ვახტანგ გოგუაძეს შეუძლია მშვიდად იძინოს

ვახტანგ გოგუაძეს შეუძლია მშვიდად იძინოს

 

    საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერის შესახებ ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი არსებობს. ამას ზოგიერთი მისი კრიტიკოსი იმით ხსნის, თითქოს გოგუაძე ნაწყენია შევარდნაძეზე. რაც მართალი არ უნდა იყოს. გოგუაძის პრობლემა სხვა კატეგორიის პრობლემაა, თუმცა «კაცნი ვართ» და პატარ-პატარა ამბიცია ვახტანგ გოგუაძეს ყოველთვის ეტყობოდა. არადა, პრობლემა ნამდვილად არსებობს: ექს-სპიკერის გამოსვლები პარლამენტის სხდომაზეც და პრესაშიც სულ უფრო «შემტევი» და «აგრესიული» ხდება. ხელისუფლებას კი გაუჭირდება გოგუაძის საწინააღმდეგო (საპასუხო) პროპაგანდისტული ტალღის აგორება, ვინაიდან ჯერ ერთი, გოგუაძე ჯერ კიდევ უნივერსიტეტის «პარტკომში» დაეუფლა დემაგოგიის ძველბერძნულ ხელოვნებას. გარდა ამისა, საწყის პოზიციაში გოგუაძე სავსებით გულწრფელია (ამაშია სწორედ სირთულე).
    მისი საწყისი პოზიცია კი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს რუსეთის გარეშე არსებობა არ შეუძლია - რუსეთის გარეშე საქართველო დაიქცევა და დაიღუპება. ასეთი იყო გოგუაძის პოზიცია ყოველთვის - «ეროვნული მოძრაობის» გარიჟრაჟზე, «ზვიადიზმის» ეპოქასა თუ «შევარდნაძის ხანაში». განსხვავება ისაა, რომ ვთქვათ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ე.წ. «მხედრიონის» მხარდამხარ ბრძოლის პროცესში ვახტანგ გოგუაძე პირდაპირ ვერ იტყოდა რა ამოძრავებდა, რა იყო მისი არჩევანის ნამდვილი მოტივაცია, ვინაიდან ამგვარ განცხადებას შეიძლებოდა საბოლოოდ დაეღუპა «დემოკრატიისათვის ბრძოლის საქმე» საქართველოში.
    ვახტანგ გოგუაძე, შეიძლება ითქვას, ერთადერთია, ვინც თავის აზრს ხმამაღლა გამოთქვამდა რუსეთთან დამოკიდებულების თაობაზე. ე.წ. «ელიტარული ინტელიგენცია» 1988-1989 წლებში შევარდნაძის ლანძღვა-გინებაზე გადავიდა, ხოლო კომუნისტური ნომენკლატურის აზრი არავის აინტერესებდა. ამდენად, გოგუაძემ იმთავითვე «დამოუკიდებელი პოლიტიკის» გატარება გადაწყვიტა და ასევე აგრძელებს დღესაც. მას დამოუკიდებელი მიმოწერა ჰქონდა (და აქვს) რუს «პოლიტიკოსებთან». მისივე ინიციატივით ჩაერთო საქართველო «ესენგეს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში», იმავდროულად ვახტანგ გოგუაძე მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა რუს სამხედროებთანაც (კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის ჯარების ხელმძღვანელებთან), რომლებმაც შესანიშნავად ისარგებლეს მისი გულუბრყვილობით.
    1993 წლის აგვისტო-სექტემბრისათვის რუსეთს საკმაოდ რთული ამოცანა ჰქონდა გადასაწყვეტი: წაეგლიჯა საქართველოსათვის აფხაზეთი, მაგრამ ამავე დროს შეენარჩუნებინა ურთიერთობა საქართველოსთან. ამ მიზნის მისაღწევად რუსეთმა ორი ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ფიგურა გამოიყენა - ზვიად გამსახურდია და ვახტანგ გოგუაძე.
    მოსკოვში შესანიშნავად უწყოდნენ, რომ სოხუმის დაცემის შემდეგ ზვიად გამსახურდიას შიშით ოფიციალური თბილისი მაინც «ჩრდილოეთისკენ» იქნებოდა მიდრეკილი. ოღონდ ეს არ კმაროდა: საჭირო იყო ომის განახლებამდე განხეთქილების შეტანა თვით შევარდნაძის ბანაკშიც. სწორედ აქ გამოადგათ გოგუაძე. სახელმწიფოს მეთაურს მართლაც არ სურდა 27 ივლისის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, მაგრამ ვახტანგ გოგუაძემ, რომელიც ბორის პასტუხოვმა, თევდორე რეუტმა და სხვა «რუსმა მეგობრებმა» დაამუშავეს «შესაბამისად», სკანდალი ატეხა (რაკი გულუბრყვილოდ სჯეროდა რუსების სიტყვისა) და თავად იკისრა დოკუმენტებზე პასუხისმგებლობა.
    შედეგი ცნობილია. დღეს გოგუაძეს შეუძლია სინდისი იმით დაიმშვიდოს, რომ «შევარდნაძეს ჰქონდა საშუალება, სოხუმი გადაერჩინა პაველ გრაჩოვის წინადადების მიღებით - აფხაზეთში ორი დივიზიის შემოყვანის თაობაზე».
    არადა, ეს იყო სპექტაკლი, რომელიც გრაჩოვმა ოსტატურად გაითამაშა - სწორედ იმ მცდარი და სულელური აზრის განსამტკიცებლად, თითქოს სოხუმის გადარჩენა რუსების მეშვეობით შეიძლებოდა და «ქართველებმა ყოველივე საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.»

მერიდიანი, 14 მარტი, 1997 წ.