საერთაშორისო მიმოხილვა. 1 ოქტომბერი. 2023 წელი
ამერიკის Shutdown-ამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, აშშ სენატმა მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდოს სახელმწიფო ხარჯების ფინანსირება, ანუ ამერიკამ კვლავ აიცილა თავიდან დეფოლტი......საბედნიეროდ.
ოღონდ ამ `დროებით ბიუჯეტში`, რაც 45 წლის ვადით მიიღეს....არ არის უკრაინის დაფინანსება. შესაძლოა მერე მაინც გაჩნდეს, თუმცა ახლა ნამდვილად არ არის.
ზოგადად კი, არა მგონია ამერიკის გლობალური იმიჯისთვის სასარგებლო იყოს ანუ ყველა მისი გულშემატკივრისთვის დამამწუხრებელია, როცა უკვე მერამდენედ მეორდება ვითარება, როცა მთელი მსოფლიო, ანუ ამერიკის მტრებიც და მოყვარენიც უკვე ლამის ყოველწლიურად უყურებენ `შოუს`, რომლის კულმინაცია დგება `ბოლო წუთებში` (პირობითად): მართლაც, Deadline-ამდე სულ რამდენიმე საათი იყო დარჩენილი.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ისღა მოახერხა, რომ გააკეთა შემაშფოთებელი განცხადება: `ის, რაც მოხდა სენატში, სერიოზულ ნეგატიურ გავლენას მოახდენს უკრაინის ომზეო`
. . . . . . . . . . . . . . . . .
კვლავ დაიძაბა ვითარება სერბეთსა და კოსოვოს შორის და ამ დაძაბულობას პირდაპირი გავლენა აქვს ზოგადად ევროპაში შექმნილ ვითარებაზე. მათ შორის უკრაინის ომზე!
სერბეთმა არმია მიიყვანა კოსოვოს საზღვრებთან. შეგახსენებთ, რომ კოსოვოს 1999 წლიდან NATO იცავს. ამერიკამ და მრავალმა ევროპულმა სახელმწიფომ (ყველამ არა) ცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა სერბეთისგან;
დაძაბულობის მიზეზი ის გახდა, რომ კოსოვოს სერბებით დასახლებულ რეგიონში სერბმა პარტიზანებმა მოკლეს კოსოვოელი პოლიციელი; ამის შემდეგ კოსოვოს სპეცდანმა სერბული ეკლესიის მიმდებარედ მოკლა ეს პარტიზანები;
დაძაბულობა კოსოვოს გარშემო, მით უმეტეს თუ ომში გადაიზარდა, იმას ნიშნავს, რომ ამერიკისა და ევროპის რესურსები აღარ იქნება კონცენტრირებული მხოლოდ უკრაინაზე.
ბუნებრივია, მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სერბეთი ვერ გაბედავს პირდაპირ შეჭრას; მაგრამ არ არის გამორიცხული კოსოვოს სერბული მოსახლეობის აჯანყება კოსოვოს მმართველობის წინააღმდეგ.
კოსოვოელი სერბები ცხოვრობენ კოსოვოს იმ რეგიონში, რომელიც სერბეთს ესაზღვრება; NATO ან თუნდაც მისი საპოლიციო ქვედანაყოფები (თავისთავად საინტერესო ფაქტია, რომ ალიანსმა ასეთი ქვედანაყოფები(ც) შეიყვანა კოსოვოში), ვერ შეძლებს კოსოვოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, თუ აჯანყება კოსოვოშივე მოხდება: ანუ ამ ფუნქციას გადაულოცავს კოსოვოს პოლიციას. ეს კი, თავის მხრივ, უდიდეს პრობლემებს შეუქმნის ბრიუსელსაც და ვაშინგტონსაც; მით უმეტეს, რომ ალბანელები ევროპაში, თუ გულწრფელად და არაპოლიტკორექტულად ვიტყვით, დიდად პოპულარული თემი არ არის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი ვერ ბედავს მობილიზაციის გამოცხადებას. ამის ნაცვლად ჩართო ფულის მბეჭდავი მანქანა, `კონტრაქტორებს` 250 000 რუბლს უხდის თვეში (დაახლოებით $2 500) და რაც მთავარია, საშემოდგომო გაწვევის წინ გაზარდა სანქციები (პირველ რიგში ჯარიმები) მათთვის, ვინც არ გამოცხადდება გასაწვევ პუნქტებში.
