იგორ ივანოვის «იდუმალი» ვიზიტი – მკაფიო «მესიჯით»

იგორ ივანოვის «იდუმალი» ვიზიტი – მკაფიო «მესიჯით»

          
          

        რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის გუშინდელი ვიზიტი საქართველოში, იდუმალებითა და კონფიდენციალურობის უმაღლესი ხარისხით, ალბათ, უპრეცედენტოა საქართველოს დიპლომატიულ პრაქტიკასა და ისტორიაში.

            ყოველ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებამდე და მას შემდეგაც, პრეზიდენტ პუტინის ხელსიუფლების ერთ-ერთ საკვანძო ფიგურას არავითარი კომენტარი არ გაუკეთებია, რაც ნორმალურ ქვეყანაში, ელემენტარულად, მედიისადმი უპატივცემულობად ჩაითვლებოდა.
            მით უმეტეს, რომ იმ როლის გათვალისწინებით, რაც ივანოვმა ითამაში ბოლო რამდენიმე თვის გარდამტეხ მოვლენებში (თბილისშიც და ბათუმშიც) სრულებითაც არ ყოფილა მოულოდნელი ინტერესი, რაც მისმა ვიზიტმა გამოიწვია.
            კიდევ კარგი, საქართველოში მედიის ამდენად შეზღუდვას ვერაფრით ვერავინ ახერხებს, თორემ თვით რუსეთში, თუკი «იდუმალი ვიზიტის» ორგანიზება გადაწყდებოდა, მაგალითად, ივანოვის ქართველი კოლეგის _ ვანო მერაბიშვილის კრემლში ვერც მისვლას გაიგებდა რომელიმე ჟურნალისტი და ვერც გამომგზავრებას.
            სასაცილოა იმის წარმოდგენაც კი, რომ მას კრემლის სასახლეში ისევე დახვდნენ ჟურნალისტები კომენტარის ხვეწნა-მუდარით და მიკროფონის საწყალობელი მიშვერით, როგორც ეს ხდებოდა თბილისის რეზიდენციაში.
            რაც შეეხება მოლაპარაკებათა შინაარსს, შემდგომი კომენტარებისა და ქარაგმების მიხედვით, აგრეთვე, ყოფილი კანცელარის კულუარებში მოკრეფილი «ინფორმაციული ნაგლეჯებით», ივანოვის სტუმრობის და მოლაპარაკებათა ძირითადი თემების დადგენა რთული არ არის.
            უპირველეს ყოვლისა, ეს იყო აფხაზეთი. იგორ ივანოვი, ძირითადად, იმისათვის ჩამოფრინდა თბილისში სამი საათით, რაღა საქართველოს ხელისუფლება გაეფრთხილებინა, რომ აფხაზეში «ვარდების რევოლუცია» არ გამოვა და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ გაართულებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს.
            წარმოუდგენელია მოსკოვში არ ესმოდეთ ამგვარი ილუზიები (თითქოს, აფხაზეთში ვარდებით შევალთ) საქართველოს ახალ ლიდერებს არა აქვთ და უახლოეს მომავალში ისინი არც ომით აპირებემ დაკარგული ტერიტორიის დაბრუნებას.
            მაგრამ, ბათუმის მოვლენებმა სოხუმსა და ცხინვალში იმდენად პანიკური რეაქცია გამოიწვია (ჩვენი საზოგადოება ვერ აცნობიერებს: ეს საცოდავები, ორივე «გამარჯვებულ რესპუბლიკაში», მუდმივ შიშში ცხოვრობენ), რომ მოსკოვი, უბრალოდ, ვალდებული იყო, მათ ხვეწნა-მუდარას გამოხმაურებოდა.
            მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რუსული ისტებლიშმენტის არანაკლებ ისტერიულ (თუმცა, სხვა ხასიათის) რეაქციას ბათუმის მოვლენებზე: ვაითუ საქართველო მართლა წამოდგეს ფეხზე და «მშობლიურმა დერჟავამ» პოზიციები დაკარგოსო. ამ რეაქციაზე მეტყველებს, თუნდაც, კვირას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის(!) პირველი არხით ნაჩვენები უსაშინლესი გადაცემა აფხაზეთზე, რომლის მსგავსი რუსული ტელეკომპანიების ეთერში ომის დროსაც კი არ გასულა.
