გიორგი ბაჩიაშვილის დაპატიმრებაზე.

გიორგი ბაჩიაშვილის დაპატიმრებაზე.

 

- - - - - - - - - - - - - - - - -

ბაჩიაშვილი ქართულმა სპეცსამსახურებმა დააპატიმრეს საქართველოს ტერიტორიაზე!

კი, ფორმალურად ნამდვილად ასეა: საერთაშორისო სამართლით, თვითმფრინავი ითვლება იმ სახელმწიფოს ტერიტორიად, რომელსაც ეკუთვნის ეს თვითმფრინავი.

ოღონდ იმ თვითმფრინავამდე ძალით მიიყვანეს და შიგ შეათრიეს არაბთა გაერთიანებული ემირატების სპეცსამსახურებმა.

რა თქმა უნდა „ემირატების“ კანონთა სრული დარღვევით, რადგან ეჭვმიტანილის თუ ძებნილის თუ მსჯავრდებულის ექსტრადიციას ან დეპორტაციას თავისი წესები აქვს.

მათ შორის ემირატების კანონმდებლობით(აც) ანუ: სასამართლო, ადვოკატი, დაკავება, მსჯელობა, პროცესი და ა.შ.....მაგრამ არაბებმა ეს ყველაფერი დაიკიდეს.

ესე იგი საკუთარი კანონმდებლობაც დაიკიდეს.

სიგიჟეა იმის გაფიქრებაც კი, რომ ქართული სპეცსამსახურები ძებნილის მოტაცებას განახორციელებდნენ ემირატების სუვერენულ ტერიტორიაზე.

ამას საქართველო კი არა, ამერიკის შეერთებული შტატებიც ვერ გაბედავს და რომც გაბედოს ვერ მოახერხებს ვერც CIA და თვით ისრაელის ძლევამოსილი „მოსსადიც“ კი.

მოტაცებაზე ვლაპარაკობ და არა სხვა რამეზე:

არაბთა გაერთიანებული ემიარტები სუვერენული, ყოველ მხრივ „დალაგებული“ და ძლიერი სახელმწიფოა.

ბაჩიაშვილმაც და მისმა ადვოკატებმაც ეს ყოველივე შესანიშნავად იციან.

ანუ ძალიან კარგად იციან, რომ იმ თვითმფრინავემდე იგი მიათრიეს სწორედ იმ „სხვა ქვეყნის“ (როგორც ამბობს თავად და გააფრთხილა ადვოკატებიც, ქვეყანა არ დაასახელონ) ძალოვანებმა და თუ ვინმეს უნდა უჩივლონ, ემირატებს უნდა უჩივლონ, მაგრამ ემირატებზე „დარტყმას“ ვერ ბედავენ.

ელემენტარულად არ გაუვათ „იმ ქვეყანასთან“ და არაბები თუ გაბრაზდნენ, იმ მრავალმილიონიან ქონებასაც დაკარგავს, რაც დუბაიში აქვს.

ბევრად იოლია საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება „მოტაცებაში“.

არადა ფორმალურად (ვიმეორებ) საქართველოს ძალოვანებმა ბაჩიაშვილი დააკავეს თვითმფრინავში ანუ საქართველოს ტერიტორიაზე.

ხოლო თვითმფრინავამდე იგი მიათრიეს იმ ქვეყნის ძალოვანებმა, რომელსაც......„არ ასახელებენ“

- - - - - - - - - - - - - - - - -

აქ ყველაფერი გასაგებია, თუმცა რჩება რამდენიმე საინტერესო საკითხი:

ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ექსტრადიცია ბაჩიაშვილს არც ერთ შემთხვევაში არ დაემუქრებოდა, არის მისი მოქალაქეობის ქვეყანა - რუსეთი.

მაგრამ ბაჩიაშვილი პირველივე დღეს დუბაიდან მოსკოვში არ გადაფრინდა.

რატომ?

იმიტომ, რომ მას სინამდვილეში რუსეთი „კიდია“ და ევროპაში ან ამერიკაში უნდოდა ცხოვრება.

და რატომ არ გადაფრინდა მაშინ ევროპაში?

ამერიკის ვიზა ჰქონდა თუ არა არ ვიცი და ევროკავშირში ხომ არ დასჭირდებოდა ვიზა?