ეს გახდა მტავარი მიზეზი რუბლის დევალვაციისა ერთბაშად 20 პუნქტით გასულ 2 თვეში
. . . . . . . . . . . . . . . . .
საოცარი ფაქტი, რომელიც მეტყველებს პროცესებზე აღმოსავლეთ ევროპაში: ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში სახელი გადაარქვეს მარშალ კონევის ქუჩას.
მარშალი კონევი სტალინის არმიის ერთ-ერთი სარდალი იყო 1945 წელს.
საოცარი და ნიშანდობლივი კი ის არის, რომ ქუჩას სახელი გადაარქვეს მხოლოდ ახლა - 2023 წელს.
2022 წელს კი მარშალ კონევს ჩამოართვეს პრაღას საპატიო მოქალაქის წოდება. ფორმულირება ასეთი იყო: `კონევმა დიდი წვლილი შეიტანა 1956 წელს უნგრეთის და 1968 წლის პრაღის ანტიკომუნისტურ (და ანტიმოსკოვურ!) მოძრაობათა ჩახშობაში.
სისხლიან ჩახშობაში: ბუდაპეშტში მეტად, პრაღაში ნაკლებად; თუმცა ორივე შემთხვევაში ეს იყო თავისუფლებისმოყვარე ხალხების მოძრაობის ძალით ჩახშობა!
მაგრამ.....ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ეს ყოველივე 2022 წელს და 2023 წელს გაახსენდათ? ანუ კონევი რომ 1956 წლის ბუდაპეშტის და 1968 წლის პრაღას მოძრაობათა ჯალათი იყო მანამდე არ იცოდნენ?
სულ ბოლო დრომდე აღმოსავლეთ ევროპული ელიტები, მას შემდეგ რაც NATO-EU `ქოლგის` ქვეშ იგრძნეს თავი, მაინც `კუდს უქიცინებდნენ` მოსკოვს და ამის მთავარი მიზეზი იყო ენერგეტიკა.
ახლა, როცა დიდმა გერმანიამ შეძლო ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უფრო თავისუფლად იგრძნეს თავი.
სხვათა შორის, 2008 წლის რუსული აგრესიის დროს ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლასუმა თქვა: `ამ ამბების 1968 წლის `პრაღის გაზაფხულთან` შედარება არასწორია, რადგან 1968 წელს ჩვენ, ჩეხები, კარპატებში მცხოვრებ რუსებს თავს არ დავსხმივართო`
ასე თქვა სიტყვა-სიტყვით.
და ახლაც არ რცხვენია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლური მეინსტრიმული მედიის ერთ-ერთი პროფესიული ღირსებაა, რომ არასდროს გამოეპარება მნიშვნელოვანი ტენდენციები როგორც გეოპოლიტიკაში, ასევე გეო-ეკონომიკაში, რომლებიც სულ უფრო მკაფიოდ და რელიეფურად უკავშირდებიან ერთმანეთს.
ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ ჩინური ელექტრომობილების წარმოება და ექსპანსია დასავლურ, ასევე გლობალურ ბაზრებზე დასავლეთის `კლასიკური` ავტო-მრეწვის სულ უფრო მზარდ შეშფოთებას იწვევს. ამ თემას ბოლო დროს სერიოზული კვლევითი პუბლიკაციები მიუძღვნეს NYT, WP, WSJ, Bloomberg და სხვა რესურსებმა.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ხსენებულ ტრენდს აქვს აბსოლუტურად შეუვალი და გადაულახავი სისტემური მიზეზი: დასავლეთმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, გადავიდეს ელექტროძრავებზე და საერთოდ აკრძალოს შიდა წვის ძრავები;
ევროკავშირში ეს გადაწყვეტილება ამოქმედდება უკვე 2030 წლიდან. ანუ უბრალოდ აიკრძალება შიდა წვის ძრავები ყველა სახით. მათ შორის ჰიბრიდულ მოდიფიკაციაშიც.
სწორედ ამ დროს, დასავლელი ანალიტიკოსები სვამენ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას: ხომ არ დაასწრო ჩინეთმა დასავლეთს ამ სფეროში `წინ გაჭრა` ისე, რომ შემდეგ ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა უკვე ძნელი იქნება?
