საერთაშორისო მიმოხილვა. 10 მარტი. 2023 წელი
მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა გუშინ უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა 81 (!) რაკეტა ესროლა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურას. პირველ რიგში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
ამ 81 რაკეტიდან ექვსი იყო `ზებგერითი` რაკეტა Кинжал, რომლის ჩამოგდება პრაქტიკულად შეუძლებელია. იმიტომ, რომ არა მხოლოდ ბგერაზე 5-ჯერ მეტ სისრაფეს ავითარებს (1,5 კილომეტრს წამში), არამედ მანევრირებს ჰაერში.
საბედნიეროდ, რუსეთს ცოტა აქვს ამგვარი ზებგერითი რაკეტები.
კონვენციური რაკეტების ჩამოგდებას კი უკრაინული ჰაერსაწინააღდმეგო თავდაცვა (დასავლეთისგან მიღებული საზენიტო დანადგარებით მათ შორის) წარმატებით ახერხებდა დღემდე. ოღონდ ამჯერად მხოლოდ 47 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს 81-დან. სპეციალისტთა აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ მეტისმეტად დიდი იყო რუსეთის მიერ გამოშვებული რაკეტების ტალღა.
რუსეთის ტაქტიკა ამგვარი შეტევისას უკვე ცხადია: ჯერ უშვებენ ჩვეულებრივ რაკეტებს, ასევე დრონ-კამიკაძეებს, მათი მეშვეობით ცდილობენ უკრაინის ჰაერწასინააღმდეგო სისტემის ჩახშობას, შემდეგ ზღვიდან (მათ შორის კასპიის ზღვიდანაც კი), ასევე უკრაინის მეზობელი ტერიტორიიდან და სტრატეგიული რაკეტმზიდი თვითმფრინავებიდან ТУ-160 უშვებენ ზებგერით რაკეტებს.
რუსულ არმიას, ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, სულ 50 `კინჟალი` ჰქონდა გუშინდელ დღემდე.
სამწუხაროდ, სწორედ მათი მეშვეობით რუსეთმა გუშინ შეძლო 3 უკრაინული ელექტროსადგურის დაზიანება, თუმცა ელექტროსადგურების აღდგენა სწრაფადვე ხერხდება.
ამდენი რაკეტა ერთდროულად რუსეთს ჯერ არ უსვრია.
. . . . . . . . . . . . . . .
ევგენი პრიგოჟინი, რომლის კერძო არმია იბრძვის ახლა ბახმუტში, კვლავ აფრთხილებს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას (გუშინ ღამით გაავრცელა მორიგი პანიკური განცხადება), რომ უკრაინული არმია კონტრშეტევისთვის ემზადება, რათა მისი ЧВК-Вагнер ალყაში მოაქციოს.
როგორც ჩანს, ტყვედ ჩავარდნის შეეშინდა, რაკი იცის, კარგი დღე არ დაადგება თუ ჩავარდა ტყვედ.
. . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება უახლოეს მომავალში!
ეს უკვე გადაწყვეტილია და ამის უტყუარი მაჩევნებელია ის, რომ გუშინ მანჰეტენის (ანუ ნიუ იორკის) ოლქის პროკურორი დაუკავშირდა ტრამპის ადვოკატებს და შესთავაზა ტრამპს - წარსდგეს ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა `დიდი ჟიურის` წინაშე მომავალ (!) ბრალდებასთან დაკავშირებით.
ასეთ პროცედურას ითვალისწინებს ამერიკული კანონმდებლობა: ეჭვმიტანილს შეუძლია წარსდგეს `დიდი ჟიურის` წინაშე მომავალი (!) ბრალდების თემაზე და უპასუხოს კითხვებს. თუმცა ეს უფლება, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება.
ოღონდ აქ ნიშნადობლივი ის არის, რომ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ამჯერად აღიძვრება არა 2021 წლის იანვრის მოვლენების გამო, როცა მისმა მომხრეებმა კონგრესის შენობა შტურმით აიღეს და არც სახელმწიფო საიდუმლოებით გრიფირებული დოკუმენტების სახლში გადამალვის მოტივით არამედ.....2016 წლის ისტორიიდან გამომდინარე, როცა ტრამპმა, საპრეზიდენტო კამპანიის პროცესში ფული გადაუხადა ამერიკელ პორნოვარსკვლავ ქალს, რათა მას არ მოეყოლა ტრამპთან სექსუალური ურთიერთობის შესახებ.
