რატომ არ უბრუნებენ ფულს ბიძინა ივანიშვილს?

რატომ არ უბრუნებენ ფულს ბიძინა ივანიშვილს?

რატომ არ უბრუნებენ ფულს ბიძინა ივანიშვილს?

ძალიან საინტერესო თემაა.

ოღონდ ორმხრივი (!) პროპაგანდის მიღმა თუ განვიხილავთ.

ატეხილი გნიასის მიუხედავად (ორივე მხრიდან), ამერიკას ჯერ (!) ბიძინა ივანიშვილი არ დაუსანქცირებია.

არც თავად და არც მისი ოჯახის წევრები.

რომ დაესანქცირებინა, აუცილებლად იტყოდა.

არაფერს და არავის მოერიდებოდა.

შესაბამისად, ამერიკას არავითარი კავშირი არა აქვს იმასთან რაც ხდება ახლა ივანიშვილის მილიარდების გარშემო.

ისევე, როგორც არც „გლობალური ომის პარტიას“, რომელიც, ამასთან, ბუნებაში არ არსებობს და მხოლოდ „რიტორიკული ფიგურაა“ - იმავე PR-ინჟინრების მოფიქრებული, ვინც მოიფიქრა „ბილბორდები“ და „ბოდიში“.

მაგრამ რეალურად რა ხდება?

ხდება ის, რომ შვეიცარია (არა შვეიცარიული ბანკი, არამედ შ ვ ე ი ც ა რ ი ა - ავსხნი ქვემოთ რასაც ვგულისხმობ) ყოვლად უსინდისოდ, უტიფრად, თავხედურად, თბილისურად თუ ვიტყვით „ნაგლად“ არ უბრუნებს ქართველ მილიარდერს იმას, რაც მას ეკუთვნის ათასი პროცენტით!

ამ დავაში ბიძინა ივანიშვილი ტოტალურად მართალია არათუ 100 ან 1000 არამედ მილიონი პროცენტით!

ეკუთვნის, მაგრამ არ აძლევენ იმას, რაც ეკუთვნის ნ ა მ დ ვ ი ლ ა დ!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, ასევე კიდევ რამდენიმე მილიარდერი ემსხვერპლენ ცნობილი ამერიკელი ტუტრუცუნა არსებას (ბოდიში, მისი გენდერის ხსენება არაპოლიტკორექტულია-დ) თავხედურ აფიორას, რომელმაც ვითომ „გამოიგონა“ აპარატი - ყველა დაავადების ერთი სისხლის სინჯით დიაგნოსტირებისთვის.

შვეიცარიული ბანკის თანამშრომელმა, პატრის ლესკადრონმა (მერე თავი რომ მოიკლა) Credit Swisse რამდენიმე კლიენტის, მათ შორის ივანიშვილის ფული თვითნებურად „ჩაასხა“ იმ ამერიკელი ტუტრუცუნას სტარტაპში ისე, რომ კლიენტებს არათუ არაფერი ჰკითხა, არამედ ხელმოწერები გააყალბა.

ელოდა დიდ ბონუსებს მოგებიდან.

ამერიკული სტარტაპი იმთავითვე სიყალბე იყო და სულ მალე „გასკდა“. Credit Swisse მქუხარე გლობალურმა სკანდალმა დაანგრია.

ოღონდ......როცა ამბობენ: „გაკოტრდა ის ბანკი და როგორღა დაუბრუნებს ივანიშვილს ფულსო“ რაღაცნაირად..... „ავიწყდებათ“, რომ ეს ბანკი იყიდა უდიდესმა შვეიცარიულმა ბანკმა UBS.

მისი ხელით კი იყიდა შვეიცარიის გრანდიოზულმა საბანკო სისტემამ „კორპორატიული შეთანხმებით“

შესაბამისად მან გადმოიბარა გაკოტრებული ბანკის აქტივებიც და პასივებიც.

სულ მალე UBS-მა დაიწყო Credit Swisse-ის მევალეთა „გასტუმრება“, მათი თანხების დაბრუნება, ოღონდ.....შერჩევით! აი ესაა ყველაზე მთავარი: „ვიღაცას“ უბრუნებენ, „ვიღაცას“ არ უბრუნებენ.

ბიძინა ივანიშვილს არ უბრუნებენ.

რატომ?

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

პროპაგანდისტულად (ორივე მხრიდან ისევ და ისევ) დომინანტური და ფართოდ გაფიარებული ვერსიით, არ უბრუნებენ ან იმიტომ, რომ „მალე დაასანქცირებენ და რატომღა დავუბრუნოთ(ო)“ (ამბობენ შვეიცარიელებიოოოოოო-დ.) ან „ჩუმად, განუცხადებლად, დე-ფაქტოდ“ დასანქცირებულია ამერიკის მიერ. ოღონდ ამერიკა ამას თურმე მალავს და ეშინია გაამხილოს ან რცხვენია გაამხილოს ან ან ან ან....და ბოსტნეულის პლანტაცია“.

ორივე მტკნარი სისულელეა.

სინამდვილეში შვეიცარია (!) ივანიშვილს ფულს არ უბრუნებს იმიტომ, რომ......შეუძლია არ დაუბრუნოს!

„რატომ დაგიბრუნო, როცა შემიძლია არ დაგიბრუნო?“

ანუ ამ „არდაბრუნებით“ მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

მარტივად: ფუნდამენტური პრობლემა და მიზეზი ისაა, რომ......საქართველო და ბიძინა ივანიშვილი „დაბალი ღობე“ არიან!

