქეთს აქვს ვეტოს უფლება.
გ) 2040 წელს, საერთაშორისო მეთვალყურეობით, რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და უკრაინის ლეგიტიმურ დანარჩენ ტერიტორიაზეც ერთდროულად ტარდება რეფერენდუმები უკრაინის საგარეო -პოლიტიკური კურსის შესახებ. ეს რეფერენდუმები ტარდება საერთაშორისო მეთვალყურეობით.
რას ნიშნავს ერდოღანის ეს ინიციატივა?
როგორც ჩანს რეჯეფ ერდოღანმა შეარჩია მომენტი, როცა ერთის მხრივ პუტინს ეტყობა მზადყოფნა მიიღოს ამგვარი „გაყინვა ფრონტის ხაზისა“ და მეორეს მხრივ დასავლეთს დაეტყო „დაღლა უკრაინით“, ხოლო ბაიდენის ადმინისტრაცია სამკვდრო-სასიცოცხლო ომშია შესული ტრამპთან.
„უცნაური დამთხვევით“, ერდოღანის პარალელურად, ბელორუსის ავტოკრატმა მმართველმა ლუკაშენკომაც განაცხადა გუშინ, რომ რუსეთი და უკრაინა უნდა დაუბრუნდნენ „სტამბულის შეთანხმებას“ და იგი ხელახლა განიხილონ
შეგახსენებთ, რომ საუბარია 2022 წლის მოლაპარაკების შედეგად მომზადებულ პროექტზე, რაც ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციას ითვალისწინებდა.
და......ჰოი საოცრებავ: პუტინმაც უმალვე თქვა გუშინ, რომ „არასდროს არ ყოფილა მოლაპარაკების წინააღმდეგი“, ანუ მზად არის სტატუს-კვო „გაყინოს“ .
რა პასუხს გასცემს ამ ყოველივეს ზელენსკი და მისი გუნდი, ჯერ უცნობია.
„რეფერენდუმები“ რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმას ნიშნავს, რომ დონბასი და ყირიმი „ლეგიტიმურად“ გადავა რუსეთის შემადგენლობაში, რაკი მოსახლეობის დიდი ნაწილი იქ მართლა პრო-იმპერიულად არის განწყობილი და შოვინისტურად - უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ.
ასევე იგულისხმება, რომ „დანარჩენი უკრაინა“ გამოთქვამს სურვილს გაწევრიანდეს NATO-ში მაგრამ ეს სურვილი ჯერ კიდევ არ ნიშნავს ალიანსში კონსენსუსს სადაც კრემლს თავისი „ტროას ცხენები“ ჰყავს იმავე თურქეთის, უნგრეთის, სლოვაკეთის სახით.
და....... რაც ძალიან მნიშვნელოვანია: დრო!
16 წელი ძააააალიან დიდი დროა.
მოსკოვი ამ ხნის განმავლობაში შეეცდება უკრაინის ელიტებში დააპროვოციროს ამ ელიტებისთვის ჩვეული განხეთქილებები, შიდა-დაპირისპირებები, ბრძოლა ხელისუფლებისთვის და ა.შ და ა.შ.
მთლიანობაში შეიძლება დარწმუნებით დავასკვნათ, რომ ეს „ერდოღანის გეგმა“ სინამდვილეში „პუტინისტური გეგმაა“.
როგორც ჩანს, ამით ერდოღანი პუტინს მადლობას უხდის იმის გამო, რომ აზერბაიჯანს ხელი არ შეუშალა ყარაბაღის დაბრუნებაში.
ამ ფონზე, გუშინ, ტრამპის გუნდმა კვლავ განაცხადა, რომ აშშ 45-ე პრეზიდენტს აქვს კონკრეტული გეგმა უკრაინის კონფლიქტის დასრულებისა და როგორც კი პრეზიდენტი გახდება, მეორე დღესვე დაუკავშირდება ჯერ ზელენსკის, შემდეგ პუტინს.
„ტრამპის გეგმა“ მარტივია და არც იმალება: „ზელენსკის ვეტყვი, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმებას (ანუ ფრონტის ხაზის გაყინვას-დ) არ დათანხმდება, მაშინ ამერიკა მას იარაღს არ მიაწვდის; ხოლო პუტინს ვეტყვი იმავე დღეს, რომ თუ ის არ დათანხმდება სამშვიდობო გეგმას, მაშინ უკრაინას ამერიკა იმდენ და ისეთ იარაღს მიაწვდის, რაც არასდროს მიუწოდებია და რუსეთი დამარცხდებაო“ - განაცხადა ტრამპმა FOX News-თან ინტერვიუში.
სრული და ტოტალური კატასტროფაა ეს „გეგმა“.
გამოდის, რომ ამერიკას, ტრამპის მრჩეველთა აღიარებით, ახლაც აქვს საშუალება ისეთი და იმდენი იარაღი მიაწოდოს უკრაინას, ამ თავისუფლებისმოყვარე ქვეყანამ რუსეთის დამარცხება შეძლოს, თუმცა ამას არ აკეთებს. ანუ საკმარის იარაღს სპეციალურად არ აწვდის.
აბა სხვა როგორ უნდა გავიგოთ?
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა როდოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა იწყებს მოლაპარაკებას „ევროპული ლეგიონის“ შექმნის თაობაზე.
პროექტი არ ითვალისწინებს არმიების გაერთიანებას, მაგრამ გულისხმობს არა ნაკლებ მნიშვნელოვანს: სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ფორმირებათა (Units) გაერთიანებას ერთი „სამეთაურო ქოლგის“ ქვეშ!