ამ კითხვაზე საპასუხოდ უნდა დავაკვირდეთ მნიშვნელოვან ნიუანსს:

ბაჩიაშვილის ადვოკატები ამაყად გვეუბნებიან, რომ „ინტერპოლმა“ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ძებნა შეწყვიტა მათი მიმართვის საფუძველზე.

სინამდვილეში, ჯერ ერთი, არა მათი მიმართვის, არამედ გავლენიან ქართულ NGO-თა და ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე, რაკი ბაჩიაშვილი ოპოზიციურ მოძრაობას აქტიურად ეხმარებოდა და ოპოზიციონერის იმიჯი ჰქონდა.

და მეორეც, კი არ „შეწყვიტა“ ინტერპოლმა, არამედ „შეაჩერა საკითხის შესწავლამდე“;

ეს სულ სხვაა.

ჰოდა ბაჩიაშვილს არ ჰქონდა გარანტია, რას გააკეთებდა ინტერპოლი საბოლოოდ, მომავალში, თუ ევროკავშირის იურისდიქციაში მოხვდებოდა.

ემირატები არის თუ არა ინტერპოლის წევრი, ეს კიდევ სხვა საკითხია და ამ დისკურსში არსებითი არაა.

ზოგადად ევროპულ ბიუროკრატიას ხშირად მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ქართულ ოპოზიციურ კლასტერს არ მოსწონებია: გაიხსენეთ სტრასბურგის სასამართლოს მრავალი ვერდიქტი, თუნდაც „რუსთავი-2“-ის საქმეზე და სხვა.

ბუნებრივია, ევროპიდან მას არავინ მოიტაცებდა და „ტერიტორიული იმუნიტეტის“ მქონე „ქართული თვითმფრინავით“ თბილისში ვერ გადმოაფრენდა, თუმცა თუნდაც მცირე ხნით დაკავება და მერე საქმეების განხილვა ევროპულ სასამართლოებში მას მაინც დისკომფორტად მიაჩნდა;

ხოლო რუსეთში რომ წასულიყო, აქ, საქართველოში „ოპოზიციონერის“ სტატუსს და ოპოზიციის მხარდაჭერას დაკარგავდა.

ამიტომაც დარჩა არაბეთში და რატომღაც ეგონა, დუბაიში განხორციელებული ინვესტიცია ემირატების ხელმძღვანელობისთვის უფრო ღირებული იქნებოდა, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოსთან (!!) კოოპერაცია.

არადა, სახელმწიფომ თუ (!) მოინდომა, პრინციპულად მიიჩნია, თუ (!!) მთლად „დაჩმორებულიც“ არ არის და ყველა ბერკეტი აამოქმედა, რამდენი მილიარდიც არ უნდა გქონდეს, მაინც დაგჯაბნის.

იმიტომ, რომ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ა - ეს ოხერი ფენომენი კაცობრიობამ სწორედ ამ საზრისით შექმნა 5 ათასი წლის წინ შუამდინარეთში.

- - - - - - - - - - - - - - - - -

ოღონდ....ოღონდ.....მე რა ვერ გავიგე იცით?

აი მომკალით, ამკუწეთ...უბრალოდ არ მესმის:

რამდენადაც ვიცი, ბიძინა ამ სუბიექტს სთავაზობდა მილიარდი დოლარის გაყოფას 40%-60% თანაფაროდობით ხომ?

60% - მე, 40%-შენ

მილიარდი დოლარის 40% არის 400 მილიონი დოლარი (!!) და......ამოდენა რისკზე მიდიხარ, - ახლობლებს, ოჯახის წევრებს სტრესავ....ბოლო ბოლო საკუთარ თავსაც უდიდესი საფრთხის ქვეშ აყენებ .....

400 მილიონი დოლარი ცოტაა?

მე, მაგალითად, ერთი მილიონი დოლარიც მეყოფა სრული და ტოტალური ბედნიერებისთვის.

თუმცა მესმის, რომ კაცობრიობის პროგრესი და მათ შორის კაპიტალიზმი (ერთადერთი წყობა, რომელიც უზრუნვეყოფს დოვლათს და თავისუფლებას) სწორედ იმ მენტალობის ადამიანებმა შექმნეს, რომელი მენტალობაც მე არ გამაჩნია.

Paradox.