მართლა დაგვეხმარა თუ არა პუტინი აჭარაში?

მართლა დაგვეხმარა თუ არა პუტინი აჭარაში?

    რუსეთის არჩეულმა პრეზიდენტმა (ესე იგი პრეზიდენტმა, რომელიც უკვე არჩეულია, მაგრამ მისი ინაუგურაცია ჯერ არ შემდგარა) რამდენიმე დღის წინ, საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2004 წელს იგი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარა, უმტკივნეულოდ და უსისხლოდ გადაეწყვიტა აჭარის პრობლემა, ამ ხელისუფლებამ კი „შავი უმადურობით“ გადაუხადა დიდი ამაგისთვის. ანუ იმას ვეღარ ამბობს, თითქოს ოდესმე რაიმე კონსტრუქციული წინადადება ჰქონდა აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტების გადასაჭრელად, თუმცა აი „აჭარაში ხომ დაგეხმარეთ და რატომ არ დაგვიფასეთო“.
    მაგრამ მართლა დაგვეხმარა კი? თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ პრობლემა არსებობდა. და საკმაოდ სერიოზულიც: 1991 – 2004 წლებში აჭარას მართავდა სეპარატისტული ინტენციიისა და მენტალობის მქონე ჯგუფი ასლან აბაშიძის მეთაურობით. არძინბასგან იგი მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ ჯერ ერთი, აჭარაში ქართველები ცხოვრობენ, ამიტომ ეთნიკური შუღლის გაღვივებას ვერ მოახერხებდა. გარდა ამისა, ხსენებულ სეპარატისტულ ჯგუფს განსხვავებული ტექნოლოგია ჰქონდა: თავის ზრახვებს პირდაპირ არ ამჟღავნებდა, მაგრამ რეალურად, საქმით, აჭარაში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდებოდა: ავტონომიის ხელისუფლება თბილისში გადასახადებს არ რიცხავდა, ქვეყნის კონსტიტუციას თუ კანონმდებლობას წამდაუწუმ არღვევდა, აჭარის პრეზიდენტის ინსტიტუტს აფუძნებდა და საკუთარ შეიარაღებულ ფორმირებებსაც ქმნიდა. ასლან აბაშიძე თბილისშიც არ ჩამოდიოდა და ამით „ცენტრისგან დამოუკიდებლობის“ დემონსტრირებას ახდენდა. მიიღო აჭარის ახალი კონსტიტუცია და დედაქალაქში არც გამოაგზავნა.
    ბუნებრივია, საქართველოს ახალი ხელისუფლება, რომელიც 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ მოვიდა ქვეყნის სათავეში, ისტორიულად დისკრედიტირებული და ყოვლად უილაჯო შევარდნაძისგან განსხვავებით ამ ვითარებას იოლად ვერ შეეგუებოდა. თუნდაც პრაგმატული მოსაზრებებით: მისი მთავარი მიზანი იმ პერიოდში ბიუჯეტის შევსება იყო, ხოლო ეკონომიკურ საზღვრებზე მკაცრი კონტროლის დაწესებისა და ფისკალური დისციპლინის აღგენის გარეშე ეს არ გამოვიდოდა.
    თბილისისა და ბათუმის სახელისუფლებო ცენტრები სისტემურად შეუთავსებელნი იყვნენ. სააკაშვილი არ მოითმენდა იმას, რასაც შევარდნაძე ითმენდა. ამიტომ დაიწყო აჭარაში „ხავერდოვანი რევოლუციისათვის“ მზადება, რასაც რუსეთში თავიდანვე აგრესიით შეხვდნენ. ანუ, აგრესიით შეხვდნენ ავტონომიაში საქართველოს იურისდიქციის რეალურად (!) გავრცელების მცდელობას.
