ამერიკამ ქართულ ექსპორტს გზა გაუხსნა

ამერიკამ ქართულ ექსპორტს გზა გაუხსნა

      

        ამერიკის შეერთებული შტატებიდან საოცარი და, პირველი შეხედვით, დაუჯერებელი ცნობა მოვიდა. პრეზიდენტმა ბუშმა ამერიკის კონგრესს შესთავაზა, გაათავისუფლოს საქართველოდან იმპორტირებული საქონელი საბაჟო გადასახადისგან.
        რასაკვირველია, ეს ოდნავი გაზვიადება შეიძლება აღმოჩენილიყო, მაგრამ რეალობა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, მაინც საკმაოდ სასიხარულოა.
        მართლაც, 29 ივნისს ჯორჯ ბუშ-უმცროსმა ისარგებლა საკანონმდებლო ინიციატივით და კონგრესს შესთავაზა საქართველოს შეყვანა იმ ქვყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ საექსპორტო პრეფერენციების (შეღავათების) სისტემით ამერიკის ბაზარზე.
        ანუ, საქართვლეო ხდება ქვეყანა-ბენეფიციარი (ამერიკისთვის) და შედის საკმოად ვიწრო წრეში ქვეყნებისა, რომლებიც ასეთი შეღავათებით სარგებლობენ.
        შეიძლება ითქვას, ეს უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ბუშის ინიციატივა ბევრად ურფო მეტია, ვიდრე ჯეკსონ-ვენიკის შეზღუდვათა გაუქმება.
        სენატორების - ჯეკსონისა და ვენიკის შესწორება ამერიკის სავაჭრო კანონმდებლობაში ეხებოდა «უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის» შეზღუდვას იმ ქვეყნებისათვის, სადაც ზღუდავდნენ ადამიანის ემიგრაციის უფლებას და საერთოდ, არღვევენ ადამიანის უფლებებს.
        საქართველოს მიმართ ამ შეღავათის გაუქმება კლინტონის ადმინისტრაციის მხრიდან უდავოდ პოლიტიკური დემარში იყო, მაგრამ (ვიმოერებ), ჯორჯ ბუშ-უმცროსი უფრო შორს წავიდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, იმას ნიშნავს, რომ ახალი ადმინისტრაცია არა თუ სამხრეთ კავკასიაში კურსის შეცვლას აპირებს, არამედ აძლიერებს კიდეც გეოპოლიტიკურ «ინტერვენციას» ამ რეგიონში.
        არადა, კარგად გვახსოვს შარშან, წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ჯორჯ ბუში და ალ გორი ვირტუალურად ერკინებოდნენ ერთმანეთს (მათ შორის, ექსპერტულ დონეზე გაჟღერებული განზრახულობათა სახით), ბევრს საუბრობდნენ, თითქოს ბუში მხარს არ უჭერს ბაქო-თბილის-ჯეიჰანის პროექტს, რაც უკვე იმთავითვე შეიცავდა მინიშნებას ალტერნატიულ კურსზე, რაკი უკვე «ნავთობსადენი» და იგივე «გაზსადენი» გეოპოლიტიკური ფაქტორია.
        მაშასადამე, პოლიტიკური თვალსაზრისით, ბუშის ინიციატივა სერიოზულ მხარდაჭერას ნიშნავს - აქაც გამომჟღავნდა «უკუქმედება» რუსეთის ზეწოლასთან დაკავშირებით. მიაქციეთ ყურადღება: ბუშს დსთ-ის არცერთი ქვეყნის მიმართ ამგვარი პრეფერენცია არ დაუშვია. მაშასადამე, კრემლის მცდელობამ, გამორჩეულად დაესაჯა საქართველო (სავიზო რეჟიმი, მისი «შეღავათიანი კომპონენტი» სეპარატისტულ რეგიონებთან, გაზსადენების გადაკეტვა და ა.შ.), მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ გეოპოლიტიკურ გათვლებში საქართველოს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, როგორც საკმოად ანგარიშგასაწევ არგუმენტს.
        კიდევ უფრო საინტერესოა ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური შინაარსი. რა თქმა უნდა, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი (მით უმეტეს, ამერიკის ბაზარზე) არც ისე დიდია. პრეფერენცია არ ნიშნავს საბაჟო გადასახადის საერთოდ გაუქმებას, ასე თუ იქნებოდა, ძნელი წარმოსადგენია ქართული პოდუქტის მრავალმა სახეობამ გაუძლოს კონკურენციას ამერიკის ბაზარზე, სადაც, მოსახლეობის მყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ხარისხს და «პრესტიჟის მომენტს» უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ფასს.
        თუმცა, ამ თვალსაზრისითაც კი, ზოგიერთი სახეობის პროუდქციამ მაინც შეიძლება დაიწყოს თავისი პატარა ნიშის დამკვიდრება ამერიკის კოლოსალურ ბაზარზე.
        მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებაში ინვესტიციის სტიმულირებაა: არა მხოლოდ ამერიკელი, არამედ ნებისმიერი ინვესტორი ყველანაირ გზას ეძებს ამერიკის ბაზარზე შესაღწევად. საქართველოსადმი დაწესებული შეღავათი უეჭველად მოიზიდავს ინვესტორს (როგორ რისკთანაც არ უნდა იყოს დაკავშირებული), რათა საქართველოში აწარმოონ პროდუქცია და შეიტანონ იგი ამერიკის ბაზარზე.
        ეს სერიოზული სტიმული იქნება სოფლის მეურნეობისა და მრეწვლეობის ზოგიერთი დარგის განვითარებისათვის. შესაძლოა, სწორედ ამ გზით შეიქმნას მიწის ნამდვილი ბაზარი საქართველოში.

დილის გაზეთი, 5 ივლისი, 2001 წელი