ეს არის კატასტროფა ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე!
ამგვარი პროექტის გაჩენა იმას ნიშნავს, რომ ევროპულ ელიტებს, მათ შორის სამხედრო ელიტებს აღარ აქვთ ამერიკის იმედი, რაკი იმ ქვეყანაში, რომელიც ყველა თვალსაზრისით NATO-ს საძირკველია, შესაძლოა გაიმარჯვოს ტრამპმა მისი იზოლაციონისტური დაპირებებით ამერიკელების მიმართ: ტრამპს ხომ ბევრი თეზისი გაუჟღერებია NATO-ს წინააღმდეგ
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წესდება, მისი სამეთაურო „ინფრასტრუქტურა“ ახლაც ითვალისწინებს საერთო „ქოლგას“, ოღონდ ეს არის „ქოლგა“, რომელიც ვაშინგტონს „უჭირავს ხელში“ ანუ
ა) ამერიკის თავდაცვის მინისტრს;
ბ) ევროპაში NATO-ს ჯარების გაერთიანებული სარდლობის მეთაურს (გამონაკლისის გარეშე მუდამ ამერიკელი გენერალია) და
გ) ევროპაში ამერიკული ჯარების სარდალს.
სიკორსკი კი გულისხმობს, რომ სხვა „ქოლგა“ და სხვა, „პარალელური ინფრასტრუქტურა“ უნდა შეიქმნას.
რომელი ქვეყნები შევლენ ამ ახალი „ქოლგის“ ქვეშ მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა წინასწარი კონსულტაციების გარეშე, ისეთი გამოცდილი მოღვაწე, როგორიც სიკორსკია, ამგვარ განცხადებას არ გააკეთებდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის „საგარეომ“ განაცხადა, რომ თუ ამერიკა წყნარი ოკეანის რეგიონში, კუნძულ გუამზე (ანუ საკუთარ ტერიტორიაზე, რაკი ეს კუნძული ამერიკის ტერიტორიის ნაწილია) განათავსებს საშუალო სიშორის რაკეტებს, მაშინ რუსეთი ევროპაში, კალინინგრადის (ყოფილი კენიგსბერგი) ტერიტორიაზე დააყენებს საშუალო სიშორის რაკეტებს და დაუმიზნებს ევროპას!
ზუსტად ამ სიტყვებით არ უთქვამს, თუმცა იგულისხმა.
რამდენიმე წლის წინ პუტინმა თქვა, რომ გადის „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტათა აკრძალვის“ ისტორიული შეთანხმებიდან, რასაც ამერიკამ და სსრკ-მ „ცივი ომის“ დასასრულს მიაღწიეს.
პუტინს ეს რაკეტები სჭირდება პირველ რიგში ევროპის დასაშანტაჟებლად.
ხოლო ამერიკას გუამზე მათი განლაგება სჭირდება ჩინეთის „შესაკავებლად“ ტაივანთან მიმართებაში, რაკი არსებობს ეჭვი, რომ პეკინი ტაივანის დაპყრობას გეგმავს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელში გააგზავნა გენერალი Michael E. Kurilla, რომელიც რეგიონში დისლოცირებული ამერიკული ჯარების მთავარსარდალია.
იგულისხმება მთელს რეგიონში - „დიდ ახლო აღმოსავლეთში“, სადაც ამერიკას უამრავი სამხედრო ბაზა აქვს.
ამგვარი რეგიონული სარდლები ამერიკას ჰყავს მსოფლიოს რამდენიმე რეგიონში.
მათ შორის ევროპაშიც - იქ დისლოცირებული ამერიკული ჯარების მთავარსარდალი და ა.შ.
კურილლას გაგზავნა ისრაელში ძალიან საყურადღებო ნაბიჯია.
როგორც ჩანს, მიუხედავად დაყოვნებისა ირანულ მუქარათა შესრულებაში, პენტაგონი და თეთრი სახლი მაინც არ გამორიცხავენ ბოლომდე, რომ ირანმა ისრაელს „დაარტყას“ სირიაში ირანელი მაღალი რანგის ოფიცერთა განადგურების გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ ციხეში ყოფნისას ალექსეი ნავალნი წერდა მემუარებს და ნაწილ-ნაწილ უგზავნიდა მეუღლეს, იულია ნავალნაიას.
ნავალნიმ მოასწრო კიდეც დასრულება და მემუარებს უწოდა „პატრიოტი“
ცნობილი ამერიკული გამომცემლობა Knopf დაბეჭდავს ნახევარ მილიონ ეგზემპლარს შემოდგომით, სავარაუდოდ ოქტომბერში.
სავალალო სიტუაციაა რუსეთში, სადაც ბრუნდება ის დრო, როცა ალექსანდრე სოლჟენიცინის წიგნები იკრძალებოდა და სხვა დისიდენტების წინგებიც დევნის ობიექტები იყვნენ:
რუსეთში პუტინის მიღებული კანონით, ნავალნის, როგორც „უცხოელი აგენტის“ და „ექსტრემისტის“ მემუარები რუსეთში არათუ ვერ დაიბეჭდება, არათუ ვერ გამოიცემა რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ ის ამერიკაში დაბეჭდილი წიგნი, ინგლისურ ენაზე (!) ვინმემ რუსეთში თუ შემოიტანა....აეროპორტში დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ, როგორც სსრკ დროს და რუსეთის იმპერიის დროს ხდებოდა.