    პუტინს, როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ დაგვავიწყდა რა და როგორ ხდებოდა: თბილისსა და ბათუმს შორის სიტყვიერ შეხლა-შემოხლას ან რაიმე სხვა საინფორმაციო საბაბს უმალვე მოჰყვებოდა ხოლმე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (ანუ, მაშინ უკვე ჩვენი „დაუძინებელი მეგობრის“, სერგეი ლავროვის უწყების) ყოვლად უხამსი და დიპლომატიური უწყებისათვის სრულიად აღვირახსნილი, აგრესიული განცხადებები, რომლებშიც ისტერიული ტონალობა სჭარბობდა.
    აჭარაში დისლოცირებული რუსული ჯარები მუდმივ წვრთნებს გადიოდნენ და ტანკებს აქეთ-იქით დააგრიალებდნენ. მოსკოვმა გააძლიერა ასლან აბაშიძის მხარდაჭერა სპეცსამსახურთა ხაზით: ბათუმში მიავლინეს გადამდგარი გენერალი ნეტკაჩევი, რომელიც ამ ქართულ ავტონომიაში ისეთივე მისიას ასრულებდა, რასაც მოგვიანებით „გადამდგარი პოლკოვნიკი ანატოლი ბარანკევიჩი“ - ცხინვალში.
    რაც მთავარია, იმ დროს აჭარაში დისლოცირებულ რუსულ ჯარებში დაიწყო უცნაური პროცესი: ადგილობრივ ქართველებს (აჭარლებს), რომლებიც კონტრაქტით მსახურობდნენ რუსულ არმიაში, აიძულებდნენ, დაეწერათ განცხადება კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩეჩნეთში გაგზავნით ემუქრებოდნენ. პარალელურად, მიმდინარეობდა ამ ჯარების შევსება სომხეთიდან და სამხრეთ რუსეთიდან გადმოსროლილი კონტრაქტორებით. ეს ყოველივე ხდებოდა პუტინის და რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების ბრძანებით.
    მიზეზი ადვილად გამოსაცნობია: მოსკოვში იცოდნენ, რომ რუსულ არმიაში კონტრაქტით მომსახურე აჭარლები (ესე იგი ქართველები) თავის თანამოძმეებს ცეცხლს არ გაუხსნიდნენ, რა ბრძანებაც არ უნდა მიეღოთ და მოძმეთა სისხლს არ დაღვრიდნენ. ამიტომ, იმგვარი კონტინგენტი სჭირდებოდათ, რომელიც სისხლისღვრაზე იოლად წავიდოდა. სწორედ ამ ეპიზოდში ჩანს ყველაზე ზუსტად, რამდენად „გულწრფელია“ პუტინი: იგი მაშინ უბრალოდ ელოდა, რომ აჭარაში ძმათამკვლელი ომი ატყდებოდა, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი მხოლოდ მას შემდეგ გამოაგზავნა და ასლან აბაშიძე მხოლოდ მას შემდეგ გადააფრინა მოსკოვში, რაც დარწმუნდა, რომ სისხლსიღვრის პოროვოცირება ვერ ხერხდებოდა, აჭარლები სისხლისღვრას არ აპირებდნენ და, მთლიანობაში, იქ საქართველოს იურისდიქციის აღდგენა გარდაუვალი იყო.
    აი, მხოლოდ ამის შემდეგ მოისხა „მშვიდობისმყოფელის“ მანტია და გამოაგზავნა ივანოვი. დღეს კი ცდილობს ქართული საზოგადოების, ზოგჯერ მეტისმეტად „გულუბრყვილო“ (ასე ვთქვათ) ნაწილი დაარწმუნოს, რომ მისი გაღიზიანების და გაავების მიზეზი ქართული სახელმწიფოებრიობის არსებობა კი არ არის, არამედ მიხეილ სააკაშვილთან პიროვნული დაპირისპირება, რომელმაც თურმე იგი „მოატყუა“ და ვითომდაც „ლილიპუტინი“ უწოდა.
    ასევე ატყუებდა უკრაინელებს, რომ პროლემა იუშენკო იყო. მაგრამ აირჩიეს იანუკოვიჩი, უარი თქვეს ნატოზე და უარეს დღეში აღმოჩნდნენ - რუსულ ბუნებრივ აირში ამჟამად გერმანიაზე და საფრანგეთზე მეტს იხდიან.

2012