ეს სისხლის სამართლის საქმე შეამცირებს ტრამპის შანსებს, იყოს `რესპუბლიკური პარტიის` კანდიდატი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმიტომ, რომ ერთია `იანვრის შტურმის ქეისი` და სულ სხვაა, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი ქრთამს აძლევს პორნოვარსკვლავს, რათა საზოგადოებას დაუმალოს მისი სექსუალური აღვირახსნილობა.
`ოჯახურ` ამერიკაში ეს ბრალდება სულ სხვანაირად ჟღერს და ამის ინგნორირება `რესპუბლიკური ისტებლიშმენტის` იმ წევრებსაც გაუჭირდებათ, რომლებიც ტრამპს უჭერენ მხარს.
შესაბამისად, ფლორიდის გუბერნატორ დე სანტისის შანსები იზრდება - იყოს ნომინირებული პრეზიდენტობის კანდიდატად რესპუბლიკური პარტიიდან 2024 წლის არჩევნებისათვის.
საქმის აღძვრა `პორნოვარსკვლავის მოსყიდვის` საქმეზე სულაც არ ნიშნავს, რომ ამას შემდეგ არ მოჰყვება სხვა საქმეებიც. მაგრამ (ვიმეორებ) ტრამპის მტრების ძალიან ჭკვიანური ნაბიჯია, რომ პირველად აღიძვრება ის საქმე, რომელიც კონსერვატორი ამერიკელების თვალში ტრამპს ბევრად მეტად `აფუჭებს` (ოჯახური ღალატი და სექსუალური აღვირახსნილობა) ვიდრე თუნდაც კაპიტოლიუმის შტურმი.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა გადაწყვიტა გამოიყენოს ის მცირე უპირატესობები, რომელიც მას აქვს ექსპორტის სფეროში, რათა სამაგიერო გადაუხადოს დასავლეთს სანქციებისათვის.
მოსკოვი ამცირებს და ალბათ სულ შეწყვეტს პოლადიუმისა და ალუმინის ექსპორტს.
ეს მასალები (განსაკუთრებით ალუმინი) ძალიან მნიშვნელოვანია დასავლური მაღალტექნოლოგიური წარმოებისთვის, რაკი აქტიურად და ფართოდ გამოიყენება ავიამშენებლობაში და სხვა სფეროებში.
ალუმინის ექსპორტი რუსეთიდან ამ ბაზრის 15%-ს შეადგენს. ეს არ არის ცოტა. დეფიციტს არ ქმნის, თუმცა პროდუქციას გააძვირებს და გაართულებს - ლოჯისტიკური პრობლემების გამო მათ შორის.
სხვათა შორის, თუ გავიხსენებთ `ბანდიტურ 1990-იანებს` რუსეთში, რუსმა კაპიტალისტებმა `კაპიტალის პირველადი დაგროვება` სწორედ ალუმინის ექსპორტით შეძლეს.
ამის გამო რუსეთში ასეულობით შეკვეთილი მკვლელობა მოხდა, როცა რუსი ნუვორიშები ალუმინის საწარმოებს ვერ იყოფდნენ და ერთმანეთს ხოცავდნენ.
ყველა ცნობილ რუს მილიარდერს აქვს მაშინ მიღებული მონაწილეობა იმ `რაზბორკებში`.
უამრავი იმდროინდელი შეკვეთილი მკვლელობა დღემდე გაუხსნელია რუსეთში.
. . . . . . . . . . . . . . .
თურქეთმა, დაწყებული 9 მარტიდან, დაბლოკა რუსეთის მიმართულებით სანქცირებული ტვირთების მოძრაობა ბოსფორის სრუტის გავლით!
ადრე ერდოღანი ეხმარებოდა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, თუმცა აშშ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ანკარაში ამასწინანდელმა ვიზიტმა შედეგი გამოიღო. როგორც ჩანს, ბლინკენი ერდოღანს დაემუქრა, რომ თუ გააგრძელებდა პუტინის დახმარებას და რუსეთისათვის სანქცირებული ტვირთების მიწოდებას, ვაშინგტონი მას პრობლემებს შეუქმნიდა მაისისთვის დაგეგმილი საბედისწერო არჩევნების წინ.