ავტომრეწვის სამი ტიტანი - Ford, Toyota და Volkswagen ოფიციალურად აღიარებს უკვე, რომ სისტემურად ჩამორჩნენ ჩინეთს.
ახლა ციფრები: 2022 წელს Tesla-მ უმეტესწილად ჩინურ ქარხნებში გამოუშვა 1,31 მილიონი ელექტრომობილი; ესეც იმის წყალობით, რომ პროდუქცია გამოდის სწორედაც ჩინეთში - ჩინურ ქარხნებში ანუ ჩინეთის ხელისუფლების კონტროლ ქვეშ.
მაგრამ საკუთრივ ჩინურმა BYD-მა, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით (!) გაასამმაგა (!!!) ელექტრომობილების გამოშვება და უკვე 900 000 მანქანას უშვებს, რაც `შედარებადია` ამერიკული გიგანტის პროდუქციის რაოდენობასთან.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩინეთში ჩინური სპეცსამსახურები იპარავენ ამერიკულ ტექნოლოგიებს, რაც Tesla-ს ჩააქვს თავის `ჩინურ ქარხნებში` და შედეგად საკუთრივ ჩინური ავტო-მრეწვის პროდუქცია ფასი/ხარისხის შეფარდებით, როგორც წინა მიმოხილვაში ვწერდით, სულ უფრო კონკურენტული ხდება.
ისევ ციფრები:
Volkswagen Group, მასში შემავალი Audi და Porsche: გასულ წელს გაყიდა სულ 572 100 ელექტრომობილი;
Stellantis (STLA), მასში შემავალმა Chrysler და Jeep, — 288 000;
Toyota, Ford და General Motors (GM) კიდევ უფრო მეტად ჩამორჩებიან ლიდერებს ანუ Tesla და BYD-ს
ხოლო Honda (HMC), Renault-Nissan-Mitsubishi, Hyundai-Kia, Geely, Mercedes-Benz და BMW თანდათან კარგავენ პერსპექტიულ ბაზრებს.
ეს სახიფათო ტენდენციაა და ზოგიერთი ცნობით, დასავლური ავტო-მრეწვი აპირებს დაახლოებით ტრილიონი დოლარი `ჩაასხას` ჩამორჩენის აღმოფხვრაში. ოღონდ....... ეს პრობლემატური იქნება ილონ მასკთან სტრატეგიული გარიგება/მორიგების გარეშე.
ამ მილიარდერს კი ჩინეთზე გართულება აქვს; ზედიზედ აკეთებს პროჩინურ განცხადებებს თუნდაც ტაივანის საკითხში.
დრო არც ისე ბევრი დარჩა: ევროპაში, სახელმწიფო კაპიტალის ჩართვით აშენებენ ელექტროგასამართ სადგურებს, რათა მოემზადონ 2030 წლის Deadline-სთვის. და შეიძლება ისე გამოვიდეს, ამ ინფრასტრუქტურას ჩინური ელექტრომობილებისთვის ქმნიან ან ჩინეთში წარმოებული Tesla-სთვის.
აქვე მცირე ლირიკული გადახვევის სახით შეგახსენებთ, რომ Ferari-მ სთხოვა ბრიუსელს, დაეშვა გამონაკლისი ამ ლეგენდარული ბრენდის მანქანებისთვის. ანუ `ჩვენ დაგვიტოვეთ შიდა წვის ძრავა რადგან.....ჩვენმა მანქანამ თუ არ დაიღმუვლა მხეცივით, ეს ის Ferari არ იქნებაო`.
მართლაცდა.....აბა ელექტროძრავით რას `დაიღმუვლებს?`
უარი უთხრეს: ეგრე ყველა მოინდომებს და ხელოვნური ხმა დააყენეთო.
თუმცა `ხელოვნური ხმა` მაინც ის Ferari აღარ იქნება და, საერთოდ, ელექტრომობილებმა შეიძლება ისტორიას ჩააბაროს `სპორტქარი`, როგორც ასეთი ანუ როგორც მანქანების კლასი!
თავად განსაჯეთ: 280 კილომეტრის სიჩქარის მისაღებად რა სიმძლავრის ელექტროძრავი იქნება საჭირო და რამდენად `დაამძიმებს` მანქანის ძარას? ეს რაღა SportCar გამოვა მაშინ?