ქართველი მილიარდერი და მისი ქვეყანა არ წარმოადგენენ რაიმე დიდ „კლასტერს“, რომლისთვისაც ეს ფულის „არდაბრუნება“ გახდებოდა „საყურადღებოდ ნიშანდობლივი ნეგატიური მესიჯი“

ავხსნი: ივანიშვილი რომ იყოს ვთქვათ არაბი მილიარდერი, მაშინ UBS, რომელსაც სულაც არ ეპიტნავება Credit Swisse-ის ვალების გასტუმრება თავისი მეანაბრეების (!) სახსრებიდან, მას აუცილებალდ შეიყვანდა იმ „თეთრ სიაში“, ვისაც უნდა დაუბრუნოს, რაკი თუ არ დაუბრუნა ვთქვათ კატარელ არაბ მილიარდერს, ამას არაბული „კლასტერი“ და ვინმე ალჟირელი ან მაროკოელი არაბი მილიარდერი აუცილებლად აღიქვამდა როგორც „ნეგატიურად ნიშანდობლივ საყურადღებო მესიჯს“ და მოითხოვდა თავისი ფულის გატანას UBS-დან! - „არაბებს გვძარცვავეეეეეეეეენ“

თუ არ დაუბრუნებდა თურქული ბლოკის, თურქული „კლასტერის“ რომელიმე ქვეყანას, მაგალითად ყაზახ მილიარდერს, ამას იმ „ბლოკის“ წევრი თურქეთის რომელიმე მილიარდერი ჩათვლიდა “ნეგატიურად ნიშანდობლივ მესიჯად“:

აქვეა პასუხი კითხვაზე, რატომ ვერ იქნებოდა მთავარი (!), სისტემური მიზეზი ივანიშვილის პოლიტიკური მოწყვლადობა ანუ ის, რომ ივანიშვილი შეიძლება (!) დასანქცირდეს.

განა კატარელი ბიზნესმენი გამორიცხულია დასანქცირდეს? ისმაილ ჰანიასთან გადაღებული ფოტოს გამო მაგალითად?

სინამდვილეში ბიძინმა ივანიშვილს სულაც ისეთი ტკბილი ურთიერთობა რომ ჰქონდეს ვაშინგტონთან, როგორიც ჰქონდა ელჩ რიჩარდ ნორლანდის დროს, შვეიცარია მას კუთვნილ ფულს მაინც არ დაუბრუნებდა!

ანუ მთავარი ისაა, თუ რამდენად შეიძლება შვეიცარიის საბანკო სისტემას შეუქმნას პრობლემა იმან, რომ კონკრეტულად ივანიშვილს არ დაუბრუნებენ მის მიალიარდებს, როდესაც არც იგი პერსონალურად, არც მისი ქვეყანა არ წარმოადგენენ რაიმე ანგარიშგასაწევ „კლასტერსა“ და „ბლოკს“.

ანუ ეს „არდაბრუნება“ არ იქცევა „განზოგადოებად“.

ყოველ შემთხვევაში იმდენად მაინც, რომ ტიტანური ბანკის UBS მეანაბრეები დააშინოს და მათ თავისი ანაბრების გატანა მოინდომონ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

განვმარტავ ილუსტრირების ფორმით:

წარმოვიდგინოთ, რომ UBS მეანაბრე ორი ბრაზილიელი მილიარდერი თამაშობს გოლფს სადღაც ფაზენდაზე და ერთი ეუბნება მეორეს:

--- გაიგე?....ქვეყანა ყოფილა ასეთი, ჟორჟიე...მისმა მილიარდერმა ივანიშშშ.....რაღაც გვარი აქვს მსგავსი.......ჩვენს UBS-სს ლესკადრონის საქმეზე სასამართლოები მოუგო, მაგრამ ფულს მაინც არ უბრუნებენ.

--- ჟორჟიე რა ჯანდაბაა?

--- ქვეყანა ყოფილა ასეთი, სადღაც ირანთან...... ჰა ჰა ჰა ეგღა აკლია ახლა UBS-სს ვიღაც ჟორჟიელ შშშშშშ-ს..... დაუბრუნოს ფული. რას დააკლებს რო?

- - - - - - - - - - - - - - - - - -

აი ამიტომ უნდა იყოს საქართველო ევროკავშირის წევრი!

დიახ, ბატონო ბიძინა, ა მ ი ტ ო მ!

თუნდაც ამიტომ!

ანუ დიდი „ბლოკისა“.

აბა მაშინ თუ გაბედავს ის ვირთხა შვეიცარიელი ბანკირი, იოლად „დაჩაგროს“ ამ დიდი ბლოკის წარმომადგენელი ქვეყანა და მისი მილიარდერი.........აბა მაშინ თუ გაბედავს გადახაზოს მისი გვარი იმ „ლისტში“, სადაც არჩევს- ვის დაუბრუნოს 1000%-ით კუთვნილი კაპიტალი და ვის არ დაუბრუნოს.

მანამდე კი......ასეთია პატარა, სუსტი ქვეყნის ბედისწერა: იყოს მუდამ დაჩაგრული ისევე, როგორც დაჩაგრულნი იყონ მისი თუნდაც ყველაზე წარმატებული შვილებიც....

მაგრამ გული არ გავიტეხოთ: „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“ - როგორც გვიანდერძა სულმნათმა ილიამ.

იმ დიალოგს ორ ბრაზილიელ მილიარდერს შორის, გოლფის მოედანზე, გაგრძელება აქვს:

--- არც მე ვიცოდი სად ჯანდაბაშია ეგ ჟოღჟიეა თუ რაღაც, მაგრამ....გაგიკვირდება და ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს დედა-პორტუგალიას მოუგეს!

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!

„ახალნი ხომ შენია!“