10 მარტის დილის მდგომარეობით, ბოსფორის სრუტესთან, მარმარილოს ზღვაში, გაჩერებული ტვირთების საერთო ღირებულება 3 მილიარდი დოლარია (!). ძირითადად ესაა ელექტრონიკა, რომელსაც ორმაგი დანიშნულება აქვს და როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო სფეროში გამოიყენება.
ანუ, გამოდის, ამერიკამ ერთი დიდი `ხვრელი` ამოქოლა, რითაც რუსეთი სანქციებს გვერდს უვლიდა. თუმცა ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, ხომ არ გადაიტანენ ამ ტვირთებს მანქანებზე და ხომ არ წამოვლენ დიდი ქარავნები საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ?
ალბათ ბლინკენის გაფრთხილება ერდოღანისადმი არა მხოლოდ საზღვაო მარშრუტებს ეხებოდა, არამედ სახმელეთო მარშრუტებსაც და ამით ირიბად ეხება საქართველოს. თუმცა ბლინკენს საქართველო არ უხსენებია არსად და თბილისშიც არ ჩამოსულა: ამერიკელებმა კარგად იციან, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა და პირველ რიგში ექსპორტიორები უნდა გააჩერონ.
რჩება ყაზახეთი, საიდანაც რუსეთში ნამდვილი `ჩანჩქერი` მიედინება სანქცირებული საქონლისა, თუმცა ბლინკენი ასტანაში ტყუილად არ ჩავიდოდა ამას წინათ. ყაზახეთი კიდევ უფრო იოლად `მართვადია` ამერიკისთვის, ვიდრე ერდოღანი და უზარმაზარი თურქეთი.
ჩინეთი რომ ჩინეთია, ისიც კი ვერ ბედავს სანქციების ასე ღიად დარღვევას ამერიკის.....რიდით.
. . . . . . . . . . . . . . .
სანქცირებულ რუს მილიარდერთა ქონების მოძიება-დაყადაღების საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე 58 მილიარდი დოლარის ქონება იპოვეს და დააყადაღეს. ეს არის უძრავი ქონება, იახტები, აქტივები, რაც ეკუთვნოდათ პუტინის უშუალო გარემოცვის წევრ რუს მილიარდერებს. თუმცა დაყადაღებული ქონების ჩამორთმევა/კონფისკაცია და მისი უკრაინისთვის გადაცემა ვერ ხერხდება ჯერ.
დასავლეთში ამგვარ პრეცედენტებს ძალიან დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, როგორც პრეცედენტს: ერთია დაყადაღება და სულ სხვაა კონფისკაცია.
ამიტომ 58 მილიარდის ქონებიდან სულ 5 მილიონია (!) ჩამორთმეული და უკრაინისთვის გადაცემული ამ ჯგუფის ეგიდით.
. . . . . . . . . . . . . . .
გერმანულ ჰამბურგში უცნობი პირი (რომელმაც ერთი ვერსიით თავი მოიკლა) სროლა ატეხა იეღოვას მოწმეთა ტაძარში. ანუ სამსართულიან სახლში, სადაც იეღოვას მოწმეები იკრიბებიან. 6 ადამიანი მოკლა. 7 დაჭრა.
ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ ევროპის ქვეყნებშიც, მათ შორის გერმანიაში, სადაც იარაღისადმი დამოკიდებულება სულ სხვანაირია, ვიდრე ამერიკაში (ევროპის ქვეყნებში ყველგან აკრძალულია ტარება) ასეთი ინციდენტები მაინც ხდება.
ეს ამყარებს იმ ამერიკელთა პოზიციას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამერიკაში იარაღით ვაჭრობის შეზღუდვას იმ არგუმენტით, რომ `კლავს არა იარაღი არამედ ადამიანი` და რომ `მკვლელი იარაღს ყოველთვის იშოვის მსხვერპლისგან განსხვავებით`.
თუმცა ამგვარი მასობრივი მკვლელობები ევროპაში მაინც შეუდარებლად იშვიათად ხდება, ვიდრე ამერიკაში. ესეც ფაქტია.
იანვარში, 6 წლის ბავშვმა, ამერიკულ სკოლაში 25 წლის ქალი მასწავლებელი დაცხრილა და ძლივს გადაარჩინეს.
საქმე არ აღძრულა 6 წლის ბავშვის წინააღმდეგ.