            ერთი სიტყვით, ივანოვმა პრეზიდენტსა და პრემიერს სთხოვა, არ იჩქარონ აფხაზეთში გადამჭრელი ზომების მიღება, სანაცვლოდ კი (ტრადიციისამებრ) დაგვპირდა რუსეთის საშუამავლო ძალისხმევის გაძლიერებას. უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით მართლაც გარკვეული სიახლეებია მოსალოდნელი როგორც თბილისში, ასევე სოხუმში. ივანოვის დიპლომატია აშკარად გულისხმობდა შეფარულ მუქარასაც _ ძირითადად, ენერგეტიკული და ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედების თაობაზე.
            ამ მხრივ დარწმუნებული შეიძლება ვიყოთ, ხსენებულ ბერკეტებს აშკარად, ხოლო სამხედრო ბერკეტებს ფარულად, მოსკოვი ნამდვილად აამოქმედებს აფხაზეშთი სამხედრო მოქმედებათა განახლების შემთხვევაში, რაკი აჭარის «ჩაბარება» (როგორც კონსტანტინ ზატულინმა შეაფასა ბათუმის მოვლენები) ისედაც უარყოფითად მოქმედებს პრეზიდენტ პუტინის რეიტინგზე.
            არადა, მის გარემოცვაში უკვე აქტიურად საუბრობენ მეორე საპრეზიდენტო ვადის სამი წლით გაგრძელებაზე. მაგრამ, მხოლოდ აფხაზეთის თემით ივანოვი თბილისში არ შემოფარგლულა. რუსეთი საკმაოდ ეჭვიანობს ბათუმში «სუუამის» სამიტის ჩატარებასთან დაკავშირებით და არ არის წინააღმდეგი, თუ საქართველო შეეხვეწება, დაესწროს სამიტს დამკვირვებლის სტატუსით.
            თუმცა, საქართველოს სურვილი და თანხმობა აქ საკმარისი არ არის, რაკი კიევსა და ბაქოში ამ იდეას, ტრადიციულად, უარყოფითი რეაქცია ხვდება. არც არის გასაკვირი: «რუსეთთან ერთად ხომ «დსთ»-შიც ვართ და მაშIნ სხვა ორგანიზაცია რა საჭიროა». განიხილეს, აგრეთვე, ეკონომიკური ფორუმის საკითხი, რომელსაც ყველაზე გავლენიანი რუსი ბიზნესმენები დაესწრებიან. უკვე გარკვეულ ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ რუსეთის ინვესტიციები მეზობელ ქვეყნებში სწორედ უშიშროების (ანუ სტრატეგიულ) საკითხთა რიგს განეკუთვნება, ამიტომაც არ არის გასაკვირი, თუ ივანოვი აქტიურად დაინტერესდა ჭიათურის საწარმოსა თუ ფეროშენადნობთა ქარხანაში რუსული კაპიტალდაბანდებით.
            როგორც ჩანს, აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» მიმართულებით საქართველოს «შეკავებასთან» ერთად, აქტიური და აგრესიული საინვესტიციო პოლიტიკა (მათ შორის სქემით: «აციები _ ვალების სანაცვლოდ») მოსკოვის «კავკასიური პოლიტიკის» ქვაკუთხედად იქცევა.
            შესაბამისი მრავალგვარი რესურსები მას ნამდვილად ეყოფა იმ ვითარებაში, როდესაც ნავთობის ფასმა კატასტროფულ (ახლო წარსულში ფანტასტიკურ) 40-დოლარიან ზღვარს გადააჭარბა და მწარედ ცდება ის, ვისაც ჰგონია, თითქოს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაფიქსირებულ ციფრებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს ყოფილ სასტუმრო «ივერიაში» ჩასახლებულ საბრალო თანამემამულეთა ბედზე.

18 მაისი, სამშაბათი, 2004 წელი
            დილის გაზეთი